ჩვენ ყოველ წელს ვამბობთ, რომ ეს სანთლები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მცხეთის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ჩამოიქნება. ამჯერად ამ მონასტერს ვესტუმრეთ და ვიხილეთ კონკრეტულად სად და როგორ ჩამოიქნება ის სანთლები, რომლებსაც "კვირის პალიტრა" ყოველწლიურად ჩუქნის მკითხველს და რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი სააღდგომო რიტუალის განუყოფელ ნაწილად იქცა.
არქიმანდრიტი ანტონი (ფიჩხაია): - ძველ დროს, როცა ადამიანი რამეს დააშავებდა, სამსხვერპლოდ ცხვარს მიიყვანდა შესაწირად, ცოდვების მოსანანიებლად. ეს მიანიშნებდა, რომ შენ დააშავე, მაგრამ შენ მაგივრად სხვა იწირება. მერე ქრისტე მოვიდა, შესწირა თავი და დაგვიტოვა მისი ზიარების საიდუმლო - ეს ჩემი ხორცია, ჩემი სისხლიო. მაცხოვარი თვითონ არის მსხვერპლი. ამიტომ ჩვენს დროში რომელიმე ცოდვის სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ ხდება...
ერთ-ერთი მსხვერპლი სანთელია, რომელიც იწირება, იწვება ჩვენი ცოდვის გამო. იესო ქრისტე არის ნათელი სოფლისა და მოვიდა, რომ გაანათლოს ყველაფერი ჩვენში, რათა ჩვენი თავი სწორად დავინახოთ. ძველ აღთქმაში მესიის ერთ-ერთი გამომხატველი სინათლე იყო. ამიტომ სანთელი მაცხოვრის, უსისხლო მსხვერპლის ერთ-ერთი სახეა. დავანთებ და იწირება, ჩამოდნება ბოლომდე, დაიწვება.
ეს სანთლები, რომლებსაც აქ ვამზადებთ "კვირის პალიტრისთვის" და მერე თქვენ ჩუქნით მკითხველს, მომწვარია სწორედ იმ ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც გადმოდის ყოველ აღდგომას მართლმადიდებელ პატრიარქზე და შემდეგ მთელ სამყაროს განეფინება ღმერთი ჭეშმარიტი, ნათელი ჭეშმარიტი. ეს სინათლე რომ ოჯახებში შევიდეს და მას ჰქონდეს ბნელის, ბოროტის დამარღვევლის ძალა, ამისთვის არის ეს სანთელი. ის ამ ყოველივეს სიმბოლოა.
"კვირის პალიტრა" დიდ კეთილ საქმეს აკეთებს. სანთელი ბევრგან კეთდება, მაგრამ მოისურვეს, რომ აქ, ამ ოჯახში დამზადდეს - თავის დროზე აქ თვითონ პატრიარქი, მისი მშობელი მამა, ბიძამისი და მეუფე დიმიტრი ცხოვრობდნენ. მერე პატრიარქმა მონასტერს გადასცა. მე ღვთის წყალობით აქ 11 წელია ვმსახურობ. მანამდეც, კარგა ხნის განმავლობაში, ეს სანთელი აქ კეთდებოდა და ჩვენც ვაგრძელებთ ამ ტრადიციას. ხალხსაც ახარებს, რომ პატრიარქის სახლში მისი ლოცვა-კურთხევით განეფინება ეს მადლი მთელ საქართველოში.
ამ ადგილას წმინდა გიორგის ტაძრის აგება და კურთხევა 2006 წელს დასრულდა. მაშინ ეს სახლი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მონასტერს გადაეცა. აქ ერთხანს მამა ბართლომეს საძმო ცხოვრობდა, შემდეგ მამა ლუკა ფალავანდიშვილი, ვინც ააშენა ეს ტაძარი. შემდეგ მამა სამოელი მსახურობდა, მოგვიანებით კი მამა ილია კარტოზია, რომელიც გმირადაა შერაცხული. 2011 წელს, როდესაც მე მოვედი, აქ მამა იოანე დამხვდა...
სანთლის დამზადება შრომატევადი, საპასუხისმგებლო და საფრთხილო საქმეა. ღვთის მადლი რომ არ იყოს, ათასჯერ გაჩნდებოდა ხანძარი. დღეში 50 კილოგრამის ჩამოქნა დიდ შრომას მოითხოვს. მონასტრის მორჩილები დილის 8 საათზე რომ დაიწყებენ, საღამოს 7-მდე შრომობენ, თან ფეხზე დგანან...
როგორც ცნობილია, როდესაც უწმინდესს დედა გარდაეცვალა (სნოშია დაკრძალული), მამა საცხოვრებლად მცხეთაში წამოვიდა და მან და მისმა ძმამ აქ, მთასთან ახლოს იყიდეს ეს პატარა სახლი. როდესაც უწმინდესი სასულიერო სემინარიის რექტორი იყო, იმ წლებში სულ ამ სახლში ცხოვრობდა...
ვუერთდები ამ კეთილ საქმეს, რაც სასიამოვნოსთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის. უწმინდესის კურთხევაც არის, მისი სახლიდან მოდის ეს ყველაფერი და უნდა გავუფრთხილდეთ, ეს წმინდაა. კაცმა სანთელი ღვთის წინაშე გაჭირვების დროს ან მადლობისთვის უნდა დაანთოს.
ამ მონასტრის მადლით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, შემდეგ კი იმ ცეცხლის ძალით, რომელიც აღდგომას გადმოდის და მერე კიდევ იქიდან ჩამოსული ცეცხლით მოიწვება ეს სანთლები, ყველა ოჯახში შესულიყოს აღდგომის ძალა და სიხარული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! ამინ! ჩვენი პატარა ლოცვა შეეწიოს ყველას, ვის ოჯახშიც შევა ეს სანთელი.