_ სახლში მივდიოდი და ვიფიქრე, გზას შევიმოკლებ-მეთქი. ყოველთვის ცენტრალური გზით დავდივარ, თან ფეხით _ თითქმის არასდროს _ ან ავტობუსს მივყვები, ან სამარშრუტო ტაქსის. ამ საღამოს კი არ ვიცი, რამ მომიარა. მუსიკის მასწავლებელთან ვიყავი. მანამ კი ცეკვის გაკვეთილი მქონდა, ბალეტზეც დავდივარ. ბალეტიდან რომ დავბრუნდი, შინ შევირბინე, გამოვიცვალე, ნოტები ავიღე და მუსიკის მასწავლებელთან გავქანდი. სწორედ იქიდან გამოვედი ახლახან და ვიფიქრე, ფეხით გავისეირნებ-მეთქი.
_ და გასეირნება ცუდად შემოგიტრიალდა.
_ საბოლოო ჯამში, არც ისე ცუდად. კარგი ადამიანი გავიცანი. _ კვლავ მოვიშველიე ჩემი ხიბლით სავსე ღიმილი.
_ გეტყობა, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობ, ამიტომ არ შეგეშინდა ამ გზაზე.
_ სიმართლე გითხრათ, არა იმდენად მშვიდი, რამდენადაც მოსაწყენი, _ რატომღაც, სრული გულწრფელობის ხასიათზე დავდექი. არ მინდოდა ამ ბიჭთან რამე დამემალა.
_ მდიდარი გოგოები ყველა ასე ფიქრობს?
_ სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. _ ვთქვი და ამოვიოხრე.
ამასობაში ბნელი შესახვევი დამთავრდა და მოასფალტებულ გზაზე გავედით. ლამპიონების შუქმა სახეში შემოგვანათა.
_ შენი მშობლები რას საქმიანობენ? _ დაინტერესდა მაქსი.
_ მამაჩემს საინვესტიციო ფონდი აქვს, დედა კი საიუველირო მაღაზიის მფლობელია.
_ ოოო, კარგი გასაძარცვი კი ყოფილხარ, _ გაიხუმრა, ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო და ირიბად გამომხედა.
_ შენი მშობლები ვინ არიან?
_ ჩემები? მდა, დიდად ვერ გაგახარებ. მამაჩემი თავის დროზე ქურდი იყო, არც დედაჩემი გამოირჩეოდა რამით. იჯდა სახლში და შვილებს ზრდიდა. უბრალოდ, ძალიან ლამაზი ქალი იყო, ესაა და ეს. _ ისე მითხრა, თითქოს ძალზე ჩვეულებრივ ამბავს მიყვებოდა.
მე კი ამის გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა. მაშინვე შემამჩნია, როგორ შემაკრთო მისმა ნათქვამმა და სიცილი აუტყდა.
_ ჰო, ჰო, ეგრეა. ასე რომ, საკმაოდ ცუდ კომპანიაში მოხვდი, პატარავ. მე ცუდი ბიჭი ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ქურდების ოჯახში გავიზარდე. დედაშენი ალბათ დაგტუქსავს, რომ გაიგოს ჩვენი ნაცნობობის შესახებ და აგიკრძალავს ჩემნაირთან მეგობრობას. გარდა ამისა, ბიძაჩემი მთელ თბილისში განთქმული ბოსია.
_ ბოსი? რისი ბოსი? _ დავიბენი.
ამ კითხვას პასუხი მხოლოდ ჩაცინებით გასცა. მეც არ ჩავეძიე, რა ჩემი საქმე იყო, ბიძამისი რას საქმიანობდა და ვისი ან რისი ბოსი იყო?
_ სხვებში არ შეგეშალოთ, ცუდო ბიჭო, _ ღიმილით მივუბრუნდი, _ ხომ არ დაგავიწყდათ, რომ თქვენთან ვალში ვარ? წეღან სიკვდილს გადამარჩინეთ.
