მხოლოდ სამოსი როდი იყო მთავარი. წლების განმავლობაში ჩემი თავის რწმენა გამოვიმუშავე და საკუთარი ღირსების ამაღლებაზეც ვიმუშავე. ეს ის თვისებები იყო, რომლის იმიტირებაც ძნელია. თუ შინაგანად არ გაქვს, ვერ ითამაშებ.
ბიბი ენაჩავარდნილი მომჩერებოდა. აშკარად დაინტრიგებული ჩანდა.
_ სადაც უნდა შემხვედროდი, გიცნობდი, _ თავისი საფირმო ღიმილი მომაგება და მზერა ამარიდა, _ რვა წელი არც ისე დიდი დროა. _ თქვა, მაგრამ მის სიტყვებს მიღმა აშკარად იგულისხმებოდა, რომ გაოცებული იყო, განა რა უნდა მომხდარიყო რვა წლის განმავლობაში ისეთი, რომ ასე შევცვლილიყავი?
წარბები ავზიდე და ამრეზით გავხედე:
_ ისევ ისეთი ლოველასი ხარ, როგორიც იყავი. აი, შენ კი სრულებით არ შეცვლილვარ.
ბიბი ჩემკენ გადმოიხარა და ღრმად ჩამხედა თვალებში:
_ მოქმედებს?
პასუხად ხმადაბლა, მელოდიურად ჩავიცინე და თავხედური მზერა ვესროლე.
_ მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენით მოვინუსხო. თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს მართლა დამეხმარება იმ დავალების შესრულებაში, რომლის გადაწყვეტაც ერთად მოგვიწევს. გთავაზობ, განვიხილოთ ჩემი საქმიანი წინადადება.
_ საქმიანი წინადადება?
გარდა იმისა, რომ ჩემი გარეგნობით მოვხიბლე და თავგზა ავუბნიე, საქმიანი წინადადების ხსენებამაც დააინტერესა. ყოველთვის ასე იყო. არაფერი ისე არ აღაგზნებდა ხოლმე, ვიდრე ვინმესთან მომგებიანი გარიგების დადება.
ამ დროს ჩვენს მაგიდას მიმტანი მოუახლოვდა, ამიტომ საუბარი შევწყვიტეთ. ახალგაზრდა მამაკაცი გაწითლდა და შეიშმუშნა, როცა მაცდურად გავუღიმე. მხოლოდ მინერალური წყალი შევუკვეთე, ბიბისთან ერთად სმა-ჭამას და დროს ტარებას არ ვაპირებდი.
_ რაზე შევჩერდით? _ შევეკითხე, როგორც კი ოფიციანტი წავიდა და თვალებში ჩავხედე. ჩავხედე და წამით გადამავიწყდა ჩვენი სატელეფონო საუბარი, იდუმალი საქმიანი გარიგება. მზერა ბუნდოვანი გამიხდა, ყველაფერი გაორდა ირგვლივ. ბიბისაც იგივე დაემართა, თვალები აემღვრა და ისეთი მეოცნებე მზერა მესროლა, თითქოს ესაა და, სიყვარულის ახსნას მოჰყვებაო.
_ მაგარი შეცვლილი ხარ, ელო, _ თავი გააქნია და ჩაიცინა, _ არ ველოდი, ასე თუ გარდაიქმნებოდი ამ წლების მანძილზე, _ ვეღარ შეიკავა ბოლოს თავი და აღიარა.
პასუხი არ გავეცი, მხოლოდ გამარჯვებულის ღიმილით მივჩერებოდი, თითქოს ვეუბნებოდი, აბა, რა გეგონა, ახლა მაინც თუ ხვდები, მაშინ როგორ ქალზე თქვი უარი-მეთქი.
_ ჰო, მართლა… იმაზე შევჩერდით, რომ… რაღაც საქმიან გარიგებაზე იყო საუბარი მგონი, ხომ არ ვცდები? _ დაბნეულმა გამომხედა.
_ მართალია. საქმე ორმხრივ სარგებელს ეხება, ანუ ამ გარიგებით, თუ იგი შედგება, ორივე ვიხეირებთ.
აშკარად მომარიდა თვალი, როგორც კი ყავა მოსვა. მივხვდი, აბნევდა ჩემი გამოუცნობი ღიმილი და ცდილობდა, ანკესს არ წამოგებოდა.
