შავგვრემანი გამხდარი მამაკაცი უკვე რამდენი ხანია, თვალს ადევნებდა გადაღებების პროცესს და დაჟინებით მათვალიერებდა. შავი თმა და შავი ფერის თვალები ჰქონდა. არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, მაგრამ თითქოს დაძაბული ჩანდა. ცოტა არ იყოს, შებოჭილად ვიგრძენი თავი. ალბათ ერთ-ერთი დამფუძნებელია-მეთქი, გავიფიქრე, რახან ასე გულდასმით ადევნებს თვალს ფოტოსესიას. როცა ბიბიმ შევისვენოთო, მითხრა, უცნობი ფოტოგრაფს მიეჭრა და რაღაც უთხრა. მერე ორივემ ფოტოების თვალიერება დაიწყეს. მე ოფლი გამდიოდა, ისე დამცხა. იქვე ჩამოვჯექი და პირსახოცით სველი სხეულის გამშრალებას შევუდექი. როცა კიდევ ერთხელ დავაკვირდი უცნობს, თითქოს სადღაც მყავდა ნანახი. აშკარად მეცნო მისი სახე. იქნებ სადმე შევხვედრივართ კიდევაც ერთმანეთს, ვინ იცის…
_ გამარჯობა. გაბი თქვენ ხართ? _ ოდნავ შეცბუნებული ხმით მომმართა ვიღაცამ. გვერდზე გავიხედე და ის უცნობი შემრჩა ხელთ. სასიამოვნო ხმა კი ჰქონდა.
_ დიახ, გაბრიელა გაბელაია, _ მივუგე, _ მაპატიეთ, ჩვენ სადმე შევხვედრივართ ერთმანეთს? ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ, _ შევეკითხე.
_ კი, ოდესღაც გიცნობდით, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ იყო, _ მიპასუხა და `გავაგრძელო ლაპარაკი თუ არა~ მზერით შემომხედა, _ მე ზურა ფანცულაია ვარ. _ როგორც იქნა, წარმომიდგინა თავი, _ კორპორაცია `მაქსი და პარტნიორების~ ვიცე-პრეზიდენტი.
ვიგრძენი, როგორ ვფითრდებოდი. გასაკვირი არაფერი იყო იმაში, რომ ნაცნობები აღმოვჩნდით. ჩემი გაფითრების მიზეზი სულ სხვა რამ გახლდათ. მე კარგად ვიცნობდი მას _ მაქსის უმცროს ძმას. ძალიან ახლოს არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ შეხება მაინც გვქონდა და კარგად დამამახსოვრდა… და ჩემი წარსულის მოგონებებმა აბრეშუმის ჭიებივით წამოყვეს თავები. თვალწინ გამიელვა წამებით სავსე წლებმა, რომლებიც მაქსთან მაკავშირებდა, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. აი, თურმე რას ნიშნავს `მაქსი და პარტნიორები~. რას ვიფიქრებდი? რა პატარაა თბილისი!
რას წარმოვიდგენდი, მაქსი ასე თუ გამდიდრდებოდა? არც ვიცოდი, ეს კორპორაცია ფანცულაიების გვართან თუ იყო დაკავშირებული და რომც მცოდნოდა, მაქსთან ნამდვილად არ დავაკავშირებდი. ესე იგი, ზურა და მაქსი არიან ამ ფირმის მფლობელები? აი, თურმე, რატომ ამირჩიეს მე და არა სხვა! ეს იმას ნიშნავს, რომ მაქსს ჩემთან ურთიერთობის აღდგენა სურს? უკვე ძალზე დაგვიანებულია!
_ ფრიად სასიამოვნოა, რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს, _ მაღალფარდოვნად დაიწყო ზურამ.
