ვნებათა ჭიდილი - თავი 6 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 6

2025-05-10 11:41:48+04:00

წინა თავი

სასტიკი ჩხვლეტა ვიგრძენი გულში, ფეხები მომეკვეთა, მაგრამ ზურას არ უნდა შეემჩნია, როგორ იმოქმედა ჩემზე ამ ახალმა ამბავმა, თავი ხელში უნდა ამეყვანა. ნაძალადევად გავუღიმე და წარბების აჭიმვით შევეკითხე:

_ მართლა? და რა უნდა ვაჩუქოთ ქორწილში? ბოლო მოდელის `მერსედესის~ ძრავა ხომ არა?

ზურამ სიცილი ვერ შეიკავა და მეც ავყევი, თუმცა სულაც არ მეცინებოდა.

_ რა მაგარი გოგო ხარ, რომ იცოდე! _ აღტაცებულმა წამოიძახა, _ საკაიფოდ გიჭირავს თავი. მე ასე არ შემიძლია.

_ როგორ ასე?

_ აი, როგორ გითხრა… სიტუაციებში რომ არ იბნევი და თავის დაჭერა მაგრად რომ შეგიძლია. მე ჩემი წარსული და აღზრდა არ მაძლევს ამის საშუალებას. ბრინჯივით ვიბნევი ხოლმე. იცი, რა ძნელია, როცა ღარიბი ხარ და უცებ მდიდარი ხდები? როცა ძველი მეგობრები უნდა მიატოვო შენი ახალი სტატუსის გამო, რადგან უკვე აღარ გაქვთ საერთო ინტერესები და ისინი აღარ არიან რანგით შენი ტოლები? ასევე ძნელია ახალი ნაცნობების წრეში თავი დაიმკვიდრო, რომლებიც უკვე მიეჩვივნენ იმას, რომ მდიდრები არიან და ვეღარც ამჩნევენ, ფული თავზე რომ გადასდით. შენ კი ვერაფრით ვერ იმკვიდრებ მათ გვერდით ადგილს, ვერ ეგუები მათ ისე, როგორც შენს ძველ მეგობრებს ეგუებოდი. ალბათ ვერც ვერასდროს შევეგუები ასეთ ცხოვრებას.

თავი გადავაქნიე.

_ მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, რომელიც ფულში ცურავდა, _ ვაღიარე, _ მისი დეფიციტი არასდროს მიგრძნია. თუმცა ვიცი, რა ძნელია, როცა ორ განსხვავებულ სამყაროს შორის აღმოჩნდები.

_ რა კარგად თქვი: ორ განსხვავებულ სამყაროს შორის… კარგი, გვეყოფა, შევიდეთ დათოსთან. _ თქვა ზურამ და კაბინეტის კარი შეაღო.

ოთახში მაღალი გამხდარი მამაკაცი დაგვიხვდა, რომელიც ჩვენი დანახვისთანავე წამოდგა და შემოგვეგება.

_ სალამი, შვილო! _ გაუღიმა მან ზურას.

იგი დაახლოებით ორმოცი წლის იქნებოდა და ზურას მამად სულაც არ შეეფერებოდა, მაგრამ რახან ზურა მაქსის უმცროსი ძმა იყო, `შვილო~-თი ალბათ ამიტომაც მიმართავდა. დათო ისეთი მელოტი იყო, თავი ერთიანად ულაპლაპებდა. ერთი ღერი თმაც კი არ შერჩენოდა კინკრიხოზე.

_ თქვენ ალბათ გაბრიელა ხართ, არა? ფოტოებით გიცანით. ოოო, მოხარული ვარ… ისეთ კარგ საქმეს გვიკეთებთ, სიტყვები არ მყოფნის. რომ იტყვიან, ღვარცოფივით მოგვასკდა კლიენტურა.

_ მიხარია ამის მოსმენა, ბატონო დავით, _ მივუგე და ხელი ჩამოვართვი. _ მადლობა, რომ მენდეთ.

_ პირდაპირ უბედნიერესები ვართ, თქვენ რომ ჩვენთან მუშაობთ. დაათვალიერეთ ჩვენი ოფისი?

_ ჯერ არა.

_ მე დავათვალიერებინებ, დათო, არაა პრობლემა. უბრალოდ, ჯერ შენს გასაცნობად მოვიყვანე.

