ვნებათა ჭიდილი - თავი 4 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 4

2025-05-08 11:28:28+04:00

წინა თავი

ამასობაში ოფიციანტმა ჩვენი შეკვეთა მოიტანა. მეც შევწყვიტე ჩემი წარსულის მამაკაცის შესახებ კითხვების დასმა და ჭამას შევუდექი. ბოლოს ყავაც დავაყოლეთ. ნება-ნება ვსვამდით, არსად გვეჩქარებოდა.

_ კაცების საქმე როგორაა? _ მკითხა ზურამ სრულიად მოულოდნელად, _ მაინცდამაინც არ მჯერა, რომ მამაკაცთმოძულე ხარ.

_ არა, მთლად ასე არაა, ხანდახან ვაძლევ თავს უფლებას, ვიფლირტაო, მაგრამ სერიოზული ურთიერთობა არავისთან არ მაქვს. ამისთვის დრო არ მყოფნის.

ზურამ თავისი ყავის ფინჯანი ამოატრიალა და თავდაყირა დადო.

_ საღამოს სიამოვნებით დაგპატიჟებდი ვახშმად, თუ სხვა გეგმები არ გაქვს. დღეს პარასკევია, ხვალ ალბათ ისვენებ ან პაემანზე მიდიხარ. _ თქვა უცებ.

_ არა, გეგმები არ მაქვს, _ უნებლიეთ გამეღიმა, _ არც პაემანი მეჭყანება, ასე რომ.. _ მივუგე და შევამჩნიე, როგორ აელანძა სახე, _ შემიძლია შენი მოპატიჟება მივიღო.

_ ესე იგი, გამიმართლა, _ მხიარული ტონით წარმოთქვა, ხელები ისევ გადაიჯვარედინა და ურწმუნოდ შემომხედა, _ მართლა იღებ ჩემს მოპატიჟებას? ალბათ გაგიკვირდა, ასე უცებ რომ გაგიშინაურდი, მაგრამ რა ჩემი ბრალია, ჩვენ ხომ თითქმის ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს.

როგორი მორცხვია-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ მე ეს მომწონდა. რაღაცით მე მგავდა. თმა ისევ უკან გადავიყარე და მივაჩერდი.

_ აბა რა…

_ გავერთოთ. რესტორანში წაგიყვან. ერთი ადგილი ვიცი, ლამაზი შადრევანი აქვთ ეზოში, მასში ბანაობაც კი შეიძლება.

გულიანად გამეცინა.

_ მართლა?

_ არა, ვიხუმრე, მაგრამ შენ თუ მოგინდეს ბანაობა, მაგის მოხერხებაც შემიძლია.

_ არა, რას ამბობ! შადრევანში რა მაბანავებს, _ თავი უკან გადავხარე და ისევ გავიცინე.

არ ვიცი, ჩემმა სიცილმა იმოქმედა თუ ნათქვამმა, მაგრამ შევამჩნიე, რომ სუნთქვა შეეკრა. ეს ისე აშკარა იყო, რომ შევფიქრიანდი. ხომ არ ვიჩქარე, ვახშამზე რომ დავთანხმდი? რამე არ იფიქროს… იმედია, სერიოზული ურთიერთობის გაბმაზე არ ფიქრობს. რაც უნდა იყოს, წარსულში მისი ძმის შეყვარებული ვიყავი. არა, სისულელეა, ის ამას გულშიც არ გაივლებს, ამიტომ სანერვიულო არაფერი მაქვს. თუ, რა თქმა უნდა, მაქსი არ გამწარდება ამაზე. არადა, ალბათ როგორ გაუტყდება, როცა გაიგებს, რომ ამდენი წლის შემდეგ მის ძმას ვხვდები. აშკარად არ მოეწონება, როგორი მეგობრულიც უნდა იყოს ჩვენი შეხვედრა. აქამდე არასდროს მიფიქრია, მაქსზე შური მეძია, ბოღმა და სამაგიეროს გადახდა ჩემს ხასიათში არ ზის. მაგრამ მაქსთან დაშორებამ ბევრი რამ ჩაკლა ჩემში. მეც სულ სხვა ვინმე გავხდი, როცა მივხვდი, რომ ის სიყვარული, რომელსაც მე ვაძლევდი, მისთვის ძალზე ცოტას ნიშნავდა. რაღაც განადგურდა ჩემში, თუმცა ამის აღიარება სულაც არ მინდოდა. ახლა მაქსის მისამართით სიყვარულნარევ სიძულვილს განვიცდიდი, ცხრა წლის შემდეგაც კი და რაღაცნაირად მომინდა, სულ, სულ ცოტათი მეძია შური. იქნებ ამან მიშველოს და ოდნავი შვება მაინც მომგვაროს. ეს წლები გამუდმებით დამცირებულად ვგრძნობდი თავს. არა, არა, ზურას ამ მიზნით ვერ გამოვიყენებ. მას ხომ ჩემთვის არაფერი დაუშავებია. უბრალოდ, კარგი მეგობრები ვიქნებით და მორჩა. ამ მეგობრობის შესახებ მხოლოდ ჩვენ ორს გვცოდინება, მაქსმა კი, რაც უნდა, ის იფიქროს. გასკდეს შურით. დაე, იფიქროს, რომ ზურა შევაბი ან პირიქით, ის შეეცადა ჩემს ცდუნებას.