_ სიკვდილის რა გითხრა, ეს ნამდვილად გადაჭარბებულია, მოკვლას არავინ გიპირებდა, მაგრამ… _ შეყოვნდა და თავისი უძირო შავი თვალები ჩემს სახეზე მიმოატარა, მერე კი უეცრად შეცვალა საუბრის თემა, _ ისე, რამეს ჭამ საერთოდ? რითი იკვებები?
მივხვდი, ჩემმა სიგამხდრემ დაასმევინა ეს შეკითხვა და მხიარულად მივუგე:
_ ჰაერით და ბახის საკონცერტო სონატებით. მაგრამ შენ თუ გინდა, ჩუმად დავიწყებ გოგლიმოგლისა და ყიყლიყოების დილაობით ჭამას.
_ ჰოდა, მოვილაპარაკეთ. ჩვენ, მეგრელ ბიჭებს გვიყვარს, როცა ჩვენი ქალების ძვლებს ცოტა ხორცი მაინც მოჰყვება.
ამ ხუმრობაზე გულიანად გაგვეცინა.
ორივე ისე ზუსტად ვდგამდით ნაბიჯებს, თითქოს სამხედრო წვრთნაზე ვიმყოფებოდით. მარჯვენა ჩემი, მარჯვენა მისი, მარცხენა ჩემი, მარცხენა მისი. გაზაფხული ხომ ისედაც მიყვარდა და ახლა უფრო შემიყვარდა. უეცრად მთელი სამყარო ისეთი მშვენიერი გახდა ჩემთვის, რომ მთლიანად ახალი ფერებით გაივსო. ლამპიონებიც კი თითქოს სხვანაირ შუქს ასხივებდნენ, ჯადოსნურს, იდუმალს. მივეშურებოდი სახლისკენ მამაკაცთან ერთად, რომელიც ეს წუთია სრულიად უჩვეულო სიტუაციაში გავიცანი და კოსმოსური სიჩქარით ჩემი მეგობარი ხდებოდა…
ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, ზუსტად ცხრა წლის წინ მოხდა. ახლა ოცდაექვსი წლის ვარ და ცნობილი მოდელი. ამას წინათ ერთ-ერთმა მსხვილმა ფირმამ, რომელმაც საქართველოში მანქანის ნაწილების ვაჭრობით გაითქვა სახელი, ქასტინგი გამოაცხადა ფირმის სარეკლამო სახეზე. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა მეც დამაინტერესა და გარდა იმისა, რომ სივი მოვამზადე იქ გასაგზავნად, შესაბამისი ფოტოსესიის გადაღებაც გადავწყვიტე. ვინ იცის, იქნებ გამიმართლოს და ამიყვანონ. ანაზღაურება ასეთ დროს იმდენად მაღალია, რომ ვერც ერთი მოდელი, ზოგადად, ცდუნებას ვერ უძლებს. სხვა რა დაგვრჩენია ქართველ მოდელებს? ჩვენი ერთადერთი გამონათება მოდის კვირეულია ან სარეკლამო გადაღებები, სხვანაირად ფულს როგორ ვიშოვით? მართალია, ჩემი სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი და ძლიერია თბილისში და მეც მქონდა შანსი, იტალიაში ამომეყო თავი, რათა იქ მემუშავა, მაგრამ მამაჩემმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ისედაც ვერ იტანს, მოდელის პროფესია რომ ავირჩიე და დღემდე ცხვირში ძმრად მადენს. წყევლის იმ დღეს, როცა ამერიკაში გამიშვა სასწავლებლად. პირველად ხომ იქ ვიგემე მოდელობის გემო, იქ ვეზიარე პირველ ნათლობას. ამიტომაც იყო, როცა ჩამოვედი და სააგენტოს მივაკითხე, უყოყმანოდ ამიყვანეს. ოკეანის გაღმა პოდიუმზე თუნდაც ერთხელ გამოსულ მოდელს უარს როგორ მეტყოდნენ? სიხარულით მიმიღეს და წამყვან პოზიციაზეც დამაყენეს _ თუ რამე ხდებოდა თბილისში, უჩემოდ არ ჩაივლიდა. ყველაზე დიდი სიხარული კი ის იყო, რომ ნებისმიერ ჩვენებას მე ვხურავდი, რაც დიდ პატივად მიმაჩნდა და ასეც იყო.
