მომღერალი მარიამ ელიეშვილი პირველ შვილს ელოდება. სოციალურ ქსელში ის ფოტოს თავად ავრცელებს. მარიამი ცოტა ხნის წინ დაოჯახდა და მეუღლესთან ერთად შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

მარიამ ელიეშვილი
მარიამ ელიეშვილის ცხოვრება ერთმა სიმღერამ – „ჩვენ ახლა ერთურთს“ – სრულიად შეცვალა. მის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა და მას შემდეგ, მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყურადღების ცენტრში მოექცა.
მისი სიმღერისადმი სიყვარული ოჯახმა განაპირობა. იგი ქართულ ტრადიციულ ოჯახში იზრდებოდა, სადაც სიმღერა, ცეკვა და ფოლკლორი პირველ ადგილზე დგას. მისი ბაბუა ქართულ ხალხურ საკრავებზე უკრავდა და სწორედ ამან განაპირობა მისი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერების მიმართ.
"მთელი ჩემი ცხოვრება სცენასა და სიმღერასთან ასოცირდება, მაგრამ ამასთან ერთად, ჩემთვის განათლებაც პრიორიტეტი იყო. ბავშვობიდან მოყოლებული ყველაფერი მაინტერესებდა, ძალიან მიყვარდა ცეკვა და სიმღერა, დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სკოლა – ოქროს მედალზე და ზოგადად, ძალიან აქტიური და მიზანსწრაფული ვიყავი. ხალხმა ფოლკლორული სიმღერებით გამიცნო, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი რეპერტუარი მაქვს. ჩემი სიმღერები არ არის მხოლოდ ხალხური და ქართული, რადგან 15 წლიდან მოყოლებული, ძალიან ხშირად მიწევს გასტროლებზე სიარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც."
ცოტა ხნის წინ, მარიამი დაქორწინდა. მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი გიორგი მჭედლიშვილია, ამიტომაც მარიამის შემდგომი გეგმები სწორედ ამ ქვეყანას უკავშირდება, თუმცა კარიერის მიტოვებას არ აპირებს – მისი მომავალი მეუღლე მოტივირებულია, რომ მომღერალს ყველანაირად შეუწყოს ხელი. მარიამი უკვე ახალ სიმღერებზეც მუშაობს.
"აქამდე, საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და შეიძლება, გასტროლზე რამდენიმე კვირა გამეტარებინა, სხვაგან არასდროს მიცხოვრია და ეს აბსოლუტურად სხვა შეგრძნება ყოფილა. მით უმეტეს, ამერიკაში აბსოლუტურად ყველაფერი განსხვავებულია: გარემო, ცხოვრების რიტმი. ჯერ ცოტა ხანია, რაც აქ ვარ და შეჩვევის პერიოდი მაქვს. მიუხედავად დიდი ცვლილებისა, ჩამოსვლის დღიდანვე ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას. საკმაოდ აქტიურად იმართება ღონისძიებები, რომელშიც ჩემი პროფესიით ვიღებ მონაწილეობას, თუმცა, მომავალში კიდევ უფრო აქტიური ვიქნები. ჩემს მსმენელს ვპირდები, რომ სიახლეებსა და ახალ სიმღერებს არ მოვაკლებ. ჯერჯერობით აქ ჩემთვის ყველაფერი სიახლეა და მორგების პროცესში ვარ. ჩემი მეუღლე და ჩვენი ოჯახის წევრები ძალიან მიწყობენ ხელს. ისინი დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ და ამ ქვეყანას უფრო მეტად იცნობენ. ამიტომ მათი მხარდაჭერა ყველაფერში ძალიან მეხმარება" - ამბობდა მარიამი.