იმისთვის, რომ დრამატული ეფექტი გამეძლიერებინა, პაუზა გავაკეთე. ამის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, არ იყო, რადგან ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა თენგო კირვალიძის გაცნობაზე, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებელი გახლდათ.
_ თენგოს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ახლობელია. ანუ, სწორედ იმ დაქალის საქმროა, რომელიც თხოვდება. სწორედ მის ქორწილამდე პერიოდში მჭირდება შენი დახმარება. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი ერთმანეთს გაგაცნობთ და დაგაკავშირებთ. ერთად წავალთ პიკნიკზე, შეგიძლია ლუდი დალიო მასთან, პოკერი ან ჯოკერი ითამაშოთ ერთად და რა ვიცი… უამრავი შესაძლებლობა არსებობს მასთან დასაახლოებლად.
შუა და საჩვენებელი თითი მაცდურად გავატკაცუნე, აქაოდა, ხომ ხედავ, რა მაგარ რამეს გთავაზობ-მეთქი. ამასთან, მოვემზადე, მორიგი სატყუარა გადამეგდო მისთვის და ღიმილით გავაგრძელე:
_ რაც შეეხება ჩემს მეორე დაქალს, ლილის, მისი ქმარი ოქროულობის მაღაზიების მფლობელია თბილისში, «ცისფერი დიამონდის» ყველა მაღაზია და ფილიალი მისია.
_ და რა გვარია ეს კაცი?
_ ანტონ შუბლაძე. დავიჯერო, არ გაგიგია?
_ კი, როგორ არა, მაგას, თუ არ ვცდები, რუსეთშიც უნდა ჰქონდეს ბიზნესწილები.
_ იტალიაშიც, სხვათა შორის, _ ნიშნის მოგებით დავამატე.
_ აჰა…
_ აი, მესამე დაქალის მეუღლე კი, ანუ კატოსი, დუდუ ბოლქვაძეა, კომპიუტერული ტექნიკის უზარმაზარ ფირმას ფლობს, «დუმაუსია» მისი სახელწოდება.
მინდოდა, ველური ცეცხლი დამენახა ბიბის თვალებში, სიხარბით ანთებული მზერა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, საკმაოდ კერკეტი კაკალი გამოდგა. ყურადღებით გაჯერებულ მზერას არ მაშორებდა, თითქოს სურდა გამოეცნო, სინამდვილეში რა მოტივი მამოძრავებდა მისი მისამართით. არც მე დამიხამხამებია თვალი, ჯიქურ გავუსწორე მზერა.
_ მდაა… შთამბეჭდავი სიაა, _ დამნებდა ბოლოს და, როგორც იქნა, აღიარა. _ არ მოგატყუებ და, მხიბლავს იდეა, ასეთი კალიბრის ბიზნესმენები გავიცნო. _ თითქოს ყოყმანი გაერია ხმაში.
_ მაგრამ? _ შევეშველე.
_ მაგრამ მინდა გავიგო, მე რატომ მომმართე. ისეთი ლამაზი გოგო, როგორიც შენ ხარ, არ უნდა განიცდიდეს თაყვანისმცემლების ნაკლებობას. გაფიცებ ყველაფერს, მე რატომ ამირჩიე? _ გამომცდელად შემომღიმა.
«განსაკუთრებით იმ საბედისწერო საღამოს მერე, არა»? _ გულში დავაბოლოვე მისი აზრი. გამოუთქმელი ფრაზა ჰაერში გამოეკიდა, მაგრამ ამწუთას ორივენი სწორედ ამაზე ვფიქრობდით, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. რა გაეწყობა, მზად ვარ, ამაზეც ვილაპარაკო, თუკი თვითონ მოისურვებს. თუ არ მოისურვებს, მოგონებები ფსკერისკენ დაეშვება და ძველებურად ყველაზე დიდ და ძლიერ სტიმულად დარჩება ჩემს ახალ ცხოვრებაში.
