ახლა კი, ვგრძნობდი, რომ ყველაზე სულელური ნაბიჯი გადავდგი, სულწასულობამ მძლია და ისეთი მამაკაცი შევარჩიე ჩემი გეგმის განსახორციელებლად, რომელზეც ერთ დროს მზე და მთვარე ამომდიოდა, მან კი დამამცირა. რატომ მიღალატა ამჯერად საღმა აზრმა? რატომ არ დამემორჩილა გონება, როცა ამ გადაწყვეტილებამდე მივედი? ის ხომ, ფაქტობრივად, საბედისწერო მამაკაცი იყო ჩემს ცხოვრებაში? ჯერჯერობით ვერ ვხვდებოდი ამას.
როცა შევხედე, როგორი სიამოვნებით გააქანა ბიბიმ პირისკენ თაფლში ამოვლებული მოხალული მიწის თხილი, რომლითაც ვითომ გოზინაყის იმიტაცია შევქმენი, ჩემს მთავარ კითხვაზე პასუხიც მზად იყო _ აბა, რომელი ნორმალური ქალი აუვლიდა გვერდს გულგრილად მის ჯინსისფერ თვალებს, მკვეთრად შემოხაზულ ზედმეტად მამაკაცურ ტუჩებს და გონის წასვლამდე მაცდუნებელ ღიმილს, განსაკუთრებით იმ ფოსოებს, ასე რომ მაგიჟებდა ყოველთვის?
აი, სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი მასზე და არა იმიტომ, რომ ოდესღაც ბრმად მიყვარდა.
მგონი, თავს ვიმართლებ, მაგრამ სხვა რა დამრჩენია?
ჩუმი, ეროტიკული ოხვრა აღმოხდა ბიბის და სკამი ოდნავ უკან გასწია.
_ თამამად შემიძლია ვთქვა და დავამტკიცო კიდეც, რომ ამაზე გემრიელი არასდროს არაფერი მიჭამია.
მისი ნათქვამით ნასიამოვნებმა ჩემი თეფში გვერდზე გავწიე. რატომღაც, უეცრად სრულიად თავისუფლად ვიგრძენი თავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გეგმის დეტალების განხილვა ჯერაც არ დაგვეწყო.
_ არ მჯერა, ასეთი დიასახლისი რომ ხარ. შენი მდგომარეობის გოგო, ასეთი ყოჩაღი სარეკლამო ტოპმენეჯერი, წესით ყოველდღე საუკეთესო რესტორნებში უნდა სადილობდეს კლიენტებთან საქმიან შეხვედრებზე.
_ ასეც ხდება საჭიროების დროს, _ მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე.
_ და კერძების მომზადებაც მაგ რესტორნების მენიუს მიხედვით ისწავლე?
_ სწავლის სხვა, უფრო მოსახერხებელი საუშალებებიც არსებობს, ბიბი. _ სიცილი ვერ შევიკავე მის მიამიტურ დასკვნაზე.
თვითონაც გაეცინა, რის გამოც თვალის კუთხეებში საყვარელი მიმიკური ნაოჭები დააჩნდა.
_ არ ვიცი, რა ხდება თბილისის რესტორნებში, მაგრამ ამერიკაში ბევრი კარგი და უცხო რამ გამისინჯავს, თან საუკეთესო. მიუხედავადა ამისა, მზად ვარ, ხმამაღლა გავიმეორო, რომ ეს ყველაზე გემრიელი ვახშამი იყო ჩემს სიცოცხლეში.
_ ასე ადვილია შენი გაოცება? თაფლში ამოვლებული მოხალული თხილი, მოშუშული ხორცი, სალათები და დესერტი, დავიჯერო, შენზე ასეთ ეფექტს ახდენს? _ მსუბუქი ნიშნის მოგებით ვუთხარი, მაგრამ იმწამსვე ვინანე ჩემი სიტყვები, რადგა უეცრად ჩაუქრა თვალებში სხივი და ღიმილიც გაუქრა სახიდან.
_ შენ წარმოიდგინე, კი, თუმცა, ვატყობ, შენთვის ძნელია ამის გაგება, _ ჩუმი ხმით მომიგო, თან თვალი თვალში გამიყარა, თითქოს უფრო მოსწრებულ პასუხს ეძებდა ჩემს ირონიულ კითხვაზე, _ მაგრამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში, რომელსაც მე და შენ ერთად გავატარებთ, შესაძლოა, მიხვდე ამას.