_ მაგარია, გაბრიელა! _ შემაქო ბიბი როსტომ, ანუ ბიბი როსტომაშვილმა, მოდის ფოტოგრაფმა და მანქანის კაპოტიდან ჩამოსვლაში დამეხმარა, _ ავტოკორპორაცია `მაქსი და პარტნიორების~ თანამშრომლები ამ ფოტოებზე დაეცემიან. მათი ავტონაწილები ისეთი რიხინით გაიყიდება, გონზე მოსვლას ვერ მოასწრებენ და ეს ყველაფერი შენი დამსახურება იქნება!
_ ავტონაწილების რეკლამირებას მანქანების რეკლამებში გადაღება მირჩევნია, მაგრამ, აბა, სადაა? _ გავუღიმე ბიბის და გაოფლილი ხელისგულები ჩამოვისვი შორტზე, რომლითაც ვპოზირებდი…
შორტი და და ტოპი, რომელიც ზემოდან მეცვა, ორივე თეთრი იყო და ორივე ხაზს უსვამდა ჩემს ლამაზ და შოკოლადისფერ რუჯს. წელს რაღაც გასაოცრად გავირუჯე. არ ვიცი, ალბათ მარმარისის შაბიამნისფერი ზღვა თუ მომიხდა. ყველგან ერთი ფერი მაქვს _ მხრებიდან დაწყებული, ფეხის თითებით დამთავრებული. წელს მართლაც კარგი აგვისტო მქონდა. არაჩვეულებრივად დავისვენე თურქეთში. პირველად ვიყავი იქ და არ მოველოდი, ასე კარგი თუ იქნებოდა. სადღაც, ხევებში ჩაკარგული მოჩანს ზემოდან მარმარისი და ისეთი თეთრი და ქათქათაა, უღელტეხილიდან რომ დახედავ, სუნთქვა შეგეკვრება. თან გარშემო ეგეოსის მოლივლივე ზღვა აკრავს და მთებითაა შემოჯარული. პატარა ნახევარკუნძულს მოგაგონებთ.
_ ასე! კარგია, კარგი! _ ამბობდა ბიბი და თან აჩხაკუნებდა, _ ავტონაწილების პირველი ლედი უნდა შეგარქვა მე შენ! _ გაიხუმრა ბოლოს, როცა გადაღებას მორჩა.
_ აბა, მაჩვენე, როგორი გამოვიდა? _ მისკენ გავეშურე.
ბიბიმ ფოტოები დამათვალიერებინა. რაც არ მომეწონა, წავაშლევინე.
_ როდის დამიმუშავებ?
_ ამაღამ და ეგრევე გადმოგიგზავნი.
_ ოკს. შენი იმედი მაქვს, ბიბუნა, არ დამაღალატო, თორემ დროში ვიჭედები.
_ ვერ ვხვდები, რატომ შენმა სააგენტომ არ გაგზავნა შენი სივი? ნამდვილად ვიცი, რომ ქასტინგზე თქვენგანაც გაგზავნეს ორი გოგო, მგონი, ქეთი და ვიკა.
_ ხო, ვიცი, მაგრამ მე ხომ არ ვიყავი საქართველოში. სამი დღეა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი და გავიგე თუ არა, მოველაპარაკე ნანას, მეც მინდა ქასტინგზე მონაწილეობის მიღება-მეთქი და უარი ვერ მითხრა. აქ რომ ვყოფილიყავი, მარტო მე გამიშვებდნენ.
