ცოტა არ იყოს, დავიძაბე. ისე გიჟურად მიაქროლებდა მანქანას, რომ შიშმა ამიტანა, თან იმხელა ნაკადში სასწაულებრივად მიიკვლევდა გზას. გამახსენდა გამოთქმა _ დაგუბებულ წყალში მეტი ბაქტერიააო _ მისი მორცხვი ბუნების უკან ბობოქარი ხასიათი იმალებოდა. ერთი შეხედვით საერთოდ არ ტოვებდა ცერცეტი ბიჭის შთაბეჭდილებას, მაგრამ თურმე მხოლოდ ერთი შეხედვით _ აი, ბატონო, თქვენ, ცოცხალი მაგალითი! ინებეთ!
როცა რესტორნის ავტოსადგომზე გავჩერდით, შვებით მაშინღა ამოვისუნთქე და ღმერთს მადლობა შევწირე, რომ აქამდე ცოცხალმა და უვნებელმა მოვაღწიე.
_ ესეც ასე! უკვე ადგილზე ვართ, _ ზურა მანქანიდან გადავიდა, ჩემი კარი გააღო და მეც მომეხმარა გადმოსვლაში, _ ე, გაბი! რა გჭირს? შეგაქანა? ხომ არ შეგაშინე? _ შეშფოთდა უცებ.
_ ცოტათი, _ ვაღიარე. ასე მეგონა, რეზინის ფეხები გამომება, ისე მეკეცებოდა. მართლა როგორ შემშინებია! რას ვიფიქრებდი!
_ მაპატიე, ძალიან გთხოვ, მაპატიე! აწი არასდროს ასე არ ვიჩქარებ. ხომ მაპატიებ?
ისე შეწუხდა, რომ ვინანე, სიმართლე რატომ ვუთხარი-მეთქი.
_ არაფერია. უბრალოდ, მე საშინლად მშიშარა ვარ. დაივიწყე. აჯობებს, ვივახშმოთ და რამე კარგი ჩინური შევჭამოთ.
_ მოსულა! _ მიპასუხა ზურამ და წინ გაიჭრა.
ეს იყო ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, პაემანი. და ამას შემდგომში ბევრი სხვაც მოჰყვა. ჩვენ კარგად ვგრძნობდით თავს ერთმანეთთან. განსაკუთრებით ის მომწონდა, რომ სადარბაზომდე ღიმილით მიმაცილებდა ხოლმე. წამითაც არ შორდებოდა ეს ღიმილი სახიდან. გარდა ამისა, თავს არ მაბეზრებდა, არ მჭირდებოდა იმის თქმა, წადი ახლა, ნუღარ მაცდენ-მეთქი. დამემშვიდობებოდა და მიდიოდა. მიხაროდა, რომ გასართობად შემეძლო რესტორნებში ისეთ მამაკაცთან ერთად მევლო, რომელიც ჩემგან არაფერს ითხოვდა. ზურასთან თავს მშვიდად ვგრძნობდი.
მართალია, ჩვენს მეგობრობას ერთი შეხედვით თითქოს არაფერი უშლიდა ხელს, მაგრამ… იყო ერთი `მაგრამ~ _ მაქსი როგორ შეხედავდა ამას? როგორ შეხვდებოდა ჩემსა და ზურას მეგობრობას? დარწმუნებული ვიყავი, ზურას უკვე ექნებოდა ძმისთვის ნათქვამი ჩვენი შეხვედრის შესახებ, თუმცა თვითონ ერთხელაც არ უხსენებია ჩემთან უფროსი ძმა. აღარც მე ვეკითხებოდი არაფერს. თავიდან, როცა რამდენჯერმე შევეკითხე, სიტყვაუხვი ნამდვილად არ ყოფილა, ეგრევე ცდილობდა, საუბარი სხვა თემაზე გადაეტანა. შეიძლება ასე უკეთესიცაა? რატომ უნდა გამოვიჩინო ზედმეტი ცნობისმოყვარეობა, აქედან რა გამოდნება? რა შეიცვლება იმით, კარგს გავიგებ მაქსის შესახებ თუ ცუდს? ისევ და ისევ გული უნდა მეტკინოს მხოლოდ და წარსულის მოგონებებმა უსიამოვნოდ გამთელოს.
მამაჩემისთვის არ მითქვამს, ზურას რომ ვხვდებოდი. კი არ დამიმალავს, უბრალოდ, სიტუაცია არ ჩავარდნილა, ბოლო დროს არც გვილაპარაკია წესიერად. უნივერსიტეტიდან გვიან ბრუნდება და მერეც სამსახურის საქმეებითაა დაკავებული. ზოგჯერ ისე ვწვები დასაძინებლად, ორ სიტყვას თუ გადავულაპარაკებთ ერთმანეთს.
სარეკლამო რგოლების გადაღება გრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც ტელევიზიაში ავტოკორპორაცია `მაქსი და პარტნიორების~ რეკლამები გავიდა, ძალზე პოპულარული გავხდი. სააგენტოში `მის ავტონაწილი~ შემარქვეს~, მაგრამ სულაც არ მწყინდა _ ხუმრობა ყოველთვის კარგად მესმოდა. ფართო რეკლამა უფრო მიმყარებდა ნიადაგს სარეკლამო ბიზნესში და მუდმივი სამუშაო გარანტირებული მქონდა. ერთ კვირაში უკვე იმდენი შემოთავაზება მქონდა, რომ უარის თქმას ვერ ავუდიოდი. იმასაც კი მთხოვდნენ, თქვენ თვითონ დაასახელეთ თანხა, რასაც სარეკლამო რგოლისთვის მოითხოვთო. მე კიდევ ყველას თავაზიანი უარით ვისტუმრებდი. კონტრაქტში გარკვევით ეწერა, რომ ავტოკორპორაცია `მაქსი და პარტნიორების~ რეკლამებზე მუშაობის პერიოდში სხვა ფირმებთან ურთიერთობა მეკრძალებოდა. არანაირი გადაღება, გარდა პრიალა ჟურნალებისა! თუმცა ამასაც არ ვჩქარობდი _ პრიალა ჟურნალების ყდაზე მოხვედრა ისედაც არ მაკლდა, ამიტომ სულაც არ მსურდა, ჩემი ფოტოსესია ჩვეულებრივი მკითხველისთვის მოსაბეზრებელი ყოფილიყო.
ახალ სამუშაო ადგილზე, ანუ კორპორაციაში ჰონორარს სოლიდურს მიხდიდნენ, თანაც, სრული დამოუკიდებლობა მქონდა, არავინ მზღუდავდა და არც არავისზე ვიყავი დამოკიდებული. ამას ზურასთან ურთიერთობაც დაერთო და ჩემმა ცხოვრებამ სრულიად მოულოდნელად იცვალა ფერი.
მაგრამ ერთხელაც ზურამ მთავარ ოფისში წამიყვანა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გასაცნობად, რომელიც კორპორაციის სარეკლამო საქმიანობას კურირებდა და სწორედ მაშინ, ამდენი წლის შემდეგ, მაქსსაც შევხვდი.
ეს იყო მოულოდნელი შეხვედრა. ლიფტიდან გამოსულმა წავიბორძიკე და რაღაც ვეებერთელასა და თბილს დავეჯახე. სანამ თავს ავწევდი და შევხედავდი, მანამ ვიცანი მისი ხელები. დიდი, თბილი, ძლიერი ხელები, რომელმაც დამიჭირა და ძირს დაცემას გადამარჩინა. ხელები, რომელიც მყისვე გაახსენდა ჩემს სხეულს…
_ გაბი! _ მისი სიღრმისმიერი რბილი ხმა თითქოს სუროსავით შემომეხვია და გულმა გაშმაგებით დამიწყო ძგერა.
მაქსს ისევ ის სურნელი ასდიოდა _ ოდეკოლონის, რომელსაც ცხრა წლის წინ იპკურებდა და რომლის არომატი იმ დროიდან მაბრუებდა და მასზე მოგონებებს აღმიძრავდა.
შევყურებდი მის საოცარ შავ თვალებს და ჩემი გადაწყვეტილება, შემეძულებინა და ცოტათი მაინც მეძია მასზე შური, სადღაც გაქრა. თითქოს მიველურსმნე ერთ ადგილს, გარხევა ვერ შევძელი. ამოსუნთქვაც კი გამიჭირდა. ირგვლივ ყველაფერი გაქრა, თითქოს მთელ სამყაროში მხოლოდ მაქსის შავი თვალები დარჩა. ისეთი დიდრონი, რომ სახე მთლიანად შეევსო. გეგონებოდა, სხვა ნაკვთი აღარ აქვსო. შევყურებდი ამ სახეს მანამ, სანამ გული სითბოთი არ გადაივსო.
უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული მამაკაცი იყო. წლებს თავისი გაეკეთებინა. მის ხშირ შავ თმას აქა-იქ ვერცხლისფერი შეჰპარვოდა, ხოლო თვალის უპეებთან ნაოჭების ნაკეცებს მოეყარა თავი. თითქოს ძველი მაქსი იყო, მაგრამ უფრო დავაჟკაცებული, უფრო დაკუნთული. წარსულისგან განსხვავებით, ახლა უფრო მოდურად ეცვა _ ვიწრო შარვალი, თეძოებთან ოდნავ განიერი და მოკლე, ტანზე შემოტმასნილი აბრეშუმის პიჯაკი. `წარსულის გაბის გადარებ~ მზერით მათვალიერებდა, რაც არ გამომპარვია. ალბათ ამწუთას მეც სწორედ ასეთი გამომეტყველება მქონდა.
ვიცოდი, რომ სანამ რეკლამებზე ვმუშაობდი, მასთან შეხვედრა არ ამცდებოდა, ვიცოდი და მეშინოდა ამ შეხვედრის. მიუხედავად ამისა, მსურდა მისი ნახვა, სულით და გულით მსურდა. ერთადერთი, რასაც სულ ვნატრობდი, არ მინდოდა მოულოდნელად გადავყროდი სადმე. მინდოდა მომზადებული ვყოფილიყავი ამისთვის. არ გამიმართლა. ისე უეცრად შევეჩეხე და ისეთ ადგილას, სადაც საერთოდ არ ველოდი. პირდაპირ ლიფტთან! თითქოს ორმო გამითხარეს და შიგ ჩავვარდი.
_ მაქს! _ მხოლოდ ეს ამოვთქვი და ჩემი ხმა ვერ ვიცანი. მეგონა, ჩემ ნაცვლად სხვამ წარმოთქვა მისი სახელი.
მან ღრმად ამოიხვნეშა, მაგრამ სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია. არც ახლა უღალატა თავის ჩვეულ სტილს _ თავის დაჭერა ყოველთვის ეხერხებოდა.
_ იმედია, ძალიან არ შევცვლილვარ, პატარავ, _ წარმოთქვა და ინტონაციით მივხვდი, რომ მტრულად არ იყო ეს სიტყვები ნათქვამი, _ შენ კი გაზრდილხარ, პატარა გაბი. ძლივს გიცანი.
ისე ძლიერად მოვუჭირე თითები ჩანთის სახელურს, რომ ჩემი გრძელი ფრჩხილებით რბილი ტყავი კინაღამ ჩავჭერი, თუმცა მაინც შევძელი ტუჩებზე ღიმილის ასხეპა.
_ ჰო, ცხრა წლით გავიზარდე, _ შევახსენე, _ ოცდაექვსის ვარ.
_ ვიცი, _ ცხრაწამიანი მზერა შემავლო.
ეს მზერა თითქოს ჩემს კანს შეეხო და ერთიანად ამაკანკალა. კიდევ კარგი, დღეს კრემისფერი კაბა ჩავიცვი, ასე გამოკვეთილად რომ აჩენს ჩემს ფიგურას. იმედია, ელეგანტურად გამოვიყურები. თავბრუდამხვევი ახალგაზრდა ქალი. გამარჯვებულის იერით ავხედე, როცა მისი შემფასებლური მზერა დავიჭირე.
_ მაშინ ჯერაც გაუშლელი ვარდი იყავი, ახლა კი გაფურჩქნილხარ.
_ ბოლომდე, _ პატივმოყვარული ტონით მივუგე.
მაგრამ ჩემს ტონზე არავითარი რეაქცია არ ჰქონია. მერე მზერა ზურაზე ისე გადაიტანა, ვითომ ახლაღა შეამჩნიაო. ზურას სახე გაქვავებოდა, თითქოს ნიღაბი აქვს აფარებულიო. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო და და ისე იდგა.
_ გამარჯობა, ძმაო, _ მიესალმა მაქსი და ძმას ძმური ღიმილით გაუღიმა.
_ პრივეტ, _ დაუბრუნა სალამი ზურამ, _ მინდოდა გაბის ჩვენი ოფისი დაეთვალიერებინა, პარალელურად დათო გაეცნო _ რეკლამებს ხომ ის კურირებს.
_ კი, კი, რა თქმა უნდა, კარგად მოგიფიქრებია, _ თქვა მაქსმა, მაჯის საათზე დაიხედა და ჯიბიდან ოქროს პორტსიგარი დააძრო. შემდეგ კვლავ ჩემზე გადმოიტანა მზერა და ოდნავი გაოცება აღებეჭდა სახეზე, _ ანუ ჩვენი ახალი სახე შენ ხარ, გაბი?
მომეჩვენა თუ ოდნავ დამცინავი გაუხდა ტონი? გავწითლდი. აჰა… ასე გადაწყვიტა თამაში? ვითომ მშვიდია და თანაც გულგრილი?
_ მაგრად გაგვიმართლა, რომ გაბი ავიყვანეთ, _ სწრაფად დაამატა ზურამ. ასეთი საბრძოლოდ განწყობილი ნოტები მის ხმაში აქამდე არ შემინიშნავს, _ ისეთი პოპულარული გახდა, ლამისაა ხელიდან გამოგვტაცონ.
_ ეგ კი, _ კვერი დავუკარი ზურას, _ უკვე იმდენი შემოთავაზება მივიღე, უარის თქმას ვეღარ ავუდივარ. ზოგიერთი კვირაში სამი ათას დოლარსაც მთავაზობს. _ დავიტრაბახე.
შეგნებულად დავასახელე ეს ციფრი და მიზანშიც მოვარტყი. მაქსს სახე გაუქვავდა და პასუხის გაცემაც შეაგვიანა.
_ მიხარია, _ თქვა ბოლოს და ისევ გულგრილობის ნიღაბი აიფარა.
_ მე კი შენ გამო მიხარია, მისტერ მაქს, ამხელა იმპერიის მეპატრონე გამხდარხარ, _ ირონიულად მივუგე და `ამხელა იმპერია~ გაშლილი ხელებითა და მზერის აქეთ-იქით მიმოტარებით შემოვხაზე, _ უბრალოდ, დაუჯერებელია, იმ პატარა გარაჟიდან ამხელა სივრცეში რომ გადმოგიბიჯებია.
_ გამიმართლა, _ კბილებში გამოცრა გაწბილებულმა.
_ ნამდვილად გაგიმართლა, _ ხაზგასმით წარმოვთქვი, თან კმაყოფილებით ვაკვირდებოდი, როგორ იკავებდა თავს რისხვისგან, რამაც თვალები უფრო ჩაუმუქა.
ჩემ გვერდით მდგარი ზურა შეიშმუშნა, რადგან იგრძნო, რომ დაძაბულობა დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ჩვენს თავებზე. თუმცა ისეთი დაბნეული გვიყურებდა, მგონი, ვერ მიხვდა, რა ხდებოდა.
_ წავიდეთ, _ მითხრა ზურამ და ხელი გამომიწოდა.
_ როგორც იტყვი, _ აზარტულ მოთამაშესავით მივუგე და ხელი ჩავკიდე.
მაქსის რეაქცია შეუმჩნეველი არც ახლა დამრჩენია. ო, რა კმაყოფილი ვიყავი!
_ ნახვამდის, ბოს!
როგორც ჩანს, ზურა ჩემზე არანაკლებ ზეიმობდა. გვერდით მომდევდა და ღიღინებდა. ბავშვობაში იგი სულ მაქსის წნეხის ქვეშ იზრდებოდა, რასაც უფროსი ძმა ეტყოდა, იმას აკეთებდა. ცოტა არ იყოს, იჩაგრებოდა. ვგრძნობდი, ეს წნეხი რაღაც დოზით დღესაც გრძელდებოდა.
_ შენი კაბინეტი რომელ სართულზეა? _ შევეკითხე ზურას.
_ ჩემი? ა, ჩემი აქ არ არის, სხვა შენობაშია. სავაჭრო ცენტრში, სადაც ავტონაწილები იყიდება. ჩემი ტერიტორია იქაა.
_ და აქ რატომ არა? შენც ხომ მეწილე ხარ? უფრო სწორად, თანადამფუძნებელი?
_ კი, მაგრამ მაღაზიაშიც ხომ არის საჭირო სანდო ადამიანი… იქ მეტი პასუხისმგებლობაა _ რა შემოდის, რა გადის, ფული როგორ ნაწილდება… ამასთან, მირჩევნია კიდევაც, მე და მაქსი ერთ შენობაში რომ არ ვართ. ასე უკეთ ვეწყობით ერთმანეთს.
_ გასაგებია…
_ როგორ მოგეწონა? შენ ხომ დიდი ხანია, ის არ გინახავს, _ მკითხა ზურამ და იმ კაბინეტის წინ გაჩერდა, რომელზეც ოქროსფერი ასოებით ეწერა: `აღმასრულებელი დირექტორი დავით სამხარაძე~.
_ მშვენივრად გამოიყურება, _ დავიჯღანე და ისე მივუგე.
_ ის თუ შეამჩნიე, როგორ ბრაზობდა? _ გაიცინა უმცროსმა ძმამ, თითქოს ეს ძალზე ართობდა, _ ამას გამიხსენებს და კარგა მაგრადაც შემახურებს.
_ რატომ? _ კოპები შევიკარი.
_ არ უყვარს, როცა თანამშრომლებთან დაახლოებას ვცდილობ.
_ და ჩემ გამო უსიამოვნებები გელოდება? _ ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, სულაც არ მინდოდა მათი წაკინკლავების მიზეზი ვყოფილიყავი.
_ არ იდარდო, ჩემი თავის დაცვა შემიძლია, _ მხიარულად მიპასუხა, _ დაე, გაბრაზდეს. ამის გარდა… _ გააგრძელა და ოდნავ შეყოყმანდა, გავაგრძელო თუ არა საუბარიო, მერე კი მაინც დააყოლა, _ მას ახლა თავისი პრობლემები აქვს. ახალი შეყვარებული გასაქანს არ აძლევს, გინდა თუ არა, ცოლად შემირთეო.
_ ახალი შეყვარებული?
_ ჰო, ლიკა მურვანიძე. შალვა მურვანიძე არ იცი? ბიზნესმენი. მისი შვილია. ძაან მდიდარია. კარგი გოგოა, ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ლამაზიც და ჭკვიანიც. უკვე მეორე წელია, ერთად არიან. იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ჩაუშვას ღუზა ჩემმა ძმამ და დაქორწინდეს.
გაგრძელება იქნება