_ ჩემთვისაც, რა თქმა უნდა, _ მივუგე და ხელი ღიმილით გავუწოდე. ბოლოს და ბოლოს, ზურას რას ვერჩოდი? მას არ მიუძღვოდა წვლილი იმაში, რაც ჩემსა და მაქსს შორის მოხდა, ის არაფერში არ იყო დამნაშავე, _ ამ სამუშაოზე მოწვევას თქვენს ძმას უნდა ვუმადლოდე, ზურა? _ პირდაპირ დავაჯახე.
შეიშმუშნა. შეიძლება გაწითლდა კიდევაც, მაგრამ მის შავგვრემან სახეს რა შეეტყობოდა. ეგრევე გამიშვა ხელი და კისერზე გადაისვა.
_ ისა… მადლიერება მე უფრო მეკუთვნის. მაქსმა არაფერი იცოდა. მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა თქვენს სააგენტოსთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი ერთადერთი ახირება ის იყო, რომ რეკლამაში ქერათმიანი მოდელი გადაგვეღო.
_ მე ჟღალთმიანი უფრო მეთქმის, ვიდრე ქერათმიანი. _ შევუსწორე.
_ ეს თითქმის ერთი და იგივეა. თქვენი თმა ისეთი ფერისაა, მთლად წითურიც არ ეთქმის.
_ არ ღირს თავის მართლება, ზურა. ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ჩემთვის ეს სამუშაო დროულიცაა და გადასარევიც. საქართველოში უკეთესს ვერ ვინატრებდი. _ რბილად ვუთხარი, რომ ცოტა გამომეყვანა მდგომარეობიდან.
ესე იგი, მაქსი არც კი ფიქრობდა ჩემზე? მერე რა? მისი სურვილი, დავევიწყებინე, განვედევნე თავისი ცხოვრებიდან და საბოლოოდ გადაესვა ჩემთვის ხაზი, სრულიად ბუნებრივია _ მან ხომ ერთხელ უკვე დამაღალატა. დავიჯერო, სინდისის ქენჯნა არ აწუხებს? იქნებ ნანობს თავის საქციელს? კარგი კი იქნებოდა, თუ ასეა…
ზურა კი იდგა ჩემ გვერდით, წინ და უკან ქანაობდა და უაზროდ იღიმებოდა.
_ იმედია, ჩემზეც არ ხართ ნაწყენი იმ ამბების გამო, _ თქვა მოულოდნელად, _ მე და მაქსი ვერასდროს ვერ ვეწყობოდით ერთმანეთს, იმ წლებშიც კი. ვწუხვარ, რომ დაშორდით, მაგრამ ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, რომ…
მოგონებები კვლავ მომაწვა და საოცარი სიძლიერით წამლეკა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არა ჩვიდმეტი, არამედ ოცდაექვსი წლის ვიყავი და საკმარისი გამოცდილებაც დამიგროვდა, მაინც გავწითლდი. ვერა და ვერ გადავეჩვიე, რომ უხერხულ სიტუაციებში სისუსტემ არ მძლიოს და არ გავწითლდე. თუმცა არ დავიბენი და ჩემი მწვანე თვალები მშვიდად და ცივად შევანათე.
_ როგორ არის თქვენი ძმა? _ სულაც არ ვაპირებდი ამის კითხვას, მაგრამ მაინტერესებდა.
ზურამ მხრები აიჩეჩა.
_ მე მგონი, კარგად, _ უხალისოდ მომიგო, თითქოს უფროს ძმაზე საუბარი არ სიამოვნებსო, _ დაკავებულია ბიზნესით. ესაა მისი ცხოვრება.
მოულოდნელად თვალში მომხვდა მისი პერანგის საყელოზე პატარა წითელი ლაქა. ალბათ შაურმის ჭამის დროს კეტჩუპი თუ გადაესხა. თავი შევიკავე, რომ არ გამღიმებოდა. მომეწონა ზურა. რაღაც იყო მასში… `პატარაბიჭური~. აქედან გამომდინარე, დაბრძენებული მამაკაცის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. ისევ შევხედე.
