ამბავი სიჩუმიდან: მარია კალასის გამოუქვეყნებელი წერილი - Marao

ამბავი სიჩუმიდან: მარია კალასის გამოუქვეყნებელი წერილი

2025-05-05 12:13:04+04:00

ლინდსი სპენსის ახალი ბიოგრაფიის თანახმად , რომელშიც მარია კალასის აქამდე უცნობი წერილებია მოცემული, ცნობილ ბერძენ სოპრანოს არასდროს უგრძნია ნამდვილი სიყვარული სცენის მიღმა.

„არ მინდა, რომ ონასისმა დამირეკოს და ისევ მაწამოს..."

პირველ ქმართან ქორწინებისას კალასი სასოწარკვეთილებაში იყო: „ჩემი ქმარი ისევ მაწუხებს... ქორწინებიდან მოყოლებული ყველაფერი მის სახელზეა. ჩემი ფულის ნახევარზე მეტი წამართვა... სულელი ვიყავი, რომ ვენდობოდი“. 

ბიოგრაფიული წიგნი მოიცავს სიმართლეს კალასის ევროპაში გატარებული საშინელი ბავშვობის შესახებ. კალასი განაწყენებული იყო დედაზე, რომელიც ომის დროს მეძავად მუშაობდა.

maria

მოგვიანებით, კალასის დედამ პრესას ისტორიები მიჰყიდა და ქალიშვილს აშანტაჟებდა:  „იცი, რას აკეთებენ მოკრძალებული წარმოშობის კინომსახიობები, როგორც კი მდიდრდებიან? პირველ თვეში ისინი ფულს ხარჯავენ მშობლებისთვის და ფუფუნების საგნებით ანებივრებენ... რა გაქვს სათქმელი, მარია?“

"ის რომ ჩემთვის ნამდვილი დედა ყოფილიყო, აუცილებლად გავუფრთხილდებოდი. მშობლების ეგოიზმი და ჩემს მიმართ გულგრილობა მომბეზრდა... აღარ მინდა ურთიერთობა. იმედი მაქვს, გაზეთები ამას არ გააშუქებენ“, - ამბობდა კალასი. 

  • შანტაჟი დედისგან, სექსუალური ძალადობა და წონის პრობლემა - მარია კალასის ცხოვრების უცნობი დეტალები

მარია კალასის უკანასკნელი წერილი არისტოტელე ონასისს

"შენ არ გჯეროდა, რომ შემიძლია სიყვარულის გამო მოვკვდე. იცოდე: მე მოვკვდი. სამყარო დაყრუვდა. ვეღარ ვმღერი. არა, შენ ამას წაიკითხავ, მე გაიძულებ. ყველგან ჩემს გამქრალ ხმას გაიგონებ, ძილშიც კი, ჭკუიდან შეგშლის და დანებდები, რადგან მას ნებისმიერი ციხე-სიმაგრის აღება შეუძლია. ის ჩემს ნაცვლად იძიებს შურს. მას ათასობით, ათიათასობით ადამიანი ნებდებოდა…

მან უკან დაიხია შენი დათვის ყურის წინაშე, მაგრამ რევანშს აიღებს. არა, შენ ვერ მოსწყდები. ბოლომდე შესვამ დარდისგან გაშეშებული ხმის აღსარებას, ხმის, რომელმაც უარი განაცხადა სახალხოდ გადაყლაპოს წყენა, რომელმაც წარმოუდგენლად ჩათვალა, რომ მიტოვებულია. ის ყოვლისშემძლე იყო, არი, ამიტომაც – ამაყი. არი, მან ვერ გადაიტანა შენი ალიყურით დამცირება. მან უკან დაიხია, მაგრამ იცოდე – მოსვენებას არ მოგცემს. შურს იძიებს ჩემს გამო, საქვეყნოდ თავის მოჭრისთვის, მარტოობისთვის და ბავშვის გარეშე დატოვებისთვის, რომელიც ასე გვიან მაჩუქა ღმერთმა და რომლის მოკვლაც შენ, არი, შენ მაიძულე!…

