ვიღაცები მომდევდნენ. ეს აშკარა იყო. სუსხიანმა შიშმა თითქოს ყელი გამიცივა. ისე მინდოდა დახველება, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ პირმომუწული თავს ვიკავებდი. ასე მეგონა, დახველების ხმაზე უცნობები უფრო ადვილად დამეწეოდნენ. არა, ამ გზით არ უნდა წამოვსულიყავი. რა ჩერჩეტი ვარ. ვითომ გზას მოვჭრი-მეთქი. პირველი შემთხვევა იყო, როცა ფეხით გადავწყვიტე შინ დაბრუნება. გასეირნება მომინდა. თან მომწონდა ეს ჩაბნელებული, მყუდრო ხეივანი, კორპუსებს შორის რომ გადიოდა. თუმცა იმდენად შორს იდგა კორპუსები ამ ლამის საცალფეხო, მოხრეშილი ბილიკისგან, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი ამ შეღამებულზე აქ გავლას არ გადაწყვეტდა. მე კი, თითქოს ყველაზე გულადი ვყოფილიყავი, მაინც ეს გზა ავირჩიე. თავს იმით ვიიმედებდი, თბილისში ასეთი რამეები არ ხდება, ქუჩაში ადამიანებს თავს არ ესხმიან-მეთქი. თურმე ვცდებოდი. შეშინებული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. ერთადერთი, რაც ჩემს მზერას წარამარა ეხლებოდა, ახლად შეფოთლილი ხეები იყო, რადგან გაზაფხული იდგა. მანძილი რატომღაც გაიწელა. რას ვიფიქრებდი, მუსიკის მასწავლებლიდან ჩემს სახლამდე ასე შორი გზა თუ იქნებოდა?
ჩემი წაბლისფერში გარდამავალი ოქროსფერი კულულები შუბლზე მცემდა, ლამაზი მწვანე თვალები კი აგრძელებდნენ შეშინებული მზერის აქეთ-იქით მიმოტარებას. თითქოს ჯინაზე, ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა, ცარიელი იყო არემარე. ერთი გამვლელიც კი არ ჩანდა სიახლოვეს! ჟაკეტი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. ხელჩანთა მხარზე მქონდა გადაკიდებული, ნოტების ჩასადები კი მკერდზე მიხუტებული, თითქოს მხოლოდ მას შეეძლო ჩემი დაცვა. სულელი, სულელი, სულელი გოგო! ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინე და პირობას ვდებ, ამ გზაზე შეღამებულზე არასდროს გამოვივლი.
ხრეშს ჩემს ფეხქვეშ ხრაშახრუში გაუდიოდა. თან ისე ვიყავი ჩაცმული, ერთი კვარტალის მოშორებით შემატყობდა ადამიანი, რა შეძლების ოჯახიდანაც ვიყავი… ნაბიჯები ჩემს ზურგს უკან უფრო აჩქარებული გახდა.
ორნი არიან! _ გავიფიქრე, როცა ნაბიჯების ხმას მივაყურადე და პანიკამ მომიცვა. მდევართაგან ერთი უფრო მძიმედ მოაბიჯებდა, მეორე _ შედარებით მსუბუქად. კუთხეში როგორც კი შევუხვიე, წამით უკან მივიხედე და გულში უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი _ დავინახე ისინი _ ორი უგვანო მოძალადე. წინ კი ჯერაც ვიწრო შესახვევები და უმოქმედო ქარხნის ჩაბნელებული შენობა მელოდა. კიდევ უფრო ავუჩქარე ფეხს. ცოტა მოშორებით გარაჟი გამოჩნდა. ნეტავ ღია იყოს, ნეტავ იქნებოდეს ვინმე! სწორედ იქითკენ გავეშურე, მიუხედავად იმისა, რომ ამით გზას უფრო ვიგრძელებდი. მაგრამ უცნობების ნაბიჯების ხმა თანდათან ახლოვდებოდა. აშკარა იყო, უკვე სირბილზე გადავიდნენ. მოვასწრებ კი გარაჟამდე მირბენას?
ვერა, ვერ მოვასწარი. ჩემმა შეყვირებამ გარემო შეძრა. რომელიღაცა მკლავში მწვდა და ჩემი ხელჩანთა ჩამოქაჩა.
