სამივეს გაეცინა. სწორედ ამ დროს მობილურზე ნანატრი ზარი გაისმა. ის იყო. დანა მაგიდაზე მივაგდე, ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და საძინებელში გავვარდი. დაქალების სიცილმა და შეძახილებმა გამომაცილა სამზარეულოდან.
_ ნახე, რა მელოდია დაუყენებია თავისი კაცისთვის, _ კისკისებდა მეგი.
_ მიდი, მიდი, უპასუხე, არ გაგითიშოს! _ მომძახოდა ლილი.
მათი თავი არ მქონდა. კამოდზე დადებულ ტელეფონს ვეცი და მწვანე ღილაკს აცახცახებული თითი დავაჭირე.
_ ხომ არ მოიწყინა ჩემმა პარტნიორმა? _ დაღლილი მომეჩვენა მისი ხმა.
_ როგორ ხარ? _ სულმოუთქმელად ვკითხე.
_ არა მიშავს. ვმუშაობ და ვარ, დღე და ღამეს ვასწორებ მუშაობაში.
_ და როგორ მიდის საქმე?
_ გცალია, ცოტა ხანს რომ გელაპარაკო?
_ რა თქმა უნდა.
_ ჩემს უფროსს ვუთხარი თენგოს კომპანიის შესახებ და გაგიჟდა, ისე გაუხარდა. მათთან კონტრაქტი თუ გამოგვივიდა, სახელს უფრო გავითქვამთო. ახლა ერთი სული აქვს, საბოლოო ვარიანტს როდის შევუტან. არავინ ელოდა, ამდენი თუ შემეძლო. არადა, ფუტკარივით მუშა ვარ, მაგის დედა ვატირე. ამათ რა იციან, მე რა შემიძლია. ეკონომისტის დიპლომი ისე კი არ მიმიღია, ჰაერში. შემაქო დირექტორმა, მაგარი საქმეაო. თუ ეს კონტრაქტი გამოგივა, ფასდაუდებელი თანამშრომელი გახდებიო. მერე ყველა გააფრთხილა, ბიბის უნდა დაეხმაროთო. არ იცი, როგორ გაუტყდათ. ერთი გადამეკიდა, როგორ დაითანხმე «ტენგოლკომპანია» თანამშრომლობაზეო. ერთი წელია, დავდევ და არაფერი გამომივიდაო. მე ვუთხარი, ჩვეულებრივად, შევხვდი და ველაპარაკე-მეთქი. არადა, ყველაფერი შენი დამსახურებაა, ელი. შენ რომ არა, რა გამომივიდოდა? მე კი რითი გადაგიხადე? სულ დაგივიწყე. მთელი ძალით ამ პროექტში გადავეშვი. რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს. მინდა, კარგი გამომივიდეს. უნდა გავიმარჯვო. არადა, მენატრები, ოღონდ მართლა. როდისაა კოქტეილის საღამო?
_ ზეგ.
_ ჰოდა, მოვდივარ, მთლად ეგეთი უსინდისოც კი არ ვარ. გასაგებია?
გული შემიფრთხიალდა ამის გაგონებაზე. სიხარულით ფეხზე ძლივს ვიდექი.
_ კარგია, თუ გცალია. მაშინ დაგირეკავ ზეგ დილით და შევთანხმდეთ, სად და რომელ საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.
_ შენს ზარს მოუთმენლად დაველოდები.
ტელეფონი გავთიშე და მუხლმოკვეთილი საწოლზე ჩამოვჯექი. როგორც ჩანს, არ დავვიწყებივარ. ესე იგი, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. ცოტა აზრზე რომ მოვედი, გოგოებს მივაშურე…
_ მეგონა, ძალიან დაკავებული იყავი და ჩემთვის ვეღარ მოიცლიდი, _ ვუთხარი ბიბის, როცა ლანჩმა ჩაიარა და დერეფანში გავედით.
ბიბიმ კოქტეილის ჭიქა მომაწოდა.
_ ერკვევი კოქტეილებში?