ო, ღმერთო! ეს რა მივქარე!
ეგრევე ავდექი და ხურვებაშეყრილივით შევუდექი სუფრის ალაგებას. ამ დროს ბიბიმ წამოიწია, მაჯა დამიჭირა და შემაწყვეტინა აფორიაქების გამო დაწყებული საქმიანობა.
_ შეეშვი. ყველაზე ცოტა, რითიც შემიძლია ვახშმისთვის მადლობა გადაგიხადო, თეფშების ალაგება და მათი დარეცხვაა, _ ისე მითხრა, თითქოს მამშვიდებსო.
მისი ხელისგული მაჯას მიწვავდა, ცხელი ტალღა ხელიდან უფრო და უფრო მაღლა მიიწევდა, თითქოს მემუქრებოდა, რომ მთელ სხეულს მოედებოდა. მივხვდი, რომ დრო დადგა, ურთიერთობის საზღვრები მკვეთრად გამემიჯნა, სანამ ჩემი გაცოფებული ჰორმონები თამაშის სულ სხვა წესებით კარნახს შეუდგებოდა.
_ წინააღმდეგი არ ვიქნები, ოღონდ დიდად ნუ მოიკლავ თავს. უბრალოდ, გადაავლე წყალი და შედე ჭურჭელი სარეცხ მანქანაში. მთავარია, ერთნაირები ერთად შეალაგო, სხვა შემთხვევაში ვერ გარეცხავს კარგად.
_ ცუდი ჭურჭლის სარეცხი მანქანა გქონია. _ გამეხუმრა.
_ უკაცრავად! _ გავაპროტესტე, _ ერთ-ერთი ძვირად ღირებული ტექნიკაა, გერმანიიდან გამოვიწერე.
_ ნუთუ? _ აშკარად დამცინა და გულიანად გაიცინა.
_ კარგი, გეყოფა. მერე გავრეცხოთ, მოგვიანებით, თან გასწავლი.
ჩემი სიტყვები კვლავ ორაზროვნად გაისმა და ისე შევცბი, რომ სასწრაფოდ გამოვაცალე ხელი მის ხელისგულს, ვცდილობდი, მასთან ფიზიკურ კონტაქტს მოვრიდებოდი. თუმცა გონება უკვე ვეღარ აკონტროლებდა ჩემი გაგიჟებული სხეულის რეაქციას, რომელმაც მის შეხებას აღგზნებული ჟრჟოლით უპასუხა, თითქოს ეუბნებოდა: «სიურპრიიიზ! ელენე სვანიძე ისევ ყურებამდეა ბიბი კოკაიაზე შეყვარებული!»
_ შენ დაისვენე, მე ახლავე დავბრუნდები, _ მითხრა და საქმეს შეუდგა.
ვუყურებდი, როგორ აკურატულად ალაგებდა თეფშებს ერთმანეთზე, მიყოლებით, ფაქიზად. როგრ შემეძლო, არ შემემჩნია მისი ძლიერი ხელები, ელეგანტური თითები, ცვილისგან ჩამოქნილს რომ ჰგავდა. თან ისე დამაჯერებლად საქმიანობდა, თითქოს ბავშვობიდან იცოდა, როგორ უნდა მოჰქცეოდა ძვირფას ჭურჭელს. მართლაც, საუკეთესო თეფშებით გავაწყვე სუფრა, ყველაზე ძვირად ღირებული და ლამაზი რაც მქონდა _ ძველებური ჩინური ფაიფურის სერვიზით, რომელიც ანტიკვარიულ მაღაზიაში ვიყიდე, თუმცა დაახლოებით ორმოცდაათი წლის წინანდელი თუ იქნებოდა. მაგრამ იქნებ ორმოცდაათი წლის წინანდელიც ანტიკვარიატად ითვლება? ამდენი არ ვიცი. ეგ კი მახსოვს, ბავშვობაში ბებიაჩემი როგორ არჩევდა ხოლმე სერვიზებს, სანამ იყიდდა. მეორე მხარეს ემბლემასავით წარწერა ჰქონდა ყველას, თან ერთნაირი, რომლებიც მხოლოდ ფერით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. იყო მწვანე, ლურჯი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი წარწერა და ოქროსფერი უმაღლეს ხარისხად მიიჩნეოდა. ეტყობოდა კიდევაც ხარისხს _ რაც უფრო მსუბუქი და თხელი იყო თეფში, მით უფრო ძვირად ფასობდა. ბებიას უფრო ჩეხური ჭურჭელი მოსწონდა, ამიტომ ჩეხური ფაიფურითა და ბროლით გამოტენილი გვქონდა სახლი. მე კი, რაც წამოვიზარდე, გერმანული მაისანის ფაიფური და ჩინური უფრო მომწონდა, ბევრად ლამაზი დიზაინი ჰქონდა და არც ხარისხით ჩამოუვარდებოდა ჩეხურს. თუმცა, ესეც გემოვნების საკითხია.
