ყველამ გაიცინა, მე კი მადლიერი მზერით გადავხედე დაქალს, რომელმაც თავისი ხუმრობით დაძაბულობა მომიხსნა.
_ შეკითხვა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინტერესებს, როდის დაენახვეთ თქვენს შეყვარებულებს ნამდვილი სახით?
_ ნამდვილი სახით? _ სამივემ გაიკვირვა, ვერ ჩაწვდნენ ჩემი შეკითხვის არსს.
_ ანუ, როდის გნახეს პირველად უმაკიაჟოდ, ოჯახურ ატმოსფეროში, ხალათით, გაწეწილი თმით და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, არა ქალღმერთებივით, როგორც ჩვეულებრივ გამოიყურებით ხოლმე, არამედ უბრალოდ, ბუნებრივად, როგორც ახალგაღვიძებული ქალები.
_ აი, თურმე რას გულისხმობ, _ შუბლი შეკრა კატომ და ხელი თავის მოკლე, მაგრამ საგულდაგულოდ დავარცხნილ თმაზე გადაისვა. ალბათ ამ ვარცხნილობის გაკეთებას სალონში მინიმუმ, ერთი საათი მაინც მოანდომა.
მოულოდნელად სიჩუმემ დაისადგურა. გოგონები ჩემს შეკითხვას ჩაუფიქრდნენ, მე კი გულში მეცინებოდა, ნუთუ ასე ძნელია ამაზე პასუხის გაცემა?
_ აბა? რას მეტყვით? _ ნიშნის მოგებით ჩავეძიე.
_ მოიცა, გავიხსენო… _ ლილიმ ვარდისფერი პომადით შეღებილ ტუჩზე ამავე ფერის ლაქიანი საჩვენებელი თითის გრძელი ფრჩხილი მიიდო, _ მე მგონი, გაცნობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მნახა ასეთ ფორმაში, ჩემთან, სახლში. მოულოდნელად დამადგა თავს და ვერც ვიფიქრე, ის თუ იქნებოდა, ისე გავუღე კარი.
შემეშინდა. ასეთ მოკლე ხანში ვერაფრით გავბედავდი არათუ ბიბის, ნებისმიერ თაყვანისმცემელს ვჩვენებოდი საშინაო ფორმაში. ბედის ირონიით სწორედ ამდენი დრო გვქონდა, ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით.
_ ასე მალე? _ მეგიმ იდეალურად აქნილი წარბები აზიდა, _ მე კიდევ ნიშნობამდე არ ვუნახავვარ ჩემს ბიჭს უმაკიაჟოდ.
_ მართლა? _ გამოცოცხლდა კატო, _ მგონი, ყველას გაჯობეთ! დუდუს ჯერაც არ მოუკრავს თვალი ნატურალური კატოსთვის.
_ ხუმრობ! _ უნისონში გაისმა ჩემი დაქალების შეყვირება, თან ზედმიწევნით შეათვალიერეს იდეალურად «დამაკიაჟებული» მზეთუნახავი, თითქოს პირველად ხედავდნენ ასეთს.
კატომ მხრები აიჩეჩა.
_ ქალი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს და ქმარიც არასდროს დაკარგავს ინტერესს მის მიმართ. ყოველ დილით მასზე ადრე ვდგები და სანამ გაიღვიძებს, უკვე ფორმაში ვარ. ასე რომ, ეგ პრობლემა მოხსნილი მაქვს დღის წესრიგიდან.
მეგიმ თავი გადააქნია.
_ დუდუ გაღმერთებს. ყველანაირ ფორმაში ეყვარები, ასეთი სიფრთხილე რა საჭიროა, არ მესმის.
_ თუმცა ეს სულაც არ უშლის ქალს ხელს, ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს. იდეალურ მდგომარეობაში უნდა მიართვა შენი თავი ქმარს, აბა რა გგონიათ?
_ მაგრამ ღამით? მაკიაჟს არ იშორებ დაწოლის წინ? _ ვერ მოვითმინე.
_ როგორ არა, მაგრამ ოთახში შესვლისას შუქს ვაქრობ, რომ არ დამინახოს.
