კარი, რომელიც ბაღში გადიოდა, ხელის კვრით შევაღე და დაველოდე, რათა ბიბი წინ გამეტარებინა, მაგრამ იგი პირდაპირ ზღურბლთან შეჩერდა და იდაყვზე წამავლო ხელი.
_ ვიცი, შენ არ გინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიოთ ის ამბავი, _ ხმადაბლა და მომთხოვნი ტონით მითხრა.
მისი თითების შეხებამ ხელი გამითბო. თითქოს რაღაც ნაპერწკალი გაკრთა ჩვენ შორის.
_ ახლა არანაირი მნიშვენლობა არა აქვს იმას, რაც იმ ღამეს მოხდა.
_ ცდები, _ თქვა და ოდნავ მომიჭირა თითები, მერე კი ხელი შემიშვა, _ მაშინ მე უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი.
გავჩერდი და შევხედე. თვალებში წამით უცნაური გამომეტყველება გაუკრთა _ მტკივნეულად დაუცველი ადამიანის გამომეტყველება, რაც არაფრით ესადაგებოდა წარსულში თავხედი ბიჭუნას ბუნებრივად გამომუშავებულ თამამ თვისებებს.
_ მაგრამ არა თავიდანვე, ცოტა მოგვიანებით.
_ სამაგიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. _ დაიჟინა მან, თან თვალს არ მაშორებდა, თითქოს მაიძულებდა, ყველაფერი დაწვრილებით გამეხსენებინა.
მის ტუჩებს შევხედე და გამახსენდა, როგორი იმედით შევყურებდი, როდის მაკოცებდა მაგ ტუჩებით, და როგორ ერთბაშად, წამში დაიმსხვრა ჩემი იმედები, როცა ძმაკაცებს აჰყვა და სიცილით გამეცალა.
_ თავს ნუ იდანაშულებ. ისე, რომ ვთქვათ, განა რა მოხდა? თითქმის ვაკოცეთ ერთმანეთს. შენმა მეგობრებმა შეგვამჩნიეს და გაგვაშაყირეს. შენც ადექი და თქვი, რომ ეს ხუმრობა იყო. _ ამ სიტყვებით ხელი ვუბიძგე პატარა მაგიდისკენ, რომელიც ვერანდაზე იდგა, _ და შენ მართალი იყავი.
ბიბის ჯიუტმა მზერამ მიკარნახა, რომ მზად იყო, ყველაფერი ბოლომდე აეხსნა, მაგრამ ეს სულაც არ შედიოდა ჩემს განზრახვაში. დიდი ხანია, მივიღე გადაწყვეტილება, წარსულისკენ არ გავიხედო და თავიდან არ განვიცადო შერცხვენის ის სცენა. თუკი მსურს, მთელი თვე შეყვარებული ქალის როლი ვითამაშო, აჯობებს, არ გავიხსენო ბავშვობის უიმედო გატაცება.
_ ელე, სულაც არ იყო ისე, როგორც შენ გგონია.
_ მაპატიე, ახლავე დავბრუნდები. _ ამ სიტყვებით სამზარეულოში გავვარდი. დრო მჭირდებოდა, რომ შოკის მერე გონს მოვსულიყავი, რაც მისი თითების შეხებამ გამოიწვია.
ბიბის არ უცდია ჩემი შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ შევატყვე, ამის დიდი სურვილი ჰქონდა. რა უნდა ეთქვა? რით უნდა ემართლებინა თავი? _ რომ უკანასკნელ ნაძირალად იგრძნო მაშინ თავი, რომ ის საღამო ჯადოსნური იყო იქამდე, სანამ ყველაფერს გააფუჭებდა?
მალევე დავბრუნდი. იდაყვით გამოვაღე კარი, რომელიც აჭრიალდა და ბიბიმ გამოიხედა. სინი მომქონდა, რომელზეც ხილითა და ნამცხვრით სავსე ორი თეფში ელაგა. ბიბი დასახმარებლად წამოხტა და მოულოდნელად შევამჩნიე, როგორი ხარბი მზერა მოავლო ჩემს თეძოებს, მკერდს და ოდნავ მოშიშვლებულ მუცელს, ხელების აწევის დროს რომ გამომიჩნდა მაისურის ქვეშ. მართალია, ბავშვობიდანვე სპორტული ფიგურა მქონდა, მაგრამ მომწიფების ასაკიდან საჭირო ადგილებში მსუქუბი სიმრგვალეები გამიჩნდა, რაც მომაჯადოებელ ქალურობას მძენდა, იმდენად მაცდუნებელს, რომ ვატყობდი მამაკაცებს, ერთი სული ჰქონდათ, ოღონდ კი ჩამხუტებოდნენ. სწორედ ეს სურვილი გამოეხატა ბიბის სახეზე.
