მსახიობ ანიკო ცეცხლაძეს თეატრის მაყურებელი კარგად იცნობს. ბათუმის თეატრის მსახიობი სერიალ „თესეაში“ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
ბავშვობაში ჩოგბურთელობა უნდოდა. სპორტის ამ სახეობაზე ძალიან ცოტა ხანი დადიოდა. შემდეგ მოდელობა მოუნდა, მაგრამ საბოლოოდ მსახიობი გახდა. ბავშვობაში სულ გამოგონილ პერსონაჟებს თამაშობდა, თუმცა, სკოლა რომ დაასრულა, სხვა არჩევანი გააკეთა.
თეატრალურში გვიან ჩააბარა, ოცი წლის ასაკში. იქამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა, მთარგმნელ-რეფერეტი იყო. მეორე კურსზე დარწმუნდა, რომ იქ იყო, სადაც მისი ადგილი არ იყო. სახლში მივიდა და თქვა, რომ თეატრალურში უნდა ჩაებარებინა. მშობლებმაც მხარი დაუჭირეს. ჩააბარა და მესამე კურსზე უკვე პირველ შვილზე იყო ფეხმძიმედ, მეოთხე კურსზე მეორე ბავშვს ელოდებოდა და რომ დაასრულა – მესამეს. იმ პერიოდში ანიკოს მეუღლე ბათუმში მუშაობდა და მთელი ოჯახი იქ გადავიდა საცხოვრებლად. ერთი წლის განმავლობაში პროფესიაში არაფერი გაუკეთებია. შემდეგ კი ბათუმის თეატრში დაიწყო მუშაობა.

თესეა
"კასტინგები ძალიან არ მიყვარს, ამიტომ არასდროს დავდივარ. შარშან შემოდგომაზე დამიკავშირდნენ, მითხრეს, კასტინგი ტარდებაო, და მისვლა მთხოვეს. იმ დროს ბათუმში ვიყავი. ძალიან გამიხარდა, რომ საპატიო მიზეზი მქონდა, ავუხსენი, მისვლას რატომ ვერ შევძლებდი. მერე შემომთავაზეს, იქნებ ვიდეო გადაიღოთ და გამოგვიგზავნოთო. ამაზე უარი აღარ გამოვიდოდა და რამდენიმე ვიდეო გავგზავნე. 2 დღეში ისევ დამირეკეს და მკითხეს, თბილისში როდის იქნებითო? მალე ჩამოსვლას არ ვაპირებ-მეთქი.
გადასაღებ მოედანზე მუშაობა პირველივე დღიდან საინტერესო იყო. არც მეგონა, ასე ძალიან თუ დავინტერესდებოდი. აქამდე ყოველთვის თეატრისკენ უფრო ვიხრებოდი. პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური იყო, ძალიან ვნერვიულობდი, ჩემში ქაოსი იყო, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა." - იხსენებდა ანიკო.

პირადი ცხოვრება
ცხრა წლის იყო, როცა მომავალი მეუღლე გაიცნო. ბავშვობის მეგობრები არიან. 17-18 წლისამ აღმოაჩინა, რომ მათ შორის მეგობრობაზე მეტი იყო - სამი-ოთხი წელი იყვნენ შეყვარებულები და მერე დაქორწინდნენ. ნიკო ხშირად აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში თუკი რამე ხდება, ყველაფერი მეუღლის დამსახურებაა.