_ გადამრევს ეს გოგო! _ გაღიზიანდა ლილი, _ დავიჯერო, სინათლის შუქზე სექსი არასდროს გქონიათ?
_ რატომ უნდა გვქონოდა? _ უდარდელად მიუგო კატომ, _ სექსი ინტიმური აქტია და სიბნელე უხდება.
ყველას სიცილი წაგვსკდა.
_ ელენე, შენ ნუ გეშინია, აშკარად ეტყობა, რომ ამ ბიჭს უყვარხარ, ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვს.
სულში იმედის თბილი ნაპერწკალი გაკრთა. იქნებ მართლა აქვს გრძნობა ჩემ მიმართ და ტყუილად მღრღნის ეჭვები? წუხელ სრულიად დამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები, თანაც მოწმეების გარეშე ვიყავით.
_ როცა შენ გვერდითაა, სახეზე განსაკუთრებული გამომეტყველება უჩნდება, _ შენიშნა მეგიმ და გაიცინა, _ მისი სახე ამბობს: «მე დაჭრილი ვარ და ამას არაფერი ეშველება».
ბიბის სხენებაზე მისკენ მივიხედე. ბიბიმ თვალი შემასწრო და ღიმილით დამიქნია ხელი.
_ დარწმუნდი? ის დაჭრილია, _ დაასკვნა მეგიმ, _ ახლა დამშვიდდი და დამიჯერე, ის შენია და თვალსაც არ დაახამხამებს, სულ რომ ძონძებში ჩაცმული დაგინახოს.
კვლავ დამიბრუნდა თავდაჯერებულობა. შეიძლება წარსულის გახსენება მიშლის ხელს, გავითავისო სინამდვილე? იქნებ უღრუბლო ბედნიერება მელის წინ, თუკი ამ ეჭვებისა და კომპლექსებისგან გავთავისუფლდები?
_ მადლობა, გოგოებო, _ მორცხვად ვთქვი და სამივეს სათითაოდ გადავეხვიე.
მორჩა, გადაწყვეტილება მიღებულია. ვეტყვი ბიბის, რომ თანახმა ვარ მასთან რეალურ ურთიერთობაზე. რაც იქნება, იქნება. ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამს.
დაე, ასე იყოს… დაე, იყოს ასე!
ამასობაში მამაკაცებს მივუახლოვდი და ბიბის მხარზე ჩამოვდე ხელი.
_ გავიგე, თავართქილაძესთან მუშაობ სარეკლამო სააგენტოში. ეს მართალია? _ შეეკითხა ამ დროს თენგო ბიბის.
_ ჰო, და ვფიქრობ, კარგი პერსპექტივები მეჩითება სამომავლოდ, _ თავი დაუქნია ბიბიმ და ხელზე ხელი თბილად დამადო.
_ წინადადება მაქვს შენთან. ჩემი ფირმა ჯგუფს ეძებს ახალი სარეკლამო კომპანიისთვის. ადრე არასდროს გვითანამშრომლია მე და შენსს ბოსს, მაგრამ ვიცი, რომ საქმის კაცია. არ გინდა, მოსინჯო შენი შესაძლებლობები? მასთანაც ქულებს დაიწერ.
ბიბი ისე შეიშმუშნა, მივხვდი, სიხარულით აღარ იყო.
_ კარგი იქნებოდა. მადლობა, ძმაო. _ თავშეკავებულად გაისმა მისი პასუხი.
თითქოს პროფესიონალური ღირსებით უპასუხა, მაგრამ თენგომ კი არა, მეც შევნიშნე მის ხმაში მღელვარება, რაც თენგოს სიტყვებმაც დაადასტურა.
_ ყველაფერი რიგზეა, ნუ გეშინია. დაურეკე ხვალ ჩემს მოადგილეს და შეხვედრაზე შეთანხმდით. მე გავაფრთხილებ. მინდა წინასწარ გაითვალისწინო, რომ ახლა ტენდერს ვატარებთ სამი კომპანიისთვის. პასუხს იმ თვეში ველოდებით. ძალიან ცოტა დრო ხომ არ იქნება შენთვის?
