დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ პროდუქციაზე გამოცხადებული 10%-იანი ტარიფების შემდეგ, 4 თებერვალს, ჩინეთმა საპასუხო ზომები მიიღო და სხვადასხვა ამერიკულ პროდუქტზე 10%-იანი და 15%-იანი ტარიფები გამოაცხადა. ჩინეთზე ტარიფის გაზრდა “სავარაუდოდ დააზარალებს თავად აშშ-ს, რადგან მას სჭირდება იაფი ჩინური პროდუქტები ინფლაციის შესამცირებლად - ამ მოსაზრებებისა და ვარაუდების შესახებ სოციალური ქსელებითა და მედიებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.
ამის პარალელურად კი, უკვე ორი დღეა, ტიკტოკის პლატფორმაზე ვირუსულად ქვეყნდება ვიდეოები, სადაც ადამიანები, მათ შორის თავად საწარმოების თანამშრომლები, საუბრობენ, რომ ცნობილი ბრენდები სამოსს, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებს ჩინეთში ამზადებენ. პროდუქტი შემდეგ გადაინაცვლებს ევროპაში, სადაც საბოლოო შტრიხები, მაგალითად, ლოგო, დაემატება და უმაგრდება ეტიკეტი, რომ დამზადებულია ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ა.შ.
ამ მოსაზრების მტკიცება ან უარყოფა ბრენდებისა და იმ საწარმოების პრეროგატივაა, რომლებიც ამ პროცესებში არიან ჩართული, თუმცა ჩვენ მოგიყვებით, რატომ საუბრობს ახლა ყველა ტიკტოკზე ამ ამბის შესახებ.
ეს თემა ტიკტოკზე იმიტომ გახდა ვირუსული, რომ ის ეხება მნიშვნელოვან წინააღმდეგობას მომხმარებლების მოლოდინებსა და რეალობას შორის — ანუ, როდესაც ძვირადღირებული, "ლუქს" ბრენდები, რომლებიც ასოცირდებიან მაღალი ხარისხისა და ექსკლუზიურობის განცდასთან, სინამდვილეში თავიანთ პროდუქციას ამზადებენ იმავე ქარხნებში, სადაც საშუალო ან დაბალფასიანი ბრენდები.
ბევრს უყვარს მოდურად და თანამედროვედ ჩაცმა - ადამიანები ცნობილი ბრენდის ნაწარმი, მაგალითად, ვერსაჩეს ან სხვა რომელიმე ბრენდის ჰალსტუხი 250$-ად შეიძინონ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი რეალურად ჩინეთშია დამზადებული და მისი თვითღირებულება, შესაძლოა, 1$-ია.
იარლიყი „დამზადებულია ჩინეთში“ დიდი ხანია ასოცირდება იაფ, ნაჩქარევად დამზადებულ პროდუქტებთან ცუდი სამუშაო პირობების მქონე ქარხნებში და ცნობილია, რომ სწრაფი მოდა ეყრდნობა ამ იაფფასიან წარმოების პროცესებს მოგების გასაზრდელად. თუმცა, იმის ხაზგასმა, რომ ფუფუნების საქონელიც კი იწარმოება მსგავს პირობებში, ძირს უთხრის ექსკლუზიურობისა და ხარისხის ილუზიას, რომელსაც მდიდარი მომხმარებლები და სტატუსის მაძიებლები ითხოვენ.
მითია ის, რომ ყველაფერი რაც ჩინეთში მზადდება - უხარისხოა.
მართლაც, 90-იან წლებში ჩინური საქონელი საკმაოდ უხარისხო იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა და ევროპულმა ბრენდებმა იაფი მუშახელის ეფექტურობა დაინახეს, იქ უზარმაზარი საწარმოების აშენება დაიწყეს.
ცნობილი ბრენდები, Dolce & Gabbana, Max Mara, Prada, Tommy Hilfiger, Versace, Louis Vuitton, SAVAGE, Valentino თავიანთ პროდუქტს სწორედ ჩინეთში აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ ექპორტიორები ეშმაკურ ხერხს მიმართავენ: ევროპული ქვეყნების საბაჟოები ოფიციალურად არ ატარებენ ჩინური საქონლის ყალბ ასლს, ამიტომ საქონელს ეტიკეტის გარეშე ყიდულობენ, ხოლო ადგილზე ჩატანის შემდეგ ცალკე ნაყიდ ეტიკეტებს თუ იარლიყებს აკრავენ - ვაჭრები, რომლებიც ჩინური საქონლის იმპორტით არიან დაკავებულები, ვთქვათ, ჩინურს, ნაღდ იტალიურ-ფრანგულ საქონელში შეურევენ და ზოგჯერ მყიდველისგან 800%-იან მოგებას ნახულობენ.
გარდა ჩინეთის მასიური და მაღალპროდუქტიული წარმოების შესაძლებლობებისა, ქვეყანა ასევე რჩება მიმზიდველ ადგილად გლობალური კორპორაციებისთვის აშშ-სა და ევროპასთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი ხელფასების გამო.
Hermès: TikTok-ზე გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩინელი მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ Hermès-ის ჩანთები ჩინეთში დაახლოებით $1,250 ღირს, ხოლო ბაზარზე $35,000-ზე მეტად იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ Hermès აცხადებს, რომ მათი პროდუქცია ძირითადად საფრანგეთში იწარმოება, ეს ვიდეოები მომხმარებლებში ეჭვს იწვევს.
Nike, Lululemon და Adidas: ჩინელი ინფლუენსერები TikTok-ზე აჩვენებენ, როგორ შეიძლება პირდაპირ ქარხნებიდან შეიძინონ ამ ბრენდების მსგავსი პროდუქტები დაბალ ფასად. ბრენდები კი აცხადებენ, რომ მათი ოფიციალური პროდუქცია მხოლოდ ავტორიზებულ არხებში იყიდება და აფრთხილებენ მომხმარებლებს ყალბი ან არალეგალური პროდუქციის შეძენისგან თავი შეიკავონ.
Dior: იტალიის სასამართლომ Dior-ის მომწოდებლები დაადანაშაულა არაეთიკურ შრომით პირობებში, რაც აჩვენებს, რომ "Made in Italy" მარკირება ყოველთვის არ ნიშნავს მაღალი ხარისხის ან ეთიკურ წარმოებას.
ბრენდები, როგორებიცაა Lululemon და Adidas, უარყოფენ, რომ მათი პროდუქცია პირდაპირ ქარხნებიდან იყიდება და მომხმარებლებს თავის შეკავებას ურცევენ ყალბი პროდუქციის შეძენისგან. Chanel და Nike ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.