დიდი ხანია, მოძრაობებისა და ჟესტების ენა შევისწავლე, ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მაიძულა, ამიტომ ჩემთვის უცხო არ იყო, მის ფიქრებს ადვილად ჩავწვდომოდი და მხიბლავდა, ასე რომ დავაბნიე.
_ როგორც ვხვდები, გარიგება მთლად ბიზნესს არ უნდა ეხებოდეს, გამოვიცანი?
_ ყველაფერი ძალიან მარტივია, _ მისკენ გადავიხარე, აღარ ვიღიმოდი, გამოხედვაც მკაცრი და სერიოზული გამიხდა, _ ჩემი წინადადება წმინდა საქმიან ხასიათს ატარებს. თუ გავითვალისწინებთ შექმნილ სიტუაციას, ვფიქრობ, შენთვის მისაღები უნდა იყოს ეს გარიგება.
_ გისმენ, _ ბიბი სკამის საზურგეზე გადაწვა და დაჟინებული მზერა მომაპყრო.
ხელსაწმენდს ხელი დავავლე და თითებში მოვჭმუჭნე, მაგრამ მივხვდი, ასეთი ქმედებით ჩემს აღელვებას გავცემდი, ამიტომ ხელსაწმენდი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე, სკამი ოდნავ უკან გავწიე და ხელები მუხლებზე დავიწყვე.
_ გავიგე, რომ ამერიკიდან ახლახან დაბრუნდი და სამსახურს ეძებ…
_ მართალია, მაგრამ ძებნის რა მოგახსენო. უკვე შემომთავაზა ერთმა სააგენტომ თანამშრომლობა. სწორედ ამ შეხვედრაზე ვიყავი წეღან.
_ გილოცავ. სხვათა შორის, შენს ფეისბუკის სტატუსზე წავიკითხე, რომ მზად ხარ მსხვილი კონტრაქტის დასადებად. ასეა?
_ სწორედ ასეა, არ შემცდარხარ.
_ ძალიანაც კარგი. რას იტყვი იმაზე, რომ თავად წარგადგინო თბილისის ყველა ცნობილ სააგენტოში და გაგაცნო ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენები?
_ მშვენიერია, _ თითქოს მშვიდად თქვა, მაგრამ აშკარად შეეტყო აღელვება, სახეზე წამოწითლდა და სკამზე აწრიალდა.
_ ვიცი, რომ მშვენიერია, _ ისე გავიცინე, მიხვდა, რომ დავცინოდი.
_ მაგრამ შენ რომ ასეთი სამსახური გამიწიო, რაღაც მეც უნდა გავაკეთო შენთვის, არა? სწორად მიგიხვდი?
_ ეგრეა. ამისთვის მოგიწევს ჩემთვის რაღაცის გაკეთება.
_ დამიკონკრეტე, რისი. იქნებ არ მიღირს?
პაუზა გავწელე, თან ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი. ის თვალს არ აშორებდა ჩემს ტუჩებს. იქნებ ფიქრობდა, რა ახლოს იყო ერთ დროს მათ საკოცნელად და როგორ არ გამოიყენა შანსი.
_ მინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში ჩემი თანმხლები იყო, სადაც მომესურვება, ყველგან.
გაოცება აღებეჭდა სახეზე, თვალები გაუფართოვდა, ქვედა ყბა თითქოს ჩამოუვარდა. არ გამკვირვებია მისი რეაქცია. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა, თანმხლებში რა ვიგულისხმე.
იდაყვებს დაეყრდნო და წინ გადმოიწია.
_ ვერ გავიგე? თანმხლები რას ნიშნავს?
_ მინდა, ჩემი კავალერი გახდე, ოღონდ მხოლოდ ერთი თვით. ჩემი შეყვარებულის როლი უნდა ითამაშო.