_ არ არის პრობლემა, მომწონს კიდევაც მიწურულ ვადებში მუშაობა, _ ნაჩქარევად მიუგო.
_ ძალიანაც კარგი. მოუთმენლად დაველოდები, რას შემომთავაზებ. _ მიუგო თენგომ და ლუდი მოსვა, მერე კი ჩემკენ გამოიხედა, _ ოღონდ არ გეგონოს, რომ ეს შემოთავაზება ელენესთანაა კავშირში. მას ჩემთვის არასდროს არაფერი უთხოვია. მე ერთმანეთში არასდროს ვურევ პირად ცხოვრებასა და ბიზნესს. უბრალოდ, რაღაც ცნობები შევკრიბე… ჩვენ ხომ პირველად არ ვხვდებით ერთმანეთს. პირველ რიგში ის მომწონს, რომ ამერიკაში გაქვს პრაქტიკა გავლილი. _ მან მხრები აიჩეჩა, _ საინტერესოა, როგორ მუშაობ. სულ ეს არის.
ამ დროს თენგოს მეგიმ დაუძახა. მან ბოდიში მოგვიხადა და გაგვეცალა.
ბიბიმ თვალებით გააცილა მიმავალი და შემომხედა. გამიღიმა. მისი ღიმილი რაღაცნაირად ორაზროვანი მეჩვენა.
_ რა იყო? _ შევეკითხე.
_ იცი რა? წეღან თვალს გადევნებდით შენ და «ჩარლის ანგელოზებს». პეპლებივით ირეოდით ოთხივენი, თითოეული თავისებურად ლამაზი ხართ, მაგრამ მაგრამ შენ ვერც ერთი ვერ შეგედრება _ ყველაზე თავშეკავებული, ელეგანტური და მომხიბვლელი ხარ. თან ჩემი ქალი გქვია. ჩემი სურვილი უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება და, მიუხედავად იმისა, რომ პლატონურ ურთიერთობას მაიძულებ, ვერ გამაჩერებ. მე სულ სხვა გეგმები მაქვს. სიმართლე გითხრა, ის ერთი თვე, რომელიც ჩვენ დავთქვით, ჩემთვის ძალიან ნაცნობი ვადაა. ამაზე მეტხანს არც ერთ ქალთან არ გამიგრძელებია რომანი. არც შენ იქნები გამონაკლისი, გულის ხმას თუ არ ავყვები. ერთი თვის შემდეგ, როცა ეს მასკარადი დამთავრდება, შენ ალბათ მოგებული დარჩები, მე კი… მე არ ვიცი. რატომღაც, დამარცხებულის როლში აქედანვე მოვიაზრებ ჩემს თავს. ხომ გაიგონე, რა შემომთავაზა შენი დაქალის საქმრომ? თუ ამოცანას თავი წარმატებით გავართვი და მიზანს მივაღწიე, ვერავინ დამიშლის, შენთან ბუნებრივად გავაგრძელო ურთიერთობა, ყოველგვარი თამაშის გარეშე. ერთი საქმეა, შენთან თვის ბოლომდე თამაშ-თამაშით დავრჩე და ჩემს მიზანს მაინც მივაღწიო, ანუ დროებით ჩემი გაგხადო და მერე ისევ გავიქცე. მეორე _ ვიპოვო ქალი, ვისთან ურთიერთობითაც ჩემი ცხოვრების ერთ ოცნებას მაინც შევასხამ ფრთებს. გულის ჩუმი ხმა მეუბნება, რომ არაფერი გამომივა, მაგრამ საკუთარი ამბიციები მიბიძგებს და ბოლო ხმაზე ჩამყვირის _ ვალდებული ხარ, შენი შანსი გამოიყენოო. _ იგი გაჩუმდა, ღრმად ამოიხვნეშა და სევდაჩამდგარი თვალებით დაამთავრა მონოლოგი, _ ჰოდა, ვეცდები, გამოვიყენო.
