ძალა იმდენად წამერთვა ამის გაგონებაზე, რომ გარხევა ვერ შევძელი, თითქოს პარალიზებული გავხდი. მოულოდნელად ხელის ზურგზე მისი თითების გასრიალება ვიგრძენი. სიტუაციას კონტროლიდან გამოსვლა ემუქრებოდა, თანდათან ვიძაბებოდი. ყველაზე უკეთ ვიცოდი, რომ მისი განუმეორებელი მომხიბვლელობა ერთგვარი იარაღი იყო ქალის გულის მოსანადირებლად. ეს სკოლის პერიოდიდან დამამახსოვრდა. რამდენი გოგო მინახავს მის გამო ატირებული. ამიტომ დღემდე ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ მისი მომნუსხველობა მე ვერაფერს დამაკლებდა, ჩემთან მიმართებაში მისი ჯადოსნური მაგია აშკარად უძლური იყო. ყველანაირად ვცდილობდი, გულგრილობა გამომეხატა, მაგრამ ბიბიზე ამას არ უმოქმედია. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ არის ისეთი რამეებიც, რაც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ბიბის შემთხვევაში ჩემი რეაქცია მხოლოდ ინსტინქტით იყო ნაკარნახევი, სექსუალურ გატაცებად, ჰორმონები იყო ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ ამჯერად როგორმე უნდა ამეყვანა თავი ხელში.
ნაძალადევად გავიცინე, მაჯის საათს დავხედე და თავდახრილმა ვთქვი:
_ სასიამოვნოა შენთან ჯდომა და წარსულის მოგონებების ამოქექვა, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, საქმეები მელოდება.
_ რა თქმა უნდა, _ დამეთანხმა ბიბი, არც კი უგრძნობინებია, რომ ჩემი გაქცევის მიზეზი არ დაიჯერა, _ ალბათ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა, რომ ყველაფერი გავიაროთ.
_ გავიაროთ?
ისე გაიღიმა, თითქოს სიამოვნებას ანიჭებდა ჩემი შეცბუნება.
_ თუ გინდა, რომ შენმა დაქალებმა დაიჯერონ ჩვენი სიყვარული, ღირსეული ლეგენდა უნდა მოვიფიქროთ და ცოტა პრაქტიკაც გავიაროთ ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხში.
«ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხშიო? _ რაზე ლაპარაკობს?» _ კოპები შევიკარი.
როცა დაბნეულობა შემატყო, გულიანად ახარხარდა და ხელზე ხელი მომიჭირა.
_ ნუ ნერვიულობ, _ დამშვიდება დამიწყო, _ ვიხუმრე. თუმცა, მზად უნდა ვიყოთ პასუხის გასაცემად ისეთ კითხვებზე, რომელსაც უეჭველია, ვერ გავექცევით. შენი დაქალები რომ ცნობისმოყვარეები იქნებიან, ეჭვიც არ მეპარება, ამიტომ შეკითხვებსაც ძალიან ყოფითს და ინტიმურს შეარჩევენ. ასე არ არის?
_ მაგალითად? _ გუნება წამიხდა.
_ მაგალითად, სად გავიცანით ერთმანეთი, როგორ შემიყვარდი ან შეგიყვარდი, აქამდე სად ვიმალებოდი და ასე…
_ მართალი ხარ, _ როგორც იქნა, შუბლი გავხსენი, _ წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ დაგირეკო, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება?
_ რა პრობლემაა, _ მხიარულად წამოიძახა ბიბიმ, ხელი შემიშვა და წამოდგა.