_ რომელ საათზე ვიყო მზად? _ ვკითხე, _ ოღონდ ერთი პირობით, ზურა. იცოდე, რომ მე გასართობი ქალი არ ვარ. _ ვლაპარაკობდი გულღიად, პირდაპირ, თან სერიოზული სახით, _ მე მხოლოდ მეგობრობას გთავაზობ, მეტს არაფერს. ისედაც არ გამოვა ლამაზი, ხომ გესმის… რას იტყვი?

ზურა სკამის საზურგეს მიაწვა და უკან გადაიხარა. წამით რაღაც ჩრდილმა დაიბუდა მის თვალებში. მერე ჩაიცინა.

_ თანახმა ვარ სამუდამოდ მეგობრებად დავრჩეთ.

_ და კიდევ ერთი რამ… არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ რამდენად მისაღები იქნება სხვებისთვის, მე რომ ჩემს დამქირავებელთან ვიურთიერთო? რას იტყვიან ამაზე?

_ მოდი, შენს რეპუტაციაზე ზრუნვა მე მომანდე, _ საქმიანი კაცის ტონით მომიგო, _ ოღონდ შენც მითხარი ერთი რამე… მაქსთან შეხვედრის სურვილი გაქვს? ამდენი წლის შემდეგ…

მაშინვე გადავაქნიე თავი, თუმცა გულის სიღრმეში ნაცნობი ჩხვლეტა ვიგრძენი.

_ არავითარ შემთხვევაში!

_ მაშინ ძალიან კარგი, _ ზურა წელში გასწორდა, _ ექვისთვის რომ გამოგიარო, გაწყობს?

_ მაგრამ შენ ხომ არ იცი, მე სად ვცხოვრობ.

ამაზე ჩაეცინა.

_ შენ ასე გგონია? რაც უნდა იყოს, კომპანიის ერთ-ერთი მეპატრონე ვარ. ამიტომ შენი მონაცემები ჩემთვის ცნობილია. შენს სააგენტოსთან კონტრაქტის გაფორმებისას მეც იქ ვიყავი. იქ კი მისამართიც წერია და ტელეფონის ნომერიც.

_ ხოოო, ამაზე არ მიფიქრია. რომც არ გცოდნოდა, გეტყოდი, რა პრობლემა იყო? _ მხრები ავიჩეჩე და გავეკეკლუცე.

არადა, რაღაცნაირად ავფორიაქდი. კონტრაქტის პირობებით რამდენიმე თვე მომიწევდა მათთან თანამშრომლობა. გარდაუვალი იყო, მაქსს სადმე არ გადავყროდი. ვაითუ მოულოდნელად შევჩეხებოდი სადმე, მოუმზადებლად… რა დამემართებოდა? `არაფერიც არ მომივა!~ _ გავამხნევე ჩემი თავი. პატარა გოგო ხომ არ ვარ. თანაც, ის სიყვარული უკვე აორთლდა. ასე რომ, ამ მხრივ საშიშროება აღარ მემუქრება. როგორმე გავართმევ თავს. ზურა არაჩვეულებრივი ბიჭია, მართლა მომწონს. მე იმდენად გადაჩვეული ვარ ბიჭებთან ურთიერთობას და მათთან ერთად რესტორნებში სიარულს, რომ ზურას ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, აუცილებლად უარს ვეტყოდი. ვერ ვიტან, როცა სადმე მპატიჟებენ, მერე კი ეგრევე სექსზე დამიწყებენ ლაპარაკს. მაქსის ძმა თავხედი არ ჩანს, თანაც უკვე გავარკვიეთ, როგორი ურთიერთობაც გვექნება.

შინ რომ დავბრუნდი, მამაჩემი არ დამხვდა. ჩემი მშობლები თავიდანვე სასტიკი წინააღმდეგი იყვნენ ჩემს მოდელობაზე. მამამ, ჩემგან მალულად, ერთ სააგენტოსთან მოლაპარაკებაც კი სცადა, უარი ეთქვათ ჩემს აყვანაზე. მაგრამ მე, როგორც ამერიკიდან ჩამოსული მოდელი, ყველა სააგენტოსთვის საინტერესო ვიყავი, ამიტომ მამას არაფერი არ გამოუვიდა. ამერიკამ ბევრი რამ მასწავლა, როგორც მოდეკს _ გრაციოზულობა, თავის დაჭერა, სიარულის მანერა, ბუნებრიობის შენარჩუნება. ამაში ჩემი საბალეტო პრაქტიკაც დამეხმარა.

მაქსი… საკმარისი იყო, თვალები დამეხუჭა, რომ თვალწინ სულ მისი სახე მედგა _ მაღალი, ძლიერი, უზომოდ სიმპათიური და თბილი. ის ალერსიანად იცინოდა, როცა ვეფერებოდი და მისი სიყვარულით ჭკუას ვკარგავდი. მსიამოვნებდა ჩემზე ბევრად უფროსი მამაკაცის მოფერება. პირველად რომ შევხვდი პაემანზე, სახლიდან გავიპარე. ის დღე არასდროს დამავიწყდება. ახლაც სიტყვასიტყვით მახსოვს, რა მითხრა:

_ შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ. პატარა გოგოშკა, რომელიც სიყვარულისთვის მზად არ არის. ამის გამო ალბათ მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნა შემაწუხებს და ვერასდროს მოვინანიებ, ბავშვი რომ ვაცდუნე.

_ მაგრამ მე შენ ისე მიყვარხარ!.. _ ვეჩურჩულებოდი თავბრუდახვეული და ჩემი ჩურჩული ხვეწნას ჰგავდა.

_ შენ ჯერაც მოზარდი ხარ, _ მითხრა, მაკოცა და მიმიზიდა. _ იმის უფლებასაც ვერ ვაძლევ ჩემს თავს, მკერდზე შეგეხო.

ძალზე მგრძნობიარე ბუნების იყო და არც მალავდა ამას. ის არ დუმდა, არც მიკიბულ-მოკიბულად ცდილობდა ახსნას, პირდაპირ მეუბნებოდა სათქმელს _ გულწრფელად, ტყუილის გარეშე. მეუბნებოდა იმასაც, რომ მიუხედავად ჩემი ასაკისა, მასაც ვუყვარდი და ამიტომ უკან ვერ იხევდა…

სარკის წინ ვიდექი, ჩემს ორეულს შევყურებდი და აცახცახებული ვიხსენებდი, რა ვუთხარი მაქსს მეექვსე პაემანზე. `მე მინდა შენი ვიყო~, _ თამამად ვუჩურჩულე ყურში და მწვანე მოლზე გულაღმა გავიშხლართე. უკვე ღამე იყო და სულაც არ შემშინებია იმის, რომ ვინმე თვალს მოგვკრავდა.

თავიდან თითქოს მომყვა, კოფთის ღილები შემიხსნა, გვერდზე მომიწვა, ზემოდან დამაცქერდა და აღმოხდა:

_ როგორი პრიალა სხეული გაქვს, დახვეწილი, _ ხმა თითქოს ხმა ჩაუწყდა, გაებზარა, ხრინწი შეერია, _ თან როგორი უბიწო.

_ მსიამოვნებს, რომ მიყურებ, _ მეც ავჩურჩულდი მიბნედილი ხმით, _ სხვას არასდროს არ მივცემ უფლებას, ასე მიყუროს. მე მხოლოდ შენ გეკუთვნი. _ ერთიანად ვთრთოდი, ადრე მსგავსი განცდა არასდროს დამუფლებია.

_ შეიძლება შეგეხო? _ რაღაცნაირად შებოჭილმა მკითხა.

მეც მეტი რა მინდოდა? მაშინვე წამოვჯექი, კოფთა გავიხადე, ლიფიც შევიხსენი და მისკენ მივტრიალდი.

_ ადრე ვინმესთან გაგიკეთებია ეს? _ დაძაბულობა შეეპარა ხმაში.

_ არასდროს, _ სუნთქვაგახშირებულმა მივუგე, _ შემეხე… მინდა შენი ხელები ვიგრძნო.

_ მეც მინდა შეგიგრძნო, _ ჩურჩულით ამოთქვა თვითონაც და თავისი ძლიერი მარჯვენა ხელისგული მკერდზე დამადო, _ რა საყვარელი  პატარა ხარ!

_ სულ, სულ პატარა? _ ვკითხე შეშინებულმა, ვაითუ გადაიფიქროს-მეთქი.

_ ოჰ, არა, მთლად ეგეთი პატარაც არ ხარ, _ მითხრა და მკერდზე მიმიხუტა… მძლავრად, თრთოლით. მესმოდა, როგორ გამალებით უცემდა გული. მეც სწორედ ასე მიცემდა. ვნებიანად დავიკვნესე და ვიგრძენი, რომ მაქსიც კარგავდა თავის თავზე კონტროლს…

კორპუსთან მანქანის სიგნალის ხმა გაისმა, რამაც რეალობაში დამაბრუნა. როგორ გასულა დრო! მაგრამ ჩემი სხეული ჯერ კიდევ წარსულის მოგონებებს ჰყავდა დატყვევებული, ჯერაც ვგრძნობდი ჩემს ტუჩებზე მაქსის ტუჩების შეხებას, მის სურნელს, მის სითბოს. შიშველი, ჯერ კიდევ სველი ტანით, პირსახოცშემოხვეული ვიდექი სარკის წინ და არც ვიცი, რამდენ ხანს. ვერც ვიგრძენი ექვსი საათის მოახლოება. ახლაც კი, ამდენი წლის შემდეგ, ჩემს გონებასაც და სხეულსაც ახსოვს ის საღამო პარკში. მას შემდეგ არც ერთხელ, არც ერთხელ არ მიგრძნია თავი ასე კარგად მამაკაცთან, თუმცა შეყვარების მცდელობა რამდენჯერმე მქონია. მაქსი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც მატყვევებდა. არავისთან განმეორდა ის, რასაც მაქსი განმაცდევინებდა თავისი სიახლოვით. ალბათ ამიტომაც მიმიჩნევენ ბიჭები ფრიგიდულად. რა ვქნა, ჩემი მთლიანი ვნება და სწრაფვა მამაკაცისადმი მაქსმა შეიწირა და თან წაიღო. მასთან ნამდვილად არ ვიყავი ფრიგიდული…

სწრაფად შევუდექი ჩაცმას ანერვიულებული, ჯერ კიდევ მოგონებებით გარემოცული. როგორც იქნა, გამოვეწყვე ჩემს ლამაზ მწვანე კაბაში, თმა გაშლილი დავიტოვე, არც ფენით გაშრობა მიცდია, რადგან ვერ ვასწრებდი და კვლავ სარკეს მივაშურე `განაჩენის~ გამოსატანად. როგორ გამოვიყურები? ბრწყინვალედ! ფიგურა _ დაცემა! ფეხები _ გრძელი, ასხლეტილი, მკერდი _ საკაიფო! და შოკოლადისფერი რუჯი! კაცები სურვილის ჯოჯოხეთურ ცეცხლში იწვიან ამ გოგოს დასაუფლებლად! პირველად ეს მაქსს სურდა, ადრე, ძალიან ადრე, როცა ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ვიყავი. მაგრამ ჩემზე უფრო ფულის შოვნის სურვილი კლავდა. ვინ ვინ და, ჩემზე უკეთესად ვინ იცოდა, რა გზებით შეეძლო მას ამ ცხრა წლის განმავლობაში ამხელა წარმატებისთვის მიეღწია. ვიცოდი და ამიტომაც ვერ ვიტანდი.

შევეცადე, მასზე ფიქრი გონებიდან ამომეგდო და ზურასთან შესახვედრად შევმზადებულიყავი. რა აზრი აქვს ახლა წარსულის მოჩვენების გონებაში შემოშვებას? არავითარი! ბოლოს და ბოლოს, ამ საღამოს ჩემი კავალერი ზურაა და არა მაქსი! წარსულის კარს კი ცხრა კლიტით დავგმანავ, რომ აღარ გაიღოს!.. რამდენიმე საათი მაინც…

უნდა ვიმხიარულო!

ზურამ ზუსტად ექვსზე გამომიარა. როცა სადარბაზოდან გამოვედი, ის თავისი მანქანის კარს მიყრდნობილი იდგა და საჩვენებელი თითით გასაღებების აცმას ჰაერში ატრიალებდა.

_ ვაა! _ ტუჩებით `რა მაგარ ფორმაში ხარ~ გამოხატა ზურამ და თავი გააქნია, _ შენ ქუჩაში მთელ მოძრაობას გააჩერებ.

_ ვიმედოვნებ! _ აღტყინებულმა მივუგე და ხელკავი გამოვდე. რაღაცნაირ ხასიათზე დავდექი. მომწონდა ჩემი თავი და მომწონდა ისიც, რომ ზურას მოვეწონე. იგი შავი ბმვ-თი იყო მოსული. ამხელა კომპანიის თანადამფუძნებელს კარგი მანქანა გაუჭირდებოდა? როცა ჩავჯექი, ცოტა არ იყოს, გაოცებამ შემიპყრო. შავი ფერის მანქანის შიდა ინტერიერი ერთიანად თეთრი იყო. ამან ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.

_ ჩვეულებრივ, დღის ამ მონაკვეთში ტაქსით ვსარგებლობ, _ თქვა ზურამ, _ მაგრამ ამ დროს ტაქსის დაჭერაც ძნელია პიკის საათის გამო. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანები დროს პატივს არ სცემენ. _ გვერდულად გამომხედა და გამიღიმა.

_ ხო, მაგაში გეთანხმები.

_ ამასთან, მინდოდა შენთვის ჩემი მანქანაც მეჩვენებინა. თითქმის ბოლო მოდელია.

_ ეჭვიც არ მეპარება… და არც მიკვირს შენი შესაძლებლობის ადამიანისგან.

_ რა ვქნა, მიყვარს ძვირფასი ნივთები, _ თავი იმართლა ჩემი ყოფილი შეყვარებულის ძმამ და ისეთი სისწრაფით მოწყვიტა ადგილიდან მანქანა, რომ უკან გადავქანდი.

ფარულად შევათვალიერე. მაჯაზე შვეიცარიული ასევე ძვირად ღირებული საათი ეკეთა, ტანზე კი აბრეშუმის ნაცრისფერი თხელი კოსტიუმი ემოსა. მოდური ახალგაზრდა მამაკაცი! აი, მესმის!

დაღლილი ღიმილით მივეყრდენი სალონის საზურგეს.

_ როგორი გრძელი დღე იყო, _ წამოვიწყე, _ იმედია, მოსაწყენი არ მოგეჩვენები. არ ვიცი, როგორ გავქაჩავ. _ ახლა მე შევუდექი თავის მართლებას.

_ შენ ვერ შეძლებ მაგას. როგორ შეიძლება შენთან მოვიწყინო? გამორიცხულია. რაც შეეხება საღამოს… გადავწყვიტე, ჩინურ რესტორანში წაგიყვანო. რას იტყვი?

_ წავიდეთ. მიყვარს ჩინური სამზარეულო, _ ვთქვი ხმამაღლა, გულში კი გავიფიქრე, `აკი შადრევნიან რესტორანს შემპირდი?~

_ მაშინ წინ, ჩინელებისკენ! _ დაიყვირა აჟიტირებულმა და სიჩქარეს მოუმატა.

გაგრძელება იქნება