_ მაინც შენ აგირჩევენ, თუ გინდა, მაზიანს დაგიდებ! _ გაიღრიჯა ბიბი და თავისი ულამაზესი ცისფერი თვალები შემომანათა.
გოგოსავით ლამაზი სახე აქვს ამ ბიჭს. მის ყურებას არაფერი სჯობს. თან ჯერ მთლად ბავშვია, სულ რაღაც ცხრამეტი წლის. სამაგიეროდ, ხედვა აქვს უნიკალური. ისეთ ფოტოებს იღებს, წუნს ვერ დაუდებ.
როგორც ბიბიმ იწინასწარმეტყველა, სწორედ ისე მოხდა ყველაფერი. ფოტოები მეორე დილასვე გადავაგზავნე კორპორაციაში და ორი საათიც არ იყო გასული, რომ დამირეკეს, ხვალ დილით, 11 საათზე ქასტინგზე ხართ დაბარებულიო.
როგორ გამიხარდა! გული მიგრძნობდა, რომ ასეც მოხდებოდა, მაგრამ მთლად ორ საათში თუ ამიხდებოდა სურვილი, რას ვიფიქრებდი?
გულმოდგინედ მოვემზადე. სალონში გავვარდი, თმაც გავისწორე და ფრჩხილებიც მოვიწესრიგე. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა მეფიქრა, რა ჩამეცვა. ჩემი სააგენტოს ხელმძღვანელს, ნანა ახვლედიანსაც დავურეკე და ვუთხარი, დამიბარეს-მეთქი. ეგრეც ვიცოდიო, სიცილით მითხრა.
ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. ცუდად მეძინა, ცხრაასი სიზმარი მაინც ვნახე. ხან რა მესიზმრებოდა, ხან რა. თან სულ კოშმარები. ვითომ დამიწუნეს, უარი მითხრეს, ვითომ გამომაგდეს და ასეთი რაღაცები.
დილით ვერ მოვითმინე და ექვს საათზე ავდექი. ასე ადრე არასდროს ვდგები, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ქასტინგი, რომ ლოგინში ვერ გავჩერდი. ვიცოდი, კარგ ფულს იხდიდნენ, თანაც, კორპორაციის სახე გავხდებოდი, თუ მე ამირჩევდნენ.
ჩემი ალისფერი სარაფანი ჩავიცვი, რომ გარუჯული სხეული უფრო გამოკვეთილიყო. თეთრებში უკვე მნახავდნენ ფოტოებში, ამიტომ თეთრ სამოსზე უარი ვთქვი. ახლა ასეთ ფორმაში მნახონ და დატკბნენ.
მთელი გზა სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა. ისე არხეინად ვიყავი, თითქოს გამარჯვება უკვე ჯიბეში მედო.
უზარმაზარ შუშის შენობაში შევაბიჯე თუ არა, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა _ იმდენ მოდელს მოეყარა შენობის ფოიეში თავი, გულზე შემომეყარა. თითქმის ყველას ვიცნობდი. ჩემს დანახვაზე, ვისთანაც ახლოს ვიყავი, შემომეხვივნენ, რა ლამაზი ხარო, რა კარგი `ზაგარი~ გაქვსო, ესაო, ისაო… ყველა წვრილმანი გამომკითხეს, სად ვისვენებდი და დრო როგორ გავატარე. მერე ქეთი და ვიკა გავიხმე განზე და ვკითხე, რა ხდება-მეთქი.
_ აუ, რა ვიცი, გაბი. უკვე მერამდენე გამოვიდა და ჯერ არავინ აუყვანიათ, ყველას უარი უთხრეს. ამისთანას ვის ეძებენ, ვერ გავიგე, _ ტუჩები დაბრიცა ვიკამ.
_ მე კი ვიცი, ვისაც ეძებენ და ისიც ვიცი, რომ დროს ტყუილად ვკარგავ, _ შურიანი ღიმილი გადაეფინა ქეთის სახეზე, _ შენ აგიყვანენ. მართლა, დედას გეფიცები!