როცა დანახარჯი გადაიხადა, გვერდით ამომიდგა და კიდევ ერთხელ შემეხო ხელზე, ვითომ შემთხვევით. მე კი ჩემი დამემართა. მისმა შეხებამ მსუბუქი თრთოლა მომგვარა. რა ადვილია მისთვის, ასე მხიარულად თქვას, არ არის პრობლემაო…
სამზარეულოს ხელთათმანი მოვირგე და ქვაბს სახურავი ავხადე. სასიამოვნო სურნელმა ცხვირში შემიღიტინა. საქონლის ხორცის კონსერვი ვიყიდე და მაკარონში ჩავშუშე. გემრიელი გამოსულა. ბოლოს შავი პილპილი მოვაყარე და მარილიც დავამატე გემოვნებით. ნელ ცეცხლზე გავაგრძელე შუშვა, რომ არ მიმწვარიყო. ალბათ არ ღირდა, ამდენი ძალისხმევა გამომეჩინა ვახშმის მოსამზადებლად, მაგრამ ვნერვიულობდი. და როცა ვნერვიულობ, ყოველთვის რაიმე კერძის მომზადებას ვიწყებ ხოლმე. უამრავი საშუალება არსებობს სტრესის მოსახსნელად: ხანგრძლივი გასეირნება, სატრენაჟორო დარბაზი, მედიტაცია, მაგრამ მე ერთადერთი «რეცეპტი» მამშვიდებს _ კულინარია.
ჯერ კიდევ სკოლიდან მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. მხოლოდ აქ შემეძლო თავი დამეღწია ჩემი საცოდავი მარტოობისთვის, მერე კი, თვრამეტი წლის ასაკში, როცა მამა გარდამეცვალა, მთლიანად მივეჯაჭვე სამზარეულოს.
შუადღეს ბიბიმ დამირეკა, თუ შეიძლება, საღამოს შემოგივლი, რათა ჩემი ახალი როლის დეტალები განვიხილოთო. «ახალი კი არა, მთავარი როლის, გამოშტერებულო», _ გავიფიქრე ღიმილით და ხელის კანკალით შევუდექი კერძების მომზადებას.
უკვე ყველაფერი მზად მქონდა, სუფრაც გავშალე. როცა გაშლილ მაგიდას გადავხედე, უღრმესი კმაყოფილება დამეუფლა. რომ იტყვიან, თავი მოვიკალი. შემწვარი თევზი ლიმონით, ტკბილი ფლავი ფორთოხლით, ქიშმიშით და ვაშლით, შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, სტაფილო პომიდორში, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაკონსერვე, დაბოლოს, ხორციანი მაკარონი. უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად ძალ-ღონე არ დავიშურე, სტრესი ბოლომდე მომეხსნა. აბა, ამდენი კერძის ნახევარ დღეში მომზადებას ეხუმრებით? ბოკალი მოვიმარჯვე და «ოჯალეშის» კარგა დიდი ყლუპი მოვსვი, თუმცა ამ დიდებული ღვინის გემო ვერ ვიგრძენი. ორი ბოთლი შემოვდგი მაგიდაზე. კარგა ხანია, ეს ღვინო შენახული მქონდა. ერთმა კლიენტმა მომართვა საახალწლოდ ხუთი ლიტრი და ჯერ ხელიც არ მიხლია. ან კი როდის ვახლებდი, ახალ წელს თხუნელასავით შევძვერი ლოგინში და დავიძინე. არც შემდეგ დღეებში მყოლია სტუმრები. ასე რომ, ახლა ნამდვილად გამომადგა.
ბიბი წუთი-წუთზე მოვიდოდა, მამაკაცი, რომელთანაც ვითომ რომანი მქონდა და რომელსაც უნდა დაერწმუნებინა ჩემი დაქალები, რომ სულაც არ ვიყავი «უიმედო მარტოხელა». ახლა სასიყვარულო რომანს რომ ვწერდე, სწორედ ასე დავარქმევდი ჩემს «ნამოღვაწარს». ხომ კარგი სათაური გამოვიდოდა? მაგარი!
ეჰ, როგორმე უნდა გადავაგორო ეს ერთი ქორწილიც. მეგი უნდა გავათხოვო, «ქორწინების ფანატების» ბოლო წარმომადგენელი, და ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ. მერე აღარ მომიწევს თავის მოჩვენება, რომ წარმატებული და მდიდარი საქმიანი ქალი ვარ, რომელიც სრულიად ბედნიერია მამაკაცის გარეშეც.
