_ ჰოდა, არ გაინტერესებს, მე რას ვაკეთებ, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება? შინ ვზივარ და ნამცხვრებს ვაცხობ. ცხვირს არ ვყოფ გარეთ, არსად გასართობად არ დავდივარ. მგონი, საკმარისია შენთვის, რომ გეზიზღებოდე. ხომ ასეა?
ბიბიმ ხელი ასწია, თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.
_ ამას არა აქვს მნიშვნელობა, ელ! როგორებიც ვართ, ისეთები ვართ და სულაც არ არის აუცილებელი, შევიცვალოთ. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება ისე მაინც შევხვდეთ ერთმანეთს.
როგორი იმედგაცრუება გამომეხატა სახეზე. მან ისევ ისეთი რაღაც თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.
_ ელი, საყვარელო! _ ძალიან თბილად მითხრა, _ ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა, კარგი?
ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა. ბიბიმ გემრიელად შეიგინა, ალბათ იმით გაგულისებულმა, რომ აპარატი გამორთული არ ჰქონდა. მეტიც არ მინდოდა _ საჩვენებელი თითი მის ჯიბეს მივუშვირე, საიდანაც ზარის ხმა მოისმოდა.
_ იქნებ უპასუხო? _ ნიშნის მოგებით გავხედე, _ ალბათ მნიშვნელოვანი კლიენტი გირეკავს. კიდევ ერთი საინტერესო წინადადება გელოდება!
ბიბი იდგა და ვერ გადაეწყვიტა, ეპასუხა ზარისთვის თუ ჩემთან კამათი გაეგრძელებინა. ყოყმანი რამდენიმე წამს გაგრძელდა, რამაც საბოლოოდ გამომიყვანა წონასწორობიდან.
_ იცი რა? მეცოდები! აი, ახლაც კი, ამწუთას, როცა ვსაუბრობთ, შენ მხოლოდ სამსახურზე ფიქრობ.
მოულოდნელად გაფითრდა. ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს დედა მეგინებინოს, ბოლოს დახშული ხმით ამოთქვა:
_ შენი ნათქვამიდან მხოლოდ ერთი სიტყვა გავიგე: მეცოდები. აქამდე არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის მსგავსი რამ. ბავშვობაშიც კი არ მახსენდება ამდაგვარი არაფერი. შეიძლება ვინმეს მართლა ვეცოდებოდე, მაგრამ შეცოდებას ვერ ავიტან ქალისგან, რომელიც…. _ მან სათქმელი არ დაამთავრა და ამიტომ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა.
_ რომელიც რა? _ დაკონკრეტება მოვთხოვე.
დანისლული თვალები შემომხედა და ძალიან ხმადაბლა, გაბზარული ხმით მითხრა:
_ მაინცდამაინც იმ მომენტში მივხვდი რაღაცას, როცა წასვლის გარდა აღარაფერი დამრჩენია. _ მან ხელი ჯიბეში ჩაიყო და ტელეფონი იმავე წამს დადუმდა. _ შენ მართალი ხარ, ელ. ნახვამდის. _ თქვა და გატრიალდა.
არასდროს დამავიწყდება მისი ტკივილი სავსე თვალები, სანამ ზურგს შემაქცევდა…
რას მიხვდა? რატომ არ მითხრა, რა იყო ის «რაღაც»? ან რა იგულისხმა, როცა თქვა, ვერ ავიტან ქალისგან, რომელიც… რა უნდა ეთქვა? რომელიც მძულსო? რომელიც ძვირფასია ჩემთვისო? იქნებ უნდა ეთქვა, რომელიც მიყვარსო?..
ყველაფერი ამერია თავში.