გაოცება ახლა უნდა გენახათ. ლამის მოეღრიცა სახე. როგორც ჩანს, წლების განმავლობაში თვითონაც შეიცვალა. ადრე ასეთი რამეები მასზე არ მოქმედებდა. მას არასდროს არაფერი აკვირვებდა. ისე იყო თავის თავში დარწმუნებული, ისეთ მძლავრ იარაღად იყენებდა თავის მომნუსხველობას, ყოველთვის თვითონ აკვირვებდა სხვებს. ახლა კი იმდენად გააოცა ჩემმა შეთავაზებამ, რომ ამის დამალვა ვერ შეძლო. ასეთი დაბნეული პირველად ვიხილე. არადა, ადრე თვითონ მაბნევდა ხოლმე ყოველთვის. მაშინაც კი, როცა ტეტეს სანახავად ჩვენთან მოდიოდა, სახლში. ის ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი და ისე მექცეოდა, როგორც პატარა გოგოს, რომელიც მისი ძმაკაცის დაა და ყურადღება სჭირდება. გაკვრით გამომელაპარაკებოდა, ნაწნავზე მომქაჩავდა და ამით მთავრდებოდა ჩვენი ერთიერთობა. არათუ მე, სხვა გოგოებსაც არ მიიჩნევდა ყურადღების ღირსად, ვინც დაბალ კლასებში სწავლობდა. რატომღაც, თავისზე უფროსი ასაკის გოგოები უფრო საინტერესო იყო მისთვის.
ვერ ვიხსენებ, პირველად როდის ვიგრძენი, რომ შემიყვარდა. შეიძლება მეშვიდე ან მერვე კლასში. მახსოვს, როგორ დავუდარაჯდებოდი ხოლმე, როცა დერეფანში გამოჩნდებოდა, რომ შევემჩნიე და დამლაპარაკებოდა. ამასთან, თუ დამელაპარაკებოდა, ეგრევე გავურბოდი, ჩემს გრძნობებს არ ჩაწვდეს-მეთქი. რაც უფრო მეტ ყურადღებას მითმობდა, მით უფრო გავურბოდი, არ მინდოდა გაეგო, ყურებამდე რომ ვიყავი მასზე შეყვარებული. გარდა ამისა, დანამდვილებით ვიცოდი, რომ ისეთი ბიჭისთვის, როგორიც ის იყო, ჩემნაირი სათვალიანი და დამთხვეული გოგონა სულაც არ წარმოადგენდა ინტერესის საგანს, ამიტომ ასიდან ერთი შანსიც არ მქონდა, მოვწონებოდი.
ყველაფერი იმ დღეს შეიცვალა, როცა ტეტემ დაბადების დღე გადაიხადა. აი, მაშინ ვცადე პირველად, მთელი გულით მომენდომებინა და გამომეცადა, შემეძლო თუ არა ჩემი ქალური ხიბლით მისი გულის მონადირება. ჩემდა გასაკვირად, მან გამოწვევა მიიღო. შამპანურის ბოკალი ხელიდან გამომართვა, იქვე მაგიდაზე დადგა და საცეკვაოდ გამიწვია. წარმოგიდგენიათ? მე გამიწვია საცეკვაოდ და არა სხვა, რომელიმე ჩემზე უფროსი ლამაზმანი, რომელიც არც ისე ცოტა ჰყავდა ტეტეს დაბადების დღეზე დაპატიჟებული. მერე ისე მოხდა, რომ მთელი საღამო თან მახლდა, თავს მევლებოდა, მეფლირტავებოდა. მეც ჭკუაზე არ ვიყავი. ყოველივე ამას აუცილებლად კოცნა უნდა მოჰყოლოდა, იქამდე მივიდა საქმე. თითქმის მაკოცა კიდევაც, მაგრამ ბოლოს მაინც არ მაკოცა. და ეს დღესაც მახსოვს, თანაც ძალიან მწარედ მახსოვს. ისიც მახსოვს, როცა ამ ამბავმა ტეტეს ყურამდე მიაღწია, როგორ იჩხუბეს ძმაკაცებმა და ლამის ერთმანეთი დაკარგეს.
_ ანუ, შენ გინდა, ჩემი შეყვარებული გახდე? _ შემეკითხა ბიბი.
_ არა, სულაც არ მინდა შენი შეყვარებული გავხდე. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ აგიხსნა… ამერიკაში ცხოვრობდი და შენთვის უცხო არ იქნება იმის ახსნა, გათხოვებამდე როგორ ერთობიან იქ პატარძლები. ჩემი დაქალი თხოვდება და იძულებული ვარ, ქორწილამდე, როგორც მეჯვარემ, მის გვერდით ვიტრიალო. ამასთან, თან მეგობარი მამაკაცი უნდა მახლდეს, სხვანაირად, ტვინს გამიბურღავენ და ახლოს არ გამიკარებენ. მხოლოდ ერთი თვით მჭირდება კავალერი, მხოლოდ ერთი თვით და მორჩა. ეს მხოლოდ საქმიანი გარიგებაა, მეტი არაფერი.
