მოულოდნელობისგან შევხტი, რადგან მისი ხელი ვიგრძენი ზურგზე. არ ვიცი, როდის მომიახლოვდა, თავგზა მქონდა დაკარგული, მაგრამ როგორც კი შემეხო, ჩემი დამემართა. ცივად შემოვბრუნდი. დროზე უნდა მომეღო ბოლო ამ ტანჯვისთვის.
_ წახვალ! როგორც კი მორიგ მაცდუნებელ წინადადებას მიიღებ, მაშინვე გაიქცევი. სამსახური შენთვის მთელი ცხოვრებაა. მის გარეშე არ შეგიძლია.
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხელით შევაჩერე და გავაგრძელე:
_ თავად აღიარე წეღან. როცა დისლექსიაზე მიყვებოდი, ყველაფერი ნათელი გახდა. კარიერულ კიბეზე ყოველი ახალი საფეხური სისუსტეზე გამარჯვებას ნიშნავს, თავდაჯერებულობას, იმის მტკიცებულებას, ვისაც შენი არ სჯეროდა. მე ეს მესმის, ამიტომაც პატივს გცემ. მაგრამ არ ვარ მზად, ჩემი გული ჩაგაბარო, რათა მერე კიდევ ერთხელ მომაყენო ტკივილი, როცა შენი კარიერული მწვერვალის დასაპყრობად გაიქცევი.
ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მშვიდად მოისმინა ჩემი ტირადა.
_ როგორ ფიქრობ, ჩემი ნაკლის შესახებ რატომ მოგიყევი?
ფრთხილი მზერა ვესროლე. თუ დავუფიქრდებოდი, მას შეეძლო არაფერი ეთქვა თავის წარსულზე, მით უფრო, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რაც ჩვენ შორის ბოლო ხანს ხდებოდა.
_ არ ვიცი.
მან ხელები ჯიბიდან ამოიღო და ჰაერში ასწია. ეს იყო ჟესტი, არაფერს ვმალავო.
_ იმიტომ, რომ გენდობი. ბოლო დროს მეც ბევრს ვფიქრობდი ჩემს სამუშაოსადმი ფანატიკურ დამოკიდებულებაზე და მივხვდი, რაც უფრო მეტად ვეფლობი მუშაობაში, მით უფრო მიმსუბუქდება ფიქრი პრობლემაზე, იმის ნაცვლად, რომ მის გადაჭრაზე ვიფიქრო. მე ყველაფერი მოგიყევი და შენ გამიგე, მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ. მეგონა, სულიერი მეგობარი ვიპოვე. თუკი შენი გრძნობა ჩემი გრძნობის ნახევარს მაინც უდრის, ვფიქრობ, ბრძოლის გაგრძელება ღირს.
მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი. ცრემლები ღაპაღუპით დამედინა ღაწვებზე. თვალები ისე დამებინდა, იძულებული გავხდი, სათვალე მომეხსნა.
_ ელ, საყვარელო…
სანამ გონს მოვეგებოდი, ხელი მომხვია, მკერდზე მიმიკრა და ჩამიხუტა. თავი მის მკერდში ჩავმალე და ცრემლებს გზა მივეცი. ასე თავისუფლად არასდროს მიტირია. ასეთი თავისუფლება ჩემს ცრემლებს აქამდე არ უგრძნიათ. ბიბი თმაზე ხელს მისვამდა, მეფერებოდა და ჩურჩულით მაწყნარებდა.
როცა, ბოლოს და ბოლოს, თავი ავწიე, გაოცება გამოეხატა თვალებზე. ალბათ ნამტირალევს სახე მქონდა დასივებული.
_ ნუ მიყურებ, ალბათ შემაშინებლად გამოვიყურები.
_ შენ გამოიყურები, როგორც ქალი, რომელიც მიყვარს.
თავი გავითავისუფლე მისი მკლავებისგან და განზე გავდექი.