_ ნება მომეცი, დაგეხმარო.
_ მადლობა, _ ვუპასუხე საყვარელი, მორცხვი ღიმილით, რაც სულაც არ ესადაგებოდა ჩემი იმიჯის ქალს. არადა, სწორედ ასეთი წარვუდექი პირველ შეხვედრაზე, იქ, ბარში.
მან სინი ჩამომართვა და მაგიდაზე შემოდგა.
_ შენი კულინარიული შესაძლებლობები და ეს ლამაზი ბაღი თავისი ყვავილებით მაფიქრებინებს, რომ საშინაო საქმეებისთვის დრო არ გენანება. მახსოვს, ტეტეს და მამაშენსაც თვითონ უმზადებდი სადილებს და ოთახებშიც ყველგან ყვავილებით სავსე ლარნაკები გედგა. გგონია, არ მახსოვს? ყველაფერი აქ არის, თავში, _ და საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიკაკუნა.
_ დედა რომ გარდაიცვალა, ძალიან პატარები ვიყავით, ამიტომ ბავშვობიდან ვცდილობდი, მამაჩემისა და ტეტესთვის მყუდრო ოჯახური ატმოსფერო შემექმნა.
_ მესმის, როგორ გაგიძნელდებოდა დედის გარეშე, განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა შენს კლასელებთან ურთიერთობა არ გამოგდიოდა. წეღან შენს თავზე რომ თქვი, დარტყმული ვიყავიო, თვალებში წყენა ჩაგიდგა. მართალია, ხმამაღლა არასდროს მიხსენებია შენი თანდასწრებით ეს სიტყვა, მაგრამ ვაღიარებ, რომ გულში მეც ასე ვფიქრობდი. იმედია, ამდენი წლის შემდეგ ჩემს აღსარებას წყენით არ მიიღებ…
_ არა, რას ამბობ. შეგეძლო, არც გეთქვა, ისედაც ვიცოდი.
მერე დავსხედით და საუბარი გავაგრძელეთ. ახლა უკვე დაწვრილებით მოვუყევი ჩემზე, რას ვსაქმიანობდი, რა ადგილი მეჭირა საზოგადოებაში…
_ შთამბეჭდავია შენი წინსვლა ბიზნესში, მაგრამ დიასახლისის ამპლუაში უფრო მომწონხარ. უამრავი გოგო მინახავს, საქმეში ძალიან წარმატებული მოდელიც, მსახიობიც და ბიზნესვუმენიც, რომლებიც გაზქურასთან არასდროს მდგარან, რომლებიც გაურბიან საყოფაცხოვრებო პრობლემებს და მიჭირს შენი მათთან შედარება. მათგან განსხვავებით, შენში ვხედავ ქალს, რომელიც თავის სახლზეა მიჯაჭვული. როგორ გახდი ასეთი კეთილშობილი, ან როგორ უთავსებ სამსახურს და სამზარულოს ასე ჰარმონიულად ერთმანეთს?
_ რა ვიცი… დროთა განმავლობაში გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ცხოვრებას, _ მაცდუნებლად გავუღიმე.
ბიბიმ სკამი გამომიწია. გაოცებულმა შევხედე _ არ ვიყავი მიჩვეული გალანტურ კავალრებს _ და დავჯექი.
_ როგორც მივხვდი, წარსული არ უნდა გავიხსენოთ. ეს თემა განსჯას არ ექვემდებარება. მაშინ ხომ არ აჯობებს, ჩვენს გარიგებაზე ვისაუბროთ? გინდა, რომ დავაჯეროთ შენი დაქალები, თითქოს ოდესღაც რომანი გვქონდა, თუ ვითომ ეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობაა შენს ცხოვრებაში?
