ენით აუწერელ ნეტარებას განვიცდიდი მის მკლავებში მოქცეული. თვალები დავხუჭე, თავი მკერდზე მივადე და მასთან ერთად რიტმულად დავტრიალდი. ამქვეყნად ყველა და ყველაფერი გადამავიწყდა, მხოლოდ ამ საოცარი წუთებით ვტკბებოდი. რა უნდა იყოს ასეთ წამებზე უკეთესი? ნამდვილად არაფერი. ოჰ, ბიბი, ბიბი… ნამდვილი სრულყოფილება ხარ!
ღმერთო, რაზე ვფიქრობ? ნუთუ დამავიწყდა, რომ ამქვეყნად სრულყოფილი არავინაა? თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე, რომ ნეტარების ეს წუთები სამუდამოდ აღმებეჭდა მეხსიერებაში. ამ ძვირფას საღამოს ბევრჯერ დავატრიალებ ჩემს გონებაში, განსაკუთრებით ზამთრის საღამოებში, როცა მარტო ვიქნები ჩემს პატარა ბუნაგში და მასზე ვიფიქრებ უმაკიაჟოდ, ხალათში ჩაფუთნილი და ცხვირზე სათვალედაკოსებული.
_ რა კარგი იქნებოდა, მელოდია რომ არასდროს მთავრდებოდეს, _ თქვა ბიბიმ და შუბლიდან თმა სათუთად გადამიწია.
მის სახეს შევხედე. სურვილით ანთებოდა ცისფერი, მაგრამ ახლა, ღამის სინათლეზე, გალურჯებული თვალები, მკვეთრად მოხაზული ლამაზი ტუჩები და ფიქრებში ჩემს თავს შევუძახე: «ნუ ოცნებობ მასზე».
_ ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, _ ნაღვლიანად შევნიშნე და მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე.
მსუბუქად შეიჭმუბხნა შუბლი და ყურადღებით დამაცქერდა.
_ წამოდი, რამე ტკბილი შევჭამოთ.
შევეცადე, ღიმილი გამომეხატა და ქუსლების პაკაკუპით ჩვენი მაგიდისკენ გავემართე. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, რომ ბავშვობის გატაცებას წლების განმავლობაში სერიოზულად არ შევებრძოლე _ ჩემი ბიბისადმი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდებოდა…
ბიბიმ მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა და ძრავა გამორთო. ვიცოდი, ელოდებოდა, როდის შემოვიპატიჟებდი შინ, ფინჯანი ყავის დალევის საბაბით. არც იყო გასაკვირი. ორივე ვგრძნობდით, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა, მაგრამ მე ამის აღიარებას გავურბოდი. ამიტომ გადავწყვიტე, დავმშვიდობებოდი და კიდევ ერთი სარისკო ნაბიჯი არ გადამედგა. დამფრთხალი თვალები მივაპყარი და ხმადაბლა ამოვთქვი:
_ დიდი მადლობა, მშვენიერი დრო გავატარე. _ თავაზიანი, არაფრის მთქმელი ფრაზა იყო, რომელიც მილიონჯერ მითქვამს სხვა ადამიანებისთვის.
_ მე კი ველოდი, რომ სხვა რამეს მოვისმენდი.
_ სხვა რამეს? რას გულისხმობ? _ ჩემს ხელოვნურ მიამიტობას საზღვარი არ ჰქონდა.
_ სხვა სიტყვებს _ გულწრფელს, თბილს… იმის აღიარებას, რომ ერთმანეთისკენ ძალაუნებურად მივიწევთ, რომ პლატონური არ გამოგვდის და ერთი მაგის დედაც… როცა ასეთ რამეებს მოვისმენდი, გიპასუხებდი, მეც ასევე-მეთქი და კიდევ ერთხელ რამე კარგი მოხდებოდა. მაგრამ მე უკან დახევა არ მჩვევია, ამიტომ ამ თამაშს არ ვითამაშებ, ელი.