_ არა, არა! _ რაც ძალი და ღონე მქონდა, ავკივლდი, მაგრამ ვინ გაიგონებდა ჩემს ხმას? ახლა უკვე ორივეს კარგად ვხედავდი. ერთი მაღალი და გამხდარი იყო, მეორე _ დაბალი და მსუქანი. მაღალმა ჩემი ჩანთა ისეთი ძალით დაქაჩა, რომ სახელური მოსწყდა. შევქანდი, თავი ვერ შევიკავე და დავბარბაცდი. მკერდზე მიხუტებული სანოტე ჩანთა ხელიდან გამივარდა და ჩემი ეტიუდ-სონატა-პრელუდიები მიწაზე მიმოიფანტა. ამ დროს მეორემაც ჩამავლო ხელი და სადაც მეტი სიბნელე იყო, იქითკენ გამათრია. ცალი ფეხსაცმელი გამძვრა. ნეტავ ეს დებილური ფეხსაცმელი არ ჩამეცვა! ისე გამისრიალდა ფეხი, ლამის კოჭი მოვიტეხე. რას არ მივცემდი, ოღონდ კი ჩემი ბოტასი მცმოდა. თუ გაქცევას მოვახერხებდი, ბოტასით ისე გავქანდებოდი, ჯარი ვერ დამეწეოდა. მაგრამ, აბა?
_ ხელი გამიშვი, შე თავხედო! _ გაცეცხლებულმა ვიყვირე. რატომღაც, შიშმა უცებ გამიარა. მთელი ძალით ვუწევდი წინააღმდეგობას ყურებამდე გაკრეჭილ დაბალსა და მსუქანს.
_ ხმა ჩაიკმინდე, პეპელა! _ ახორხოცდა მაღალი და გამხდარი და მხრებში ჩამაფრინდა, _ ჩანთა მომეცი, გიკო! _ ცალი ხელი შემიშვა და მეორისკენ გაიშვირა.
_ გამიშვი! _ ისევ ვიყვირე გამწარებულმა.
_ ნუ ღრიალებ, შენი დედაც! _ შემაგინა დაბალმა, _ ვიცი, ვინც ხარ. ეგ ჩანთა ფულით გექნება გამოტენილი. რაღად გინდა? ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე შენ. მამაშენი კიდევ მოგცემს, სახლში რომ მიხვალ! შენთვის არავის უსწავლებია, რომ რაც გაქვს, სხვასაც უნდა გაუნაწილო?
_ აბა რა, ჩვენ ხომ მდიდრები არ ვართ! _ მხარი აუბა მაღალმა.
_ ვაუ! _ წამოიძახა ამ დროს გამხდარმა და ჩემი ჩანთიდან ფული დააძრო, _ შეხედე, გიკო! ორმოცდაათი ლარია! მაგარია! _ ათლარიანები ხელში კარტივით გაშალა, საფულე კი მხარს უკან მოისროლა. მერე ისევ ჩემს ჩანთაში დაიწყო ხელის ფათური.
ისევ პანიკამ მომიცვა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ფულს, მაგრამ მე რას მიპირებენ? ვაითუ გამაუპატიურონ! ასე უმწეოდ და დაუცველად თავი ჯერ არ მიგრძნია. თვალები ცრემლით ამევსო. ვიცოდი, აუცილებლად იხმარდნენ ჩემზე ძალას, აქედან ისე არ გამიშვებდნენ. ვინ იცის, იქნებ ამასაც არ დასჯერდნენ და მომკლან კიდევაც? არა, სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა… არც გაუპატიურება. კიდევ უფრო გავაქტიურდი, უაზროდ ვიქნევდი ხელებს, რომ როგორმე მოძალადეს დავსხლტომოდი, მაგრამ ამან უარესი შედეგი გამოიღო _ რაღაცას წამოვკარი ფეხი და მიწაზე გავიშოტე. თითქოს ამას ელოდებოდნენო, ორივე დაიხარა, დაბალი და მსუქანი კი ლამის ზედ დამემხო.
_ რა ხდება აქ? _ მოულოდნელად ბნელი კუთხიდან ვიღაცის ბარიტონი გაისმა.
ბიჭები უეცრად შედრკნენ, მაშინვე წამოხტნენ და თავები იქითკენ მიაბრუნეს, საიდანაც ხმა მოისმა. შორიდანაც კი შევამჩნიე, რომ ფიგურა, სიბნელეს რომ გამოეყო, კარგი აღნაგობის იყო. როცა უფრო ახლოს მოვიდა, უკვე კარგად გავარჩიე ახოვანი შავთმიანი ბიჭი, რომელსაც გრძელმკლავიანი თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. ამასობაში მოულოდნელი მხსნელი ისე ახლოს მოვიდა, რომ მისი სახის შეთვალიერებაც შემეძლო _ შავთმიან ბიჭს თვალებიც შავი ჰქონდა, დიდრონი, უძირო და მოელვარე. კიდევ უფრო მომეწონა.
_ მაქს, შენ ხარ? _ შესძახა დაბალმა, თან ორივე ხელი რატომღაც მაღლა ასწია, თითქოს ნებდებაო, _ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა.