_ ცოლი შეირთო?
_ ვიღაცები ცდილობდნენ მის `ქმრად შერთვას~, მაგრამ ხომ იცით, როგორია. ვერა და ვერ წამოაგეს ანკესზე. სხმარტალა თევზია ჩემი ძმა, ადვილად ვერ დაიჭერ, _ გაიხუმრა, _ თქვენ? გათხოვილი ხართ?
_ არააა! კაცების ატანა არ მაქვს! _ სიცილით წამოვიძახე.
ზურასაც გაეცინა.
_ მშვენიერია. მე ეს მომწონს! _ მისი ალერსიანი შავი თვალები ჩემი ფიგურის შესწავლას შეუდგა, _ არაჩვეულებრივად გამოიყურებით. თვალისმომჭრელად. _ თავი ვერ შეიკავა და ამოთქვა, რისი თქმაც უნდოდა, მერე კი უეცრად სრულიად განსხვავებული შეკითხვით მომმართა, _ ალბათ ძალიან გწყურიათ, არა?
ღიმილით დავუქნიე თავი.
_ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს მთელი თვე უდაბნოში გავატარე. ყველაზე მეტად ეს განათებები მფიტავს, საათობით თვალებში რომ მიჭყიტინებს. ასე მგონია, სუფთა ჰაერს მართმევენ. უმოწყალოდ ანათებენ. ფოტოსესიების დროს ეს ერთადერთი დისკომფორტია ჩემთვის, _ გულწრფელად ვაღიარე.
_ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, შემიძლია გაგიმასპინძლდეთ… რასაც ისურვებთ: გამაგრილებელი სასმელი გნებავთ თუ ალკოჰოლიანი, ყველანაირი მოიძებნება.
_ სულ ცოტათიც არ ვიქნები წინააღმდეგი. ცოტა ხანს თუ მომიცდით, გადავიცვამ და ახლავე დავბრუნდები.
ზურამ ისე ამოისუნთქა, თითქოს გულზე მოეშვა.
_ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! _ სხაპასხუპით მომაყარა.
ჩემთვის განკუთვნილ ოთახში შევედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე, თან ვიღიმოდი. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მომწონდა ზურა, სასიამოვნო ყმაწვილი ჩანდა. გამოდის, მისი დამსახურებაა, რომ ამიყვანეს. ამას დავიმახსოვრებ. სხვათა შორის, ზურასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, მაშინაც მომწონდა, როცა მაქსს ვხვდებოდი. პირველად მაშინ ვნახე, როცა მაქსმა თავის სახლში დამპატიჟა. ძმებს მაშინ ერთი საერთო ოთახი ჰქონდათ სამოთახიან ბინაში და საწოლიც საერთო _ ორადგილიანი. მაშინაც საყვარელი ბიჭი იყო ზურა, ასეთივე მორიდებული. თავდაპირველად მეგონა, ალბათ თავდაჭერილია, რაც ცივ ხასიათზე მიანიშნებს-მეთქი. ცოტას იღიმოდა ან საერთოდ არ იღიმოდა, ცოტას ლაპარაკობდა ან საერთოდ არ ლაპარაკობდა. თუ შეეკითხებოდი რამეს, პასუხს გაგცემდა, თვითონ სასაუბროდ თავს არ გამოიდებდა. ვფიქრობდი, ამით თავს ინიღბავს, რომ საკუთარი თავდაუჯერებლობა დაფაროს-მეთქი. მერე და მერე უფრო დავუახლოვდი, გამოველაპარაკე და საერთო ენაც გამოვნახეთ. მას მოეწონა ჩემი გულღიაობა და თვითონაც გაიხსნა. საყვარელი ბიჭი იყო. მართობდა მასთან ურთიერთობა. როგორც ჩანს, მორიდებულობა და სიმორცხვე დღემდე ვერ დაძლია, არც მთლად მხიარული ჩანს… იქნებ უფროსი ძმის ჩრდილქვეშ ყოფნამ გახადა ასეთი?