იგი გამუდმებით სხვადასხვა ვარიაციას უძებნიდა ჩემს სახელს და ხან ელის მეძახდა, ხან ელენს, ხანაც ელს ან ელენიკოს. მე კი მსიამოვნებდა, რადგან ერთადერთი მამაკაცი იყო ამქვეყნად, ვისაც ამის უფლება ჰქონდა.
მისმა ნათქვამმა ისე შემაშინა, რომ ეგრევე შემეტყო, მზერა დამიფრთხა და ტუჩები ამითრთოლდა.
_ რომელ თამაშს? _ ძლივს გასაგონად შევეკითხე.
_ რომლის გარშემოც მე და შენ ვტრიალებთ და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს არ არის კოცონზე გადახტომა, ელ, რომელი უფრო მაღლა ახტება, რომ არ დაიწვას. აქ გრძნობებით გვიწევს მოქმედება და არა სპორტული ხერხების გამოყენებით. ორივენი ამოფარებული ვართ ჩვენს შეთანხმებას და არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ორივეს უფრო მეტი გვსურს ერთმანეთისგან.
იმწამსვე მოვარიდე მზერა და ცარიელ ქუჩას გავხედე. თითებით ნერვიულად ვჭმუჭნიდი ჩემი პალტოს კალთას და არ ვიცოდი, რა მეპასუხა.
_ შენ ცდები, ბიბი, _ როგორც იქნა, ამოვღერღე ყველაზე დიდი სიცრუე.
_ პატარა მატყურა, _ დაიჩურჩულა, ჩემკენ გადმოიხარა და შეეცადა, თვალებში შემოეხედა.
შემეძლო, რაც მომესურვებოდა, ის მეთქვა, მაგრამ თვალები? თვალებისთვის რა მომეხერხებინა? სწორედ მათ არ შეეძლოთ ტყუილის თქმა. იყო დრო, როცა ჩემს თვალებს სათვალის მინებში ვმალავდი, მაგრამ ახლა «ჯავშნის» გარეშე და გულახდილად შეხედავდნენ ბიბის _ ჩემი შავი, ბრიალა თვალები, გულწრფელობის უსაზღვრო ტბა, როგორც მეგის უყვარს თქმა. ჩამაცქერდებოდა ბიბი ახლა ამ თვალებში და ვიცოდი, რასაც დაინახავდა მასში _ რომ პირველი შეხვედრისთანავე მსურდა მის გვერდით ყოფნა, პირველი კოცნისთანავე და ახლაც, პირველი ვნებიანი ცეკვის მერეც.
ის ელოდებოდა, როდის შევხედავდი. გაქვავებულივით იჯდა, ოდნავადაც არ გარხეულა. ნელა ავწიე თავი, თითქოს არ მსურდა ამის გაკეთება და შევხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა: მისი _ მტკიცე და შემფასებლური, ჩემი _ შეცბუნებული და უხერხული. წამიც და ჩემს თვალებშიც აბრიალდა სურვილის ცეცხლი.
ბიბის მეტიც არ უნდოდა! ეგრევე თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაკვდა…
თუკი ჩვენი პირველი კოცნა დაზვერვით ხასიათს ატარებდა, სანამ ორივემ არ დავკარგეთ კონტროლი ჩვენს თავზე, ეს კოცნა სრულიად განსხვავდებოდა წინასგან. იგი მომთხოვნი იყო და მგრძნობიარე, ყველა ბარიერის გადამლახავი, ვნებით გაჯერებული და სურვილით გადავსებული. ჩუმი კვნესა აღმომხდა, როცა ბიბის ტუჩები შემეხო. თითებით მისი პიჯაკის კიდეებს ჩავეჭიდე და მამაკაცი ჩემკენ დავქაჩე, თითქოს მის სხეულთან შერწყმა მწადდა. არ მაკმაყოფილებდა ეს სიახლოვე, უფრო ახლოს მსურდა მასთან ყოფნა, მასში მინდოდა ვყოფილიყავი, ერთ სხეულად გარდავქმნილიყავით, ერთ დიდ ვნებად…
ბიბის გულწრფელი პასუხი უნდოდა ჩემგან _ მან ის მიიღო. კოცნას თავდავიწყებული კოცნითვე ვპასუხობდი, აღგზნებული, ათრთოლებული, ტოლს არ ვუდებდი ალერსში, სრულიად დავკარგე სირცხვილის შეგრძნება, სისხლი უფრო და უფრო დუღდებოდა ჩემს სხეულში, ტკივილამდე ცხელდებოდა და ფეთქავდა არტერიებში, გაჩერება არ მინდოდა. არც მას სურდა გაჩერება. არც შეეძლო. ყველაზე თამამმა ფანტაზიებმაც კი შეისხა ფრთები. ხელებსაც არ ვაჩერებდი, ვეფერებოდი მის მკერდს, ყელს, კისერს, თმას…
_ ელე… _ მომესმა ჩურჩული.
