უკანასკნელად გავხედე ჩემი კოსმეტიკის «ყულაბას», მოდური ტანსაცმლით სავსე კარადას და დემონსტრაციულად გამოვედი ოთახიდან. კვლავ სამზარეულოს მივაშურე და სუფრის გაშლას შევუდექი. ისე ვღელავდი, ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა. მეშინოდა, ჩემს დანახვაზე სახე არ შეცვლოდა და უკან გაბრუნება არ მოესურვებინა.
თითქოს გულმა მიგრძნო, რომ მოვიდა. კარი გამოვაღე და ადგილზე გავშეშდი. ბიბისაც ჰაერში დარჩა აწეული ხელი, ზარის დასარეკად რომ შეემართა. გაოცებული მომჩერებოდა.
_ ვიფიქრე, კარს ღიას დავტოვებ-მეთქი, _ გავწითლდი და შემრცხვა, ტყუილი რომ ვთქვი.
ბიბი ხმას არ იღებდა. ცალი ხელი კვლავ აწეული ეჭირა, მეორეს კი ზურგს უკან მალავდა.
_ რამე მოხდა? _ მეც გაოცებული მივაჩერდი.
_ მოხდა.
_ რა? _ სუნთქვა შემეკრა, ვიფიქრე, საშინლად არ მოვეწონე და მიზეზს ეძებს უკან გასაბრუნებლად-მეთქი.
_ რა და… მინდოდა, ზარი დამერეკა, ამ დროს კარი თავისით გაიღო და ზღურბლზე ულამაზესი ქალი გამოჩნდა, რომელსაც ცხვირზე ფქვილის კვალი დარჩენია, ლოყაზე კი შოკოლადის.
მაშინალურად მოვისვი ხელი ჯერ ცხვირზე, მერე ლოყაზე.
_ ეს შენ, _ საზეიმო ხმით წამორთქვა და ზურგს უკან დამალული ჭრელი იების კონა გამომიწოდა. _ მართალია, ამას ანიუტას თვალებს ეძახიან, მაგრამ მე ელის თვალები შევარქვი.
სიცილი ვერ შევიკავე.
_ ეგ როდის მოხდა?
_ წეღან, გზაში, _ თვითონაც გაეცინა.
_ მადლობა, ბიბი, ძალიან ლამაზია, _ თაიგული ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ამ იებს სურნელი არ ჰქონდა.
_ იცი, როგორ გიხდება თმა ასე? _ შემომღიმა.
_ როგორ ასე?
_ გაფუმფულებული. გასწორებული როცა გაქვს, პარიკივით ჩანს, ახლა კი იმდენად ბუნებრივია, მინდა, შევეხო.
მისმა სიტყვებმა გული გამითბო. აჭარხლებული განზე გავდექი და შემოვიპატიჟე:
_ შემო. იმდენი ნამცხვარი გამოვაცხვე, ერთ საკონდიტროს ეყოფა.
_ გინდა, გამასუქო? ისედაც მოვიმატე წონაში ამ დღეებში. კიევში სულ ჭამას მაძალებდნენ. ეგონათ, რადგან სტუმრად ვიყავი, მერიდებოდა და მშიერი ვკვდებოდი… აუჰ, როგორი სურნელი ტრიალებს ჰაერში! ვაშლის, ვანილის და კაკაოსი.
_ მგონი, გეგმას გადავაჭარბე, _ წამოვიძახე სამზარეულოში შესულმა და ხელი მაგიდისკენ გავიქნიე, რომელიც ისე იყო გადავსებული, ნემსი არ ჩავარდებოდა.
_ მაგას რა ჯობია? რა არის ცუდი იმაში, რომ ცხობა გიყვარს?
_ მაშინ ვაცხობ, როცა ვნერვიულობ. _ ვაღიარე და შევხედე.
გაოცებამ გადაურბინა სახეზე, როგორც ჩანს, ჩემს თვალებში შიში გაკრთა და შეამჩნია. თუმცა, არც თვითონ იყო ჩემზე ნაკლებად შეშინებული. დაბნულობა რომ განემუხტა, ლოყაზე თითი ჩამომისვა და შოკოლადის ლაქა მომაცილა.
_ ფქვილიც დაგრჩენია ცხვირზე, წეღან ხელი კი მოისვი, მაგრამ სხვა ადგილას, _ გულიანად გაიცინა.
მეც გამეცინა.
_ მითხარი, ორივე რატომ ვნერვიულობთ? _ ვეღარ მოითმინა და მკითხა.