ბიჭმა, რომელსაც მაქსი ერქვა, ჯერ ირგვლივ მიმოფანტული ნოტების ფურცლები შეათვალიერა, მერე კი მზერა ჩემზე გადმოიტანა.
_ კარგად ხარ, პატარავ? _ ხავერდოვანი ხმით მკითხა.
როგორც კი ვიგრძენი, რომ საშიშროებამ ასე თუ ისე გაიარა, ავღრიალდი და ცრემლებს თავისუფლება ვაჩუქე.
_ კი, _ მივუგე აცრემლებულმა და ჩემი ნახევრად ჩახნილი ბლუზის ღილების შეკვრას შევუდექი. ვერც ვიგრძენი, ეს ღილები როდის ჩამიხსნა მსუქანმა.
ძლივძლივობით წამოვდექი.
_ მაშინ მოდი აქ, _ თავისთან მიმიხმო მაქსმა, _ ნუ გეშინია, ეგენი აწი ხელს ვერ გახლებენ.
ის იყო, მივუახლოვდი, რომ უეცრად წინ მკვეთრად გახტა, ხელი გაიქნია და ისეთი ლეწა სახეში დაბალსა და მსუქანს, რომ ეს უკანასკნელი მიწაზე გაიშხლართა. მეგონა, სული განუტევა, რადგან რამდენიმე წამი არ განძრეულა. მაქსს ბევრი არ უფიქრია, პირველს დაარტყა თუ არა, ელვის უსწრაფესად მეორისკენ შეტრიალდა. იმან უკან გაწევა დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო და მეორედ მოქნეული მუშტი მას მოხვდა.
_ რისთვის, ტოო! _ სწორედ ამ დროს წამოიწია პირველმა, სულგანტევებული რომ მეგონა.
მაქსმა არ უპასუხა. მომიახლოვდა და ღიმილით მითხრა:
_ იმედია, ცოტათი გამოგიკეთდა ხასიათი. ჰა, რას იტყვი? _ და ჩაიცინა.
_ დიდი მადლობა, _ ჩავილაპარაკე. მძიმედ და გახშირებულად ვსუნთქავდი, თან ჩემს დაცარიელებულ ჩანთას მძლავრად ვუჭერდი ხელს. ჩემი მხსნელი ერთობ სიმპათიურად გამოიყურებოდა. ახლაღა შევამჩნიე მის მაისურზე ზეთიანი ლაქები. ნუთუ იმ გარაჟში მომუშავე ხელოსანია? _ ესღა გავიფიქრე. სქელი, ლამაზი, გამოკვეთილი ტუჩები კვლავ ღიმილად დაიღვარა.
_ არაფრის. გიკო და რამზო ჩემი `დიდად საყვარელი მეზობლები~ არიან. ფული აგწაპნეს?
_ არც ისე ბევრი… რას დავეძებ… _ ვთქვი და მიწაზე გართხმულ მოძალადეებს გავხედე, _ დაიტოვონ, აწი ერთ თეთრსაც არ ჩავიდებ ჩანთაში.
მაქსმა ისევ გაიცინა და ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ჯერ კარგად შემათვალიერა, მერე თავისი `დიდად საყვარელი მეზობლისკენ~ დაიხარა, მუჭში ჩაბღუჯული ფული აართვა და ჰაერში შეათამაშა.
_ დაივიწყე ეგ მაყუთი, რამზო! _ მკაცრი ტონით წარმოთქვა, _ პატარა გოგოებზე თავდასხმისთვის ფულს არავის უხდიან. გაბედე და ერთხელაც შემოყავი ცხვირი ჩემს უბანში, ნახავ, რაც მოგივა. მაგ ცხვირს ზედ წარბებამდე აგაჭრი. გაიგონე?
რამზომ მტირალა ბავშვივით დაიქსუტუნა.
_ გავიგონე… აქაურობას ახლოსაც არ გავეკარები, ძმაო! _ ხმაც შეშინებული გაუხდა და სახეც, _ იმედია, ბიძაშენს არ ეტყვი ამ ამბავს.
_ მეტი საქმე არა აქვს მამიას, შენზე ხელი გაისვაროს, _ კოპები შეიკრა მაქსმა, _ თქვენნაირი ლიფსიტები მას არ აინტერესებს. ახლა კი დაახვიეთ აქედან!
ამის თქმა და ორივე გიჟივით წამოხტა. მაღალმა ერთი გამომხედა და ტყვიანაკრავივით მოსწყდა ადგილს. მეორეც ეგრევე უკან მიჰყვა.