არადა, მართლა არ განვიცდიდი ჩემს მარტოობას. პირიქით, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად, წყნარად, ნერვებს არავინ მიშლიდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ მქონდა დაკისრებული და საღამოს კისრისტეხით არ მოვრბოდი სახლში, ემანდ ქმარი არ გამიჯავრდეს-მეთქი. ახლა კი, როცა ჩემი უახლოესი მეგობრებიდან კიდევ ერთი და, ამჯერად, უკანასკნელი თხოვდებოდა, დაუკმაყოფილებლობის მსუბუქი შეგრძნება დამეუფლა. როცა ჩემი გათხოვილი დაქალების კომპანიაში მოვხვდებოდი ხოლმე და ქმრებთან მათ დამოკიდებულებას ვუყურებდი, აშკარად ვხედავდი სასიყვარულო ურთიერთობის ნიშნებს: ხელების მსუბუქი შეხება, თვალებით მიალერსება, ხუმრობების გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მხოლოდ ორს ესმის… მიყვარდა მათთან დროს ტარება, ამასთან, გამუდმებით მეჩვენებოდა, რომ მათ გვერდით სრულიად ზედმეტი ვიყავი. აი, ისე, გამოთქმა რომაა: «მესამე ზედმეტია». ეს აზრი მოსვენებას მიკარგავდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ცოტათი მაინც ამოვისუნთქავ და შესაძლებლობა მომეცემა, რამდენიმე ხანი მაინც არ ვიგრძნო თავი ზედმეტად მათ გვერდით. მთავარია, ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ საღამოები მოეწყობა და აქეთ-იქით ერთად მოგვიწევს სიარული, არაფერში ჩავიჭრა, მერე კი ჩვეულებრივ რუტინას, სამსახურს დავუბრუნდები, რაც ყველაზე კარგად გამომდის.
მკვეთრმა კაკუნმა შემაკრთო და ჩემდა უნებურად შევხტი, მიუხედავად იმისა, რომ ბიბის ველოდი. კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, თვალი წამით შევავლე საკუთარ გამოსახულებას სარკეში, ღრმად ამოვიოხრე და კარის გასაღებად გავეშურე.
მის დანახვაზე დამაჯერებელი ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა ათვისებული, ჩემი სამუშაოს გადამკიდეს. როცა მისი აღტაცებული მზერა დავიჭირე, გავიფიქრე, ტყუილად არ მიწვალია, თავის ასე დაჭერა რომ ვისწავლე-მეთქი. თავმომწონე ქალის იმიტირება მშვენივრად გამომდიოდა.
_ ეს შენ, _ ბიბიმ ჰერბერების საუცხოო თაიგული გამომიწოდა _ წითელი ყვითელი და აგურისფერი ჰოლანდიური გვირილების.
ნეტავ, ბანალური წითელი ვარდები რატომ არ მომიტანა? არ აწყობდა? ისე, ვარდების თემა ბოლო წლებში ძალიან გაცვდა საქართველოში. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ თითქოს მოდიდან გადავიდა ეს მეფური ყვავილი. ახლა კიდევ არა უშავს, მაგრამ პირველ ხანებში, მგონი, ყველა ერიდებოდა საჩუქრად ახლობელთან ვარდების მიტანას. როგორც ჩანს, «მისტერ მომაჯადოებლობას» შთაბეჭდილების მოხდენა სურდა და, უნდა ვაღიარო, რომ გამოუვიდა კიდევაც. მართალია, არც ჰერბერები მხიბლავდა დიდად, მაგრამ ამ გაგანია ზამთარში უკეთესი რა უნდა ეშოვა კაცს? მართლა და მართლა, სპეციალურად ხომ არ გამოიწერდა ჩემი გულისთვის ჰოლანდიიდან ქრიზანთემებს ან ჰორტენზიებს?
_ დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი? _ თაიგული ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე, მაგრამ სურნელი ვერ შევიგრძენი. ყვავილის ეს სახეობაც მე მგავს ალბათ, გარეგნულად ლამაზია, სურნელი კი არა აქვს, ანუ, გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნიდან კი მოყვარეს.
_ რა შეწუხებაა, _ შეთქმულივით გამიღიმა ბიბიმ და ზღურბლზე გადმოაბიჯა. _ ხომ უნდა მოვირგო შენი შეყვარებულის როლი?
იმედგაცრუების ჩხვლეტა ვიგრძენი. სწორედ ამისთვის მოვიდა _ განვიხილოთ მისი მომავალი როლის დეტალები. არადა, თურმე მინდოდა ისე, უბრალოდ ეჩუქებინა ჩემთვის ყვავილები, ყოველგვარი როლის და პირობების გარეშე.