მალულად შევავლე მზერა მის დაკუნთულ მკლავებს, მერე ვეღარ მოვითმინე და, როგორც კი თეფშებით ხელში სამზარეულოსკენ გაემართა, თავიდან ფეხებამდე შევათვალიერე მისი გაკაჟებული ტანადი სხეული. შურიანი ოხვრა აღმომხდა _ ბიბი კოკაია დიდებული მამაკაცი იყო და არა მხოლოდ ფიზიკურად.
სუფრასთან ჩვენი ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ნელ-ნელა მივხვდი, რომ მთელი ეს წლები ზედაპირული შეხედულება მქონდა მასზე. ტეტეს დაბადების დღის მერე მას ყველაზე თავქარიან ლოველასად ვთვლიდი. შეიძლება იმ პერიოდში ძიების პროცესში იყო, თავისი სტილისა და გემოვნების გოგოს ელოდებოდა, ან იქნებ სულ სხვა, ჩემთვის გაუგებარი და მისთვის გასაგები მიზეზები ჰქონდა, ყველა გოგოს კუდში რომ დასდევდა, ან დრო სჭირდებოდა, რომ გაზრდილიყო და ჭკუა მომატებოდა, მაგრამ, რაც უნდა ყოფილიყო, მამაკაცი, რომელიც ახლა ჩემთან იმყოფებოდა, საინტერესო, მომნუსხველი და განუმეორებელი აღმოჩნდა.
_ შენი ღიმილის მიხედვით თუ ვიმსჯელებ, ერთობ სასიამოვნო რამეზე უნდა ფიქრობდე, მაგრამ არ გკითხავ, რაზე.
ისე ვიყავი ჩემს აზრებში გაბლანდული, ვერც კი შევამჩნიე, როგორ ჩამომიჯდა ცხვირწინ. გასაკვირია, მაგრამ კვლავ შეძლო ჩემი საგონებელში ჩაგდება. ბევრ მამაკაცს უცდია ჩემთან ფლირტის გაბმა, განსაკუთრებით ფულიანებს, მსხვილ ბიზნესმენებს და მათ მენეჯერებს, ესეც ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რომ აღარაფერი ვთქვა ამა თუ იმ ოფისის ჩვეულებრივ, უბრალო თანამშრომლებზე ან სულაც, უმუშევარ მამაკაცებზე. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მხოლოდ ბიბიმ შეძლო ჩემი ლამაზი ტუჩების მომაჯადოებელი ღიმილის მოსყიდვა.
მან თავს ზემოთ ერთმანეთს გადააჭდო თითები და გაიჭიმა.
_ მივხვდი! შენ ფიქრობ იმაზე, რომ მე შესანიშნავი პარტნიორი ვიქნები.
სიცილი ვერ შევიკავე მის ტრაბახა ტონით წარმოთქმულ ხუმრობაზე.
_ ამაში არაფერია გასაკვირი, მე ხომ მართლაც «დაცემა» ბიჭი ვარ, პრაქტიკულად, განუმეორებელი.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი საკუთარი აზრები ასე ზედმიწევნით და თან ხმამაღლა გაახმოვანა, ვერაფერი ვუპასუხე. მაგრამ არაფრით მივცემდი იმის უფლებას, ჩემს გრძნობებს ჩასწვდომოდა, რათა გაეგო, როგორ მინდოდა, მასთან ურთიერთობა არა მხოლოდ სხვის საჩვენებლად, არამედ რეალურადაც გამეგრძელებინა. ამიტომ რაც მალე განვიხილავდით ჩვენი მომავალი თამაშის დეტალებს, მით მალე დავემშვიდობებოდი და გავისტუმრებდი სახლიდან. ამის შემდეგ კი შევეცდებოდი, გონებიდან ამომეგდო მისი ცისფერი თუ ლურჯი თვალების დაბინდული მზერა და ლოყებზე შემომსხდარი საყვარელი ფოსოები, რომლებიც მხოლოდ გაღიმების დროს ჩნდებოდა.