მაქსი!.. ტანსაცმელი ჩავიცვი და თვალები დავხუჭე. რამდენი ძალისხმევა დამჭირდა მის დასავიწყებლად! რა არ გავაკეთე, რომ სამუდამოდ ამომეგდო ჩემი გულიდან! მაგრამ აი, გამოჩნდა ზურა და ჩემს მეხსიერებაში ყველაფერი ხელახლა გაცოცხლდა! დაუამებელი ტკივილის მიუხედავად, მთელი ეს წლები არ გამნელებია სურვილი, რამე მაინც გამეგო მასზე, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ამაყი ვარ. გამეგო, როგორ ცხოვრობდა, როგორ გამოიყურებოდა, იყო თუ არა ბედნიერი, ჰყავდა თუ არა შეყვარებული… თუმცა ამ სურვილის დასაკმაყოფილებლად ნაბიჯიც არ გადამიდგამს. სურვილი სურვილად დარჩა. არასდროს არავისთვის მიკითხავს მის შესახებ, თუმცა გულს ყოველთვის ეწადა გაეგო. ახლა კი ყველაფერი მაინტერესებდა. მაინტერესებდა და უნდა გამეგო. მინდოდა მომესმინა, რომ ის ცხოვრებით კმაყოფილია, რომ ჩემი ღალატით მიიღო ის, რაც სურდა.
ზურამ პატარა რესტორანში შემიყვანა, რომელიც სტუდიასთან ახლოს მდებარეობდა და ბარემ ვჭამოთო, მთხოვა.
_ დილით საუზმობა არ მიყვარს, სახლიდან ყოველთვის უჭმელი გავდივარ, _ თითქოს შემომჩივლა.
_ სხვათა შორის, მეც. ასე რომ, მართალი გითხრა, მაგრად მშია… და იცი, კიდევ რა? ჩვენ ხომ წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ, ამიტომ მოდი, შენობით ვილაპარაკოთ, კარგი? _ დასაახლოებლად პირველი ნაბიჯი მე თვითონ გადავდგი.
_ აუ, შენ აგაშენა ღმერთმა! _ წამოიძახა ზურამ, _ მეც ვფიქრობდი მაგას, მაგრამ ვერ გითხარი, არ ეწყინოს-მეთქი.
_ კაი რა, ამაში საწყენი რა არის? ახლა ხომ არ გამიცვნიხარ, ცხრა წელია, გიცნობ.
_ მართალი ხარ. არ იცი, როგორ მიხარია. კარგია, რომ შევხვდით ერთმანეთს…. რას შეჭამ? შენ, ალბათ, ხორციან კერძებს არ მიირთმევ, არა? სალათები? აირჩიე, რაც გინდა, სალათა არ გაგასუქებს.
_ გასუქებით ისედაც არ ვსუქდები, რაც უნდა ვჭამო, მაგრამ მაინც სალათა მირჩევნია. ამ სიცხეში ხორციანი დამამძიმებს. _ დავეთანხმე და თეთრსუფრაგადაფარებული მრგვალი მაგიდის აქეთა მხრიდან ხალასი ღიმილი გავუგზავნე, _ და ნაყინსაც მივაყოლებ, მაგრამ ერთი გრამიც რომ მოვიმატო, ჩემი სააგენტო იმ ერთ გრამს შენ შეგაწერს, იცოდე! _ სიცილით დავაყოლე და ავკისკისდი.
ზურაც ამყვა სიცილში და მაგიდაზე შემოდებული ხელები გადაიჯვარედინა.