_ კარგი აზრია… შემოდი.
_ ოოო, როგორი მადის აღმძვრელი სურნელია.
_ იმედია, ნაჭამი არ ხარ, თორემ გავგიჟდები, იცოდე. _ გავუღიმე.
_ ვაუ, ეს რა ამბავია! _ წამოიძახა, მაგიდას რომ მიუახლოვდა.
სახეზე გაკვირვება გამოესახა. სიცილი ამიტყდა და ხელით ვანიშნე, დაჯექი-მეთქი.
_ სტუმრებს ელოდები?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
_ უბრალოდ, კერძების მომზადება მიყვარს. ჩემთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
_ კერძები გურმანებისთვის, არა? სუფრას რომ გადახედავ, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ადამიანს. _ შენიშნა ბიბიმ.
ხელები დავაბანინე და სუფრას მივუსხედით. პირველ რიგში, თევზი გადაიღო და ერთი ლუკმა გასინჯა თუ არა, ისეთი სიამოვნება დაეტყო სახეზე, თითქოს შეუდარებელ კომპლიმენტებს მეუბნებოდა. საჭმლის მომზადება ხომ მიყვარდა და მიყვარდა, მაგრამ როცა ჩემს კულინარიულ შედევრებს დადებითად აფასებდნენ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ბიბი კმაყოფილებას ვერ მალავდა. წამით წარმოვიდგინე, როგორ გამომეტყველება ექნებოდა, როცა სხვა, უფრო დიდ სიამოვნებას დაიკმაყოფილებდა და ამის გაფიქრებაზე ხელი ამიკანკალდა. ღვინით სავსე ბოკალი სასწრაფოდ დავდგი მაგიდაზე, რომ ჩემი ხელის კანკალი არ შეემჩნია.
_ დიდებულია.
_ ესეც გასინჯე, _ ვუთხარი და ფლავით სავსე თეფში მისკენ მივწიე. ერთმანეთის მიყოლებით სამი ცალი გააქანა პირისკენ ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. მიხაროდა, ასე რომ მოსწონდა ჩემი ნამოღვაწარი. მზად ვიყავი, ყველაფერი მეჭმია, რაც სუფრაზე იდო, ოღონდ კი გამეწელა მოსალოდნელი საუბრის დაწყება, რის გამოც დღეს მესტუმრა.
მიუხედავად ბიბის ვიზიტის მიზნისა, განგვეხილა დეტალები, როგორ გაეკვირვებინა ჩემი დაქალები თავისი როლით, უცნაური ის იყო, რომ მისი ჩემს ბინაში ყოფნის ფაქტი იმაზე მეტად აღმაგზნებდა, ვიდრე მოველოდი.
ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე იყო _ ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად შემეძლო დავმალვოდი გარე სამყაროს და ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში გახლდით. აქ არ მიწევდა თავის საქმიან ქალად წარმოჩენა, სიამაყის გამოჩენა და დახვეწილი მანერების ხელოვნურად გამოყენება. როგორც კი ზღურბლს გადმოვაბიჯებდი, ყველაფრისგან ვითავისუფლებდი თავს _ კონტაქტური ლინზებისგან, მაკიაჟისგან, ტანსაცმლისგან… ერთი სიტყვით, საქმიანი ქალის ნიღაბს ვიხსნიდი. ტანთ რომ გავიხდიდი, სიამოვნებით გადავიცვამდი ჩემს საშინაო ხალათს ან ჯინსის შარვალსა და ფართხუნა მაისურს და ნეტარებას ვეძლეოდი.
წლები დავკარგე იმისთვის, რომ წარმატებული პიროვნების იმიჯის უკან მდგარი დაბნეული, თავის თავში დაურწმუნებელი გოგონა დამემალა, როგორიც ერთ დროს ვიყავი. მაგრამ შინ დავბრუნდებოდი თუ არა, ისევ ძველი ელენე ვხდებოდი და ეს მიხაროდა.