ბიბი წავიდა და კვლავ მარტო დავრჩი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი გული დავდე ფსონად ბანქოს თამაშისას და წავაგე…
როგორც კი გავიდა, ფანჯარას მივვარდი და ეზოში გადავიხედე. ვხედავდი, როგორ გადიოდა ქუჩაში. თითქოს გული გასკდა და ათას წვრილ ნამსხვრევად მიმოიფანტა ჩემს სხეულში. გავაკეთე ის, რაც მინდოდა _ სათადარიგო სკამზე გადავსვი ჩემთვის ყველაზე სასურველი ადამიანი. წესით, კმაყოფილი უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ ვივიწყებდი მისი ტკივილით სავსე თვალებს. მკვდარივით გამოიყურებოდა, თითქოს საბოლოოდ გაანადგურა ჩემმა ერთმა სიტყვამ. ნუთუ ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ჩემს ნათქვამს? ძლივს შევიკავე თავი, ბოდიშის მოსახდელად არ გავკიდებოდი.
მუხლებზე დავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე. ასეთ ფორმაში ჯერ ჩემს დაქალებსაც არ ვუნახავვარ. ბიბის ხომ მით უფრო, ცოცხალი თავით არ დავენახვებოდი ასე. არადა, თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და გაოცება ვერ შევატყვე, თუმცა, ვერც იმას დავიჯერებ, რომ საშინაო ტანსაცმელსა და სათვალის მიღმა მიმზიდველი ქალი დაინახა.
მითხრა, ძალიან ლამაზი ხარო. თვალები მაგრად დავხუჭე, რათა მეხსიერებიდან გამექრო ის ნაზი გამოხედვა, ამ სიტყვების წარმოთქმისას რომ ჰქონდა. რა დაემართა, დაბრმავდა? ეშმაკმა უწყის, რას ვგავარ, ის კი კომპლიმენტებით მავსებს. ეს დაცინვა არ არის? მაგრამ თუკი სიმართლეს ამბობდა? ნუთუ წარსულის შიში ისე მაქვს გამჯდარი სულში, რომ დღემდე მომდევს? იქნებ ამ შიშის გამო სამუდამოდ დავკარგე ბედნიერების შანსი? ნუთუ ხელიდან გავუშვი ჩემი ცხოვრების სიყვარული?
ჩემი ცხოვრების სიყვარული! თითქოს აღმოჩენა გავაკეთე! მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ბიბი ჩემი ცხოვრების სიყვარული ყოფილა!
ფეხზე წამოვხტი და კვლავ ფანჯარას ვეცი. სწორედ ამ დროს ბიბის მანქანა მოსახვევში მიიმალა. რა ვქნა, ხომ არ დავურეკო და მოვაბრუნო? ავწრიალდი. კარგა ხანს ვებრძოდი ჩემს თავს, არ მინდოდა ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა… ბოლოს გადავიფიქრე დარეკვა, აჯობებს, ორივენი დავმშვიდდეთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ყველაფერი და ცივი გონებით გადავწყვიტოთ, როგორ ჯობია.
ერთ რამეში ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული _ რომ ჩვენი მომავალი საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში…
სამი დღის შემდეგ ისეთი ამბავი გავიგე, თავზარი დამეცა. მეგიმ დამირეკა და მოკითხვის შემდეგ თავზარდამცემი ინფორმაცია «მახარა».
_ იცი, ბიბი კიევში რომ გაემგზავრა?
ცხელი ტაფა, რომელიც ხელში მეჭირა, ლამის გამივარდა. ტაფა კი დავიჭირე, მაგრამ ხაჭაპური უშნოდ დაეპერტყა მაგიდაზე და შუაზე გადასკდა.
_ როდის წავიდა? _ სუნთქვაშეკრულმა ძლივს ამოვთქვი.
_ წუხელ. თენგოს კომპანიის სარეკლამო რგოლები იქ უნდა დაამზადონ.
_ და რამდენი ხნით?
_ თვის ბოლოს ჩამოვა. არ გილაპარაკია მასთან, ხომ?
_ არა. _ ყრუდ მივუგე და მუხლებმოკვეთილი სკამზე ჩამოვჯექი.