_ მმმ… _ პასუხის გაცემის თავი არ მქონდა.
მოულოდნელად კოცნა შეწყვიტა, საზურგეზე მისავათებული გადაწვა და მკითხა:
_ ახლა მაინც დარწმუნდი, რომ არ ვთამაშობ?
იმდენად უადგილო იყო მისი შეკითხვა, რომ გამოფხიზლება ვერ მოვასწარი და უაზროდ დავეკითხე:
_ რაზე მელაპარაკები? _ ამის თქმა და ეგრევე გონს მოვეგე. გაკვირვება კი გამოვიხატე სახეზე, მაგრამ როგორც ჩანს, უნიჭო იმიტაცია გამომივიდა, რადგან ბიბის ეშმაკურად გაეღიმა. მან ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.
_ არ ვიცი, დამეთანხმები თუ არა, მაგრამ რაღაც მომენტში შენი გეგმა, გამოგონილ სასიყვარულო ურთიერთობაზე, კონტროლიდან გამოვიდა. რა უნდა ახლა მოვუხერხოთ ამას?
გამომცდელი მზერა მივაპყარი, თითქოს იმის გაგება მინდოდა, შეიძლებოდა თუ არა მისი გულწრფელობის დაჯერება.
არადა, თავიდან ბიბი სულაც არ აპირებდა ურთიერთობის გართულებას. იგი ყოველთვის გაურბოდა გოგოებთან ღრმად დაახლოებას, რათა არ მიჩვეოდა მათ და სიყვარულზე დამოკიდებული არ გამხდარიყო. ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებდა. რა თქმა უნდა, მოგვიანებით მეც მივხვდი, რომ სიყვარული უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, უფრო მეტიც, გულწრფელობას. ის კი არასდროს დაუშვებდა, რომ ქალი მის საიდუმლოს ჩასწვდომოდა. იმ ღამეს, ტეტეს დაბადების დღეზე, მიხვდა, რომ ძალიან ახლოს მივედი მასთან, მის სულს ჩავწვდი და ამიტომაც გახდა იძულებული, სამარცხვინოდ გაქცეულიყო. ახლა რას აკეთებს? რას აღწევს იმის აღიარებით, რომ მისი ჩემდამი დამოკიდებულება თამაში არ არის? ამდენი წლის შემდეგ კარგად ვხვდები, რატომაც მაქცია მაშინ ზურგი, რადგან ამ ხნის განმავლობაში დავჭკვიანდი და ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. მე ხომ ბევრი რამ ვისწავლე და თან ვიმუშავე ჩემს თავზე? ამიტომ ადვილი მისახვედრია, ახლა რაც ემართება. მას უკვე აღარ ძალუძს აკონტროლოს თავისი გრძნობები. რადგან ამ გზას დაადგა, მზად არის, ბოლომდე მიჰყვეს მას. გაჩერება დამარცხების აღიარებას ნიშნავს. ალბათ ამჩნევს, ჩემს თვალებში როგორ მომრავლდა ვნების ნაპერწკლები, მაგრამ ღირს კი ამის აღიარება? ისევ რომ ზურგი მაქციოს, მერე რა ვქნა?