_ ტრაბახს კაცი არ მოუკლავს, _ ნიშნის მოგებით ვუთხარი.
_ ეგ ოცნებაზეა ნათქვამი და არა ტრაბახზე.
_ ვიცი, მაგრამ ტრაბახსაც მშვენივრად მოუხდა, _ ისევ გამეცინა, _ მოდი, აჯობებს, ქორწილის გეგმები განვიხილოთ, სანამ შენი მამაკაცური მომნუსხველობისგან საბოლოოდ დამიკარგავს თავი, _ ვითომ გავეხუმრე, სინამდვილეში კი სიმართლე ვუთხარი.
_ დამცინი?
_ სულ ცოტა-ცოტას, _ მივუგე და «სულ ცოტა-ცოტა» ცერა და საჩვენებელი თითით გამოვსახე.
მან თვალები მილულა, არც უცდია კმაყოფილების დამალვა, მერე უეცრად გადმოიხარა ჩემკენ და ისე დამიჭირა ის ორი თითი, გული ლამის ამომიხტა ბუდიდან, რადგან ცხელი ტალღა ერთბაშად მოასკდა ჩემს სხეულს. ვიგრძენი, რომ კონტროლს ვკარგავდი, კიდევ ცოტა და სიტუაცია უმართავი გახდებოდა.
_ შეყვარებულები ხშირად აშაყირებენ ერთმანეთს, _ თქვა მან დაბალი, ჩახრინწული ხმით, რამაც უფრო ძლიერად იმოქმედა ჩემზე, ვიდრე მისმა სექსუალურმა ღიმილმა, _ კარგია, რომ ცოტა პრაქტიკის გავლა შეგვიძლია.
მხოლოდ ეს «ცოტა პრაქტიკა» აკლდა ჩემს აფორიაქებულ გულს! როგორ დამერხა!
_ რა თქმა უნდა, _ ჩავილუღლუღე და თითები გამოვტაცე იმ მიზეზით, ვითომ წყლიანი ჭიქის აღება მინდოდა. რამდენიმე ხარბი ყლუპი მოვსვი, იქნებ ამ დროში ოდნავ მაინც დავმშვიდდე და სურვილის აალებული ნაპერწკალი ჩავაქრო-მეთქი.
სრულიად ნათელი იყო, რომ ჩემი გეგმა _ ერთი თვის განმავლობაში პლატონურად გვყვარებოდა ერთმანეთი, სხვების თვალში კი უგონოდ შეყვარებული წყვილის როლი გვეთამაშა _ ხუხულასავით ინგრეოდა. მაგრამ უკან დახევაც გვიან იყო. დილით მეგიმ დამირეკა და შეპარვით მითხრა, ჩემი გარე ბიძაშვილი ჩამოდის და უნდა გაგაცნო, იმასაც არ ჰყავს შეყვარებული და იქნებ ერთმანეთი მოგეწონოთო… მე კიდევ არც ვაციე, არც ვაცხელე და ვახარე, თაყვანისმცემელი გამომიჩნდა, ერთი კვირაა, ვხვდები და შენს წინასაქორწილო შეხვედრებზეც მასთან ერთად ვივლი-მეთქი.
ისე გაუხარდა, სულ «ვაიმე» და «რა მაგარია»-ს გაიძახოდა. ვიცოდი, როგორც კი ტელეფონს გავუთიშავდი, ეგრევე დარეკავდა გოგოებთან და ლილის და კატოსაც ჩააყენებდა საქმის კურსში. აბა, ასეთი სენსაციური ამბავი საიდუმლოდ როგორ დარჩებოდა! მართლაც ასე მოხდა, ნახევარი საათიც არ გასულა, რომ ჯერ კატომ დამირეკა, მერე ლილიმ, რათა დაწვრილებით გამოეკითხათ ჩემთვის, ასე უცებ ვინ გავიცანი და ვინ იყო ის ლეგენდარული მამაკაცი, ვინც ჩემი მოხიბვლა მოახერხა. წესიერად არც დავლაპარაკებივარ, რადგან უამრავი კერძი მქონდა მოსამზადებელი და სალაქლაქოდ არ მეცალა, თან ჯერ არც მქონდა ტყუილები მოფიქრებული, რომ დაქალები «დამებოლებინა». არადა, სერიოზულად უნდა შევმზადებულიყავი ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა: «დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი ოცნების კაცია? ლამაზია? მდიდარია? როდის უნდა გაჰყვე ცოლად?» და ასე შემდეგ.
