ცოტა ხნის წინ ახალციხეში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. კერძო ბაგა-ბაღში ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გაირკვა, ბავშვს ეძინა, როცა ერთ-ერთმა აღმზრდელმა აღმოაჩინა, რომ ის ცოცხალი აღარ იყო.
შემთხვევის შესახებ გამოძიება უკვე დაწყებულია. ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. საქმე სსკ 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შემთხვევა ახალციხეში
კვირის პალიტრასთან კომენტარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ბაგა-ბაღი 10 წელია, რაც ფუნქციონირებს და მსგავს შემთხვევას ადგილი არასდროს ჰქონია.
"ჩვენ რაც ვიცით, ის ინფორმაციაა, რომ ბავშვს ბაგა-ბაღში მიყვანისთანავე მალევე აუწია ტემპერატურამ. რაც აღმზრდელებმა მაშინვე შეატყვეს. პარალელურად, დედასაც მაშინვე დაურეკეს და სასწრაფოსაც. შესაძლოა, სანამ ესენი მოვიდოდნენ, ბავშვს ძალა გამოეცალა და აღმზრდელის ხელში ჩაეძინა. მაგრამ საუბედუროდ, ბავშვს ცოცხალს ვერავინ მოუსწრო, ყველაფერი საბედისწეროდ სწრაფად მოხდა. გამოძიება აუცილებლად დაადგენს გარდაცვალების მიზეზი რა იყო. ამ პატარა ანგელოზ ბიჭს რაიმე ინფექცია ჰქონდა თუ სხვა დაავადება. გამძლეობა მინდა ვუსურვო უპირველესად მის მშობლებს და ახლობლებს. არავის არასოდეს ვუსურვებ მსგავსი ტრაგედიის თუნდაც მოწმე გახდეს. ნათელი პატარას სულს", - თქვა მან.