_ ისე რა, _ დარცხვენილმა გავუღიმე.
_ მე კიდევ ყველანაირი მაქვს გასინჯული. ამერიკა მაინც ამერიკაა.
დიდი ყლუპი მოვსვი და ყურადღებით შევათვალიერე «ჩემი კაცი». საოცარი თვალები ჰქონდა, სწორედ ისეთი ფერის, როგორიც მე მიყვარდა. ჩემსას კი არ ჰგავს, ყველაზე გავრცელებული, თაფლისფერი თვალები რომ მაქვს.
_ ხშირად გეცვლება თვალის ფერი? _ მკითხა სრულიად მოულოდნელად.
გაკვირვებულმა ავხედე.
_ მეცვლება?
_ ჰო, ახლა ყავისფერი გაგიხდა, არადა, მგონი, ჩალისფერი უნდა გქონდეს.
სიცილი წამსკდა.
_ თვალებზე ჩალისფერს არ იტყვიან. ეგ თმაზე ითქმის.
_ კარგი, ჰო, მაშინ თაფლისფერი იყოს. ქართველებს ასე უფრო მოგწონთ. აი, ამერიკაში კი…
_ ეს ამერიკა არაა.
_ ვიცი, ვიცი, _ განაწყენებული ტონით შემაწყვეტინა, თითქოს გაუტყდა, შენიშვნა რომ მივეცი.
_ ესე იგი, დღეს იმიტომ გამომყევი, რომ სამუშაოს დროებით მოწყვეტოდი? _ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, რათა ნაწყენი არ დამრჩენოდა.
_ ჰო, ასეა.
გამეღიმა. როგორი ტყუილიც უნდა ეთქვა, ზუსტად ვხვდებოდი, რომ ჩემ გამო მოვიდა და სამუშაო არაფერ შუაში იყო. იმიტომ, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, ჩემ გვერდით ყოფნა, ჩემთან საუბარი.
_ აი, მაგალითად, ამ პლაკატს რა სათაურს მოუძებნიდი? _ მან მობილურის ეკრანი მომიშვირა, რომელზეც წყვილი ბოტასი მოჩანდა.
_ რა ვიცი, აბა? მაგალითად, «სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა».
გულიანად გაეცინა.
_ ეგ წარწერა ბოშების ბაზრობას უფრო მოუხდებოდა. მე კიდევ ასეთი რამ მოვიფიქრე: «ბოტასები კუნთების გასავარჯიშებლად _ დამითმეთ გზა!»
_ მაგარია! სუფთა ამერიკული ვარიანტია! _ აღტაცება ვერ დავმალე, მისკენ გადავიწიე და მხრით შევეხე.
ჟრუანტელმა დამიარა. როგორი სასიამოვნო იყო ეს შეხება.
მოულოდნელად იდაყვში მტაცა ხელი, მჭიდროდ მიმიკრა და მკითხა:
_ რა გემართება დღეს?
გავწითლდი და თვალი ავარიდე.
_ არ ვიცი, რაზე მელაპარაკები.
ნიკაპქვეშ ამომდო საჩვენებელი თითი და თავი ამიწია, რომ ჩემი თვალები დაენახა, თან ხმადაბლა წარმოთქვა.
_ მე მგონი, იცი.
თვალები დავახამხამე, რომ შეცბუნება დამემალა.
_ დღეს სხვა ელენე ხარ: უფრო ცოცხალი, უფრო მხიარული, მოტიტინე, უფრო გულღია… _ ჩემი ხელი აიღო, ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე მაკოცა, _ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შენ შემეხე და არა მე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირებას არასდროს ცდილობ. კითხვას გაგიმეორებ: დღეს რა გემართება? არ გეგონოს, წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, ძალიან საინტერესოა. ნუთუ მართალია, როცა ამბობენ, განშორება გრძნობებს ამძაფრებსო?