_ ხუმარა გაბი! _ თქვა მან, _ ყველაზე მეტად შენი არაჩვეულებრივი იუმორი დამამახსოვრდა. როცა შენ ხუმრობდი ხოლმე და ენამოსწრებულ რაღაცებს ამბობდი, რაღაცნაირად შვებას ვგრძნობდი ყოველთვის, _ ამ სიტყვებით ზურამ მზერა ამარიდა და თავის ხელებს დახედა, _ მთლად ადვილად ვერ ვეგუები ადამიანებს, მიჭირს ურთიერთობის გაბმა.
_ მარტო შენ არ ხარ ასე, მეც ეგეთი ვარ, თუ სიმართლე გინდა, _ ვაღიარე, _ ამიტომ თამაში უნდა ისწავლო. უფრო ხშირად გაიღიმე და თამამად წინ! სანამ შენი მოსაუბრეები მიხვდებიან, რომ მათთან ურთიერთობის გაბმა გიჭირს, შენ უკვე დაძლეული გექნება სიმორცხვე და ალაპარაკდები.
_ შენ საერთოდ არ ჰგავხარ მორცხვს, შებოჭილობის კვალიც არ გეტყობა.
_ მერედა, როგორი შებოჭილი ვარ ხოლმე, რომ იცოდე! _ წამოვიძახე და თმის კულული, ლოყაზე უსიამოვნოდ რომ მედებოდა, უკან გადავისროლე, _ ჩემი მორცხვობის გამო მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკაში ვსწავლობდი. მაგრამ ვივარჯიშე საკუთარ თავზე, ვისწავლე, როგორ გავრეულიყავი საზოგადოებაში, როგორ გამომენახა თანამოსაუბრესთან საერთო ენა და კიდევ ყურადღების გამოჩენა ავითვისე. შედეგიც სახეზეა, ხომ ხედავ, სულ ვლაქლაქებ, პირი არ გამიჩერებია. წლები გავიდა და ექსტრავერტი გავხდი.
_ მე არ გამომივა, _ სევდიანად მომიგო და თვალი თვალში გამიყარა, _ გადაღებების დროს ძალზე ბედნიერად გამოიყურები. ცხოვრებაშიც ასეა?
თვალები დავხარე, ვერცხლისფერი ჩანგალი ჩავბღუჯე და მივუგე:
_ ყოველთვის ბედნიერი ვერ იქნები. მე ჩემი პრობლემები მაქვს და მათი გადაწყვეტა თვითონ მიწევს. მაგრამ ჩემიანები მიყვარს, მათთან თავს კარგად ვგრძნობ. ყოველ შემთხვევაში, შარშანდლამდე ასე იყო. შარშან დედა გარდამეცვალა… გულის შეტევით. ახლა მამასთან ერთად ვცხოვრობ.
_ გითანაგრძნობ, _ ხმა გაებზარა ზურას, _ წარმომიდგენია, რა ძნელია დედის დაკარგვა.
შევხედე და ამოვიოხრე.
_ რა თქმა უნდა, უდედობა ძალიან მძიმეა. ეს უდიდესი ტკივილია. მართალია, მე და დედა ბოლომდე ვერ ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ მასზე განსაკუთრებულად ვზრუნავდი. მამას სასწაულად უყვარდა. ღმერთმა აცხონოს დედაჩემის სული. მამა კინაღამ გაგიჟდა, დედა რომ გარდაიცვალა, ადგილს ვერ პოულობდა. ფაქტობრივად, ოჯახს დედა მართავდა. მამა სულ მუშაობდა, საოჯახო საქმეებში არ ერეოდა, ამიტომ ყველაფერი დედას კისერზე გადადიოდა. მამაც მისი წესებით ცხოვრობდა, სხვა რა გზა ჰქონდა. თანაც, ხომ იცი, არისტოკრატი ქალები როგორი ქედმაღლები არიან. ახლა, რაც დედა აღარ არის, მამას სრული თავისუფლება მიეცა და აღარ იცის, ეს თავისუფლება რაში გამოიყენოს. _ ამის თქმაზე გამეღიმა, _ მამა თავისებური ადამიანია. მეოცნებე.