_ ორმილიონიანი შეკითხვაა, _ მივუგე პასუხად და შევბრუნდი, რათა კარადის თავზე შემოდებული ლარნაკებიდან იებისთვის სათანადო ზომის შემერჩია. თან საშუალება მივეცი ბიბის, კარგად შევეთვალიერებინე დაუხატავი, უმაკიაჟო და საშინაო ტანსაცმელში.
იმ დრამატული დღის გარდა, თავზე გაუფრთხილებლად რომ წამომადგა და შოკში ჩამაგდო, არასდროს ვუნახავვარ საშინაო ფორმაში. დახეული ჯინსის შარვალი მეცვა, მოკლე, დათბილული მაისური და ბეწვის ჩუსტები.
_ შენ ჩემს კითხვას არ უპასუხე. _ შეცვლილი ხმით მითხრა.
ღიმილით შემოვბრუნდი მისკენ.
_ რამდენი გაქვს დრო? ცოტა ხანს მაინც დარჩები? _ სიტყვა ბანზე ავუგდე.
_ არსად არ მეჩქარება. _ ამ სიტყვებით სკამი გამოსწია და მაგიდას მიუჯდა, _ რაც უფრო მალე გავარკვევთ ყველაფერს, მით უფრო გემრიელად მივირთმევ შენს კულინარიულ შედევრებს. დღეს უნდა გითხრა, რატომ გაქციე ზურგი რვა წლის წინ და რისი კომპლექსიც მაწუხებდა.
ჩემი ნერვიული ჩაცინება, იებით ხელში აქეთ-იქით ბორიალი და აშკარა დაბნეულობა იმაზე მიანიშნებდა, რომ ვფორიაქობდი. მას ჩემი აღელვება არ გამოჰპარვია.
_ მართალი ხარ, _ ვთქვი ამოოხვრით, ლარნაკი წყლით გავავსე და იები ჩავდე, _ არ ვიცი, საიდან დავიწყო.
_ ოღონდ არ მითხრა, რომ შენც საშინელი საიდუმლოს გამხელას აპირებ. _ ვითომ გაიხუმრა, მაგრამ ისე დავიძაბე, შევკრთი. ისე ავკანკალდი, ლამის მოვიკვნიტე ქვედა ტუჩი და რადგან იები ფანჯრის რაფაზე შემოვდგი, ხელები სად წამეღო, არ ვიცოდი. საკუთარ თმას წავეტანე და თითზე დავიხვიე.
_ შენ ხომ აპირებ საიდუმლოს გამხელას? _ დავაზუსტე, _ ჰოდა, შენვე დაიწყე. _ ძლივს ამოვღერღე სათქმელი.
_ კარგი, დავიწყებ, ოღონდ დაჯექი.
_ ნუთუ ასე სერიოზულადაა საქმე? _ შუბლი შევიჭმუხნე და ცხვირზე წამოკოსებული სათვალე თითით ავიწიე. მან თვალი გააყოლა ჩემს თითს და ისე შემომხედა, მივხვდი, მხოლოდ ახლაღა შეამჩნია, რომ სათვალე მეკეთა.
_ ძალიან მოდური სათვალეა, მაგრამ მაინც სკოლის დროინდელ ელენეს მაგონებ.
_ წამო, სასტუმრო ოთახში გადავიდეთ, უფრო მყუდროდ ვიქნებით. დალევ რამეს? _ დროს ვწელავდი, რომ დავმშვიდებულიყავი.
_ სიამოვნებით, მაგრამ ახლა არა. მირჩევნია, ჯერ ჩემი სათქმელი მოვამთავრო.
_ არც ნამცხვრები წამოვიღოთ?
_ არა. მერე ისევ დავბრუნდეთ… თუ ამის ხასიათზე ვიქნებით.
კანი ამეხორკლა მის სიტყვებზე. განა რა უნდა ეთქვა ისეთი, რომ მისი საიდუმლოს გაგების შემდეგ მასთან ვახშმობის სურვილი გამნელებოდა? უსიამოვნო წინათგრძნობამ დამრია ხელი.
სასტუმრო ოთახში გავედი და დივანზე დავჯექი. ბიბი გვერდით მომიჯდა. მხრით ვეხებოდით ერთმანეთს. ამჯერად აღარ გავიწიე, თუმცა დამფრთხალი მზერით ვიყურებოდი. ბიბი რაღაცნაირად შეირხა, მერე ხელი ჯიბეში ჩაიყო და იქიდან ოთხად გაკეცილი თაბახის ფურცელი ამოიღო. მერე მომუჭული ხელი პირთან მიიტანა და ჩაახველა. მივხვდი, საჭირო სიტყვებს ეძებდა «აღსარების» დასაწყებად.