_ დამცინი, არა? _ წავიჩურჩულე, _ თუ ამის გაგება გინდა, აი, პასუხიც: ჩვენი განშორება ზუსტად შვიდი დღე, ხუთი საათი და ჩვიდმეტი წუთი გაგრძელდა. მგონი, საკმარისი დროა, რომ მოიწყინო.
გაბრწყინებული თვალებით შევცქეროდი, ის კი გაოგნებული მომჩერებოდა, არ ელოდა ჩემგან ასეთ გულახდილობას.
_ ვერ ვიჯერებ… მეღადავები?
წამწამები დავახამხამე და სათნო ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, თითქოს ჩემზე უბიწო მეორე არ დადიოდა ამქვეყნად.
_ ნუთუ მოქმედებს? _ კეკლუცად გადავხარე თავი მარჯვნივ.
_ მერედა, როგორ!
და სანამ იმაზე დავფიქრდებოდი, რამდენად სწორად მოვიქეცი, უეცრად მომეჭრა, კედელს ამაკრა და ტუჩებზე დამაკვდა. შემაკანკალა. თურმე როგორ მომნატრებია. როგორი მოწყენილი ვყოფილვარ მისი სიცილის, სითბოს, ხიბლის გარეშე… კვნესა აღმომხდა. მხრებში ძლიერად წამავლო ხელი და უფრო ბნელ ადგილას გადამიყვანა. თავი ვეღარ შევიკავე და მეც მოვხვიე ხელები. ამ სიგიჟის შეჩერება ჩემს ძალებს აღემატებოდა. დაუფიქრებლად გადავეშვი თავდავიწყებაში. არ მაინტერესებდა, დაგვინახავდა თუ არა ვინმე სტუმართაგანი, გაიცინებდნენ თუ გაიკვირვებდნენ. ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაქრა ჩვენ გარდა. ისე ვკოცნიდით ერთმანეთს, თითქოს გვეშინოდა, რომ ხვალინდელი დღე აღარ გათენდებოდა და მეტად ვეღარასდროს ვნახავდით ერთმანეთს…
არადა, ხვალინდელი დღე გარდაუვალია, შემდეგ დადგება ზეგინდელი, შემდეგ კიდევ ერთი… და ყველა ეს დღე მან სამუშაოს უნდა დაუთმოს, უჩემოდ, მარტო.
არა, უნდა შევჩერდე, თორემ ბიბის მალე ცივი შხაპიც ვერ უშველის.
_ აშკარაა, კოცნაობა ჩვევად გვექცა, როგორც დილაობით ყავის დალევა ან სიგარეტის მოწევა. _ ვთქვი და დარცხვენილმა ჩავახველე.
_ ვიღაც-ვიღაცებს ამაზე უარს ვერ ეტყვი, გვარს არ დავასახელებ და… _ გაიხუმრა ბიბიმ და აცახცახებული ხელი თმაზე გადამისვა, _ შენ ჩემთვის სწორედ ასეთ ჩვევად იქეცი.
სიამოვნების ღიმილმა გამინათა სახე.
_ მაგრამ, _ გააგრძელა და სახე მოეღუშა, _ დიდი ხანია, საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება ვისწავლე. კარგ და ცუდ ჩვევებს ადვილად ვიშორებ თავიდან.
გული შემეკუმშა.
_ გინდა მითხრა, რომ შენზე ცუდ ზეგავლენას ვახდენ?
_ უბრალოდ, საშუალებას არ მაძლევ, სამუშაოზე კონცენტრაცია მოვახდინო. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემთვის ახლა მთავარი სამუშაოა?
_ ეს არის ერთადერთი მიზეზი? _ მინდოდა, ზედმიწევნით ზუსტად გამომეცნო, მართლა ასე ფიქრობდა თუ არა, _ როცა თავი ლოგიკურად აზროვნებს, ეს, _ თითი ტუჩებზე გადავუსვი, _ მორჩილების სურვილს კარგავს.
ჩემი თითის შეხებაზე თვალები დახუჭა. ვიგრძენი, როგორ შეაკანკალა.
