“შენ არ გინდა, ზურიკელას უნდა” – ეს ფრაზა მანანა აბაზაძის ცხოვრების თანმდევი გახდა.“თუკი სადმე ვიტყვი რამეზე რომ არ მინდა, იმ წუთას მომაძახებენ – შენ არ გინდა ზურიკელას უნდა – ამ ფრაზით დავბერდი.”
ქართველი კინომსახიობი და მოცეკვავე მანანა აბაზაძე 1947 წლის 23 ივლისს, კალინინგრადში დაიბადა. მამა - ლევან აბაზაძე, მშენებელი იყო. სამამულო ომის შემდეგ, როგორც მშენებელს, დანგრეული ქალაქების აღდგენა დაავალეს. ამიტომ ოჯახთან ერთად სხვადასხვა ადგილას უწევდა ცხოვრება. თბილისში მხოლოდ 9 წლის ასაკში დაბრუნდა:
"მამა მშენებელი მყავდა. სამამულო ომი გამოიარა და როცა ომი დამთავრდა, როგორც მშენებელს, დანგრეული ქალაქების აღდგენა დაავალეს. მამა ოჯახთან ერთად ხან სად იყო და ხან - სად. მათ შორის გახლდათ ქალაქი კალინინგრადი, სადაც მე დავიბადე. დედა იყო მოსკოველი რუსი, საინტერესო და ლამაზი ადამიანი, ისტორიის პედაგოგი. ჩვენი ოჯახი ერთხანს მოსკოვშიც ცხოვრობდა. მახსოვს, როცა შექსნაში წავედით, მამა "ვოლგაბალტსტროის" მშენებლობის ერთ-ერთი უფროსი იყო. იქიდან ფეოდოსიაში ჩავედით. დედა სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ მუშაობდა." -ასე იხსენებდა მშბლებს ქალბატონი მანანა.
"მე რომ არ მეცეკვა ალბათ მოვკვდებოდი! ცეკვა არის ჩემი ცხოვრება!"
12 წლის ასაკში პირველად შეხვდა ნინო რამიშვილს. ლეგენდარულ მოცეკვავეს არ გამოჰპარვია გოგონას მონაცემები და ანსამბლში მისვლა შესთავაზა. მე-9 კლასელი მანანა აბაზაძე იურა ზარეცკიმ და ზურა კიკალეიშვილმა ნინო რამიშვილთან მიიყვანეს. ერთ თვეში კი სცენაზე დადგა და ხევსურული იცეკვა.
"უკვე საღამოა, გაკვეთილები მოსამზადებელი მაქვს, წასვლა დავაპირე. კარგიო, - მითხრა ქალბატონმა ნინომ და დასძინა: ვერ მივხვდი, რისთვის მოხვედი და რითი მიდიხარო? - არ ვიცი, თქვენთან ქალბატონმა ელიკომ მომიყვანა-მეთქი. დავემშვიდობე და გამოსასვლელში ვარ, როცა შემოდის ბატონი ილიკო. დამინახა თუ არა, უკან დამაბრუნა. ვუთხარი, რომ მეჩქარებოდა. მაინც აღარ გამომიშვა. გაიშალა სუფრა, თან ვსაუბრობთ. - აბა, ანსამბლში ხომ მოდიხარო? - ბატონო ილიკო, სკოლაში ვსწავლობ (მეცხრეკლასელი ვარ), მშობლები არ გამომიშვებენ-მეთქი. - მაგას ჩვენ მოვაგვარებთ. ელიკო, წაჰყევი სახლში და მის მშობლებს შენ აუხსენი ყველაფერიო. დეიდა ელიკომ დედ-მამა მართლაც დაარწმუნა იმაში, რომ ეს არაჩვეულებრივი ამბავია, თან თავად მიპატრონებდა და ცივ ნიავს არ მომაკარებდა" - იხსენებდა მანანა აბაზაძე.
მანანა აბაზაძეს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა "სუხიშვილების" კიდევ ერთ გამორჩეულ სახესთან, ნინო კირვალიძესთან.
"მე და ნინო მთელი ცხოვრება ვმეგობრობდით. ბოლო წლებში ხერხემალი აწუხებდა და პრაქტიკულად, სახლიდან არ გადიოდა. თანაც მასთან სტუმრად მისულებსაც ერიდებოდა. კოვიდის ეშინოდა. და მაინც ისე გამოვიდა, რომ კოვიდი გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.
იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. სასწაული იუმორის პატრონი იყო. კარგად წერდა. ბოლოს, ხელები რომ არ ემორჩილებოდა, შვილიშვილს კარნახობდა და ის უწერდა მოგონებებს.
არაჩვეულებრივი მეხსიერების და სასწაული სილამაზის ქალბატონი იყო. საოცარი თვალები ჰქონდა, მომწვანო-მოცისფრო ფერის. უცხოეთში ხალხი დაჰყვებოდა. არ დამავიწყდება, საბერძნეთში გასტროლის დროს, ქუჩაში სიმპათიური, ახოვანი კაცი აგვეკიდა და ნინოს პირდაპირ უთხრა, ცოლად უნდა წამომყვეო. ნინომ უთხრა, ვინ ხართ, ქმარ-შვილი მყავს, თავი დამანებეთო. საღამოს ამ კაცმა კონცერტზე მოიყვანა დედა, და, მამა და მათ უთხრა, ეს ქალი მიყვარს ცოლად უნდა შევირთოო. ძლივს მოვიშორეთ".
1962 წელს რეჟისორი თენგიზ აბულაძე ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'' მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდა. თავიდან ფილმში მთავარი როლის შემსრულებლად მსახიობ გოგი ქავთარაძის კანდიდატურა განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, თენგიზ აბულაძემ სამსახიობო გამოცდილების არმქონე, 14 წლის სერგო ორჯონიკიძე აირჩია - 12 წლის მანანა აბაზაძე და ზურიკელას შეყვარებულის როლზე დაამტკიცეს.
“ნამდვილად არ მოგვწონდა ერთმანეთი. პირველ ჩვენებაზე, როდესაც ეკრანზე დავინახე, ვთქვი: ვაიმე, რა კარგი ბიჭი ყოფილა-მეთქი. იმდენად დადებითი გმირი ითამაშა, მივხვდი, რომ აქ კი არ თამაშობს, არამედ თავისი თავი ითამაშა. ის ასეთია ბუნებით.
მივხვდი, რომ ძალიან კარგი ბიჭია და იმანაც რაღაც სასწაულად დამინახა და ზუსტად ერთ დროს მოხდა ეს. ბატონმა თენგიზმაც დიდი როლი ითამაშა ჩვენს ურთიერთობაზე, სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ მარტო სიტყვაზეც არაა. თავისთავად გრძნობაც დაიბადა და დღემდე გრძელდება", - ამბობდა მანანა აბაზაძე.