_ დებილი ხარ. ტყუილად გეჩიჩინეთ მაგდენი? როგორი გაუგონარი ხარ ხანდახან, რა. ფუჰ… არავის არ უსმენ. ასეთი კაცის ხელიდან გაშვება იქნება, გოგო? ძალიან გამაბრაზე, შენთან ლაპარაკიც არ მინდა! _ გამთათხა დაქალმა და ტელეფონი გამითიშა.
გონს ვერ მოვდიოდი. არ მინდოდა იმის დაჯერება, რაც მოვისმინე. ეს როგორ გააკეთა? ასე უბრალოდ, ადგა და წავიდა. არც კი გავახსენდი _ დამტოვა დამსხვრეული გულით და სრულ სიმარტოვეში!
დეპრესია დამეწყო. არავის ნახვა არ მინდოდა, ვერც მუშაობას ვუდებდი გულს. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ სამზარეულოში ტრიალიც არ მსიამოვნებდა. ადრე სტრესს სწორედ ეს მიხსნიდა, ახლა კი პირიქით, იქით გახედვაც არ მინდოდა.
ასე გავიდა ორი კვირა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბიბის სამსახურს მივადექი. იქ ვიღაც დათო გავიცანი, მისი თანამშრომელი, რომელმაც, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან გულღიად მიმიღო და ბიბის სამუშაო კაბინეტში შემაცილა. ვიფიქრე, წერილს დავუტოვებ მაგიდაზე და რომ ჩამოვა, ნახავს-მეთქი. მინდოდა, ისეთი რამე დამეწერა, რაც აიძულებდა, ჩამოსვლისთანავე დაერეკა ჩემთვის. მაგიდა აკურატულად იყო მილაგებული. იქვე რამდენიმე ბლოკნოტი იდო. ორი მათგანი რაღაც შენიშვნებით აღმოჩნდა გაძეძგილი, მესამე _ ცარიელი. სწორედ ეს ბლოკნოტი დავიდე წინ და კალამი მოვიმარჯვე. ჩემდა გასაოცრად, სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო წერილის წერა და, საერთოდ, რა დამეწერა. რამდენიმე ფურცელი გავაფუჭე, ამოვხიე, დავკუჭე და ჩანთაში ჩავიდე, რომ იქ არ დამეტოვებინა.
ბოლოს, როგორც იქნა, მოვაბი თავი და დავიწყე: «ბიბი, გამარჯობა!» მართლა არ ვიცოდი, რა უნდა დამეწერა, მაგრამ სიტყვები თითქოს თავისთავად დალაგდა ფურცელზე. წერილის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ ვინანიებდი მასთან უხეშად საუბარს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ბოდიშს ვუხდიდი და მისგან ახსნა-განმარტებას მოვითხოვდი, რატომ მომექცა ასე. თუ სათანადოდ არ დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნას, «ვემუქრებოდი», რომ კარავს დავცემდი მისი ოფისის წინ და შიმშილობას გამოვაცხადებდი, სანამ პასუხს არ გამცემდა. მე კი მთელი ქვეყნის გასაგონად ვიყვირებდი, რასაც მასზე ვფიქრობდი. «ბოლოს ისე წამოხვედი ჩემგან, რომ არაფერი არ ამიხსენი. ამჯერად არ მოგცემ უფლებას, იგივე გაიმეორო. გელოდები».
წერილი ასე მთავრდებოდა.
ის იყო, ღუმელი გამოვაღე და შოკოლადის ნამცხვარი უნდა გამომეღო, რომ ტელეფონმა დარეკა. მეგონა, ჩემი გოგოები მირეკავდნენ, ამიტომ არ ვიჩქარე. ნამცხვარი ლანგარზე გადავიღე და მხოლოდ ამის შემდეგ ავიღე ყურმილი.
_ ელ, გამარჯობა!
გული ისე შემიფრთხიალდა, თითქოს საგულიდან ამოფრინდაო. იმდენად იმოქმედა მისმა ზარმა, რომ მაგიდის კიდეს ჩავებღაუჭე, არ წავიქცე-მეთქი, სიხარულისგან მუხლები ამიკანკალდა.