გულის სიღრმეში ერთმა რამემ მაინც ძალიან გამახარა. ბიბი დარწმუნებული იყო, რომ მე კაცები ბუზებივით მეხვეოდნენ.
_ დამიჯერებ, რომ გითხრა, ეს ბედისწერაა-მეთქი?
_ არ დაგიჯერებ, _ მშვიდად მომიგო.
_ არ ვხუმრობ. ფეისბუკზე «დავსეირნობდი», უცებ შემთხვევით შენს სტატუსს გადავაწყდი და…
შეგნებულად არ დავამთავრე ფრაზა, ვიფიქრე, ამ ანკესზე წამოეგება-მეთქი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ შევცდი, მან ჩემი ტყუილი არ ჭამა.
_ და შენ მე მისურვე, არა?
მის ხმაში გამკრთალმა სევდამ, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა, მაგრამ სანამ მის განწყობილებას გამოვიცნობდი, თვითონვე გააგრძელა:
_ იფიქრე, ამას კონტაქტები სჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობისთვის მიზეზი მაქვსო?
_ ასპროცენტიანი ხარ! _ წამოვიყვირე და დაბნეული ადგილზე გავქვავდი.
ალბათ რა საწყალი შესახედავი ვიყავი ახლა. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, რომ შეიძლებოდა დათანხმებოდა ჩემს წინადადებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაჭრობა რომ მიწევდა, ეს თითქოს მე უფრო მამცირებდა, ვიდრე მას. ხელები მოვმუშტე და მაგიდის ქვეშ, მუხლებში შევმალე, რომ არ დაენახა.
_ და მაინც, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, მაინცდამაინც მე რატომ მთხოვე დახმარება.
არ მეგონა, ასეთი დაჟინებით თუ მოითხოვდა ჩემგან პასუხს. მივხვდი, მომიწევდა, სიმართლის რაღაც ნაწილი მაინც გამენდო მისთვის.
_ საქმე ისაა, რომ მე ძალიან ვარ დაკავებული, საკუთარი ბიზნესი მაქვს _ კორპორაციულ საღამოებს ვაწყობ კერძო შეკვეთების მიხედვით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დღე და ღამე ხალხში მიწევს ტრიალი, _ მინერალური წყლით სავსე ჭიქა ავიღე და ოდნავ მოვსვი, _ იშვიათად თუ გამომიჩნდება თავისუფალი დრო და იმასაც შინ ვატარებ, ჩემთვის. პაემანზე სასიარულოდ არ მცალია. _ და გულახდილად ავუხსენი, რომ ფუჭი საუბრებისთვის დროის დაკარგვა არ მიყვარს, არ შემიძლია ყალბად გამოვხატო ინტერესი თვითკმაყოფილ რეგვენებთან დიალოგის დროს და ატანა არა მაქვს, როცა პირველივე ჭიქის მერე ჩემს შებმაზე გადადიან; რომ ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, რამე სასუსნავი ვიყიდო, სამზარეულოში გამოვჯდე და რამე გემრიელი კერძი მოვამზადო. _ სამწუხაროდ, ჩემს ფანატ დაქალებს სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო. მათ მიაჩნიათ, რომ ჩემი სიყვარული სამზარეულოსადმი ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ჩემი უიმედო მარტოობისა.
ამ ლაპარაკში მოულოდნელად რაღაც აზრმა გამიელვა თავში და სრულიად სხვა თემაზე გადავრთე ჩვენი საუბარი.
_ მაპატიე, ბიბი, არც კი მიკითხავს, გყავს ვინმე? შეყვარებული ხომ არ ხარ?
რა სულელი ვარ. თითქოს ჭკვიანი მგონია ჩემი თავი და ამ ხნის განმავლობაში თავში ერთხელაც არ მომსვლია აზრად, რომ შეიძლებოდა ბიბის მეგობარი ქალი ან თუნდაც ცოლი ჰყოლოდა.
