ლიკა ქავჟარაძე 2017 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა - მსახიობს არაერთი კინოროლი აქვს შესრულებული, თუმცა მისი მთავარი როლი თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებული მარიტაა.
ნატვრის ხე - მარიტა
კინოში განსახიერებულ ოცდაათამდე როლის მიუხედავად, განსაკუთრებული აღიარება მას თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეში“ შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა. თავად ამბობდა: „მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, „ნატვრის ხე“ მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება“.

დიმიტრი II - დედოფალი ნანა
ფილმში მოვლენები XIII საუკუნის საქართველოში ვითარდება. ქართლის ბედი დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ წარუძღვებოდა საქვეყნო საქმეებს ახალგაზრდა მეფე დემეტრე თავდადებული. ფილმში ლიკა ქავჟარაძე მეფის მეუღლის, ნანა დედოფლის როლს ასრულებს.
ჩაკლული სული - ნატო წერეთელი
ფილმი იდეოლოგიურ დესპოტიზმს დაპირისპირებული ინტელიგენციის მძიმე ხვედრზე მოგვითხრობს - იგი ემიგრანტი ქართველი მწერლის, გერმანიაში მოღვაწე გრიგოლ რობაქიძის 1931 წლის რომანის ეკრანიზაციაა.
ლიკა ქავჟარაძე
12 წლიდან დაიწყო კინოკარიერა — 1972 წელს მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. ამავე ასაკში მოკლემეტრაჟიან ფილმ „შადრევანში“ გადაიღეს. შემდეგ იყო „როცა აყვავდა ნუში“, „მშვენიერი კოსტიუმი“ და სხვა ფილმები.
მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ „ირიდას“ დამფუძნებელი იხსენებდა, „ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ“.
2014 წელს გადაცემა „სხვა რაკურსში“ საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე ისაუბრა. მსახიობმა ფსიქიკური პრობლემების მიზეზად ბევრი გადაღებები და გადაღლილობა დაასახელა. ფსიქიკური პრობლემები მას 24 წლის ასაკში დაეწყო და შესაბამისი მკურნალობა დასჭირდა. გარდა ამისა, პრობლემების მიზეზად მსახიობი ასახელებდა ექიმების მიერ ნავარაუდევ მშობიარობის სტრესს: „ზოგი ამბობს, რომ ეს არის არაბედნიერი ცხოვრების გამო. ზოგიერთი ამბობს, რომ გაციებული ვიყავი და მენინგიტის შედეგად გავხდი ცუდად“.