_ ასეთი გარდაქმნა ჯერ არ მინახავს, _ ხმადაბლა მითხრა, _ როგორი მაცდური გახდი უცებ? იცი რა? მე ახლა ძველი ელე მჭირდება, მშვიდი და მორიდებული. ამიტომ შემპირდი, რომ კოცნა მეტჯერ აღარ იქნება.
_ ინანებ, იცოდე! _ უკანასკნელად ვესროლე მზერა მის ტუჩებს, გავტრიალდი და წავედი, ის კი თავის თავთან მარტო დავტოვე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაეწყევლა ის დღე, როცა იგი ამ სულელურ სასიყვარულო თამაშში ჩავაბი…
ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უკან გამომყვებოდა. ასეთი იყო ამ ადამიანის ხასიათი _ ის ყოველთვის იღებდა გამოწვევებს. როგორ დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა, ვერავინ განსაზღვრავდა. ფინალი ამოუცნობი ჩანდა. ყველაფერი კარგად იყო, როცა მის მკლავებში მოვექცეოდი, რადგან განსჯის უნარს ვკარგავდი, მაგრამ სხვა საქმეა ინტრიგების ხლართვა, რომლის ნიჭიც მე არ გამაჩნია. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ფლირტაობის იმიტაცია და გამომწვევი მზერების სროლა. ამ მხრივ მამაცი სულაც არ ვიყავი.
არა, დღევანდელი საღამო გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს. მინდოდა იმის დემონსტრირება მომეხდინა, რომ ჩემი გადაწყვეტილება შევცვალე და მზად ვიყავი, მთავარი პირობა _ მხოლოდ პლატონური ურთიერთობა _ დამერღვია.
რა მითხრა წინა კვირას მანქანაში? რაღაც ამდაგვარი: «პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება, ახლა ამის უფლებას თავს ვერ მივცემ». სისულელეა! მე არათუ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება, არამედ საბოლოოდ დავკარგე თავი. ტყუილად კი არ ჩავიცვი დღეს ასე გამომწვევად. ცხოვრებაში არ მცმია ასეთი ღრმა დეკოლტე და ალბათ არც მომავალში ჩავიცვამ. ეს მხოლოდ დღევანდელი საღამოსთვის იყო განკუთვნილი, მხოლოდ იმისთვის, რომ მინდოდა, ჩემში სხვა ქალი დაენახა…
უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრა… რადგან აქამდე ვერაფერს მიხვდა, ვერც მერე მიხვდება. აი, როგორც კი მომიახლოვდება, მაშინვე ვეტყვი.
_ ელ, მოიცა! _ იდაყვში ხელი მტაცა და ისე გამაჟრჟოლა, თითქოს შიშველ ელექტროდენზე მომიხვდა ხელი. _ იცი, რა? შენ ძლიერი ხარ, მაგრამ არაფერი არ გამოვა…
როგორც კი მითხრა, არაფერი გამოვაო, იმწამსვე გაქვავებულივით შევჩერდი და ვიგრძენი, როგორ საპნის ბუშტებივით სკდებოდა ჰაერში ჩემი გადაწყვეტილება, ჩუმად, უხმაუროდ.
ახლა რაღაც უნდა მეთქვა:
_ კიდევ ერთ ჭიქას დავლევდი…
_ შენ ბრწყინვალე ხარ. _ მითხრა და აღტაცებული მზერა მიმოატარა ჩემს ნახევრად შიშველ მკერდზე.
ძლივს შევიკავე თავი, რომ ხელი არ ამეფარებინა მიუჩვევლად ღრმა დეკოლტეზე.
_ განუმეორებლად ლამაზი ხარ, მაგრამ მე ახლა ამის გაკეთება არ შემიძლია.
შემეძლო ისეთი სახე მიმეღო, თითქოს ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, ან ხუმრობაში გამეტარებინა მისი ნათქვამი, მაგრამ ხუმრობის დრო არ იყო. ყველაფერმა ზედმეტად სერიოზული სახე მიიღო. ბიბი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
_ რატომ?
გაგრძელება იქნება