_ გარეგნობით დედას ჰგავხარ?
_ მთლად არა. წითური თმა და მწვანე თვალები მამაჩემისგან გამომყვა. დედას მხოლოდ ნაკვთებით და ტუჩებით ვგავარ. _ და ზურას შევხედე, _ შენ კი მაგრად ჰგავხარ შენს ძმას.
_ ნუ… ჩვენი გვარის მამაკაცები, ზოგადად, ჰგვანან ერთმანეთს. აი, მაგალითად, ბიძაჩემი რომ ავიღოთ… ვინც არ იცის, ყველას მამაჩვენი ჰგონია.
_ მამია ბიძია… _ წარმოვთქვი და გამახსენდა, მაქსი როგორ ჰყვებოდა ხოლმე ბიძამისის შესახებ. როგორც მახსოვს, ძალზე ბნელი ტიპი იყო, კანონიერი ქურდი თუ რაღაც ამის მსგავსი. ნეტავ ახლაც ეგეთი სახელი აქვს?
_ სწორია… მამია ბიძია. კარგი მახსოვრობა გქონია.
_ რაღაც მომენტები ზედმეტად კარგად მახსოვს, _ შეფიქრიანებულმა მივუგე და ეგრევე დავსევდიანდი.
ზურამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ამ დროს მიმტანი მოვიდა. მან შეუკვეთა, რაც გვინდოდა. მერე ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი დააძრო და შემომხედა.
_ არაა პრობლემა, _ მივუხვდი, _ მიჩვეული ვარ, რადგან ჩემ გარშემო თითქმის ყველა ეწევა.
_ დიდი ქეში არ ვარ, მხოლოდ ხანდახან ვეწევი. არც ამაში ვგავარ მაქსს, ის თუხთუხა ჩაიდანივით სულ ბოლს უშვებს.
_ ასე ძალიან შეიცვალა? ადრე ბევრს არ ეწეოდა.
_ მერედა, როგორ! სულ სხვა გახდა, იმდენად სხვა, რომ ცალკე გადავედი საცხოვრებლად. თუმცა მარტო არ ვცხოვრობ. სიმარტოვეში ცხოვრება არ მიყვარს, არც ვარ მიჩვეული. ძმაკაცი გადმოვიყვანე ჩემთან საცხოვრებლად, ქირით იყო და რატომღა უნდა ეხადა ფული, როცა შემეძლო დავხმარებოდი. მაგარი ბიჭია. უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობს, რეალტორია.
_ დიდი ხანია, ცალკე გახვედი? მაქსს პრეტენზია არ ჰქონია?
ზურამ დაკვირვებით შემომხედა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:
_ როცა მაქსზე ლაპარაკობ, თვალები გიფართოვდება და თითქოს სითბოთი გევსება. ნუ, გასაგებია, რატომაც. _ თქვა და მზერა ამარიდა, მერე კი გააგრძელა, _ სამი წელია, ცალკე ვარ. მაქსს ბინა გაგარინის მოედანთან აქვს, პირდაპირ მტკვარს გადაჰყურებს. კარგი ხედია, მაგრამ მე არ მომწონს ის ადგილი, კოღოებითაა იქაურობა სავსე, საღამოს ფანჯრებს ვერ გააღებ. მე კიდევ აქ ახლოს ვცხოვრობ, ახალ დასახლებაში და ირგვლივ სულ კორპუსებია, ამიტომ გადასარევი ხედი ნამდვილად არ მაქვს ჩემი ფანჯრებიდან. ცას თუ ავხედავ ღამღამობით და ეგაა. თუმცა შინ მაინც არ ვარ, მხოლოდ დასაძინებლად თუ შევალ ღამე. მთელი დღე სამსახურში ვაგდივარ.
_ მაქსი ალბათ საზღვარგარეთ ხშირად დადის…
_ არც ისე.
გაგრძელება იქნება