თიკა ჯამბურიასა და თედო გოგოლაძის დუეტს "აურა", რომელიც ფართოდ ტიკტოკის საშუალებით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერა საზოგადოების ნაწილმა დადებითად შეაფასა, ნაწილმა კი - გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი სიმღერის ერთ-ერთი ფრაზა გახდა - "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა". ტიკტოკის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, სამყაროში, ადამიანები ხშირად დაუმსახურებლად იღებენ ტკივილსა და სირთულეებს, ეს ტექსტი კი მათთვის მიუღებელია. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავად თიკას რთული წარსული აქვს - დეპრესიითა თუ სხვა პრობლემით სავსე და მისგან ამ "მესიჯის" გავრცელება არასწორია.
"ეს ტექსტი ჩემი არ არის, თედოსია სიმღერა და ტექსტიც მას ეკუთვნის. ამას წინ უძღოდა პოდკასტი, სადაც მე ვიყავი თედოსთან სტუმრად და ვისაუბრეთ ჩვენს განვლილ წლებზე, ცხოვრებაზე. ადამიანი როგორც ცხოვრობს, როგორ ენერგიასაც უშვებს სამყაროში, როგორც ცდილობს რომ წაიყვანოს თავისი ცხოვრება, ისე შეუძლია წაიყვანოს, მაგრამ განგება ღმერთი მომავალი რას უწინასწარმეტყველებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგმავთ.
ამის გამო ისე მლანძღავდნენ და ისეთ რამეებს მიქექავდნენ. არავის საქმე არ არის ჩემი წარსული, მე რამდენი ხანი ვიყავი დეპრესიაში ან რა დაავადება დავამარცხე და ვიმსახურებ თუ არა ამას. მე ხომ არასოდეს არავისთან შევვარდნილვარ და ბოროტება არ მისურვებია. დამანებონ მეც თავი, მაცხოვრონ ჩემი ცხოვრებით. ვიმღერებ, რატომ მღერი, არ ვმღერი, რატომ არ მღერი, გავსუქდი, რატომ გასუქდი, გავხდი, რატომ გახდი. ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან დადებითი და პოზიტიური აურით ვცხოვრობ, ცხოვრებაში კიდევ ბევრი კარგი რამ დამემართება და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც დავიმსახურე", - ამბობს თიკა ჯამბურია Ambebi.ge-სთან ინტერვიუში.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.
თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.