ახლა ჩემს თავს ვეკითხები: რატომ იყავი შენ ჩემთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ის?! შენ, რომელსაც ჩემს სპექტაკლებზე დასწრებაც კი არ გსურდა, რომელიც დამცინოდა იმის გამო, რომ საკუთარი ჩანაწერების მოსმენა მიყვარდა! შენ, რომელსაც საერთოდ არ გაინტერესებდა ჩემი ცხოვრება, დაგეზარა ჩემი დებიუტის ჩანაწერის მოსმენა არენა დი ვერონადან, როდესაც 25 ათასი მაყურებელი სამსაათნახევარის განმავლობაში, აღფრთოვანებისგან გაგიჟებული, ჩემთან ერთად ტაქტში სუნთქავდა……

მე ვეკითხები საკუთარ თავს, როგორ გემორჩილებოდი, როგორ მოხდა, რომ ჩემი განკარგვის ნება მოგეცი, მორჩილად ვიხსნიდი სპექტაკლის წინ ლინზებს – ლინზებს, რომლების გარეშეც ვერაფერს ვხედავდი! – ოღონდ შენი გული მომეგო? გახსოვს გარიჟრაჟი იახტაზე – იასამნისფერი გარიჟრაჟი, როდესაც პეშვებიდან მწკლარტე ბერძნულ ღვინოს მასმევდი? მაშინ მითხარი, რომ ამაზე უკეთესი წუთები არ გახსოვს. ღმერთო, რა საბრალო ხარ. იმაზე გაცილებით დიდი სიყვარული მქონია, ვიდრე შენ მე მომეცი. სამყაროში იყო ჩემი ხმა – ხმა, რომელსაც ყველა ღვთაებრივს უწოდებდა და რომელსაც შენ კევის ზანტად ღეჭვისას უსმენდი…”…

მარია კალასი

მარია კალასი დაიბადა ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში. 1936 წელს მარიას დედა – ევანგელია, ბრუნდება ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად. 14 წლის ასაკში მარია სწავლას იწყებს ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით.

  • ”არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო, რადგან ეს ძალიან პირადულია. ჩვენს შორის ნამდვილად არის მსგავსება" - ანჯელინა ჯოლი მარია კალასის შესახებ 

1941 წლის ივლისში, გერმანელების მიერ ოკუპირებულ ათენში შედგა მარია კალასის დებიუტი ათენის ოპერის თეატრში ტოსკას პარტიაში.

1945 წელს მარია კალასი დაბრუნდა ნიუ–იორკში. დაიწყო წარუმატებლობები: იგი არ გააცნეს არტურო ტოსკანინის, სიმსუქნის გამო უარი თქვა მეტროპოლიტენ–ოპერაში ჩიო–ჩიო–სანის პარტიის შესრულებაზე, ჩიკაგოში ჩაიშალა "ლირიკული ოპერის" აღორძინება, სადაც იგი იმედოვნებდა მონაწილეობას.

  • ბერძნული ტრაგედია, ანუ მარია კალასის, არისტოტელე ონასისისა და ჟაკლინ კენედის სკანდალური სასიყვარულო სამკუთხედი 

მომღერალს პრობლემებს ჭარბი წონაც უქმნიდა, რის გამოც იგი ხშირად ხდებოდა ბულინგის სამიზნე. კარიერის დაწყებიდან ათი წლის შემდეგ, როცა უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო, კალასმა საბოლოოდ იზრუნა საკუთარ თავზე და წონაში დაიკლო. წონაზე ხუმრობები დავიწყებას მიეცა – ჭარბი წონის მოშორებამ მარია ნამდვილ ლამაზმანად აქცია, მაგრამ საოპერო ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეებს არ აინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ვარსკვლავი. ისინი მოხიბლული იყვნენ კალასის ხმით, რომელსაც სხვადასხვა სპექტაკლში შეეძლო პარტიების შესრულება სხვადასხვა ხმით.