_ არანაირი ვალდებულება, _ გაშალა ხელები, _ არც ცოლი, არც მეგობარი ქალი. _ ამ სიტყვებით ჩემკენ გადმოიხარა და საჩვენებელი თითი დამიქნია.
მეც გადავიხარე მისკენ. როგორც კი სიახლოვის საშიშ დისტანციას მივუახლოვდი, უკეთესად შევძელი მის ცისფერ თვალებში გაფანტული მწვანე წერტილების და ცალ ლოყაზე გაჩენილი პატარა ორმოს შეთვალიერება. ყოველთვის მომწონდა მამაკაცის ლოყებზე მსგავსი პატარა ორმოები, ამიტომაც ძლივს შევიკავე თავი, ხელი არ გამეშვირა და თითით არ შევხებოდი ამ საყვარელ ფოსოს.
_ ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელ, _ უეცრად ჩურჩულზე გადავიდა, _ არაფრით არ დავთანხმდებოდი შენთან შეხვედრაზე, ვინმე რომ მყოლოდა. მე შენ ვინ გგონივარ? _ ხუმრობით დაამატა და შეთქმულივით გამიღიმა. ამ ღიმილმა მისი მამაკაცური მომხიბვლელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.
მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ყავის და მისი ოდეკოლონის შერეული სურნელი ჯადოსავით მოქმედებდა ჩემზე. მისკენ რომ გადავიხარე, უფრო მძაფრად შევიგრძენი ეს სურნელი. როგორ მომინდა, ხელი გამეწვდინა მისკენ, ჩავხუტებოდი და მის ძლიერ მკერდზე მიმედო თავი.
_ გეხუმრე, რატომ შეგეცვალა სახე? _ გულიანად გაიცინა და კვლავ სკამის საზურგეზე გადაწვა, რითაც ინტიმური სიახლოვის საშიში დისტანცია წამში გაანადგურა.
ქვედა ტუჩი ლამის მოვიჭამე, რადგან საერთოდ დამავიწყდა, ამწუთას რაზე ვსაუბრობდით.
_ ტეტე როგორ არის? საუკუნეა, არ მინახავს. ისევ ხომ არ ბრაზობს ჩემზე?
_ კარგადაა, უოლ-სტრიტის მგელზე ნაკლებად როდი შრომობს, _ მეც გავიცინე.
_ ისევ საბანკო საქმეებშია ჩართული?
_ აბა რა, გრძელვადიანი კრედიტების მთავარი ინსპექტორია.
_ მე არ მახსენებს?
_ სიმართლე გითხრა, არასდროს უხსენებიხარ. არ გვქონია შენზე საუბარი, რა ვიცი, _ უხერხულად ავიჩეჩე მხრები. მართლა ასე იყო და ხომ არ მოვატყუებდი?
_ უნდა დავურეკო ერთი, _ გაიღიმა ბიბიმ.
_ დაურეკე, ბათუმშია. ორი წელი იქნება, თბილისში არ ჩამოსულა. მგონი, ღამეებსაც კი ბანკში ათენებს.
_ მართლა ასე უყვარს თავისი საქმე?
_ კარიერამ ასე იცის, ძალიან ჩამთრევი რამეა, _ თავი დავუქნიე.
_ გეთანხმები. ისედაც, კაცები სულ სხვა გზით ცდილობენ ცხოვრებაში გზის გაკაფვას. მიკვირს, საზღვარგარეთ რომ არ წავიდა.
_ მუშაობა რომ დაიწყო, ვეღარ წავიდა, თორემ აპირებდა.
