თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ელისო ვირსალაძე დაიბადა თბილისში, 1942 წლის 14 სექტემბერს. მამა - კონსტანტინე ვირსალაძე გამოჩენილი ექიმი იყო, დედა - ბიოლოგი, დარეჯან კავკასიძე.
განათლება და კარიერა
1950–1960 წლებში სწავლობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა ათწლედში, 1960–1966 წლებში კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
პირველი სოლო კონცერტი მეათე კლასში გამართა. მსმენელმა მისი შესრულებით მოცარტის ორი სონატა, ბრამსის რამდენიმე ინტერმეცო, შუმანის მერვე ნოველეტა და რახმანინოვის პოლკა მოისმინა. 1957 წელს, 15 წლის ასაკში ახალგაზრდობის რესპუბლიკური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ელისო ვირსალაძე რეგულარულად მართავდა კონცერტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. წარმატებით გამოდიოდა ლონდონის, მილანის, რომის, პარიზის, ლისაბონის, ბერლინის საკონცერტო სცენებზე. გარდა ამისა, ნაყოფიერად თანამშრომლობს საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების წამყვან ორკესტრებთან.
წლების მანძილზე თანამშრომლობდა ქართველ დირიჟორებთან, რომელთა შორის იყვნენ და არიან ქართული ხელოვნებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლები — ზაზა აზმაიფარაშვილი, ჯემალ გოკიელი, ოდისეი დიმიტრიადი, ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე...
1967 წლიდან საკონცერტო გამოსვლებთან ერთად ელისო ვირსალაძე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა, 1971 წლიდან საკუთარ კლასს უძღვება.
არის საპატიო მიწვეული პროფესორი ტოკიოს კონსერვატორიაში. მის მოსწავლეებს შორის არიან უმსხვილესი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები — ლილიან აკოფოვა, ბორის ბერეზოვსკი, ვლადისლავ ბრონევეცკი, ალექსეი ვოლოდინი, სერგეი ვორონოვი, ეკატერინა ვოსკრესენსკაია.
2012 წლის ოქტომბერში თელავის საკრებულოს გადაწყვეტილებით — ქალაქის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ელისო ვირსალაძეს თელავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
2015 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ ელისო ვირსალაძეს სამუსიკო ხელოვნებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
მსოფლიო სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის და მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის 2013 წელს საპატიო ნიშნის ორდენით, ხოლო 2017 წელს — ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.