_ არ მინდა ასე ღრმად შევტოპო, _ ხმადაბლა ვთქვი, მაგრამ აკანკალებული ხმით და მივახვედრე, რომ ჩემს აღიარებას ვერ ეღირსებოდა.
_ ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, _ ბიბიმ ხელები ჩამოუშვა, რადგან მიხვდა, რომ შანსს ხელიდან უშვებდა. _ მაგრამ მინდა იცოდე, რომ არ ვთამაშობ, არ ვცდილობ, ხელსაყრელი შემთხვევით ვისარგებლო. მართლა არაჩვეულებრივად ვგრძნობ შენთან თავს.
_ მადლობა გულახდილობისთვის, _ ხელზე ხელი მოვუჭირე, მაგრამ გული საგულეში აღარ მეტეოდა, _ მეც კარგად ვგრძნობ შენთან თავს, მაგრამ არ მინდა გართულებები.
_ რომელ გართულებებზე ლაპარაკობ? _ შუბლი შეიჭმუხნა.
_ პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მაქვს, ბიბი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ვაღიარებ, რომ ჩვენ შორის რაღაც ნაპერწკალი გაკრთა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავჩერდეთ.
_ ნაპერწკალი? შენ ამას ნაპერწკალს ეძახი? წეღან ლამის ტანსაცმელი შემოვახიეთ ერთმანეთს.
_ სისუსტის მომენტი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთზე ყურებამდე ვართ შეყვარებული. ასე არ არის?
თითქოს შენელებული კადრებით გადაულაგეს სახის ნაკვთები. დაძაბული, იდუმალი მოლოდინით სავსე გამომეტყველება სადღაც გაქრა და მისი ადგილი შეურაცხყოფილმა იმედგაცრუებამ დაიკავა.
_ ესე იგი, ძველი გეგმით გავაგრძელოთ? თვის ბოლომდე შევხვდეთ ერთმანეთს და ამით დავამთავროთ? _ დახშული ხმით მკითხა.
ამის გაგონებაზე ისეთი შიში დამეუფლა, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასს ვკარგავდი. მან ეს შეამჩნია, თვალებმა გამცა.
_ რამ შეგაშინა?
_ შემაშინა? არაფერმა, _ მხრები ავიჩეჩე და უაზროდ გავიღიმე.
_ თვალებში შეგატყვე, რაღაცას მიმალავ. ეს რა, კომპლექსია? გეშინია, შუა გზაზე არ მიგატოვო?
_ ცდები, არაფრის არ მეშინია. უბრალოდ, არ მინდა ვინმეზე დამოკიდებული ვიყო.
_ მაშასადამე, ისევ ძველებურად, არა? _ საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი და თავი ჩაკიდა, არც კი შემომხედა.
_ შევთანხმდით.
ბიბიმ ჩაიღიმა.
_ ახლა იცი, რა მინდა? მოგეხვიო, მკერდზე მიგიკრა და დაგამშვიდო, მაგრამ ვერ ვბედავ, ვაითუ, სხვანაირად გამიგო. ამის მაგივრად, როგორც ყოველთვის, პატარას წავიხუმრებ, რათა ჩემი გულწრფელი გრძნობები დავმალო: ნება მიბოძეთ, ჩემი შეყვარებული კარამდე მივაცილო, სანამ ეს მანქანა გოგრად გადაქცეულა, მე კი ბაყაყად.
შვებით ამოვისუნთქე და გავუღიმე, რომ ვნებათაღელვის საგანგაშო შემოტევას სასწაულით ამარიდა.
_ შენ მართალი ხარ, ელ, აჯობებს, ძველი ვარიანტით ვიმოქმედოთ. სხვა ვარიანტების განხილვა ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა, _ თითქოს თავისი თავი დაამშვიდა ამ სიტყვებით და არა მე.