ბიბის ტუჩებზე გამოსახული ღიმილი უფრო და უფრო უფართოვდებოდა.
_ მაცდუნებლად ჟღერს, ვერაფერს იტყვი, _ ჩაიცინა, _ მადლობა, რომ ამ როლისთვის მე ამირჩიე.
_ ოღონდ რამე ისეთი არ იფიქრო, ძალიან გთხოვ. ეს სუფთა საქმიანი გარიგებაა. შენ ერთი თვე ჩემ გვერდით იქნები ყველა სადღესასწაულო საღამოზე, მე კი თბილისში ყველა გავლენიან ბიზნესმენს გაგაცნობ. მათთან დაახლოება შენთვის ათმაგად მომგებიანი იქნება, ვიდრე ერთი თვის ჩემ გვერდით გატარება.
მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობა შემატებოდა ჩემს სიტყვებს, რადგან ვგრძნობდი, როგორი სექსუალური ღიმილით მომჩერებოდა. მაგრამ იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ღიმილი ჩემთვის არ იყო განკუთვნილი. ის ისეთივე მოუხელთებელი იყო, როგორც ყოველთვის. გოგონები ყელზე ეკიდებოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, ოღონდ მისი ყურადღების ღირსი გამხდარიყვნენ და ახლა ხომ საერთოდ… ახლა ის გახლდათ მამაკაცი გაფურჩქვნის ასაკში. წარმომედგინა, რა დღეში ჩავარდებოდნენ ქალები, რომლებთანაც მას ურთიერთობა მოუწევდა. სწორედ ასეთად შეიძლება წარმოიდგინო ოცნების მამაკაცი. ბიბი თავისი მომაჯადოებელი გამოხედვით, თვალების ფერით, გამოუცნობი ღიმილით ზუსტად მიესადაგებოდა იმ მომაკვდინებელი გარეგნობის მამაკაცის როლს, რომელსაც ამდენ ხანს ვეძებდი.
შევცქეროდი ბიბის და თვალს ვერ ვაშორებდი. მის სახეს ეგრევე ფანტაზიების სამყაროში გადავყავდი. ლამაზი მირაჟების შექმნა ყოველთვის მეხერხებოდა, რაც მერე და მერე ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაში, ამიტომაც მიმიჩნევენ ღონისძიებების საუკეთესო სპეციალისტად. მაგრამ ახლა ჩემი ფანტაზიები აშკარად ეროტიკული ხასიათის იყო, რაც სინდისის ქენჯნასაც კი მგვრიდა, რადგან ბიბისთან საქმის გამო ვიყავი მოსული და არა გასართობად. არადა, ეს კაცი ნებისმიერი ქალის ოცნებას ასახიერებდა თავისი გარეგნობით. საკმარისი იყო, შეგეხედებათ მისი მოღიმარი თვალებისა და საკოცნელად შექმნილი ტუჩებისთვის, რომ გული შეგიტოკდებოდათ. პერანგის მიღმა დამალული ფართო მხრები და სანთელივით ჩამოქნილი წვრილი, გრძელი თითები აუცილებლად აღუძრავდა ნებისმიერ ქალს სექსუალურ ფანტაზიებს. წამით მეც კი წარმოვიდგინე მისი თლილი თითები ჩემს შიშველ ზურგზე და იმხელა ნერწყვი გადავაგორე, ხელისგული მივიფარე ხორხზე, ბიბი არ მიმიხვდეს-მეთქი.
დიახ, ასეთი «დაცემა» მამაკაცი მჭირდებოდა ჩემი დაქალების გულის მოსაგებად. ბიბი, როგორც არავინ, საუკეთესოდ ერგებოდა ამ როლს, თუ, რა თქმა უნდა, შევძლებდი, უკუმეგდო ის სულელური ოცნებები, ხანდახან უსირცხვილოდ რომ გამკრავდა გულში _ რეალურადაც სიამოვნებით შევხვდებოდი მას და სერიოზულ ურთიერთობაზეც არ ვეტყოდი უარს.