ერთი სული მქონდა, როდის მიმიყვანდა სახლამდე. არა და არ დამთავრდა გზა პიკნიკის ადგილიდან ჩემს ბინამდე. იდეა მქონდა. შემოვიპატიჟებდი ბიბის, უცებ გემრიელ ვახშამს მოვამზადებდი, მერე კი… მერე ვაგრძნობინებდი, რომ აზრი შევიცვალე.
გონებაში უკვე დავხატე სურათი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სუნთქვა შემეკრა, როცა კვლავ მომაგონდა მისი კოცნა და ნეტარმა მოგონებებმა ერთიანად გამთანგა. არა, გადადება აღარ შემიძლია. მოხდეს, რაც მოსახდენია, ასე გაგრძელება ჩემს ძალებს აღემატება, მასთან მინდა და ეს ამ საღამოს უნდა მოხდეს…
_ დღეს რაღაც ძალიან ჩუმად ხარ, _ თქვა ბიბიმ, როცა კორპუსისკენ შეუხვია, _ მთელი გზა ხმა არ ამოგიღია.
_ ვფიქრობ, _ მივუგე და გულში გამეცინა, ნეტავ იცოდეს, რაზეც ვფიქრობ. _ იგივე შემიძლია შენზე ვთქვა.
_ ბიზნესის საქმეები თავიდან არ ამომდის. შენთვის ეს უცხო არ უნდა იყოს.
_ ჰო, ნაცნობია. _ ვუპასუხე, არადა, ბოლო დროს ისე ხშირად არ ვფიქრობდი სამსახურზე, როგორც ადრე.
_ არ გინდა, რომ…
_ მე უნდა…
ორივემ ერთდროულად ვთქვით, ამიტომ გაგვეცინა. ბიბიმ ხელი ამიქნია.
_ კარგი, ჯერ შენ დაამთავრე სათქმელი.
_ მინდოდა მეკითხა, ხომ არ შემოხვიდოდი. სადილი მზად მაქვს, ერთი ბოთლი ღვინოც მომეძევება, ცოტათი განვიტვირთოთ.
ღიმილი უცებ ჩაუქრა. პირველად შემომხედა დადარაჯებული მზერით.
_ მადლობა, მაგრამ არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს.
_ გასაგებია. _ ნაძალადევად გავუღიმე, თან ვკიცხავდი ჩემს თავს, ასე რომ ვიჩქარე. რადგან უარი ვუთხარი სერიოზულ ურთიერთობაზე, შედეგმაც არ დააყოვნა _ მან ზედმეტი სერიოზულობით მიიღო ჩემი უარი.
_ იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ? _ ჩამქრალი ხმით ვიკითხე.
თითქოს არ ჩქარობდა პასუხის გაცემას, სათქმელი გაწელა.
_ თენგომ დავალება მომცა. მისი კომპანიის რეკლამაზე უნდა ვიმუშაო.
_ ვიცი, იქ არ ვიყავი? კიდევ ერთხელ გილოცავ. მიხარია.
_ რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყო ეს საქმე. მომგებიანი სვლა უნდა გავაკეთო, ეს კი დროს მოითხოვს. არადა, სულ ერთი თვე მაქვს.
_ ეჭვი არ მეპარება, რომ გამოგივა. _ გავამხნევე. მისი დოსიე შესწავლილი მქონდა. ბრწყინვალე კარიერა გაუკეთებია ამერიკაში. არსაიდან მოსულმა მთელი ქალაქი, რომ იტყვიან, შტურმით აიღო. საინტერესოა, საქართველოში რისთვის დაბრუნდა? ვერ დარჩა იქ? აქ რა კარიერა უნდა გაიკეთოს? ყველაფერი ჩამყაყებულია. თუმცა, რატომაც არა? მე თუ შევძელი სრულიად მარტოს ამეწყო ჩემი ცხოვრება, ის რატომ ვერ მოახერხებს? ჩემზე მეტი პერსპექტივა აქვს. საკმარისია, ვინმემ მისი სივი წაიკითხოს და მორჩა, წარმატება გარანტირებული აქვს. აი, თუნდაც თენგოს წინადადება. დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალედ გაართმევს თავს და კიდევ ერთ ქულას ჩაიწერს თავის პროფესიულ ანკეტაში, თანაც მსუყე ქულას. საინტერესოა, რადგან თავისას მიაღწია და თენგოს დაუახლოვდა, მოისურვებს ჩემთან თამაშის გაგრძელებას?
