გაზეთი "კვირის პალიტრა" და გამომცემლობა "პალიტრა L" სააღდგომოდ კიდევ ერთ საჩუქარს უმზადებენ მკითხველს
ეს გახლავთ წიგნების სერიის "საქართველოს იმედის" ერთი ტომი. გვესაუბრება წიგნების სერიის "საქართველოს იმედის" პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:
- პროექტი "საქართველოს იმედი" ჟურნალმა "კარიბჭემ" და "პალიტრა L"-მა წლების წინ ერთობლივად გამოსცეს და ეს მრავალტომეული ბევრისთვის სამაგიდო წიგნებად იქცა. სერია მოიცავს წიგნებს იმ წმინდანების ცხოვრების შესახებ, რომლებიც ცნობილ ხატზე "საქართველოს იმედზე" არიან გამოსახული.

ხატი "საქართველოს იმედი", რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული, მრევლისთვის კარგად არის ცნობილი. ამ დიდებულ ხატზე გამოსახულია ყველა წმინდანი, რომელთა მეოხებაც არ მოჰკლებია საქართველოს არსებობის განმავლობაში. ჩვენმა პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მოგვცა, რომ გამოგვეცა წიგნები ამ წმინდანების შესახებ... იმ დროისთვის ახალშექმნილი "საქართველოს იმედის" ხატი 2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოდან წმინდა სამების ტაძარში გადააბრძანეს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ იმ დღეს ასე მიმართა მრევლს: "დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, შექმნილიყო ეს ხატი და მას ეწოდება "საქართველოს იმედი". ეს ხატი ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულმოქმედი და ყოველ ადამიანს, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლითა და სიყვარულით მოვა ამ ხატთან, აღუსრულდება თხოვნა მისი და ლოცვა მისი. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო, ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ჩვენი ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ, ამინ!"
"საქართველოს იმედის" სერიის წიგნებში დაიწერა ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ცხოვრება. გამოვიყენეთ ყველა არსებული გამოცემა და საარქივო მასალა, დაიწერა იმ წმინდანებზეც, რომელთა შესახებაც აქამდე არ არსებობდა ლიტერატურა. ხატზე 270-მდე წმინდანია გამოსახული. თითოეულის ცხოვრება და მოღვაწეობა სერიის ამა თუ იმ წიგნშია აღწერილი. "საქართველოს იმედის" წიგნები ჩვენ თვალწინ აცოცხლებს მართლმადიდებელ წმინდანთა ცხოვრებას, მათ სწავლებებსა და დარიგებებს... "საქართველოს იმედის" ყოველი წიგნი ნამდვილი საგანძურია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის. ახლა კი, წლების მერე, ბევრისთვის სიახლე იქნება ესინფორმაცია - თითოეული ტომი დამოუკიდებელი წიგნია და მკითხველს აუცილებლად განაცდევინებს მთლიანი პროექტის სულისკვეთებას. საინტერესო კი ის არის, რომელი წმინდანები ინებებენ ახლა თქვენს ოჯახებში შემობრძანებას, რადგან გაზეთის სხვადასხვა ეგზემპლარში სრულიად განსხვავებული ტომები იქნება საჩუქრად.
შეგვეწიოს "საქართველოს იმედის" ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის მადლი. უფალმა დალოცოს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო...