ყოველ წელს მაისის პირველი ორშაბათი Met Gala-ს, ანუ მოდის ყველაზე პოპულარულ და ძვირადღირებულ ღონისძიებას ეთმობა. ამ გლამურულ შოუს მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანი ელოდება - ვარსკვლავები ცნობილი მოდის სახლების გამორჩეულ ლუქებსა და აქსესუარებს ირგებენ და შთამბეჭდავ კადრებს ქმნიან. გამონაკლისი არც წლევანდელი Met Gala იყო.
ჯენდალ ჯენერი, ჰეილი ბიბერი, ნიკოლ კიდმანი, დაიანა როსი, ჯიჯი ჰადიდი, ლანა დელ რეი... - ჩვენი საყვარელი ვარსკვლავები ამ წელს "Superfine: Tailoring Black Style"-მა გააერთიანა. წელს,მკაცრ სილუეტებთან ერთად, შავი ფერი და მბზინავი ქსოვილები ჭარბობდა. დრესკოდი შესანიშნავად გაითავისა ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, კრიშტიანუ რონალდოს მეუღლემ, ჯორჯინა როდრიგესმაც.
ჩვენი ყურადღება ჯორჯინა როდრიგესმა არა განსაკუთრებული სტილის ან სამოსის, არამედ მეწყვილის გამო მიიქცია - ის საღამოზე ქართველ დიზაინერ გურამ გვასალიასთან ერთად მივიდა.
"როდესაც ჯორჯინამ მთხოვა, რომ მის პირველ Met Gala-ს სამოსზე მეზრუნა, პირველი, რაც თავში მომივიდა, პრინცესა დაიანა იყო. დაიანა თავის პირველ Met-ზე ჯონ გალიანოს კაბაში იყო გამოწყობილი. რადგან წლევანდელი Met Gala-ს ჩაცმულობის კოდი იყო „შენზე მორგებული“, ჩვენ დავიწყეთ პრინცესა დაიანას სტილის ჯორჯინასთვის მორგება. კაბა მთლიანად ხელითაა შეკერილი, რამაც მას ნამდვილი Vetements Couture-ის ელფერი შესძინა. არქეტიპული მამაკაცური სამოსი სექსუალურ, პერსონალიზებულ სილუეტად გადავაკეთეთ.
მინდოდა ჯორჯინას თავი პრინცესად ეგრძნო. ის ხომ დღევანდელობის პრინცესაა და ხალხის გულების დედოფალია. აუცილებელი არ არის, ყველა კაბა ზღაპრული იყოს, მაგრამ ეს ნამდვილად არის..." - დაწერა გურამ გვასალიამ საკუთარ გვერდზე.
ეს ჯორჯინასა და გურამის პირველი თანამშრომლობა არ არის. სულ ცოტა ხნის წინ გურამმა ყურადღება 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციით მიიპყრო. ჯულია რობერტსის წითელი კაბით ინსპირირებულ სამოსში ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გურამ გვასალიას კაბა კრიშტიანუ რონალდუს მეორე ნახევარმა, ჯორჯინა როდრიგესმა მოირგო.
მხრებზე გადასული წითელი დეკოლტე, გრძელი შლეიფი და თეთრი საოპერო ხელთათმანები იდეალური კომბინაცია იყო ბრილიანტის სამკაულებთან.
მოდის სამყაროში ძმები გვასალიების სახელი უკვე ყველასთვის ცნობილია, მათთვისაც კი, ვინც არაა დაინტერესებული ამ სფეროთი. ძმები მოდის ბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურებს წარმოადგენენ. მიუხედავად დემნა გვასალიას არაერთი წარმატებისა, ბევრმა დღემდე არ იცის, რომ მის წარმატებაში საკმაოდ დიდი წვლილი უმცროს ძმას, გურამ გვასალიას მიუძღვის. საერთაშორისო აღიარება სწორედ ძმასთან ერთად შექმნილმა ბრენდმა, სახელწოდებით „ვეტმანმა“ მოუტანა. მოდის სფეროთი გატაცებული ძმები გვასალიების კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა და 2016 წელს Vetements-ი საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდად აღიარეს.
„არასდროს ეცადოთ, ვინმეს დაემსგავსოთ. გახსოვდეთ, რომ პატენტი, რაც უნდა კარგი იყოს, ორიგინალს ვერასდროს ჩაააცვლებს. იყავით ის, ვინც ხართ. დამიჯერეთ, ამაზე მაგარი არაფერია“
რაც შეეხება უშუალოდ ძმების ურთიერთობასა და ბრენდ Vetements-ს, ის 2019 წელს დემნამ დატოვა. მას შემდეგ Vetements -ის შემოქმედებითი და გენერალური დირექტორი გურამ გვასალიაა. ბოლო დროს საუბრობდნენ იმაზეც, რომ მათ შორის დაძაბულობაა, თუმცა თავად გურამსა და დემნას ამასთან დაკავშირებით საჯაროდ არაფერი უთქვამთ.