ჩემი დაქალები რომ დავინახე, მტკიცე გადაწყვეტილებით გავემართე მათკენ, თან ფრთხილად ვუვლიდი გვერდს პიკნიკისთვის გაშლილ პატარა მაგიდებს. «შეტევის» მოსაგერიებლად მზად ვიყავი. მესმოდა, რომ მათი მოთმინების ფიალა აივსო, რადგან ბოლო დროს სულ ბიბის გვერდით ვტრიალებდი და გავურბოდი მათთან გულახდილ საუბარს.
ჩემი გადაწყვეტილება დროულიც იყო და ირონიით გაჯერებულიც. წუხანდელი ღამის შემდეგ აუცილებელი გახდა, მოვრიდებოდი ბიბის გვერდით ყოფნას. მანქანაში კოცნამ საბოლოოდ გამომაცალა ფეხქვეშ ნიადაგი. რა თქმა უნდა, თავად კოცნა ჯადოსნური და დაუვიწყარი იყო, მაგრამ რაც მას მოჰყვა, ან კიდევ უარესი _ რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ახლაც კი ჟრუანტელს მგვრიდა. არ ვიცი, რომელი გზა იქნებოდა უკეთესი _ ავყოლოდი ცდუნებას და დავნებებოდი, თუ ყველაფერი ისე დამემთავრებინა, როგორც დამთავრდა? ერთადერთი, რასაც მწარედ ვნანობდი, ზოგადად ამ ინტრიგის წამოწყება იყო. რაში მჭირდებოდა საკუთარ მეგობრებთან მარკის აწევა? ერთი-ორჯერ მისაყვედურებდნენ და ამით დამთავრდებოდა მათი შემოტევა, მე კი ყველაფერი ავბურდე და გავართულე.
პირველმა კოცნამ მხოლოდ შოკში ჩამაგდო, წუხანდელმა კი თავდაცვის კედლები გაანგრია, ის კედლები, რომელიც უდიდესი სიფრთხილით შემოვიშენე. ერთ წუთში დამოუკიდებელი და წარმატებული საქმიანი ქალიდან რომანტიკულ მეოცნებედ ვიქეცი, რომელიც ყურებამდეა შეყვარებული მისთვის სრულიად შეუფერებელ მამაკაცზე.
მინდოდა, ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ პირველი კოცნა მხოლოდ იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ «საქორწინო ფანატები» თუ «ჩარლის გოგონები» დამებნია, მაგრამ მეორე კოცნას, რომელიც პუბლიკის დაუსწრებლად მოხდა, მსგავს ახსნას ვერ მოვუძებნიდი _ მაშინ ხომ სრულიად მარტონი ვიყავით. ამ კოცნის გახსენებაზე ისევ და ისევ სიამოვნების ჟრუანტელმა დამირბინა სხეულში და როცა გოგონებს მივუახლოვდი, შევეცადე, ტუჩებზე მოთამაშე კმაყოფილების ღიმილი გამექრო.
_ ერთი ამას შეხედეთ! _ მეგიმ შამპანურით სავსე ბოკალი ხელაწეულმა ჩემკენ გამოიშვირა, _ როგორც ჩანს, ზომაზე მეტადაა კმაყოფილი. რაც უფრო მეტხანს ვაკვირდები შენს კაცს, მით უფრო მესმის, რატომ არ დადიოდი აქამდე პაემნებზე.
_ პრინცს ელოდებოდა, _ თავი დაუქნია კატომ და ზეთისხილი პირისკენ გააქანა. _ ერთუჯრედიანებზე დრო არ დაკარგა.
_ არც თქვენ გაგიშვიათ ხელიდან თქვენი შანსი, გოგოებო, _ გავიცინე და ხელი კაცებისკენ გავიშვირე, რომლებიც ლუდის სმით იყვნენ გართულნი.
_ როგორც ჩანს, ყველამ ჯეკპოტი მოვხსენით, _ მეოცნებე სახით დასვა დიაგნოზი ლილიმ.
სინდისის ქენჯნამ შემიპყრო, მათი მოტყუება რომ მიხდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ახლა სინანულის დრო არ იყო. მეგი ეიფორიაში იმყოფებოდა, ხოლო თენგომ, ანტონმა და დუდუმ, როგორც ჩანდა, ბიბი თავიანთ კომპანიაში უკვე მიიღეს. არ უნდა დავუშვა, რომ ბიჭებმა მას ზურგი აქციონ. ბოლოს და ბოლოს, მე ვუბიძგე მას ამ ნაბიჯისკენ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად.