მიყვარდა, როგორ არ მიყვარდა ჩემი გოგოები, მაგრამ როცა საუბარი ჩემს გათხოვებაზე ჩამოვარდებოდა, მათი დანახვაც აღარ მინდოდა, რადგან იმ წუთებში თითქოს თვალებში უბნელდებოდათ, იმდენს მეჩიჩინებოდნენ. ამიტომაც შევარქვი «ქორწინების ფანატები». არადა, მათ ქმრებს ისეთი ძმაკაცები ჰყავთ, შეიძლება ნერწყვი გადაგცდეთ სასულეში და ერთს არ იფიქრებენ, საუკეთესოები გამაცნონ, იქნებ მართლა გამიღიმოს ბედმა. მხოლოდ «წყალწაღებულები» ემეტებათ ჩემთვის. არ ვიცი, ეს რისი ბრალია. არ მინდა ვიფიქრო, რომ შურია ამაში გარეული, ღმერთმა დამიფაროს! ორივეს ისეთი ქმარი ჰყავს და მესამეც ისეთ კაცზე თხოვდება, ალბათ მარკ ცუკერბერგს, კემერონ ჯონსონს ან ალექს ტიუს უნდა მივთხოვდე, რომ ჩემი შეშურდეთ და დაიბოღმონ. როგორ მეცინება, ამას რომ ვწერ. თვითონაც რამდენჯერ უნატრიათ ამ ახალგაზრდა მილიონერებთან ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ქმრები ჰყავთ.
_ კიდევ ხომ არ გინდა წყალი? _ ბიბიმ წყლით სავსე გრაფინი მოიმარჯვა.
_ არა, მადლობა, _ ვჩქარობდი, რაც შეიძლება მალე დამემთავრებინა ეს შეხვედრა, _ აჯობებს, საქმეს მივუბრუნდეთ.
_ კი ბატონო, მე მზად ვარ.
უეცრად გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა. მან ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი დააძრო ზედ მიმაგრებული კალმით, გადაშალა, თავში რამდენიმე სიტყვა დაწერა და მერე სვეტები ჩამოხაზა.
_ რას აკეთებ? _ წარბები ავზიდე.
_ უნდა ჩამოვწერო, რა გავაკეთო. დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი სწორად გავიგე, რომ მერე პრეტენზიები არ გქონდეს. _ სერიოზული სახე მიიღო და ჩასაწერად მოემზადა.
თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ მაინც შემაწუხა ეჭვებმა.
_ შენ მითხარი, რამდენჯერმე ერთად მოგვიწევს საღამოებსა და პიკნიკებზე ყოფნაო. დაწვრილებით მომიყევი შენი მეგობრების შესახებ.
_ საპატარძლოს მეგი ჰქვია. ადრე სტიუარდესა იყო, სწორედ მაშინ გაიცნო თენგო.
_ ეგ ის კირვალიძეა, არა? შენ რომ მეუბნებოდი.
_ ჰო, ისაა.
_ მაგარია. იმედია, დავმეგობრდებით.
ახლა კი ვერ დავმალე გაოცება. თვალებგაფართოებული მივაშტერდი. აი, თურმე რა გამორჩენას ელოდა ჩემთან სიახლოვით. თუმცა, რა გასაკვირი იყო, თვითონ არ შევთავაზე დახმარება? დახმარება კი არა, ჩვენს გარიგებას ბარტერი უფრო ერქვა.
_ კარგი, ეს გავიარეთ. _ ბიბიმ რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში, _ შემდეგი?
_ შემდეგი კატოა, რომლის ქმარია დუდუ ბოლქვაძე, მასზეც გელაპარაკე, თუ გახსოვს.
