თეა დარჩია ცნობილი ქართველი მოცეკვავეა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ანსამბლ „სუხიშვილების“ სოლისტი იყო. მისი ცხოვრება არა მხოლოდ პროფესიული წარმატებებით, არამედ სიყვარულითა და ოჯახური ერთგულებითაც გამოირჩევა.
თეა დარჩია დაქორწინებულია გუჯა მათიაშვილზე, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა თეას თქმით, ის არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ბოლომდე გადახაზა მისი სიყვარულისთვის . თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილს 4 შვილი ჰყავთ.
მარიამ მათიაშვილი - მოცეკვავე, რომელიც დედის მსგავსად „სუხიშვილების“ ანსამბლში ცეკვავს. მარიამი დაქორწინებულია დავით თოფურიაზე, მათი ქორწილი კაჭრეთის „ამბასადორში“ გაიმართა. ორდღიან ზეიმს “სუხიშვილების“ მოცეკვავეები, მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მარიამი სულ ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა.
მირიან მათიაშვილი — თეას მეორე შვილი, რომელმაც ბავშვობის სიყვარულზე, ელენე ბარამიძეზე იქორწინა. ელენე და მირიანი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან, ისინი ხშირად მოგზაურობენ როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმაც. საინტერესო ვლოგებსა და ფოტოებს კი მეგობრებსაც უზიარებენ.
იოანა და გაბრიელი — თეა დარჩიას უმცროსი შვილები. იოანა უკვე ავლენს ინტერესს ქართული ცეკვის მიმართ და დედის სტუდიაში ცეკვავს. მას ხშირად ამსგავსებენ ცნობილ დედას და დას, მარიამს, როგორც გარეგნობით, ისე ნიჭითა და მონაცემებით. გაბრიელი კი თეა დარჩიას შვილებიდან საზოგადოებისთვის ყველააზე ნაკლებადაა ცნობილი. ის სკოლის მოსწავლეა და სამომავლო პროფესიული არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.
თეა დარჩიამ ცოტა ხნის წინ გაიხსენა ისტორია, რომელიც მეოთხე შვილის მოლოდინს უკავშირდებოდა. მან თქვა, რომ მისი უმცროსი შვილი, ექიმების თქმით, დაუნის სინდრომით უნდა დაბადებულიყო, თუმცა დაიბადა სრულიად ჯანმრთელი:
„პირდაპირი შეხვედრა მქონდა ღმერთთან მეოთხე შვილის გაჩენის დროს, როცა მითხრეს, რომ ბავშვი დაუნის სინდრომით იქნებოდა და გაჩნდა სრულიად ჯანმრთელი და სრულყოფილი. დავინახე, რამხელა ძალა აქვს ღმერთის რწმენას…“ - იხსენებდა თეა.
თეა დარჩია 30 წელზე მეტია, რაც ქართულ ცეკვას ემსახურება. მიუხედავად დიდი ოჯახისა, მან სცენაზე მრავალი წელი გაატარა და მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ბოლო წლებში კი პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა და გახსნა საკუთარი სტუდია, სადაც მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.
თეა დარჩიას ცხოვრება და კარიერა წარმოადგენს მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფესიული წარმატება და ოჯახური ბედნიერება ჰარმონიულად შეერწყას ერთმანეთს.