5 წიგნი, რომელსაც გიორგი კეკელიძე აპრილში გააჩუქებს - ჩაერთე კამპანიაში და გააზიარე ცოდნა - Marao

5 წიგნი, რომელსაც გიორგი კეკელიძე აპრილში გააჩუქებს - ჩაერთე კამპანიაში და გააზიარე ცოდნა

2025-04-11 10:34:13+04:00

23 აპრილს მსოფლიო წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს, 2019 წლიდან კი საქართველოში აპრილი წიგნის ჩუქების თვედ იქცა. იდეა ეკუთვნის ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს – „ბიბლუსს“ და გიორგი კეკელიძეს. 

წელსაც „ბიბლუსი“ წიგნის ჩუქების თვეს აღნიშნავს მასშტაბური კამპანიით, რომლის სლოგანიც არის „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“

 კამ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია წიგ­ნი­ე­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, რო­გორც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მიღწევის უმთავრე­სი სა­შუ­ა­ლე­ბა. 

წიგნის ჩუქების კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ პირველი წიგნი უკვე გააჩუქა. მან „მარო წერეთლის დღიური“ საჩუქრად  ენათმეცნიერსა და ფილოლოგს მზექალა შანიძეს გაუგზავნა. 

ასევე დამატებით გვიზიარებს გასაჩუქებელი 5 წიგნის ჩამონათვალს და მოგვიწოდებს, ჩვენც ჩავერთოთ კამპანიაში და გამოვიწვიოთ მეგობრები:

  1. შოთა რუსთაველი - „ვეფხისტყაოსანი“ - როგორც საკუთარი თავის და სურვილების დათმენის, სხვისი შეცნობის და საკუთრად ქცევის მარადიული და საუკეთესო ჰიმნი მსოფლიოში;
  2. ვაჟა-ფშაველა - „ალუდა ქეთელაური“ - გენიალური პოემა, ჯერაც კი უტოპიური მოდელით - იცხოვროს მრავალმა სიმართლემ ერთად;
  3. მიგელ სერვანტესი - „დონ კიხოტე“ - ამბავი იმაზე, რომ სამყარო ჩვენი წარმოდგენაა მასზე და სხვა არაფერი;
  4. მარკ ტვენი - „ჰეკლბერი ფინი“ - ახალი ადამიანის დაბადების და თავისუფლების საგალობელი. ახლა დავფიქრდი და სწორუპოვარ ,,მერანს" ახორციელებს თითქოს - ,,ნუ დამიტიროს ჩემმა სატრფომა.. ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში";
  5. ხულიო კორტასარი - „სამხრეთის გზატკეცილი“ - ამბავი ჩვენზე, ამ დროის ადამიანებზე. ადამიანებზე საცობში - გზაზე ხარ და გზა არ იძვრის, დანიშნულებას ხედავ და ვერსადროს მიდიხარ.

როგორც გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, წიგნის ჩუქება აპრილის თვეში უკვე ძალიან მყარ ტრადიციად იქცა. მან წლევანდელი კამპანიის მნიშვნელობასა და სლოგანზეც ისაუბრა:

„გრძელდება ჩვენი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი, წიგნის ჩუქების საქმე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მყარ ტრადიციად იქცა, წლების წინ დავიწყეთ ის და ერთგვარად ორ მოცემულობას გულისხმობს: ერთი - წიგნის ჩუქების აპრილი და მეორე - 23 აპრილი, ერთგვარი შეჯამება ამ ამბებისა ანუ წიგნის ჩუქების დღე. 

წელს გადავწყვიტეთ და ძირითად სლოგანს - „აჩუქე წიგნი“ დაემატება მეორე სლოგანი, რომელიც ყოველწლიურად შეიცვლება. წელს ყველა კონტექსტმა გვიკარნახა ახალი სლოგანი - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“. დამოუკიდებლობის საძირკველი არის ცოდნა, ეს უკვე დადასტურებული ამბავიც არის საქართველოს ისტორიაში, როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნა ჯერ და მერე უკვე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, შესაბამისად, ამ სლოგანებითვე ერთგვარად ვიწყებთ გამოწვევების ციკლს.  მინდა, რომ  ყველა თქვენგანი შემოუერთდეთ ამ გამოწვევებს, აჩუქოთ წიგნები მეგობრებს სლოგანით - „აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება“ და მე თავს უფლებას ვაძლევ, რომ გამოვიწვიო ქართული კულტურისა და მეცნიერების გიგანტური ფიგურა, ჩემი მეგობარი მზექალა შანიძე და მას ჩემგან გავუგზავნო წიგნი, რომელიც ყველა კონტექსტით უკავშირდება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს არის მარო წერეთლის დღიური, საინტერესოა, ვის გამოიწვევს თავად მზექალა შანიძე“, - განაცხადა გიორგი კეკელიძემ. 

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, „ბიბ­ლუს­მა“ გა­და­ი­ღო ვი­დე­ორ­გო­ლი, რომ­ლის მთა­ვარ გმირს წარმოადგენს მარო მა­ყაშ­ვი­ლი, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიმბოლო, რომლის დღი­ურ­შიც ნათ­ლად ჩანს აზ­როვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და თვითგანვითარების როლი, რო­მე­ლიც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რია.

კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც საზო­გა­დო­ე­ბა მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­ტყობს. ჩაერთეთ კამპანიაში, გამოიწვიეთ მეგობრები და გააზიარეთ თავისუფლება!

R