_ შენთვის იმ საღამოს მინდოდა სიმართლის თქმა, სამსახურიდან რომ დაგირეკე და მოსვლას შეგპირდი, მაგრამ პრობლემების გამო ვეღარ შევძელი თავის გათავისუფლება და ვერ მოვაღწიე აქამდე. შემდეგ უდროო დროს მოვედი, გაუფრთხილებლად და ისეთ ფორმაში გნახე, შენ რომ არ ისურვებდი. დღეს შენ ყველაფერს გაიგებ, მაგრამ იმისთვის, რომ მიხვედრა გაგიადვილდეს, ჯერ ეს ნახე, _ მან თითებში შეათამაშა ფურცელი და გამომიწოდა.
ფურცელი გამოვართვი, გავშალე და დავხედე… რაღაც ნაწერი იყო, მაგრამ ისეთი აბდაუბდა, თავი და ბოლო ვერ გავუგე. უშინაარსობას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ჩაყლაპული ასოები სრულიად უაზროს ხდიდა თითოეულ წინადადებას. გარდა ამისა, ერთ სწორ სტრიქონზე კი არ იყო სიტყვები განლაგებული, არამედ ზიგზაგებად.
_ ეს რა არის? ვისი ნაწერია? მეორეკლასელი ბავშვის? _ გაოცება ვერ დავმალე.
_ არა, ეს მეათეკლასელი ბიჭის ნაწერია. წესით, თავისუფალი თემაა, სათაურით: «ვინ უნდა გამოვიდე».
_ მაგრამ… _ საშინლად დავიბენი, _ მაგრამ ეს მეათეკლასელის ნაწერს არ ჰგავს… დამცინი?
_ არ დაგცინი.
_ აბა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
_ სწორედ ამის ახსნა მინდოდა შენთვის… მე სკოლის პერიოდში დიდი დეფექტი მქონდა… ცოტა ახლაც მაქვს, ბოლომდე ვერ განვიკურნე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სწორედ ამიტომ წავედი.
_ რა დეფექტი? _ გაოცებული მივშტერებოდი. _ ვერაფერი გავიგე.
_ მე დისლექსიით ვიყავი დაავადებული. ამის ნათელი დადასტურებაა ეს ნაწერი, რომელსაც წლებია, ვინახავ.
_ დისლექსია? მატყუებ? ტეტეს არასდროს უთქვამს, რომ დისლექსია გჭირდა.
_ ტეტემ არ იცოდა. არავინ არ იცოდა, არც ერთმა ჩემმა კლასელმა. მასწავლებლებმაც კი არ იცოდნენ. ეგონათ, გონებაჩლუნგი ვიყავი და შეთვისების უნარი არ მქონდა. ჩემმა მშობლებმაც გვიან გაიგეს, როცა დედაჩემს თავისმა თანამშრომელმა უთხრა, რომლის შვილიც ზუსტად ჩემსავით იყო ავად.
_ დისლექსია ავადმყოფობა არ არის. აინშტაინსაც სჭირდა იგი, ლეონარდო და ვინჩისაც…
_ ვიცი, ვიცი. ამბობენ, ჯორჯ ბუშიც იტანჯებოდა დისლექსიით და ტომ კრუზიც ასეთივე დღეშიაო, მაგრამ ეს ჩემთვის შვება ნამდვილად არ არის.
_ მაპატიე, მაგრამ მე ვერაფერს გატყობ… არც სკოლის პერიოდში შემიმჩნევია.
_ იმიტომ, რომ მაშინ ისე ახლოს არ ვიყავით ერთმანეთთან. ახლა კი ისე აღარ მაწუხებს, ვიმკურნალე და დღემდე ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე.
_ და რაში გამოიხატებოდა შენი დეფექტი?
_ იმაში, რომ წესიერად კითხვაც კი არ შემეძლო. დამარცვლით ვკითხულობდი, წერით კი საერთოდ ვერ ვწერდი. ასოებს ვყლაპავდი, წინადადებებს ვერ ვაყალიბებდი წერილობით, გაკვეთილს ვერ ვყვებოდი, დამახსოვრების უნარი საერთოდ არ მქონდა.
_ ნიუ-იორკში იმკურნალე?