_ კაი რა, მე რატომ, შეხედე, რა კარგი გოგოები არიან, _ თავმდაბლობა გამოვიჩინე შექებით ნასიამოვნებმა და ხელი ერთად შექუჩული მოდელებისკენ გავიშვირე.
ჩვენც შევერიეთ მათ ტალღას. დრო გაიწელა. ასე მეგონა, საუკუნე გავიდა, სანამ ჩემს გვარ-სახელს გამოაცხადებდნენ. საუკუნე არა, მაგრამ საათ-ნახევარი ნამდვილად გავიდა.
ამაყად თავაწეული შევედი შუშებიან დარბაზში. გრძელ მაგიდასთან ექვსი ადამიანი იჯდა, ორი კაცი და ოთხი ქალი. სხვა სიკეთესთან ერთად, ჩემი ბალერინობაც გამომადგა ცხოვრებაში. ისე დავდივარ, თითქოს დავფარფატებ, თან ამაყად ყელმოღერებული. ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს?
ერთი სიტყვით, უამრავი შეკითხვა დამისვეს, აღფრთოვანებული მზერები შემავლეს, ერთმანეთს რაღაც გადულაპარაკეს, თავები აქნიეს და ბოლოს… შემაფასეს და დამაფასეს…
არის! ამიყვანეს! ამდენ მოდელში მხოლოდ მე ამომარჩიეს! ჩემს სიხარულს ბოლო არ უჩანდა. სულ ცეკვა-ცეკვით გამოვედი იქიდან და პირველი, ვისაც დავურეკე, ბიბი იყო, მერე კი ნანას ველაპარაკე. გაზიარებული სიხარული ხომ ორმაგი სიხარულია.
ორ დღეში სარეკლამო გადაღებებზე დამიბარეს და მეც დათქმულ დროზე გამოვცხადდი, არც ერთი წამით არ დამიგვიანია. როგორ გავოცდი, როცა გადასაღებ ლოკაციაზე ფოტოაპარატით ხელში ჩემი ბიბი დავინახე!
_ შეენ? _ თვალები დავაჭყიტე, _ ამას მიმალავდი, ბიბუნა?
_ შენს თავს გეფიცები, თუ მცოდნოდა. დამირეკეს და მთხოვეს, შენ გადაიღე სარეკლამო ფოტოებიო. თვითონაც გაოცებას ვარ.
_ ააა, შეიძლება მაგიტომ მკითხეს, ფოტოები რომ გადმოგვიგზავნე, ვისი გადაღებულიაო, _ მივხვდი, საიდანაც გაჩნდა ბიბი აქ, _ როგორც ჩანს, შენმა ფოტოებმა დაშოკა ისინი.
_ წარმოდგენა არა მაქვს. შემომთავაზეს და უარს რატომ ვიტყოდი?
_ ჰონორარზე შეთანხმდით?
_ კი, მაშინვე. როცა ვუთხარი, მე ამდენს ვიღებ-მეთქი, არც კი შემვაჭრებიან, თანახმა ვართო. და დღეისთვის დამიბარეს.
_ ვაა, რა მაგარია! მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს მუშაობა.
_ მეც მიხარია. შენ კარგად პოზირებ, დიდი ჯაფა არ დამადგება. ადვილად მიღებ ალღოს, ამიტომ ალბათ დიდხანს არ გაგვეწელება გადაღება.
_ გაბრიელა, გამარჯობა! _ მომესალმა ვიღაც თმაგაწეწილი გოგო, წამწამები უსაშველოდ მაღლა რომ აეპრიხა, _ წამობრძანდით, ჯერ მაკიაჟზე, მერე კი კოსტიუმი უნდა მოირგოთ და დავიწყოთ.
_ რა თქმა უნდა, _ მხიარულად მივუგე და აპრეხილწამწამებიანს უკან მივყევი…
გაგრძელება იქნება