სულ ცოტა ხნის წინ მუსიკოსი გიორგი ცაგარელი და ლელა კილაძე ვაჟის, ანდრეას მშობლები გახდნენ. ანდრეა გიორგისთვის პირველი, ლელასთვის კი - მეხუთე შვილია. წყვილმა რამდენიმე თვის წინ მეგობრებს კადრები შვილის ნათლობიდანაც გაუზიარეს, თუმცა მაშინ ბავშვის სახის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს. ამჯერად კი გიორგი შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ლელა კილაძის პარტნიორი მუსიკოსი გიორგი ცაგარელია. ისინი ოფიციალურად დაქორწინებული არ არიან, თუმცა საზოგადოებაში, როგორც წყვილი, ხშირად ჩნდებიან.
გიორგი ცაგარელი მანამდე ასევე მუსიკოს ლიზა ბაგრატიონს ხვდებოდა. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდნენ ერთად, დაშორების მიზეზებზე კი არ უსაუბრიათ.
ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. ლელა კილაძესთან ქორწინება მეორე იყო გიგი უგულავასთვისაც, მასაც პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი, ტასო და თინათინი ჰყავს.
ლელა კილაძემ და გიგი უგულავამ ერთმანეთი მერიაში გაიცნეს. ლელა მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. მაშინ ორივეს ჰყავდა ოჯახი და შვილები. გიგის ცოლი თაკო ცაგურია იყო, ლელას ქმარი - ნიკა მაჭარაძე. ლელა კილაძე დიდხანს მალავდა უგულავასთან რომანს და ამის გამო სამუშაოდ სააკაშვილთან გადავიდა. ისინი ერთად ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ. ლელა კილაძე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა გახდა.
ხმები უგულავას და კილაძის დაშორების შესახებ პერიოდულად ვრცელდებოდა. დაშორების შესახებ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ დაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ." - წერდა უგულავა.
რა გახდა მათი დაშორების მიზეზი, უცნობია, თუმცა ბევრი აღნიშნავდა, რომ მიზეზი ლელას "ცხოვრების სტილი" იყო.
"ყველაფერში დამნაშავე ლელას ცხოვრების სტილია. დიდი ხანია, ის და თბილისში კარგად ცნობილი ერთ-ერთი ოჯახის დედისერთა შვილი ყველგან ერთად დადიოდნენ და ახლო ურთიერთობას არც მალავდნენ... მათი სამეგობრო წრე ხშირად იკრიბებოდა, მთელი ღამის განმავლობაში "გუგუნებდნენ", სვამდნენ... ლელას ამგვარი ცხოვრების სტილის გამო პრობლემებიც დაიწყო. მაგალითად, ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევდა. ამის გამო დედამისმა ლელა ოთხი დღით სახლშიც გამოკეტა, მაგრამ... როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ ორთაჭალაში, ერთ-ერთ კაფეში, რომელიც კილაძის მეგობარს ეკუთვნის, ჩვეული "გუგუნისას", როგორც ამბობენ, ლელას მსუბუქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზა მოუვიდა. მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. კილაძის ახლობლები დილის 6 საათზე მიცვივდნენ კაფეში, ლამის კარი ჩამოიღეს ბრახუნით. როცა ლელა ამ დღეში ნახეს, ძალიან გამწარდნენ. ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ უგულავასთან ციხეში მეგობრები მივიდნენ და ყველაფერი უთხრეს... ურჩიეს, რომ ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილება მიეღო. უგულავამაც მიიღო გადაწყვეტილება და კილაძეს ოფიციალურად გაშორდა. რაც შეეხება კილაძეს, ის დავით კეზერაშვილმა სასწრაფოდ ინგლისის ერთ-ერთ ნარკოლოგიურ კლინიკაში წაიყვანა და იქ გადის რეაბილიტაციის კურსს. ყველა ხარჯს "კეზერა" ფარავს..." - ამბობდა ლელას ოჯახის ახლობელი.