_ გაგიმარჯოს. როგორ ხარ?
_ ამწუთას ჩამოვფრინდი, კიევში ვიყავი.
_ ვიცი.
_ შენი წერილი ვნახე და დაგირეკე.
_ აკი ამწუთას ჩამოვფრინდიო?
_ მინდოდა მეთქვა, ამწუთას შემოვედი კაბინეტში-მეთქი.
_ გასაგებია.
_ შენი ნახვა მინდა… _ ყოყმანის მსგავსი პაუზა გააკეთა, სანამ გააგრძელებდა, _ იმიტომ გირეკავ, რომ წინასწარ გაგაფრთხილო.
ხმაში აშკარად დაეტყო შეფარული ირონია, რამაც გამაცინა.
_ ვხედავ, შეცდომებზე სწავლობ. მეც მინდა შენი ნახვა. თუ ძალიან არ ხარ დაღლილი, იქნებ შემომიარო? შოკოლადის «ტორწიკი» გამოვაცხვე. _ «ტორწიკი» ხაზგასმით წარმოვთქვი.
_ მაცდუნებელია.
_ კიდევ ვაშლის «პეროგი» მაქვს, ქადები, კრუასანები და ათასი «წვრილეული». _ გავიხუმრე.
_ მაგარია! სიმართლე გითხრა, თვითმფრინავში არ მიჭამია, ამიტომ სიამოვნებით დაგეწვევი. თხუთმეტ წუთში შენთან ვარ.
ბევრი რამ მინდოდა მეთქვა. უნდა დამეწყო პატიების თხოვნით და «მე შენ მიყვარხარ»-ით დამემთავრებინა, მაგრამ თავი შევიკავე და მხოლოდ ეს ვუთხარი:
_ მოუთმენლად გელი.
_ უკვე მოვრბივარ! _ სიხარულით სავსე ხმით შესძახა და გამითიშა.
ყურმილი მკერდზე მივიდე და ისე ჩავიხუტე, თითქოს მინდოდა, მისი სიტყვები პირდაპირ გულში ჩასულიყო და გავეთბე.
თხუთმეტი წუთი…
უამრავი დრო მქონდა, თავი მომეწესრიგებინა. საძინებელში შევვარდი და სარკის წინ დავჯექი. ჯერ თმა ჩამოვიშალე, რომ ფენით დამევარცხნა, მერე კი მაკიაჟისთვის მიმეხედა, მაგრამ უეცრად შევჩერდი. მე ხომ გადავწყვიტე, ბოლომდე მართალი ვყოფილიყავი და ბიბი არ მომეტყუებინა? განა დატონიკებული სახე, ფენით გასწორებული თმა და საგანგებოდ ჩაცმულ-დახურული ბუნებრივი ელენე ვიქნებოდი? მან ისეთი უნდა მიხილოს, როგორიც სინამდვილეში ვარ. ჩემი აღიარება ამჯერად ბევრად გულწრფელი იქნება, დადგა დრო, გამოვემშვიდობო ძველ შიშებს და სისუსტეებს.
ამას წინათ, როცა უდროო დროს წამომადგა თავზე და ფორმაში არ ვიყავი, ისე ავნერვიულდი, თავი ხელში ვერ ავიყვანე, რადგან მეგონა, ჩემს დანახვაზე მაშინვე გატრიალდებოდა და უკანმოუხედავად გაიქცეოდა, როგორც წლების წინ. მაგრამ ახლა ასე არ მოიქცა. ის მოდის, ესე იგი, ბრუნდება. შესაძლოა, იმიტომ მოდის, რომ მითხრას, გიჟი ხარო. მერე რა? მითხრას, მშვიდად მოვუსმენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის შანსი ჩემთვის და იგი ხელიდან არ უნდა გავუშვა.
გაგრძელება იქნება