მონიკა ბელუჩი The Sunday Times Style- ის უახლესი ნომრის გარეკანის ვარსკვლავია, სადაც მან დაბერებაზე, გარეგნობის შენარჩუნებასა და ასაკის მიღებაზე ისაუბრა.
57 წლის ასაკში იტალიელ ლამაზმანს დაბერების არ ეშინია, პირიქით, ამბობს, რომ ამ გარდაუვალ პროცესს ეგუება.
“დამიჯერეთ, წლები არაფერია. პირველი შვილი რომ გავაჩინე 40 წლის ვიყავი, მეორეზე – 45-ის. “ჯეიმს ბონდში” 50 წლისამ ვითამაშე და არაფრის გულისთვის არ მსურდა, ისევ 20 წლის ვყოფილიყავი. კი, ახალგაზრდობაში გაქვს საოცარი სილამაზე, როგორც ფრანგები იტყვიან, ეშმაკის სილამაზე – სილამაზე, რომელსაც ვერ აცნობიერებ, მაგრამ როცა 50 წლის ხარ, შენში იბადება სულ სხვა სილამაზე და ის საოცარ ძალას გმატებს. დამიჯერეთ, ეს ძალა საერთოდ არ არის დამოკიდებული გარეგან სილამაზეზე. ამიტომაც დატკბით ცხოვრებით, თითოეული წუთით და წამით და დაიჯერეთ, რომ სამყარო მშვენიერია”.

გარეგნობაზე კომენტარის გაკეთებისას მან გაამხილა, რომ თავს არიდებს მკაცრ ვარჯიშსა და დიეტებს და უპირატესობას ანიჭებს ღვინოს, მაკარონს და ხანდახან „პილატესის“ ვარჯიშებს.
"არასდროს ვყოფილვარ ძალიან გამხდარი, ეს ჩემი ბუნებაა. და მინდა მშვიდად დავბერდე“, - თქვა მსახიობმა.
ბელუჩიმ ასევე ისაუბრა ქალიშვილებსა და ყოფილ ქმართან, ვენსან კასელთან ურთიერთობაზე, რომელსაც 2013 წელს დაშორდა:
„დიდი ხანია, რაც დაშორებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად, როდესაც მშობელი ხარ, მთელი ცხოვრება მშობელი ხარ“, - თქვა მან.

მონიკა ბელუჩი
მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიურ სოფელ ციტა დი კასტელოში, ბრუნელა ბრიგანტისა და პასკუალ ბელუჩის ოჯახში.
ბელუჩის ოჯახი ეთნიკურად ალბანური წარმომავლობისაა. ალბანელები იტალიაში მე-15 საუკუნიდან ცხოვრობენ.
მამას უყვარს ქალიშვილზე ლაპარაკი და მისი ადრეული წლების გახსენება. მისი თქით, მონიკა ისეთი ლამაზი იყო, რომ რესტორნის შეფმა ერთხელ უარი თქვა მათგან ფულის აღებაზე. მასწავლებლები აღფრთოვანებული იყვნენ მისი სილამაზით და ერთ-ერთმა მათგანმა გოგონას პორტრეტიც კი დახატა.
მონიკა ბელუჩის უყვარდა მშობლებთან დროის გატარება და სხვა ბავშვებთან ერთად თამაშს ყოველთვის თავს არიდებდა. მომავალმა ვარსკვლავმა სწავლა და წიგნების კითხვა ამჯობინა და მალევე მზად იყო იურიდიული სკოლის სტუდენტი გამხდარიყო. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი გაემგზავრა პერუჯის უნივერსიტეტში შემდგომი განათლების მისაღებად.