_ მე არ ვარ ის ქალი და ამას ახლა ორივენი ვხვდებით. შენ მხიარული ხარ, ენერგიული, ურთიერთობის მოყვარული, მე კი მორცხვი, ჩაკეტილი. შენ სულ მოძრაობაში ხარ, მე კი სახლიდან გასვლა მეზარება. შენთვის პირველ ადგილზე სამსახურია, ჩემთვის…
_ დამშვიდდი… _ თითი ტუჩზე მომადო, _ სწორედ ამაზე მინდოდა შენთან მესაუბრა. კიევში მართლა კარგი სამსახური შემომთავაზეს, ბინასაც შემპირდნენ და კომფორტსაც, მაგრამ არ დავრჩი, იმიტომ, რომ შენთან მინდა ყოფნა. ჯანდაბამდის გზა ჰქონია კარიერას, შენს სიახლოვეს თუ არ ვიქნები. არსებობს ბიზნესზე უფრო მნიშვნელოვანი რამეც და ეს «რამე» შენ ხარ.
შევყოყმანდი. ნუთუ მართალს ამბობს? ნუთუ ასე ვუყვარვარ? დავიჯერო, რომ ჩემ გამო უარი თქვა ბრწყინვალე მომავალზე?
_ მე მიყვარს შენი მგრძნობიარობა და სითბო, შენი ჩაცმულობა, ეს სათვალეც, ეს დახეული ჯინსიც, აფუებული და გაპუწული თმაც, უფორმო მაისურიც და ცრემლებიც. მე შენ მიყვარხარ ახლა და მეყვარები ყოველთვის, ღრმა სიბერემდე, როცა ჭაღარა, კუზიანი, უკბილო და ნაოჭებით დახუნძლული იქნები. როგორ მოგწონს ჩემი აღიარება? მადლობა, რომ მომისმინე. _ სხაპასხუპით მომაყარა.
მეგონა, გული შუაზე გასკდებოდა ბედნიერებისა და ამ გიჟი, გადარეული მამაკაცის სიყვარულისგან, მამაკაცისა, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე ნაზი გრძნობები გამიღვიძა.
ნეტავ რას ვუცდი? რატომ ახლავე არ ჩამოვეკიდები ყელზე?
_ დარწმუნებული ხარ, რომ ამდენ წელს გამიძლებ? _ ეშმაკურად შევხედე.
_ ასი პროცენტით. _ მიპასუხა და ჩემი ირიბი თანხმობით გახარებულმა მთელი სახე დამიკოცნა. სულშეგუბული მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი _ ეს კოცნა არასდროს დამთავრებულიყო.
_ ესე იგი, კუზიანიც გეყვარები?
_ ჩემგან თავს მაშინაც ვერ დააღწევ, როცა ჩვენი კბილების პროთეზები საწოლის თავთან, ჭიქაში იდება.
_ რა რომანტიკულია!
ორივეს გაგვეცინა.
_ მე მგონი, ელენე კოკაია ცუდად არ ჟღერს, რას იტყვი?
_ ეს ოფიციალური წინადადებაა? _ ისევ ეშმაკურად შევხედე.
_ პირველი ოფიციალური წინადადება ჩემს ცხოვრებაში.
ღმერთო, როგორ მიხურდა სხეული. მე უნდა გავთხოვილიყავი. ეს იმდენად დაუჯერებლი იყო, თავი სიზმარში მეგონა.
_ იცი რა? ისე მომშივდა, ახლა პასუხის გაცემას გემრიელად ვახშმობა მირჩევნია. ხომ არ მივუსხდეთ სუფრას? დიდი ხანია, გაშლილია და გველოდება. ვიცი, რომ შენ ჩემზე მეტად გშია, მამაკაცის გულის გზა ხომ კუჭზე გადის.
_ ჩემი გულის გზა შენზე გადის, თუმცა არც ჭამაზე ვიტყოდი ამწუთას უარს!