ღვინის ბოკალს ხელი დავავლე და თავი ბაღისკენ გავიქნიე:
_ თუ დანაყრდი, არ გინდა, ჰაერზე გავიდეთ?
_ ამდენი დელიკატესის მირთმევის შემდეგ არა მგონია, ადგილიდან დაძვრა შევძლო, _ ხელი მუცელზე დაიტყაპუნა, _ მოდი, უბრალოდ, ვისხდეთ.
ვიცოდი, რომ საკუთარი სიმშვიდისთვის ჩემთვის უკეთესი იყო, ავმდგარიყავი და ბაღში გავსულიყავი, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ბიბის ჟესტმა მაიძულა, შემეხედა მისი მუცლისთვის, ფართო მკერდისა და ძლიერი მკლავებისთვის, რომელზეც რელიეფურად ამობურცვოდა კუნთები. შავი პერანგი ეცვა და საოცრად უხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ შავი ფერი არ მიყვარს, მას ძალიან უხდებოდა და ვერც წარმომედგინა, სხვა ფერი უფრო როგორ უნდა მოეხდინა. მის ცისფერ თვალებს ძალზე მკვეთრ ელფერს სძენდა შავი.
მოულოდნელად შიმშილის გრძნობამ ამიტაცა, რომელიც კერძებით სულაც არ იყო გამოწვეული. მისი პროვოცირება შეუდარებელი მამაკაცური სხეულის სიახლოვემ მოახდინა.
_ ძალიან შეიცვალე, იცი? _ თქვა მოულოდნელად.
მისი ხმის მსუბუქმა ინტონაციამ მაიძულა, თვალებში შემეხედა. მის მზერაში წამით გაელვებული ნდომის ნაპერწკალი შევნიშნე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩემს წეღანდელ «შიმშილის» შეგრძნებას.
_ ახლა ალბათ აღარ ვგავარ იმ დარტყმულ გოგოს, არა?
შევნიშნე, რომ ამის გაგონებაზე ოდნავ შეკრთა. ვეღარ მოასწრო ამ შეკრთომის თავის მომაჯადოებელ ღიმილში მიმალვა.
_ ბავშვობაში სასტიკები ვართ ხოლმე. _ იმართლა თავი.
სკოლის დროინდელი მოგონებები კვლავ ამომიტივტივდა. მახსოვს, ჩემი დაუდევარი ჩაცმულობა, მსხვილმინიანი სათვალე და ინტელექტის მაღალი დონე თანაკლასელებში ირონიას რომ იწვევდა. ზურგს უკან ხშირად დამცინოდნენ ხოლმე ყოველივე ამის გამო. ბუნებრივი სიმორცხვე არ მაძლევდა უფლებას, მეტოქეობა გამეწია ამბიციური, თავხედი თანატოლებისთვის, ამიტომ თითქმის მივეჩვიე მოსაწყენი დამზეპირებლის რეპუტაციას. არადა, სულაც არ ვიზეპირებდი არაფერს. უბრალოდ, ნათელი გონების გოგო ვიყავი და რასაც ვკითხულობდი, ეგრევე ვითვისებდი. მიუხედავად ამისა, ყველას ეგონა, რომ დღე და ღამე ტექსტების დაზეპირებაში ვიყავი, რომ თავი განათლებულად წარმომეჩინა. თავის გამოჩენა კი ძალზე იშვიათად მსურდა, მხოლოდ მაშინ, როცა ტეტე ბიბის მოიყვანდა ჩვენთან, სახლში. აი, მაშინ კი საკუთარი ტყავიდან ვძვრებოდი, რომ მას მომხიბვლელი ვჩვენებოდი. ის მეხუმრებოდა, ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. ეს იყო მიზეზი, რომ ეტაპობრივად, ჩემდა უნებურად, შემიყვარდა კიდევაც.
დავავლე ხელი ჩემს ბოკალს და კარისკენ გავემართე.
_ მე დარტყმული გოგო ვიყავი. _ ჯიუტად გავიმეორე.
ბიბიც ადგა და უკან გამომყვა. ზურგი მეწვოდა, რადგან მის მზერას ვგრძნობდი, ერთიანად გამიხურდა სხეული.
_ მე შენ ასე არასდროს გეძახდი.
_ ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ.
გაგრძელება იქნება