არადა, მომწონს მისი სპონტანური ხასიათი. დამაინტრიგებელია. მას შეუძლია ერთ მომენტში მკაცრი და სერიოზული იყოს, მეორე წუთს კი მხიარული და თავბრუდამხვევი. სწორედ ამით მოინადირა ჩემი მეგობრების გული, თან უადვილესად, თითქოს საუკუნეა, მათ იცნობს. ასეთ შედეგს არ ველოდი, ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
_ იმ კვირაში კოქტეილის საღამოს აწყობენ. წამომყვები? _ სევდა გამერია ხმაში.
ყოყმანით დამიქნია თავი, რამაც უფრო გაამყარა ჩემი შიში.
_ იმაზეა დამოკიდებული, როგორ წავიმუშავებ. თუ მოვახერხე პრეზენტაციისთვის კონცეფციის დროზე შემუშავება, წამოვალ. თუ არადა, მომიწევს გამოტოვება. _ ამ სიტყვებით მაჯის საათზე დაიხედა, თითქოს შემახსენა, ძვირფას დროს მართმევო.
ჩანთა იღლიაში ამოვიჩარე და მანქანის კარი გავაღე.
_ გმადლობ, რომ დღეს ჩემ გვერდით იყავი.
_ ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო, _ გამიღიმა.
_ დაგირეკავ მაინც… იქნებ მოიცალო, _ ხვეწნასავით გამომივიდა, რის გამოც საკუთარი თავი შემეზიზღა.
_ ჰო, აბა რა. ქორწილის თარიღი როდის უნდა დანიშნონ?
_ ჯერ არ ვიცი. თენგოს ბაბუა ჩავარდნილა ლოგინად. ამბობენ, დიდხანს ვერ გაატანსო, ამიტომ ალბათ გადადებენ ქორწილს. შენ ხელი ხომ არ შეგეშლება, ეს დრო თუ გაიწელა?
_ არა, რა თქმა უნდა. არ იქნება პრობლემა.
ნაღველი შემომაწვა. სწორედ ასეთ ხასიათზე დავდექი იმ საღამოს, ურთიერთობაზე უარი რომ ვუთხარი. არა, ეს გაცილებით ძლიერი უხასიათობა იყო. მთელი გეგმა ჩამეშალა. თვითონაც როგორ მექცევა? ფაქტია, აღარ ვაინტერესებ. მისი საუბრის ტონიდან გამომდინარე, ამის მიხვედრა ძნელი არ იყო. ამჯერად ჩვენ შორის «სახუმარო დუელი» აღარ გაიმართა, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.
_ აბა, კარგად. _ ისე ვჩქარობდი მანქანიდან გადმოსვლას, კინაღამ გადმოვვარდი.
_ ელ! _ დამიძახა.
მისკენ შევბრუნდი, თან გამწარებული ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი.
_ დიდი მადლობა.
_ რისთვის?
შეღამებული იყო და მის სახეს კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ თვითონაც მოიწყინა, თუმცა მთლად დარწმუნებულიც არ ვიყავი.
_ იმისთვის, რომ გაგებით მოეკიდე ჩემს სიტუაციას.
ოფიციალურად გავიღიმე, ქუსლებზე შევტრიალდი და აჩქარებული ნაბიჯებით გავემართე სადარბაზოსკენ.
ხუთი დღე მოშხამული დავდიოდი. არ ვიცი, საქმეს როგორ ვაკეთებდი, წარამარა ბიბიზე ვფიქრობდი. რატომღაც, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გამომიყენეს და მიმატოვეს. იმ საღამოს შემდეგ ერთხელაც არ დაურეკავს, არ შემხმიანებია.
