მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გადაცემა "პირველი სტუდიის" სტუმარი იყოს. მომღერალმა გადაცემაში ვრცლად ისაუბრა ოჯახზე, შვილებზე და კარიერაზე.
"ჩემი საყრდენები არიან ჩემი დები, ჩემი შვილები და დედაჩემი. რამდენჯერმე მომიწია ექიმებთან ურთიერთობა, იცით როგორ მრცხვენია ექიმების? მინდა ბოდიში მოვუხადო გიას გამო, იმიტომ რომ ყველა შეაწუხა - ექიმები რომ დაინახავენ, მგონი გიასგან გარბიან. გია დღეს არის ერთ-ერთო ადამიანი, რომელიც დაფეთებულია, თუ როგორ ვარ მე. მინდა ვუთხრა, რომ კარგად ვიქნები, თუ ყველა კარგად მეყოლება და იმ გარემოში არ ვიქნები, რასაც უსამართლობა ჰქვია" - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე ქართველი მომღერალი, მუსიკათმცოდნე, ფოლკლორისტი, პიანისტია. დაიბადა მუსიკოსების — ეთნომუსიკოლოგის, პროფესორ ევსევი (კუკური) ჭოხონელიძისა და ელისაბედ (ლიზიკო) კალანდაძის ოჯახში.
1973–1978 წლებში იყო ანსამბლ „მზიურის“ ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში „იავნანა“. მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებლის (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებები (1995). კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აგრეთვე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით და დები იშხნელების სახელობის პრემიით დებთან, სოფიკო და თინიკო ჭოხონელიძეებთან ერთად. 2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი. ჩატარებული აქვს სამი სოლო-კონცერტი - 1999, 2010 და 2016 წლებში.
თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ურთიერთობა განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთმანეთს დაშორდა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობების აღდგენა და თანაცხოვრება კვლავ შეძლეს. მათ ორი შვილი, კოკო და მარიამი ჰყავთ, რომლებიც ხელოვნების სფეროში საქმიანობენ და საზოგადოება, ცნობილი მშობლების მსგავსად, მათაც კარგად იცნობს.
"მე და თამრიკოს ცხოვრებაში ბევრი კონფლიქტი გვქონია, მაგრამ ერთმანეთში ყოველთვის იმას ვეძებდით, რაც ან ვინც გვაერთიანებდა. ყოფილა წყენაც, მაგრამ მაინც ეს გაერთიანება გვშველოდა. თამრიკოს შემორიგება ადვილი არ არის, მაგრამ მას აქვს იმის ძალა, რომ იპოვოს მთავარი, სიმღერაშიც, ხელოვნებაშიც და გადაწყვეტილების მიღებაშიც. არც მე და არც ის არ ვართ მარტივი ადამიანები. ამიტომ ხშირად ყოფილა გაუგებრობა, მაგრამ დრო რომ გადის, ყველაფერი ლაგდება" - ამბობდა გია როინიშვილი.