რას იფიქრებენ ჩემი დაქალები, სიმართლე რომ შეიტყონ? ან უარესი: მათი ქმრები რას იტყვიან, როცა გაიგებენ, რომ ისინი სატყუარად გამოვიყენე? ბიბის ხომ სერიოზული კონტაქტები სჭირდება მათი სახით. პირველად გამიელვა თავში ამ საშინელი გარიგების შესაძლო ფინალმა და გული შემეკუმშა. ჩემი მეგობრების ქმრებიდან თითოეულს შეეძლო ბიბისთვის ისე გაეფუჭებინა რეპუტაცია, რომ თავი ვეღარ გამოეყო საზოგადოებაში და ვერასდროს სამსახური ვერ ეშოვა. არა, ამაზე არასდროს კრინტს არ დავძრავ, მიუხედავად იმისა, მომინდება თუ არა ოდესმე სიმართლის თქმა. რა მოხდა, წყვილები ერთმანეთს არ დაშორებიან თუ რა? მაინცდამაინც ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისები? ვითომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და მორჩა, მარტივი გამოსავალია.
მაგრამ რომელ სიმართლეზე ვლაპარაკობ? აი, ვუყურებ, როგორ იცინის ბიბი და ვხვდები, რომ სიგიჟემდე მიყვარს. სიმართლე მხოლოდ ეს არის.
_ ეი, რა მოხდა? _ მეგიმ იდაყვზე წამავლო ხელი და თავისკენ შემომაბრუნა.
_ შეიძლება რაღაც გკითხოთ? _ შეფიქრიანებულად შევხედე მათ.
_ რაც გინდა, გვკითხე, ჩვენ მზად ვაააართ! _ თითქმის ერთდროულად შესძახა სამივემ.
შეგნებულად მივდიოდი რისკზე. მე ხომ ისეთი რამ უნდა მეკითხა, რაც ჩემს ქვეცნობიერ შიშს ნათელს მოჰფენდა და საკუთარ სისუსტეს გამოააშკარავებდა? ეს სიგიჟე იყო. არადა, რამდენი წელია, მიცნობენ და ჰგონიათ, რომ ჩემნაირი ძლიერი და თავდაჯერებელი ქალი მეორე არ დადის თბილისში. ჰგონიათ, სწორედ ამით მივაღწიე წარმატების მწვერვალს. ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით ერთად, ხან ყავას ვსვამდით, ხან კაფეში მივდიოდით აჭარული ან მეგრული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად და თან ვჭორაობდით, გარდა ამისა, დავდიოდით სპექტაკლებზე და ლათინურ ცეკვებსაც ერთად ვსწავლობდით. ყველაზე ხშირად მაინც ჩემთან ვიკრიბებოდით, რათა ჩემი მომზადებული ახალი კერძი დაგვეგემოვნებინა. მათ შორის ყველაზე «გემრიელხელება» დიასახლისი მე ვიყავი. მიუხედავად ამისა, მათთან არასდროს მიხსენებია ის მორცხვი და უგერგილო გოგონა ჩემი წარსულიდან, რომელმაც კარიერა არჩია ოჯახურ სიმყუდროვეს და მამაკაცები გარიყა. მათ არ იცოდნენ, რომ ზუსტად რვა წლის წინ, საყვარელ ადამიანთან ერთმა რამდენიმესაათიანმა შეხვედრამ როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მაიძულა, ახალი იმიჯი შემექმნა, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობდი. თუმცა, ამის მიუხედავად, სულის სიღრმეში ისევ ისეთი დავრჩი, როგორიც ვიყავი.
_ როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა, _ ლილიმ მხარზე ხელი გადამხვია, _ გაინტერესებს, საიდან ჩნდებიან ბავშვები?
გაგრძელება იქნება