_ უნდა ვთქვათ, რომ ადრე არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს, ამიტომ მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.
_ ანუ მე ახალი მამაკაცი ვარ შენთვის და შენ ამით ტკბები, არა? _ ამ სიტყვებით გახუხული ორცხობილას რამდენიმე პატარა ნაჭერი აიღო და პირისკენ გააქანა, თითქოს მზესუმზირას აკნატუნებსო.
შეცბუნებულს ღაწვები შემეფაკლა. მას კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგე, აშკარად სიამოვნებდა, დაბნეულს რომ მხედავდა.
_ ერთი სიტყვით, _ ვთქვი და პაუზა გავაკეთე, თან აჭარხლებული შევუდექი ფორთოხლის გაფცქვნას, _ იმისთვის, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოიყურებოდეს, მოგვიწევს ხშირად ვიაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა, ხანდახან წელზეც უნდა მომხვიო ხელი, თუ წინააღმდეგი არ იქნები.
_ შენ რა, დამცინი? რას მიქვია, წინააღმდეგი ვიქნები? პირველსავე შესაძლებლობას არ გავუშვებ ხელიდან, ოღონდ კი ჩაგიხუტო. მაგრამ იმის მეშინია, როცა რეალურ ქმედებამდე მივა საქმე, გაბრაზებული არ გამექცე. ისე, კოცნაზე რას იტყვი?
_ არავითარი კოცნა! _ ლამის ვიყვირე და უხერხულობის დასაფარავად ნახევარი ფორთოხალი გავიქანე პირისკენ, თან ლამის დაუღეჭავად გადავყლაპე.
_ მაგრამ წყვილები ხანდახან კოცნიან ერთმანეთს. ბუნებრიობისთვის ეს აუცილებელიც კია. ხომ გინდა, რომ დაგვიჯერონ?
პასუხად რაღაც ჩავიბურტყუნე, ძალიან დავიბენი. ასე მეგონა, სახე კი არა, მთელი სხეული გამიწითლდა სირცხვილისგან.
_ ვატყობ, ეს შეშლილი პროექტი უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს. _ გულიანად გაიცინა, _ მოდი, ნუღარ შევუდგებით მარჩიელობას, რა როგორ იქნება, ახლავე ვიმოქმედოთ, კარგი? _ ამ სიტყვებით მაგიდიდან გადმოიხარა, მხრებში ჩამაფრინდა და მიმიზიდა. გული ამიჩქარდა, ქვედა ტუჩი უცერემონიოდ გავილოკე და გამჭოლი მზერით მივაჩერდი.
_ ნუ გეშინია, მე სამაგალითო კავალერი ვიქნები.
სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად…
ვიცოდი, რომ ბიბის ჩემს სახლში დაპატიჟება უდიდესი შეცდომა იყო, მაგრამ მაინც გავაკეთე ეს. ჩემი მხრიდან აუხსნელი ნაბიჯი იყო, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩემს საქმიან სამყაროში ყველა ნაბიჯი ოქრომჭედელივით ფაქიზად და ზედმიწევნითი სიზუსტით მქონდა გათვლილი. ჩემი სააგენტო, რომელიც კულტურული ღონისძიებების მოწყობას ემსახურებოდა, ვერასდროს იქნებოდა წარმატებული, კარგი ხელმძღვანელი რომ არ ვყოფილიყავი. სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული, სერიოზულად დავიწყე ჩემს თავზე მუშაობა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, იდეალური ქალი არ არსებობს, მაგრამ ვცდილობდი, 69 პროცენტით მაინც დავმსგავსებოდი ჩემს იდეალს, თუ მეტს ვეღარ მოვახერხებდი. და არ გაინტერესებთ, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემთვის იდეალური ქალი? პირველ რიგში, ჭკვიანი, რბილი და, ამავდროულად, მტკიცე ხასიათის; თბილი, მოსიყვარულე, საქმიანი; უნდა შესძლებოდა ადამიანების დაჯერება, საუბარი დინჯად, საინტერესოდ და თანმიმდვრულად წაეყვანა; კაცებს ჭკუა ეკეტებათ საინტერესო