ამ ლაპარაკში ისევ გამახსენდა ის საღამო, ტეტეს დაბადების დღე. პირველი შემთხვევა იყო, როცა ჯინსის შარვალი კაბით შევცვალე. მინდოდა თავი ზრდასრულ ადამიანად მეგრძნო. ტაფტის ფართხუნა ქვედაბოლო მეცვა, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უცნაურად შრიალებდა. ბიბი, როგორც ყოველთვის, იმ საღამოს თავის სტიქიაში იყო. გეგონებოდათ, ტეტე კი არა, თვიონ არის წვეულების მთავარი გმირიო. გამუდმებით ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. მე კი, პირიქით, ვცდილობდი, ჩრდილში დავრჩენილიყავი. მხოლოდ ოცნებაში თუ შემეძლო დამეშვა, რომ მისნაირ ბიჭს ჩემნაირი გოგოსთვის ყურადღება მიექცია.
მაგრამ მოხდა სასწაული და რაც უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, _ მან მე შემამჩნია. რესტორნის აივანზე გავედი და ისიც უკან გამომყვა. მთელი საათი ვლაპარაკობდით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ვიცინობდით, ვხუმრობდით. მისი ინტერესი და ყურადღება საკმარისი იყო, რომ გავფურჩქნულიყავი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თითქოს ეგზოტიკური ვარდივით გავიშალე. ასეთი ძლიერი ემოციები აქამდე არ გამომეცადა და აჟიტირებული ვიყავი. ახლა უკვე აღარ მიქმნიდა უხერხულობას კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალურად იმ საღამოსთვის ვიყიდე. არც სათვალე მიქმნიდა დისკომფორტს, რომლის გარეშე ერთი მეტრის მანძილზე ვერაფერს დავინახავდი. იმწუთას ყველაფერი მიყვარდა და მიხაროდა. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით ბიბი კოკაია მეფლირტავებოდა.
კი, ცუდად დამთავრდა ის საღამო და ყველაფერი ჩამშხამდა, მაგრამ ისეთი მძაფრი შეგრძნებები განვიცადე, რომ მიზნად დავისახე, კვლავ გამომეცადა. ჩემს თავს ავუკრძალე უკან, წარსულისკენ მიხედვა. ახლა უსიმპათიურეს ბიბისაც კი არ შეუძლია ეს აზრი შემაცვლევინოს.
_ ბოლო დროს სწორედ მის დაბადების დღეზე შევხვდით მე და შენ ერთმანეთს, გახსოვს? _ თქვა ბიბიმ და ჩემი მოდური ჩაცმულობა დაკვირვებით შეათვალიერა. თითქოს ჭიანჭველებმა დამირბინეს შიშველ კანზე. ასე მეგონა, მამაკაცი თითებით შემეხო.
ყოველი დეტალი მახსოვდა იმ საღამოდან, ისიც კი, რა ეცვა და როგორ ფერებში. განსაკუთრებით ყავისფერი ტყავის ქურთუკი დამამახსოვრდა, რადგან გარეთ გასულს უეცრად შემაჟრჟოლა, ოღონდ არა სიცივისგან, არამედ მისი სიახლოვისგან და ბიბიმ თავისი ქურთუკი მომახურა მხრებზე. მომახურა და ხელები არც აუღია ჩემი მხრებიდან. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, როგორ გამიხურდა ორივე მხრისთავი, სადაც ბიბის ხელები ესვენა. მერე შამპანურით სავსე ბოკალი მომაწოდა. მეც ავდექი და ცხოვრებაში პირველად, ბოლომდე დავცალე. ეგრევე მომეკიდა და ღაწვები ამიფორაჯდა. მერე ბიბიმ თავისკენ შემომატრიალა, მე თავი დავხარე, რადგან მზერას ვერ ვუსწორებდი. მან კი ნიკაპქვეშ ამომდო ხელი, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. ჩამხედა და… არასდროს დამავიწყდება მისი მაშინდელი სექსუალური ღიმილი.
_ მოგვიწევს იმაზე ლაპარაკი, რაც იმ საღამოს მოხდა.
გაგრძელება იქნება