მსახიობი, მუსიკოსი და მომღერალი ანდრია გველესიანი ქართველი მაყურებლისთვის ცნობილი ფიგურაა - იგი ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. ანდრიას მამა ცნობილი მომღერალი დავით გველესიანია, დედა კი პოპულარული მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილი. ამიტომ მისი მუსიკალური ნიჭი არავის გაჰკვირვებია. სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი თეატრზე შეაჩერა და მსახიობი გახდა.
პოპულარობა სხვადასხვა სატელევიზიო შოუში გამოჩენით მოიპოვა. წარმატებით მონაწილეობდა პროექტებში „ჯეოსტარი“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „X ფაქტორი“ და სხვა.

"ზოგადად ხუთი წლიდან ავმღერდი, თუმცა, როგორც მითხრეს, მანამდეც ვმღეროდი, ოღონდ გაურკვევლად. თუ არ ვმღეროდი, ვლაპარაკობდი, თუ არ ვლაპარაკობდი – ვმღეროდი, ყველა შემთხვევაში ვერ მაჩერებდნენ. შემდეგ ხუთი წლიდან უკვე კარგად ვმღეროდი. ასე სიმღერით გავატარე მთელი ბავშვობა, სკოლაშიც ამით დამიმახსოვრეს. ვერაზე ვცხოვრობ და 51-ე სკოლა დავამთავრე. ბებიაჩემი, დიანა სანიკიძე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო, ამიტომ როცა მაგდებდნენ, ამის გამო „ბოლომდე ვერ მაგდებდნენ“. რთული ბავშვი ვიყავი, მაგრამ ყველას ვუყვარდი. მართლა სულ ვმღეროდი, ვერ მაჩერებდნენ" - ამბობდა ანდრია.
თეატრში გამორჩეული როლია „სტუმარ-მასპინძელი“, სადაც ანდრია ზვიადაურის როლს ასრულებდა. სპექტაკლი რეჟისორ ირაკლი გოგიას დადგმულია. იმ დროს ანდრია პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მონაწილეობდა, თითქმის არ ეძინა. ამ სპექტაკლით პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს.
პირადი ცხოვრება

ანდრია გველესიანისა და მაიკო ვაწაძის წყვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ. წყვილმა ერთმანეთი 2014 წელს, თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნო და მათი სიყვარულის ისტორიაც ასე დაიწყო. ანდრიამ და მაიკომ ერთად რამდენიმე სპექტაკლშიც ითამაშეს და მათი თქმით, ყველაზე მეტად ის უყვართ, რომელშიც რომეოს და ჯულიეტას როლები მოირგეს.
წყვილს ერთი შვილი ჰყავს:
„წარმომედგინა, რომ ძალიან კარგი მამა იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანია. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა, კიდევ უფრო მზრუნველი გახდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანდრია ჩვენი შვილისთვის მეორე დედაა. რაც ბავშვს სჭირდება, აბსოლუტურად ყველაფერი კარგად გამოსდის და ყველანაირად მეხმარება. უფრო სწორად, როცა ანდრია სახლშია, ბავშვისთვის ჩემზე მეტს ის აკეთებს. სანი ჩემზე მეტად ანდრიაზე გიჟდება. როცა ანდრია სახლშია, მასზეა მიწებებული.. მე არ ვეჭვიანობ, ძალიან მიხარია, ცოტას ვისვენებ ხოლმე…“ - ამბობდა მაიკო ვაწაძე.