გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თავდაპირველად ხალხის დიდი სიყვარული ახალგაზრდა მეკარემ დაიმსახურა, რაც არავის გაჰკვირვებია - საოცარი ნიჭით, შრომისმოყვარეობითა და, ამავდროულად, თავმდაბლობით დაჯილდოებული გიორგი მამარდაშვილი ნამდვილ ვარსკვლავ იქცა.
მალევე არანაკლებ პოპულარული გახდა მისი მშვენიერი მეორე ნახევარი, ელენე ეპიტაშვილი - გოგო განსაკუთრებული გარეგნობითა და კიდევ უფრო განსაკუთრებული აურით - მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებული ელენე საკუთარ საქმეშიც წარმატებულია და მეუღლის წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.
სულ რამდენიმე დღის წინ ელენე ჟურნალ City-ის გარეკანზე ვიხილეთ. შთამბეჭდავ ფოტოებთან ერთად, რომლებიც ივან ბერკოვიჩმა გადაიღო, ელენეს ძალიან საინტერესო ინტერვიუც ვიხილეთ. გთავაზობთ ამონარიდებს.

ელენე ეპიტაშვილი გიორგი მამარდაშვილის გაცნობის შესახებ:
„2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად“.
ელენე ეპიტაშვილი ქორწინებისა და დედობის შესახებ:
„ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები.
ენის დაბადებამ ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა“.

ელენე ეპიტაშვილი მეუღლის მხარდაჭერის შესახებ:
„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიორგის სტაბილურობა და სიმშვიდე ჰქონდეს. ფეხბურთელის ცხოვრება მართლაც რთულია, მუდმივი წნეხი, დატვირთული გრაფიკი, ნაკლები დასვენება,წარმატებებისა და მარცხის ცვალებადობა. ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სახლი ყოველთვის იყოს ის ადგილი, სადაც შეუძლია დაისვენოს, იყოს უბრალოდ გიორგი და არა მხოლოდ ფეხბურთელი. ვცდილობ მისთვის ემოციური მხარდამჭერი ვიყო და მისი მოტივაცია გავაძლიერო.
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ყოველთვის ვუგულშემატკივროთ, როგორც პარტნიორებმა, რომლებიც ამ გზას ერთად გადიან“.
სრულად იხილეთ citymagazine.ge-ზე.