პაემანზე იშვიათად დავდიოდი, თუ არ ჩავთვლით იმ ბოლო ექვს შეხვედრას, მთავარი როლისთვის რომ ვეძებდი საუკეთესო მამაკაცს. მიმაჩნდა, რომ პაემანი, საუკეთესო შემთხვევაში, ძალზე დამღლელი საქმეა, უარეს შემთხვევაში კი მომაკვდინებლად მოსაწყენი. კაცებს ნერწყვი მოსდიოდათ ჩემს დანახვაზე და ერთი სული ჰქონდათ, როდის გამიცნობდნენ, მერე კი ყირაზე დგებოდნენ, ოღონდ კი თავი მოეწონებინათ. ზოგიერთები კი აშკარად ჩემს გამოყენებას ცდილობდნენ. იცოდნენ, რომ წარმატებული ბიზნესლედი ვიყავი და სერიოზული კავშირები მქონდა.
ცხოვრებაში სამი ხანმოკლე რომანი გამოვიარე, თითოეული ორ თვეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. როცა ვხედავდი, რომ ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე უნდა გადასულიყო, ეგრევე უკან ვიხევდი. იმიტომ არა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი, უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ ჯერ არ შევხვედროდი იმ ერთადერთს და განუმეორებელს. ამიტომაც გაპრანჭულ საღამოებს, სადაც თვალებით ფლირტაობა და შებმა-დაკერვის პროცესი ყველასთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა, შინ მყუდროდ ჯდომა და მარტოობა მერჩივნა. მაგრამ ახლა, როცა უკვე მეგის გათხოვების დრო მოვიდა და ერთადერთი გაუთხოვარი თუ გასათხოვარი დაქალი ვრჩებოდი, სერიოზულად დავფიქრდი ერთ საჭირბოროტო საკითხზე _ ნუთუ იმხელა ბედნიერებაა წარმატებული ბიზნესლედობა, რომ მარტოხელობას ვამჯობინებ?
ბიბი აუჩქარებლად სვამდა თავის ყავას, თითქოს დროის მოგებას ცდილობსო. ალბათ უნდა, რომ ვინერვიულო. წამით იმანაც კი გამიელვა გონებაში, ნეტავ საერთოდ არ დამერეკა და ძებნა ისევ ინტერნეტში გამეგრძელებინა-მეთქი. უფრო ადვილია ფოტოების თვალიერება, ვიდრე ასე პირდაპირ უყურო ამ სასწაული ცისფერი თვალების დაჟინებულ გამოხედვას.
როგორც იქნა, ბიბი მორჩა ყავის სმას და საზურგეზე გადაწვა ფეხებგაჩაჩხული. ასე კიდევ უფრო სექსუალური გამოჩნდა. ჩემდა უნებურად, ირგვლივ მიმოვიხედე, სხვა ქალების რეაქცია მაინტერესებდა. რამდენიმე წყვილი თვალი მართლა ჩვენ მოგვჩერებოდა, თანაც მართლა ქალების, ოღონდ არა ჩვენ, არამედ ბიბის და ისე ხარბად ავლებდნენ მზერას, რაღაც მომენტში დავიბოღმე კიდევაც.
_ იქნებ უფრო დაწვრილებით მიამბო, რას საქმიანობ და, საერთოდ, რაში გამოიხატება შენი საქმიანი კონტაქტები?
ღიმილი ვერ შევიკავე. ის ჩემში სარგებელს ეძებდა, ეს აშკარა იყო.
_ კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი ვარ, _ მოკლედ მოვუჭერი.
ამწუთას თამაშმა ჩემს მინდორზე გადმოინაცვლა. მხოლოდ ცივი ობიექტური ფაქტები უნდა გადმომელაგებინა, რომ მისი ინტერესი ამით უფრო გამეღვივებინა და მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა. რაც უფრო იდუმალი რჩება ქალი, მით უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მამაკაცები მის მიმართ. ეს კარგად მქონდა ათვისებული. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი საქმიანი ალღოს თავის სასარგებლოდ გამოყენების შანსს ბიბი ხელიდან არ გაუშვებდა. ჩემთან ურთიერთობით მას მართლა ეძლეოდა შესაძლებლობა, ცნობილ ბიზნესმენებთან დაემყარებინა კონტაქტი. ეს ნამდვილად შემეძლო, არ ვიტყუებოდი.
_ გსმენია «ტენგოლკომპანიის» შესახებ რამე? _ შევეკითხე.
_ სპორტული საქონლის კომპანია?
_ სწორედ ის.
გაგრძელება იქნება ორშაბათს