შევრჩით მე და მაქსი ერთმანეთს. მას ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და ინტერესით მათვალიერებდა. ჯერ ჩემს ჟაკეტს შეავლო თვალი, მერე ხელში ჩაბღუჯულ ჩანთას, შემდეგ მზერა კვლავ სახეზე გადმოიტანა და ჩემს საყურეს დააკვდა _ ნამდვილი ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი რომ ბზინავდა. რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი. არ ვიცი, ჩემი სიგამხდრე მოეწონა თუ არა, სამაგიეროდ თმას ისე შეავლო მზერა, სახეზე აშკარა კმაყოფილება აღებეჭდა. ცოტა არ იყოს, მესიამოვნა. ჩემი ჟღალი თმა ხომ ჩემი კოზირი იყო _ უფრო მეტიც, _ ჯოკერი, რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი. ნეტავ ჩემი თვალების ფერი თუ შეამჩნია? ალბათ კი. აბა, მე როგორ შევამჩნიე, რომ მას შავი თვალები ჰქონდა? იქნებ არცა აქვს შავი და მე მომეჩვენა ამ სიბნელეში?
_ მამაცი ყოფილხარ… _ თქვა ბოლოს.
ნასიამოვნებმა თვალები დავხარე.
_ აქეთ როგორ მოხვდი? არასაჭირო დროს არასაჭირო ადგილას აღმოჩნდი?
_ ზუსტად, _ დავეთანხმე და წინ ჩამოშლილი თმა თავის გაქნევით მხრებს უკან გადავისროლე, _ ხვალიდან კარატეზე დავიწყებ სიარულს. ტყუილად ვხარჯავ დროს მუსიკის შესასწავლად.
მაქსს გაეცინა.
_ რა გქვია?
_ გაბრიელა, მაგრამ ყველა გაბის მეძახის. გაბი გაბელაია.
_ ვაა, მეგრელი ხარ? თუ გურული?… ოღონდ არ მითხრა, გურული ვარო, თორემ გამიტყდება.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ თხაზე გადაცვლილ მეგრელებს არ ვწყალობ, _ მიპასუხა და კვლავ გაიცინა.
მეც გამეცინა.
_ არა, გურული არ ვარ, მეგრელი ვარ, ოღონდ სამეგრელოსთან შეხება არ მაქვს. იქ არც სახლი გვაქვს და არც ნათესაობა მყავს. ვინც იყვნენ, ისინიც ან თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ან რუსეთს მიაშურეს.
_ ო, ეგ ხომ მეგრელების სუსტი წერტილია.
_ რა, თბილისი?
_ არა, რუსეთი. უმრავლესობა იქით მიდის, რადგან იქ უფრო ადვილია ფულის შოვნა.
პასუხად მხოლოდ გავიღიმე.
_ თქვენ ვინ ხართ? აქ ახლოს ცხოვრობთ? _ ახლა ჩემი ჯერი დადგა და მეც დავსვი შეკითხვა.
_ მე მაქსი მქვია, გვარად ფანცულაია ვარ. ასე რომ, მეც მეგრელი ვარ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სამეგრელოსთან მჭიდრო შეხება მაქვს, სახლიც მაქვს იქ, კარიც და ნათესავებიც ბლომად მყავს.
_ რას საქმიანობთ? _ ვკითხე, რადგან ჩემს მეორე შეკითხვას არ უპასუხა.
_ ავტონაწილების მაღაზია მაქვს ამ უბანში. მართალია, ღმერთმა არ მარგუნა, მდიდარი ვყოფილიყავი, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი ხელებით დამაჯილდოვა.
_ ავტომანქანის შეკეთება შეგიძლიათ?
_ არა მხოლოდ… შემიძლია ნებისმიერი გატეხილი გული შევაკეთო. _ ლამაზად წარმოთქვა და უფრო ლამაზად გაიღიმა.
_ თქვენ მე გადამარჩინეთ. უღრმესი მადლობა, _ მომხიბვლელად შევღიმე და ფული, რომელიც წეღან ხელში მომაჩეჩა, გავუწოდე, _ ბევრი არ არის, მაგრამ მთელი გულით გაძლევთ. ჩათვალეთ, რომ ჩემგან მცირედი საჩუქარია.
_ აბა, ეს რას ჰგავს? გინდა მაწყენინო? ისიც საკმარისია, რომ მომეწონე. მაგ ფულს კი არ ავიღებ და მეორედ არც სცადო, შემომთავაზო.
_ ისე, მეც მომეწონეთ, რომ იცოდეთ, _ არ დავმალე და გულწრფელად მივუგე.
_ ამის მოსმენა მიხარია, მაგრამ მაინც არ მითხარი, აქეთ როგორ მოხვდი.
გაგრძელება იქნება