_ რა თქმა უნდა, საუკეთესო სპეციალისტებთან, ლოგოპედებთან… ბიძაჩემი თან გადამყვა. შენ არც იცი, რომ სკოლა სამი წლით გვიან დავამთავრე. უფრო სწორად, ატესტატი მომცეს სამი წლის შემდეგ, რადგან გამოცდები ვერ ჩავაბარე. არც ეს იციან ჩემმა მეგობრებმა. მერე დროებით ჩამოვედი ამერიკიდან, გასაუბრება გავიარე ყველა საგანში და მხოლოდ ამის შემდეგ მომცეს დიპლომი. მერე ისევ გავემგზავრე და სწავლა იქ გავაგრძელე… აბა, როგორ მოგწონს?
უკვე აღარ ვიღუშებოდი, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა.
_ დიაგნოზი როგორ დაგიდგინეს?
_ ამ ნაწერის მიხედვით. იმიტომაც ვინახავ.
ისე შემეცოდა, უფრო ახლოს მივიწიე მისკენ და მხარზე მივეკარი.
_ წარმოდგენაც არ მინდა, რა დღეებს გამოივლიდი სკოლის პერიოდში. მაგრამ ახლა ხომ ყველაფერი უკან მოიტოვე. შეხედე, როგორი წარმატებული ხარ, ერთ-ერთი საუკეთესო შენს პროფესიაში.
_ ჰოდა, ამიტომაც ვათენებდი ღამეებს, სანამ რეკლამის პროექტს გავაკეთებდი და პრეზენტაციისთვის მოვემზადებოდი. ქართულად ჯერ კიდევ მიჭირს ტექსტების წერა, ნაწერის წაკითხვა და აღქმა. სამაგიეროდ, ინტუიცია მაქვს კარგად განვითარებული და შინაგანი ალღო ბევრ რამეს მკარნახობს. წარმოიდგინე, ტექსტებს ლამის სამ განზომილებაში ვხედავ, რაც მეხმარება კიდევაც, არაორდინარული იდეები მომივიდეს თავში და მომგებიანი პროექტები განვახორციელო. შენ კი გეგონა, რომ ჩემთვის კარიერა იყო მთავარი. რა თქმა უნდა, კარიერაც მთავარია, მაგრამ არა უმთავრესი. კიევში რომ ვიყავი, ისე მოვეწონე იქ მსხვილი ფირმების წარმომადგენლებს, დარჩენა შემომთავაზეს, კარგ სამსახურს და მაღალ ანაზღაურებას შემპირდნენ. პრინციპში, ჩემთვის მომგებიანი ნამდვილად არის, საქართველოში დიდი გასაქანი ჩემისთანა ადამიანს არა აქვს. მით უფრო, რომ ქვეყანაზე არავის იმედი არა მაქვს. ჩემს მშობლებსაც კი ჩაქნეული ჰქონდათ ჩემზე ხელი, ეგონათ, განუვითარებელი ვიყავი და რომ არა ასაკი, ალბათ გონებაშეზღუდულთა სკოლაში მიკრავდნენ თავს.
_ დედაშენის თანამშრომელი მოგევლინა მხსნელად, არა?
_ და ბიძაჩემი. მან დაიჟინა, მე წავიყვან და ნიუ-იორკში ვუმკურნალებო.
_ კარგი ბიძა გყოლია.
_ მაგარი! ვიმკურნალე, ვისწავლე, როგორ უნდა მებრძოლა ამ დეფექტის წინააღმდეგ და გამომივიდა. მას შემდეგ უკან აღარ გამიხედავს.
_ მიხარია. შენ უნდა იამაყო შენით.
გაოგნებული ვიყავი მოსმენილით. სათქმელს თავს ძლივს ვუყრიდი.
_ ვამაყობ, მაგრამ ერთ რამეს ვნანობ: იდიოტივით მოვიქეცი იმ საღამოს, ტეტეს დაბადების დღეზე და აქამდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს. მაგრამ შემეშინდა. მეგონა, შენ ყველაფერს ხვდებოდი.
_ იმის გამო გაიქეცი, რომ დისლექსია გჭირდა? _ თვალი თვალში გავუყარე.
