მსახიობსა და ინფლუენსერ თამუნა მდივანს, 29 აპრილს ვაჟი გიორგი მდივანი გარდაეცვალა. მიზეზზე გარდაცვლილის ნათლია სოციალურ ქსელში წერდა და ამბობდა, რომ გიორგის ღამე ღებინება დაეწყო და გაიგუდა.
თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მადლობას უხდის:
„ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ჩავწერო ეს ვიდეო, მაგრამ სიტყვებს ვერ ვალაგებ, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩავწერო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მედექით გვერდში ჩემთვის ურთულეს დღეებში. ვგრძნობდი თქვენს თანადგომას.
პირველ რიგში, უფლის მადლიერი ვარ, რომ მაძლებინებს. ზუსტად ვიცი, რომ გიორგი მასთან არის და ყველაზე საუკეთესო დედა, ღვთისმშობელი.
თქვენი თანადგომა, თითოეული ჩემი წუხილის გაზიარება თქვენს მიერ, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ ლოცვისთვის, რომელიც ჩემი შვილისთვის წარმოთქვით. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი ბევრი ადამიანის წინაშე“, - ამბობს ვიდეოში თამუნა.
თამუნა მდივანი
დრამისა და კინოს მსახიობს, თამუნა მდივანს, უკვე არაერთი წელია, რაც წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს - ის მონაწილეობს რამდენიმე ქართულ სერიალში, გადაღებულია სარეკლამო კამპანიებსა და რგოლებში. მიუხედავად ამისა, თამუნა განსაკუთრებით ბევრმა ადამიანმა "ტიკტოკის" პლატფორმიდან გაიცნო.
კოვიდპანდემიის პერიოდში, როცა ჩვენი ცხოვრების რიტმი შენელდა, მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, განსაკუთრებით გაიზარდა გასართობი პლატფორმა "ტიკტოკის" პოპულარობა. რთულ პერიოდში დროის გასაყვანად გადაღებულმა ვიდეოებმა თამუნას და მის ოჯახს დიდი პოპულარობა მოუტანა, რაც დღემდე გრძელდება - მასთან ერთად ხშირად ჩნდება მისი ქალიშვილი, მშვენიერი მარიამ მდივანიც. დედა-შვილი ყოველდღიური ვლოგებისა და თუ სახალისო მომენტების გარდა, გამომწერებს კულინარიულ კონტენტსა და რეცეპტებსაც სთავაზობენ. თავდაპირველად თამუნამ ვიდეოებს გადაღება სწრედ მარიამის რჩევით დაიწყო და დღეს მათ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ.
თამუნა მდივანის უფროს ქალიშვილს, სალომე ქათამაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის მომღერალია და არაერთ პოპულარულ შოუსა თუ კონკურსშიც მონაწილეობდა. გოგონა განსაკუთრებული ხმით ახლა უკვე საზღვარგარეთ აგრძელებს ცხოვრებას.
მარიამი თამუნასთან ერთად ხშირად ჩნდება "ტიკტოკზე" - დედა-შვილის კულინარიულმა ტანდემმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მარიამი ვიდეოებს დამოუკიდებლადაც აქვეყნებს და სოციალურ ქსელებში ათასობით გამომწერი ჰყავს.