_ ძალიან კარგი, ძალიან კარგი. მაშინ არ დაგაყოვნებთ… გაბრიელას ალბათ ბევრი საქმე ექნება. მიდი, შვილო, მიდი, საპატიო სტუმარი არ მოაწყინო…

ზურამ მართლაც მომატარა ყველა სართული, ყველა კუთხე-კუნჭული დამათვალიერებინა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი ცნობისმოყვარეთა მზერას… კაცებისას, ქალებისას… იმასაც ვხვდებოდი, რომ ყველასთვის ნაცნობი ვიყავი და აღტაცებით შემომყურებდნენ, თითქოს ვიღაც მოდელი კი არა, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი ვყოფილიყავი.

როცა კორპორაციის დათვალიერებას მოვრჩით, საბოლოოდ შემექმნა წარმოდგენა მის მასშტაბებზე. ეს იყო გიგანტური კომპანია და მიკვირდა, როგორ უმკლავდებოდა მაქსი ამხელა მანქანას, თუნდაც ადმინისტრაციული აპარატისა და დირექტორთა საბჭოს მეშვეობით.

_ თავბრუ დაგეხვევა ადამიანს, _ აღმომხდა, როცა ლიფტში შევედით, _ რამხელა შენობაა, რამდენი სართული, რამდენი თანამშრომელი! როგორ აუდიხართ ამდენ რამეს? _ აღვნიშნავდი და თან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, იქნებ მაქსისთვის სადმე კიდევ მომეკრა თვალი.

_ ყველა განყოფილებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს. საბოლოო ჯამში არც ისე ძნელია, თუ თავიდანვე ყველას და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენ.

ამასობაში დაბლა ჩამოვედით.

_ კარგი ვქენი, რომ მოვედი, _ ვთქვი შთაბეჭდილებებით დახუნძლულმა, _ სასიამოვნო დღე იყო ჩემთვის.

_ რა სასიამოვნოა ამის მოსმენა, ვერ წარმოიდგენ, _ სიყვარულით სავსე მზერა მიმოატარა ზურამ ჩემს სახეზე, _ იცი, რა? პარასკევს მაქსს თავის სახლში გრანდიოზული წვეულება აქვს. დიდი ხანია, ამ საღამოს გეგმავდა. მთელი თბილისის ელიტა იქ იქნება. მინდა შენც წაგიყვანო… წამოხვალ ჩემთან ერთად?

დავიძაბე. წასვლა როგორ არ მინდოდა, მაქსს კიდევ ერთხელ ვნახავდი. ჩემს მზერას დავატკბობდი მისი ყურებით, შევისუნთქავდი მის სურნელს და გავიხარებდი, მაგრამ…

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ ამდენი წლის შემდეგ ის აღარაფერს ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ აი, ერთხელ შევხვდი და უკვე მენატრებოდა. მინდოდა კიდევ და კიდევ მენახა იგი. ეს კი სახიფათო იყო. ეს იყო მახე, რომელსაც საკუთარ თავს ვუგებდი _ შეიძლებოდა თავი დამეკარგა და ჩემი გრძნობების მოთოკვა ვერ მომეხერხებინა. ამჯერად კი უფრო გამიჭირდებოდა მასთან განშორება. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა, მიმატოვა და ფულზე გამცვალა, სულის სიღრმეში მას ვეკუთვნოდი და ვგრძნობდი, მომავალშიც ასე იქნებოდა. სულ, სულ….

_ ალბათ ვერ მოვახერხებ… _ მშვიდად განვაცხადე უარი ზურას მიწვევაზე.

_ შენ მისი ნუ გეშინია, _ გამომწვევად წარმოთქვა და ხელები ლოყებზე შემომაწყო, _ მე შენ გვერდით ვიქნები. ის ვერ გაწყენინებს.

`შენი აზრით, მაწყენინებს?~ _ გავიფიქრე, ხმამაღლა კი სულ სხვა რამ ვიკითხე:

_ შენ ალბათ არ იცი, როგორ დავშორდით ერთმანეთს მე და მაქსი, არა?

_ რა თქმა უნდა, ვიცი, _ გაოცების გამოსახატავად ზურამ წარბები აზიდა, _ შენებმა ამერიკაში გიკრეს თავი, რომ მაქსს აღარ შეხვედროდი.

სიმწრით ჩავიღიმე.

_ ნუ… ასეც შეიძლება ითქვას… _ მივუგე და ჩემი სახიდან ხელები ჩამოვაღებინე.

რაც მთავარია, ახლა ზურა მყავს გვერდით. ეს ბიჭი მართლა ძმასავით შემიყვარდა. ყოველთვის მინდოდა ძმა მყოლოდა, თუმცა ეს ოცნება არ ამიხდა. სამაგიეროდ, ზურას სახით იგი მაინც მომივლინა ღმერთმა და მე მას არასდროს ვაწყენინებ.

_ თვითონ გითხრა ეს? _ ვერ მოვითმინე და შევეკითხე.

_ ვინ, მაქსმა? _ ზურამ ჩაიფხუკუნა, _ როდის იყო რამეს მიყვებოდა. არასდროს არაფერს! მარწუხით ვერ ამოგლეჯ სათქმელს. არც კი დამელაპარაკა მაშინ, როცა ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ერთი სიტყვაც ვერ დავაცდენინე. მისთვის უდიდესი დარტყმა იყო, როცა შენ მისი ცხოვრებიდან გაგაქრეს.

ჰმ, დარტყმა… კი, როგორ არა! და ფულმა შეამსუბუქა მერე ეს დარტყმა, არა? თუმცა, როგორც ჩანს, ის ფული უაზროდ არ გაუფლანგავს, მშვენიერი საქმისთვის გამოუყენებია! ესე იგი, ზურას არ მოუყვა, რაც სინამდვილეში მოხდა? უცნაურია… ალბათ არ უნდოდა უმცროს ძმას გაეგო, როგორი ანგარებიანი და პატივმოყვარეც იყო.

_ კარგი, ზურა… წამოვალ შენთან ერთად იმ გრანდიოზულ საღამოზე. _ სრულიად მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, _ ვნახოთ, რა მოხდება.

_ ოღონდ აქედანვე მინდა იცოდე, რომ იქ ლიკასაც ნახავ, _ გამაფრთხილა ზურამ და ჩემს რეაქციას დააკვირდა.

თავი არ გავეცი. ამ ბოლოს საკუთარი გრძნობების მართვა ვისწავლე.

_ ესე იგი, უდიდესი სიამოვნება წინ მელოდება! _ სარკაზმის გარეშე ვთქვი.

ზურამ გაიცინა.

_ ჩემ გვერდით იყავი, მე დაგიცავ! _ აღტყინებით წამოიძახა და ჩემი ღიმილის პასუხად მის თვალებში უცნაური ნაპერწკლები გაკრთა.

სასიამოვნო ბიჭია, როცა თავისი სიმორცხვე ავიწყდება. ჩემთან თავს თავისუფლად გრძნობს, შებოჭილი არ არის და მისი მორიდებულობაც სადღაც ქრება. ჩვენი ურთიერთობის წყალობით თითქოს მისი ხასიათის  მეორე მხარე აღმოვაჩინე.

იმდენად მიამიტურად გამოუვიდა შეძახილი, რომ სიცილი ვერ შევიკავე, ხელი ჩავჭიდე და მასთან ერთად შენობიდან გავედი.

როგორ მინდოდა უკან გამეხედა, მაგრამ არ გავრისკე. მაინტერესებდა, რომელიმე სართულის რომელიმე ფანჯრიდან გვიყურებდა თუ არა მაქსი. არა, არ გავიხედე. მეყო ის შოკი, მასთან შეხვედრისას რომ განვიცადე. ეს ერთხელ მოხდა და მეტად აღარ განმეორდება. მომდევნო შეხვედრისთვის კარგად მოვემზადები. და არავითარ შემთხვევაში არ გავუშვებ ხელიდან მაგ `გრანდიოზულ საღამოს~. მივალ და ვაჩვენებ მაქსს, რა ცოტას ნიშნავს ჩემთვის. დაე, დაიზაფროს! დარწმუნდეს, როგორი მზეთუნახავი მიატოვა ფულის გულისთვის. ამის გაფიქრებამ რაღაცნაირად ამამჩატა, საოცარი კმაყოფილება ვიგრძენი. კარგ ხასიათზე დამდგარმა ზურას გავუღიმე. მანაც გამიღიმა, რადგან ეგონა, რომ ჩემი კარგი ხასიათის მიზეზი თვითონ იყო _ ეს მას სიამოვნებდა.

დაე, ეგონოს. მართალია, მეგობრები ვართ, მაგრამ გულს ბოლომდე მაინც ვერ გადავუშლი. აბა, რა სასიამოვნოა, იმაზე დავიწყო ლაპარაკი, როგორ ამიშალა წარსულის მოგონებები მაქსთან შეხვედრამ? როგორ შემომიტია ძველმა ტკივილმა და კიდევ ერთხელ დამისერა გული? არც იმას ვეტყვი, სინამდვილეში რა მოხდა ჩვენ შორის, როგორ უსინდისოდ მომექცა მისი უფროსი ძმა. რა საჭიროა ეს იცოდეს? ისედაც რთული ურთიერთობა აქვთ ძმებს, სიმართლეს თუ შეიტყობს, შეიძლება საერთოდაც შეიძულოს. არ მინდა მათი ქიშპობის მთავარი მიზეზი ჩემი სიტყვები გახდეს. რას მომიტანს, თუკი ზურას მაქსთან დაძაბული ურთიერთობა ექნება? არც არაფერს. ეს ჩემს იტერესებში არ შედის. ამით ვერაფერს მოვიგებ, წაგებით კი, მე თუ არა, ისინი უდავოდ წააგებენ _ ძმები…

მაქსის ბინა როგორიც წარმომედგინა, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა _ მდიდრული, ნათელი და ვეებერთელა. ფუფუნება და ბრწყინვალება ყველგან იგრძნობოდა. ნაცრისფერი რბილი ხალიჩიდან დაწყებული, ყავისფერი მუხის მასალის ავეჯით დამთავრებული. კრემისფერი ხავერდის მძიმე ფარდები დიდებულ კომპოზიციას ქმნიდა დიდ ოთახში, სადაც წვეულება იმართებოდა. ყველაფერი ისეთივე აღმაფრთოვანებელი იყო, როგორიც მამაკაცი, რომელიც აქ ცხოვრობდა. ვაღიარე, რომ მაქსს საოცრად კარგი გემოვნება ჰქონდა, თუმცა ამაში ეჭვი არც არასდროს შემპარვია. სწორედ ამ თვალიერებაში ვიყავი გართული, როცა ისიც შევამჩნიე მაღალ, ქერათმიან ლამაზ გოგოსთან ერთად.

აი, თურმე როგორია ლიკა მურვანიძე! შავი კაბა ეცვა, ღრმა დეკოლტეთი, რაც მის ქალურობას მკვეთრად უსვამდა ხაზს. ბერძნული სტილის ვარცხნილობა, რაც მე სასტიკად არ მომწონდა, მას ძალიან უხდებოდა. კეფაზე შემოგრაგნილი ნაწნავები, რატომღაც, ყოველთვის უკრაინელ ქალებს მაგონებდა. სხვათა შორის, თვითონაც რაღაცით ჰგავდა სლავს ცისფერი თვალებითა და აპრეხილი, პაჭუა ცხვირით. საკმაოდ ნაზი გოგო ჩანდა, რაშიც სახის ნაკვთები აშკარად უწყობდა ხელს.

მე ოქროსფერი ფარჩის კაბა მეცვა, ტანზე მჭიდროდ მომდგარი, მოშიშვლებული მხრებითა და წინ ღრმა ჭრილით. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ჩემი გრძელი და ასხლეტილი ფეხები მაცდურად გამოანათებდა ამ ჭრილიდან, რაც კაცებს კი არა, მეც კი მსიამოვნებდა. რაც უნდა იყოს, ამერიკაში მოდელად ნამუშევარს, გემოვნება არ მაკლდა, ჩაცმის სტილში ბარე ორი ვერ შემეჯიბრებოდა. საამისოდ შესანიშნავი სკოლა მქონდა გავლილი. სიარულის მანერა ხომ საერთოდ _ ყოფილ ბალერინას ეს არ შემეშლებოდა. ასე რომ, ისეთ ფორმაში ვიყავი, ლიკას ამ საღამოს პირველობას ნამდვილად ვერ დავუთმობდი. მისგან განსხვავებით, თმა გაშლილი მქონდა, მხრებზე  დაყრილი. ჩემი თმის ფერი ყველგან და ყოველთვის გამოირჩეოდა, რადგან ბუნებრივი ჟღალი თმით ბევრი ვერ დაიკვეხნის. რამდენიმე პატარა ჭორფლი, რომელიც ცხვირს `მიმშვენებს~, ტონალურით დავმალე, თუმცა მეუბნებიან, რომ ეს პატარა ყავისფერი წერტილები ერთობ სექსუალურს მაჩენს.

გაგრძელება იქნება ორშაბათს