ქალებზე; თუ პირობას დადებდა, აუცილებლად უნდა შეესრულებინა და არ გაეწბილებინა ისინი, ვინც ენდობოდნენ; ყურადღებიანი უნდა ყოფილიყო, დამთმობი, მოთმინება ადვილად არ უნდა დაეკარგა, ლოდინის ნიჭიც ჰქონოდა და მიტევებისაც; თუ შეცდომა მოუვიდოდა, არ უნდა შერცხვენოდა აღიარების და ბოდიშის მოხდის; ჩემი იდეალური ქალი სული და გული უნდა ყოფილიყო საქმიან წრეებში, მეგობრებში, მეზობლებში, ახლობლებთან, ნაცნობებში… ერთი სიტყვით, მთავარი ღერძის როლი უნდა შეესრულებინა, რომლის გარშემოც ტრიალებს ყველაფერი; ასევე, კარგი დიასახლისობა უნდა სცოდნოდა, გემრიელი კერძების მომზადება. მთავარი იყო კარგი ხასიათიც. ქალს მხიარულება უხდება, ლამაზი სიცილი, დაჯილდოებული უნდა იყოს იუმორის გრძნობით და ცეკვა-სიმღერაც ეხერხებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია მოსმენის კულტურა, თანაგრძნობის გამოხატვა და… ერთგულება. ალბათ ამით უნდა დამეწყო, მაგრამ ყველაზე გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის მოვიტოვე. ერთგულება ის თვისებაა, რომლის გარეშეც ადგილს ვერ დაიმკვიდრებ საზოგადოებაში. რა ვქნა, ასე მიმაჩნია. ის ყველგან და ყველაფერშია საჭირო, ელემენტარულად, ყვავილების მოვლაშიც კი.
ჰოდა, ამ ყველაფრის პრაქტიკაში დასანერგად, რომ იტყვიან, კანიდან ვძვრებოდი. ვითვისებდი კარგ მანერებს, ვსწავლობდი, როდის როგორ გამეღიმა, როგორ მემოძრავა, ხელები როგორ დამეჭირა შესაფერის მომენტებში. გგონიათ, მასწავლებელი დავიქირავე? სულაც არა. იუთუბიზე შევდიოდი და ვიდეოებიდან ვსწავლობდი. გარდა ამისა, ლამის ყოველდღიურად ვეცნობოდი ინტერნეტში მოდის სიახლეებს, ვაკვირდებოდი, როგორი ლუქი უნდა შემერჩია საქმიანი შეხვედრების დროს, წვეულებებზე, კლუბებში, რესტორნებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის მიხედვით ვარჩევდი და ვანახლებდი ჩემს გარდერობს. ფულის პრობლემას არ განვიცდიდი, ნამდვილად არ ვუჩიოდი ხელმოკლეობას, პირიქით, ჩემი საქმიანობის კვალობაზე, სოლიდური შემოსავალი მქონდა. ამიტომ არ მიჭირდა, სამ დღეში ერთხელ მევლო სილამაზის პრესტიჟულ სალონებში. სეზონის მიხედვით ვიცვლიდი ვარცხნილობას, მაკიაჟს, ვსტუმრობდი სატრენაჟორო დარბაზებს და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებსაც კი, თუ რამე არ მომეწონებოდა ჩემს გარეგნობაში. ერთი სიტყვით, მთელი მონდომებით ვიქმნიდი იმიჯს, რომლისკენაც ასე თავგამოდებით მივისწრაფოდი წლების განმავლობაში. ასე რომ, ჩემს ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. ახლა ვარ წარმატებული, თავდაჯერებული და საზოგადოებაში მიღებული ბიზნესლედი, რომელიც დიდების მწვერვალზე იმყოფება.
ყველას ვიცნობდი, წვრილი მოხელეებიდან დაწყებული, უმაღლესი რანგის «ჩინოვნიკებით» დამთავრებული. ვმეგობრობდი მინისტრებთან, მათ ცოლებთან, განსაკუთრებით ბიზნესმენებთან _ ყველასთან, ვისაც რაიმე ღონისძიების გამართვა სურდა და ამაში დახმარება, მით უფრო, თუ თავიანთი პროდუქციისთვის სჭირდებოდათ რეკლამა. ასე რომ, თბილისის ელიტაში ვტრიალებდი და ვამაყობდი იმით, რომ შემეძლო გონივრული, აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილებები მიმეღო.
გაგრძელება იქნება