_ როგორ არ მახსოვს, სკლეროზი კი არ მჭირს. _ თავმომწონედ მომიგო, _ ასეთი მნიშვნელოვანი რამეები არ მავიწყდება. კომპიუტერებით რომ ვაჭრობს, არა?
_ არა მხოლოდ. საერთოდ, ციფრული ტექნიკა შემოაქვს, ტელევიზორები, ტელეფონები და რა ვიცი, ნაწილებიც…
_ გასაგებია… წავიწიოთ წინ.
_ მესამე დაქალს ლილი ჰქვია, ანტონ შუბლაძის ცოლია.
_ ოქროულობის «ოქროკაცი», არა?
_ მშვენივრად დაგიმახსოვრებია, ყოჩაღ!
_ როცა კარიერის აწყობას აპირებ, ყველაფერი უნდა დაიმახსოვრო, ყველაფერი, ნებისმიერი წვრილმანიც კი, ლოკატორებივით უნდა გქონდეს ყურები. _ მთელი სერიოზულობით გამომიცხადა.
_ მაგაში გეთანხმები. რაც შეეხება ჩემს დაქალებს, სამივე საყვარელია, ლამაზი და მხიარული. «ქორწინების ფანატებს» ვეძახი, ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.
_ «ქორწინების ფანატებს»? _ ბიბის ცალი წარბი მაღლა აიჭრა, რამაც სასაცილო შესახედავი გახადა. ამწუთას პატარა ბიჭს ჰგავდა, რომელსაც ტყუილებით აკვირვებენ.
_ პირველად ლილი გათხოვდა და ამის შემდეგ აიწყვიტეს სხვებმაც. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მდიდარ და სიმპათიურ საქმროს დაითრევდა. ყველას მეჯვარე მე ვიყავი. მადლობა ღმერთს, მეგი ბოლოა და დავისვენებ.
უეცრად ჩაფიქრებული გაუხდა გამოხედვა, თითქოს რაღაცას საზრობსო. ვერ მივხვდი, რამ შეაწუხა, მაგრამ იმწუთშივე თავად ამიხსნა ყველაფერი.
_ ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა, ანდაზასავითაა… მაგრამ არ ვიცი, გითხრა თუ არა, მეშინია, არ გეწყინოს.
_ თქვი, არ მეწყინება. _ გავუღიმე, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა.
_ სამჯერ მეჯვარე _ არც ერთხელ პატარძალიო, ასე იციან თქმა. _ მითხრა და მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი, იფიქრა, არ ეწყინოსო, _ არ ვიცოდი, ასე თუ გეზარებოდა მეჯვარეობა.
_ მეჯვარეობა კი არა, მათი ჩიჩინი მეზარება. აი, ჩვენ ყველანი დავთხოვდით, შენ კი ისევ მარტო ხარო.
_ მერე რა არის ამაში ცუდი? რახან თავისი თავისთვის ამდენი სცადეს, შენთვისაც გაირჯებიან.
დასტურის ნიშნად თავი დავუქნიე, მართლაც გამახსენდა რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც ლილიმ ვითომ შემთხვევით მომიწყო. ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთ სადილზე შეგნებულად მოაწვევინა თავის საქმროს «შესაფერისი კანდიდატები», ოღონდ არა საკუთარი ძმაკაცები, არამედ მისი შორეული ნათესავები, თვითონაც რომ არ იცოდნენ წესიერად, რას წარმოადგენდნენ. კინაღამ ვიჩხუბეთ ამის გამო. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი და ლამის წამომცდა, ჩემი სიკეთე თუ გინდა, რატომ ანტონის ფულიან მეგობრებს არ გამაცნობ-მეთქი. ჩხუბი იმიტომ მოგვივიდა, რომ ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც თავისი ჭკუით მირიგებდა, ლოთი აღმოჩნდა. ისე გამოტყვრა, რომ შუა ქეიფში პერანგის გახდა დაიწყო და ლამის მაისურისამარა დარჩა მაგიდასთან. მეორემ ზედ მაგიდაზე მოინდომა ცეკვა, რათა ჩემთვის თავი მოეწონებინა. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, მეგი ვიღაც მფრინავს რომ მაცნობდა, რომელსაც მისი დაჟინებული თხოვნით შევხვდი და კინაღამ გამარეკინა _ მთელი საღამოს განმავლობაში პირი არ დაუხურავს, სულ ამთქნარებდა.
გაგრძელება იქნება