_ მე შენ ყოველთვის მომწონდი, მაგრამ მერიდებოდა ამის გამოხატვა. ჯერ ერთი, ჩემი მეგობრის და იყავი, მეორეც _ ჩემი გაჭირვება მქონდა, ამიტომ სიახლოვეს არა მარტო შენთან, ყველასთან გავურბოდი. მეგონა, მართლა უნიჭო ვიყავი და განათლებას ვერასდროს მივიღებდი ჩემი ჩამორჩენილი გონების გამო. ვიცოდი, შენ რომ განსხვავვებული იყავი და სხვებს არ ჰგავდი, მაგრამ მაინც გერიდებოდი. მეგონა, შენს ყურადღებას ვერასდროს მივიქცევდი, მაგრამ იმ საღამოს ვიგრძენი, რომ ძალიან ახლოს მოხვედი ჩემთან. თვალებში ცეცხლი გენთო, როცა მელაპარაკებოდი.
_ ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ჩემმა გარეგნობამ კი არა, შენმა დეფექტმა შეგაშინა და იმიტომ მაქციე ზურგი?
ბიბი მთელი ტანით ჩემკენ შემოტრიალდა და გაოცებულმა შემომხედა.
_ საიდან მოიტანე, რომ შენმა გარეგნობამ შემაშინა? რა შუაშია ეგ?
შემცბარმა თითი სათვალისკენ გავიშვირე:
_ ამის გამო… კიდევ კიკინებით რომ დავდიოდი, უცნაურად ვიცვამდი, თმას ბიჭივით ვიკრეჭდი… რა ვიცი, გოგოს არ ვგავდი და…
_ მე ვერ ვამჩნევდი ამეებს, რა სისულელეა.
სიხარულისგან ავმჩატდი, მაგრამ მაინც ფრთხილად გავხედე, რათა დავრწმუნებულიყავი, სანდო იყო თუ არა მისი სიტყვები. მისი ცისფერი თვალები, ახლა ლურჯი რომ გახდომოდა, გულწრფელობისგან ბრწყინავდა.
_ აბა რას ამჩნევდი? _ შევეკითხე და სუნთქვა შევიკარი.
იგი ჩემკენ გადმოიხარა და თითის წვერები მიმოატარა ჩემს სახეზე. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დამიარა.
_ მე ვამჩნევდი საოცარ გოგონას, რომელიც ძმას და მამას უვლიდა, რომელიც თავს არ იზოგავდა, რომ კლასში პირველი ყოფილიყო. და ეს ჭკვიანი, სიმპათიური გოგონა იმ საღამოს ისე მიყურებდა, თითქოს ძალიან ვაინტერესებდი. მისი მახვილგონიერი რეპლიკები გულიანად მაცინებდა და მივხვდი, რომ შენში უკვე იკვეთებოდა იდუმალი ქალის ნიშნები.
_ მაგრამ შენ მაინც წახვედი ჩემგან. _ თვალს არ ვაშორებდი, თითქოს მზერით ვიჭერდი, რომ არ გამქცეოდა.
_ გახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, სანამ კოცნას დაგიპირებდი?
მაგას რა დამავიწყებდა, იმ საღამოს ყველა წვრილმანი დღემდე ზეპირად მახსოვდა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, დავიწყებას ვცდილობდი. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
_ ერთმანეთს მომავლის ოცნებებს ვუზიარებდით.
_ მართალია. ისე შემიყოლია შენთან საუბარმა, კინაღამ წამომცდა ჩემი საიდუმლო. სწორედ იმ დღეებში გავიგეთ, რა მჭირდა და ჯერ კიდევ შოკში ვიყავი. შენ, შენი ჭკუით, მივხვდი, რომ შორს წახვიდოდი, მე კი ჩემი თავი არაფრის მაქნისად მიმაჩნდა. დარწმუნებული ვიყავი, ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი.
გული მომეწურა, როცა ეს მითხრა. ხელები დავუჭირე და შევეხვეწე:
_ ძალიან გთხოვ, მეტი არაფერი თქვა…
_ ნება მომეცი, დავამთავრო! _ ახლა თვითონ დამიჭირა ხელები, _ შენ იმ საღამოს ისეთი ლამაზი იყავი… ბრწყინავდი ბედნიერებისგან. მეც შენთან ერთად ვოცნებობდი, მაგრამ მერე ბიჭები გამოჩნდნენ და მათმა სიცილმა რეალობაში დამაბრუნა… და შემეშინდა, ასე ახლოს რომ მოგიშვი… შენ მეოცნებე იყავი, მე კი ვერაფერს გავაკეთებდი შენთვის. მივხვდი, რომ უნდა მიმეტოვებინე… ამიტომ ავყევი ბიჭებს და მიგატოვე…
გაგრძელება იქნება