პარასკევს გოგოები ჩემთან გამოვიდნენ. ამან ცოტა გამამხიარულა. მაშინვე დავტრიალდი და სამზარეულო ნაირ-ნაირი სურნელით გავავსე.
_ შენთან ყოფნა ერთი სიამოვნებაა, _ თქვა მეგიმ, _ მიყვარს, რომ ტრიალებ და არ გეზარება.
_ თქვენ გამო უფრო დიდ მსხვერპლსაც გავიღებ, _ გავეხუმრე.
_ მოგიხდა სიყვარული, ძალიან ენაწყლიანი გახდი, გამოცოცხლდი.
_ რატომ არ გამოცოცხლდებოდა, გენაცვალე, ისეთი ბიჭი ჩაიგდო ხელში, _ აჰყვა მეგის კატო და ვაშლი ჩაკბიჩა.
_ შეგშურდეთ ახლა, ხო! _ სიცილი ამიტყდა.
_ არაჩვეულებრივი ბიჭია, რომ მოდის, თვალს ვერ ვაშორებ. თან ლამაზია, თან ძალიან მამაკაცური, _ გააგრძელა ბიბის ქება ლილიმ.
_ რა გჭირთ? _ დანიანი ხელი ჰაერში გავიქნიე, _ გულზე სკდებით, რომ ჩემი კაცი თქვენსას ჯობია თუ რა?
_ ოხ, მთლად მასეც არაა საქმე, _ იწყინა ლილიმ, _ შენმა კაცმა ჯერ მიაღწიოს იმდენს, რამდენსაც ჩვენებმა მიაღწიეს და მერე შეგვეჯიბრე, თუ მაგარი ხარ.
_ მიაღწევს, თან უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე თქვენებმა.
_ ვითომ რატომ? რა უპირატესობა აქვს შენს ბიბის ასეთი? _ მოკბეჩილი ვაშლი ვაზაში ჩადო კატომ.
_ ამერიკაში აქვს პრაქტიკა გავლილი. იცი, როგორი მოთხოვნა იყო ნიუ-იორკში მასზე? გაგიჟდები, მისი დოსიე რომ ნახო.
_ თუ ასეთი მაგარი ბრძანდებოდა, აქ რისთვის ჩამოვიდა? _ არ დაიჯერა მეგიმ.
_ ჩემ გამო. _ ისე სხარტად ვიცრუე, რომ ლამის მეც დავიჯერე.
_ შენ გამო? _ მეგი წინ გადმოიხარა, _ მოიცა, მოიცა… თქვენ რა, იცნობდით ერთმანეთს?
მისმა შეკითხვამ დაბრაწული გოჭივით გამაწითლა. გოგოებს თვალი ავარიდე და ჩავიდუდღუნე:
_ ფეისბუკით ვიცნობდი, მერე სკაიპით გავაგრძელეთ კონტაქტი. მთლად უცნობებიც არ ვიყავით. _ ტყუილს ტყუილზე ვაცხობდი.
_ როგორ არ მწამს ვირტუალურ სივრცეში დაწყებული ურთიერთობის, _ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი კატომ, _ ასე ხომ ვერასდროს გაიგებ ადამიანის ნაკლსა და უარყოფით მხარეებს. ყველას შეუძლია, ანგელოზად მოგაჩვენოს თავი.
_ ყველა ვერ მოგაჩვენებს. უნდა იცოდე, ვის როგორ მიუდგე.
_ ოხ! გამომიჩნდა ბრძენთაბრძენი! _ აკისკისდა ლილი, _ თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ გაგიმართლა.
_ მე თუ იმას?
_ შენ, შენ. ის კაცია და ნებისმიერს მოჩანგლავს. შენ კიდევ ამდენი წელია, ერთი ვერ დაითრიე.
_ გეყოფათ ახლა. მთლად სასოწარკვეთილ დიასახლისებს ნუ დაემსგავსებით, _ მათი შეჩერება ვცადე. არ მსიამოვნებდა, წარამარა ბიბის რომ მიხსენებდნენ, ისედაც გახეთქვაზე მქონდა გული.
გაგრძელება იქნება