"ერთადერთი ადგილი, სადაც ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებ, ეს კულისებია სცენაზე შესვლამდე. თეატრი ადგილია, სადაც ჩვენ სულს ვმკურნალობთ, კათარსისია ერთგვარი, ერთი ნახვით შეყვარებაა. ყველა ჯერზე, როცა სპექტაკლის ბოლოს თავს ვხრით და მაყურებელი ტაშს გვიკრავს, შეგრძნება მაქვს, რომ პირველია, პირველად ხდება, ისეთი ბედნიერებაა. არ აქვს მნიშვნელობა, მერამდენედ ვთამაშობ როლს, ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ როცა ფეხს შევდგამ სცენაზე და ვიწყებ თამაშს, ეს ნერვიულობა ქრება და იწყება სხვა - ბევრად სასიამოვნო, ის, რისთვისაც მსახიობებს ეს ყველაფერი გვიყვარს", - ამბობს თათული ედიშერაშვილი Radio Fortuna-სთან საუბრისას.
ინტერვიუში თათული ედიშერაშვილმა მისი ყველაზე ცნობილი როლისა და ყველასთვის საყვარელი სერიალის შესახებაც ისაუბრა.

თამარი და "შუა ქალაქში"
"მგონია, რომ მაყურებელი არასდროს დაიღლება "შუა ქალაქში"-ს ყურებით. დღემდე, პატარა თაობაც თამარს მეძახის. კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და სულ ვამბობ, რომ ეს იღბალია. ჩემ ადგილას ნებისმიერი სხვა შეიძლება ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მხოლოდ იღბალი არ არის, ბევრიც ვიშრომეთ და მაყურებელმაც შეგვიყვარა. აღმოჩნდა, რომ ბევრი "ღლონტი" ცხოვრობს ჩვენ გარშემო, ბევრი ასეთი ქალია, რაღაცნაირები, საყვარლები, ცნობისმოყვარეები... თამართან საერთო, ალბათ, ემოციურობა და კატეგორიულობა მაქვს", - თქვა მსახიობმა.

თათული ედიშერაშვილის დედა, მეუღლე და შვილები
"ეს ჩემთვის ძალიან ემოციური თემაა - დედა სულ არის ჩემთან. ველაპარაკები ხოლმე და იქიდან პასუხი, იცით, როგორ მოდის? რამე კარგი თუ ხდება, სულ მგონია, რომ დედა მიგზავნის.
ჩემი შვილები, ჩემი ნანიკო და სესე. ძალიან მაგარი გოგოები არიან. ვერ ვისაუბრებ, როგორ მიყვარს ისინი, მაგრამ, გარდა ამისა, რომ ვუყურებ, ძალიან მომწონს ორივე, როგორც ადამიანები, როგორც პერსონები. მუდმივად აღფრთოვანებული ვარ მათით, მაგრამ მათ ნაკლსაც ვხედავ, შენიშვნასაც ვაძლევ, მკაცრი და დისციპლინირებული დედა ვარ.
მე მგონია, რომ თუ სწორად დაგეგმე დრო, ოჯახი და კარიერა შეთავსებადია. რა თქმა უნდა, ამაში დიდი წვლილი აქვს ჩემს მეუღლეს, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ღამე შეიძლება გავატარო რეპეტიციაზე ან გადაღებაზე. მენდობა და არ მამოწმებს, მართლა იქ ვარ თუ არა და მართლა ამას ვაკეთებ თუ არა, მნიშვნელოვანია გვერდით ვინ გყავს, ზურგს ვინ გიმაგრებს, მინდა გითხრათ, რომ ჩემს მეუღლეს კარგი მოთმინების უნარი აქვს", - ამბობს თათული ედიშერაშვილი.