ვუყურებდი ბიბის და ვგრძნობდი, რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი დაცული, სასურველი, ვიღაცისთვის ასე საჭირო და საყვარელი. ის მთელი ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი მომავალი, ჩემი ოცნება…
ეპილოგისმაგვარი
_ ელ, დესერტი შემოვიტანოთო? ოფიციანტები მეკითხებიან.
გაბრწყინებული თვალებით შევაქცერდი ჩემს ქმარს, თავზე რომ წამომდგომოდა და ღიმილით დავუქნიე თავი, შემოიტანონ-მეთქი.
_ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი შენ მოაწყვე. საკუთარ ქორწილში იდიზაინერო, ალბათ ადვილი საქმე არ არის, არა? _ მეგიმ ხელი გადამხვია და დარბაზს გადახედა.
_ ეს ჩემი პროფესიაა.
_ სამსახური სამსახურია, მაგრამ შეგეძლო, სხვისთვის დაგევალებინა.
_ მე და ბიბიმ ასე გადავწყვიტეთ.
_ სენტიმენტალური წყვილი ხართ, _ ჩაერთო საუბარში კატო, როგორც კი ბიბი დაბრუნდა, _ მაინტერესებს, რას მოიფიქრებთ ქორწინების მეათე წლისთავზე. დღეს შენ საოცრება მოახდინე.
_ ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული აღმოჩნდა. _ გადავიკისკისე.
_ შეიძლება ცოტა ხნით მოგტაცოთ ჩემი მეუღლე? _ ბიბი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.
_ მაგას ვინ დაგიშლის, ჩემო ბიბი! _ გაშალა ხელები ლილიმ, თითქოს ნებას რთავსო, _ წაიყვანე, სადაც გინდა.
აივანზე გავედით. ეს ის კაფე იყო, სადაც პირველად ვივახშმეთ ერთად. გადავწყვიტეთ, სწორედ აქ გაგვემართა ჩვენი ქორწილი, მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი.
_ ამ კაბაში შეუდარებელი ხარ, თუმცა მე ყველანაირ ფორმაში მომწონხარ.
_ ძველმანებშიც კი?
_ ძველმანებშიც კი.
_ სათვალითაც?
_ სათვალითაც.
_ შიშველიც?
_ აი, ეგ კი ყველაზე მეტად მომწონს. _ წამოიძახა და ხელები წელზე მომხვია.
_ შენ არაჩვეულებრივად შეასრულე შენი როლი ჩემს პიესაში.
_ რომელში? ძველში თუ ახალში?
_ ჯერ ძველში, ახლა კი ახალში. შესაშური სიძე ხარ და არაჩვეულებრივად გამოგდის ეს როლი. _ სიცილი ვერ შევიკავე.
_ მთავარი როლი, ამის თქმა არ დაგავიწყდეს ხოლმე და იცოდე, რომ ამ როლიდან ვერასდროს ვერავინ მომხსნის.
თვალებით მივეფერე. ჩემზე ბედნიერი ამწუთას ქალი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე.
_ გახსოვს, აქ გეგმებს რომ ვაწყობდით და ჩვენს ოცნებებზე ვსაუბრობდით? _ ბიბიმ დარბაზისკენ გაიხედა, იმ მაგიდისკენ, სადაც წლების შემდეგ ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა.
_ მაგის დავიწყება როგორ შემეძლო?
_ ჰოდა, მინდა იცოდე, რომ ახლა, როცა შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა ოცნებებმა რეალურად შეისხა ფრთები. _ ბიბი დაიხარა და ტუჩებში მაკოცა.
ისე შევერიე მისი კოცნის სინაზეს, როგორც ზღვაში ჩავარდნილი წვიმის წვეთი, წამიერ შადრევანს რომ ქმნის ტალღაზე დაცემისას…
დასასრული