"როდესაც წონას იკლებ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა საკუთარ თავზე. ამას ძალიან დიდი ნერვები, დრო და მონდომება სჭირდება. დღეს ვამაყობ საკუთარი თავით, იმიტომ, რომ მე ეს შევძელი. ამ მიზნის მისაღწევად ძალიან დიდი დრო, დაახლოებით 12 წელი დამჭირდა. ახლა ძალიან მომწონს ჩემი თავი. მინდა ყველა გოგოს, ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს, ვუთხრა, რომ ისინი ძალიან ლამაზები არიან. მე, სამწუხაროდ, ვერ შევძელი, მაგრამ მჯერა, რომ ვინმე აუცილებლად დაარღვევს სილამაზის დამკვიდრებულ სტანდარტებს და ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ბულინგი წონასთან დაკავშირებით.
სიახლეების არ მეშინია და ეს ძალიან მაგარი გრძნობაა. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი ადამიანი, რომელიც წარსულს ჩაებღაუჭებოდა და ერთ ადგილას გაჩერდებოდა. მჯერა, რომ როდესაც ადამიანები რაღაცას მთელი გულით მოინდომებენ და ამაში მთელ ენერგიას და ძალისხმევას ჩადებენ, ყველაფერი გამოუვათ. საკუთარი თავის სიყვარული და რწმენა არის ყველაზე მთავარი ამ პროცესში." - ამბობს მომღერალი თიკა ჯამბურია OK!-თან ინტერვიუში.

თიკა ჯამბურია
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს. ბავშვობაში ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.
თიკას პირად ცხოვრებაში სიახლეა - მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის შესახებ საუბარი არ სურს - მასთან ერთად გადაღებულ კადრებს პერიოდულად აქვეყნებს და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებს.