ვნებათა ჭიდილი - თავი 7 - Marao

ვნებათა ჭიდილი - თავი 7

2025-05-12 18:02:46+04:00

წინა თავი

როცა ზურამ გამომიარა და ძირს ჩამოვედი, პირი ღია დარჩა, ისე მოვეწონე. ხმა არ ამოუღია, მხოლოდ გრძლად დაუსტვინა. მეც კმაყოფილმა ჩავიცინე, მაგრამ ახლა, როცა ზურას იმ ადგილისკენ მივყავდი, სადაც ლიკა და მაქსი იდგნენ, ძალა იმისთვისაც კი არ მეყო, რომ გამეღიმა.

_ ახლა პირველი რიტუალი ჩავატაროთ, _ მიჩურჩულა ზურამ და ხელზე ხელი მომიჭირა. ის მშვენიერ ფორმაში იყო, შავი პიჯაკი და შარვალი ეცვა თეთრ პერანგთან ერთად, მაგრამ ჩემთვის მაინც მაქსის ჩრდილად რჩებოდა.

უფროსი ძმა საერთოდ უპიჯაკოდ იყო, შავი მაისური და ნაცრისფერი მოტმასნილი შარვალი ეცვა, მაგრამ თამამად შეგეძლო `თვით ელეგანტურობა~ გეწოდებინა. ვცდილობდი, მისთვის თვალი არ გამეშტერებინა, რასაც ძლივძლივობით ვახერხებდი. იგი ლიკასთან ხელგადახვეული იდგა და გვიღიმოდა.

_ გამარჯობა, ზურაბ, _ მიესალმა იგი ძმას, მერე კი მე გამომხედა, _ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, გაბრიელა, _ ხაზგასმული ტონით წარმოთქვა და პატივისცემის ნიშნად ოდნავ წინ გადმოიხარა, მისი თვალები კი უმალ დაეუფლა ჩემს სხეულს. ეჰ… ერთ დროს როგორი ვნებით ანთებული მზერით შემომყურებდა… ნეტავ თუ ახსოვს? მაშინ მისი აზრების წაკითხვა თავისუფლად შემეძლო, მაგრამ ახლა?

მის გვერდით მდგარმა ლიკამაც გამიღიმა და მომეჩვენა, რომ სრულიად გულწრფელად, რასაც არ ველოდი.

_ მე ლიკა მქვია, ლიკა მურვანიძე, _ მითხრა ქერათმიანმა და ხელი გამომიწოდა, _ მე მაქსის საუკეთესო მეგობარი ვარ.

_ სასიამოვნოა, _ გულწრფელი თავაზიანობით მივუგე და მის ხელს ჩემი შევაგებე, _ გაბრიელა გაბელაია, კომპანიის დროებითი თანამშრომელი.

_ მე კი შავი ცხვარი ვარ ფარაში, _ სიცილით წამოიძახა ზურამ, _ როგორ ხარ, ლიკა? კარგა ხანია, არ მინახავხარ. გაბი კი ჩვენი ახალი სარეკლამო სახეა. ნამდვილი ვარსკვლავი, რომლის დამსახურებითაც ჩვენი პროდუქცია სულ ლიწინ-ლიწინით იყიდება.

_ აი, თურმე რატომ მომეჩვენა თქვენი სახე ასე ნაცნობი! _ ლიკამ აღტაცებული მზერა შემავლო, _ როგორ ვერ გიცანით? ტელევიზორში რამდენჯერ გნახეთ! მინდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ბევრად ლამაზი ხართ!

აი, კოშმარი! მოვეწონე ქალს, რომელმაც მაქსის გულში ჩემი ადგილი დაიკავა. ცოტა არ იყოს, ნირი წამიხდა, მაგრამ ახლა მოწოდების სიმაღლეზე უნდა დავრჩენილიყავი.

_ მადლობა, მაგრამ ეს გაყიდვები ჩემი დამსახურება სულაც არ არის. პროდუქცია ხარისხზეა დამოკიდებული, მე მხოლოდ ვიტრინის მანეკენი ვარ.

_ აბა, აბა, ეგეთები არ იყოს! _ გააპროტესტა ზურამ, _ შენ მანეკენი კი არა, გაბი ხარ, _ და ჩემი თმის კულულს გაეთამაშა, _ დიდებული გაბრიელა!

_ შეგიძლიათ მიირთვათ, მაგიდა შვედურია, ამიტომ არჩევანიც _ თავისუფალი, _ მაქსი ზურას მიუბრუნდა და ლიკა კიდევ უფრო მჭიდრო მიიხუტა. ქერათმიანმა მომაჯადოებლად გაიღიმა.

_ ექვსის მერე ჭამა აკრძალული მაქვს, ყავას კი სიამოვნებით დავლევდი, _ ვთქვი და ზურას მივეყრდენი.

_ ჰოდა, წავიდეთ, დავლიოთ, _ ამყვა ზურაც, _ გნახავთ მერე, _ ხელი დაუქნია ძმასა და მის თანმხლებ ქალს და სიგრძეზე გაშლილი მაგიდებისკენ წამიყვანა.

ახლა რომ მაქსს ჩემი თვალები დაენახა, მიხვდებოდა, რაოდენ სასოწარკვეთილი ვიყავი, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. არავის არ უნდა შეემჩნია ჩემი დასევდიანება.

_ ლამაზი გოგოა, _ შევნიშნე, _ თანაც, ჩანს, რომ კარგი ადამიანია.

_ კი, მართლა კარგი ადამიანია, _ დამეთანხმა ზურა, _ იმედია, მაქსი არ აწყენინებს. ის ხომ ნამდვილი აისბერგია, გულთან ახლოს არავის უშვებს. ყველას ზემოდან დაჰყურებს და თავისი ტოლი არავინ ჰგონია.

არადა, ადრე ასეთი არ იყო. ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეგობრული დამოკიდებულებით მართლაც რომ გამოირჩეოდა. და ვუყვარდი ისე, როგორც მამაკაცს შეუძლია შეყვარება. მოგონებებმა ისევ წამლეკა, ჩემდა უნებურად უკან მოვიხედე და მის თვალებს წავაწყდი. რაღაც მომენტში ჩვენი მზერები ერთმანეთში გადაიხლართა, ჩვენი სულებიც შეერთდნენ და დრო ელვის უსწრაფესად დატრიალდა უკან. თითქოს არც კი ყოფილა ის მტკივნეული წლები, მე რომ გამოვიარე. მაქსს ტუჩები ოდნავ გაეპო, მისმა შავმა თვალებმა კი ხარბი მზერა მიმოატარა ჩემს სხეულზე. ეჰ, მაქს, მაქს… როგორ დაუშვი ეს? რატომ შემელიე? ნუთუ შენთვის ფული უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მე? _ დანანებით გავიფიქრე.

გული ისე ამომიჯდა, კინაღამ ვიტირე. მიყუროს ახლა, როცა მას უკვე აღარ ვეკუთვნი და მიხვდეს, რაც დაკარგა. იქნებ არ ნანობს? ახლა მას ხომ ლიკა ჰყავს გვერდით. აშკარაა, მას უყვარს მაქსი ისევე, როგორც მე მიყვარდა ერთ დროს. თუმცა ჩვენმა სიყვარულმა ჩაილურის წყალი დალია. ის, რაც იყო, აღარ დაბრუნდება, მთელი ჩემი ძალისხმევითაც რომ ვეცადო. მან ხომ ის მიიღო, რისკენაც ილტვოდა _ ფული, ძალაუფლება, ლამაზი ქალი. მან დაიპყრო სამყარო. მე კი რა დამრჩა?

პატარა ყლუპებით ვსვამდი ყავას. ზურამ შეამჩნია, რომ მოვიწყინე.

_ გული გეტკინა მაქსის გვერდით ლიკა რომ დაინახე? _ პირდაპირ დამაჯახა.

თვალები დავხარე.

_ მას შემდეგ ცხრა წელი გავიდა, _ მოკლედ მივუგე, _ დიდი ხნის წინ დამთავრდა ყველაფერი მასთანაც და ჩემთანაც.

_ ნამდვილად? _ ზურამ ბეილისი მოსვა, _ შენი შემხედვარე ამას ვერ იტყვის კაცი.

_ არ გინდა, ზურა! ჩვენს მეგობრობას საფრთხეს ნუ შეუქმნი და რისკის ქვეშ ნუ დააყენებ! ნუ შეეცდები იმის გამოცნობას, რისი გამოცნობაც შეუძლებელია. ეს მხოლოდ მოგონებებია და სხვა არაფერი.

_ და, როგორც ჩანს, არცთუ სასიამოვნო. მან ისე ადვილად დაივიწყა ყველაფერი… _ დაამატა და თავი კარისკენ გაიქნია, სადაც მაქსი და ლიკა ერთმანეთთან ლოყამიდებულები იდგნენ.

ამ სურათის დანახვაზე ტუჩი მოვიკვნიტე.

_ მორჩი!

ზურამ ამოიქშინა.

_ არა, ერთი უყურე, რა დღეში არიან!

_ ჰოდა, უყურე! _ მოთმინების ფიალა ამევსო და გავბრაზდი, _ წავალ, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ.

ფინჯანი მაგიდაზე დავდგი და ტერასაზე გავედი. აივნიდან საოცარი ხედი იშლებოდა _ მთელი ქალაქი ხელისგულზე ჩანდა. მტკვრის მდოგვისფერი ზოლი ჰორიზონტს გასდევდა. რას გადამეკიდა ეს ბიჭი? რას უთვალთვალებს ჩემს ყოველ ნაბიჯს? ჩვენ ხომ მხოლოდ მეგობრები ვართ. თუ ზურა ამას ვერ შეეგუება, საერთოდ შევწყვეტ მასთან ურთიერთობას და ერთად სადმე წასვლას. მეგობრობა მეგობრობაა და დაე, დავრჩეთ მეგობრებად. სხვა რამის მოლოდინი ტყუილად ექნება. ამაზე რამდენჯერმე ხაზგასმით მივანიშნე, მაინც ისე იქცევა, როგორც ეჭვიანი შეყვარებული. მეყოფა, რაც გადავიტანე. არანაირი სურვილი  არ მაქვს, კიდევ ერთხელ ვენდო მამაკაცს, მით უფრო _ ზურას. ჩემი გული დამსხვრეულია. მგონი, ის ამას უნდა ხვდებოდეს.

უმიზნოდ ვცემდი ბოლთას ტერასაზე წაღმა-უკუღმა და ქოთნის ყვავილებს ვათვალიერებდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ აქ ჩემ გარდა არავინ იყო.

_ კარგი ხედია, არა? _ მოულოდნელად მაქსის ხმა შემომესმა, რომელიც ჩემ გვერდით იდგა სიგარეტით ხელში. მან მზერა ჯერ ჰორიზონტისკენ მიმართა, მერე კი ჩემკენ შემობრუნდა და დაჟინებით შემათვალიერა, _ მაგრად შეცვლილხარ.

_ გავიზარდე და დიდი გავხდი, _ შევახსენე. ვითომ უდარდელად შევხედე, აქაოდა, შენი ნახვა სულაც არ მაღელვებს-მეთქი, არადა, გული ამოვარდნაზე მქონდა. რამე დარჩა ამ კაცში იმ ბიჭისგან, რომელიც ოდესღაც მიყვარდა? _ და, სხვათა შორის, შენც დიდი გახდი, შენც გაიზარდე.

_ მე მაშინაც შენზე უფროსი ვიყავი ცხრა წლით, _ მითხრა, ნაფაზი დაარტყა, სიგარეტი ძირს დააგდო და ფეხით გასრისა, _ მე ოცდაექვსის ვიყავი, შენ კი ჩვიდმეტის… ჩემს ძმას რატომ ხვდები? _ მკითხა უეცრად.

`ისევ ისეთია, როგორიც იყო, _ გამიელვა გონებაში, _ რაღაც მომენტებში უხეში~.

_ კი მაგრამ, რატომ არ უნდა ვხვდებოდე შენს ძმას? _ კითხვა შევუბრუნე.

_ მშვენივრად იცი, რატომაც. ჩემი ძმაა და იმიტომ.

_ ხომ არ გგონია, რომ ამით შენზე შურისძიება მინდა? იმედია, ასე არ ფიქრობ.

_ აბა, სხვა რა ვიფიქრო? შენც და მეც კარგად ვიცით, რომ ის შენს გემოვნებაში არ ჯდება.

_ შენ, როგორც ყოველთვის, როგორც გინდა ისე ჭრი და კერავ! მე მომწონს შენი ძმა. ის რეალური ადამიანია, ადამიანი, რომელიც სინამდვილეში არსებობს. შენ კი რეალობაში საერთოდ არ არსებობდი. მაშინ მე მხოლოდ ჩემს ფიქრებში შეგქმენი შენ, ირეალურად.

_ ეს ყველაფერი ცხრა წინ იყო, _ დაიღრინა, _ და დამთავრდა. დამთავრდა მანამ, სანამ ნამდვილი სიყვარული დაიწყებოდა.

_ მართლა? და მე ახლაღა ვიგებ ამას? უცნაურია… მაშინ რა განერვიულებს? იქნებ ფიქრობ, რომ შენი გამოწვევა მინდა? მაშინ ბოდიშს გიხდი, ბატონო! _ ბოროტად გავიცინე, მაგრამ სახე ყინულივით ცივი დამრჩა, _ ალბათ გახსოვს, როგორი მიამიტი ვიყავი მაშინ.

მაქსს სახე უფრო გაუმკაცრდა.

_ მახსოვს.

თავი შევარხიე და ჩემი აბრეშუმივით კულულები ტალღებად დაეფინა ჩემსავე ზურგს.

_ მაგრამ ახლა ის სასაცილო გოგონა არ ვარ, _ ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე და მსუბუქად წარმოვთქვი, _ შენი ძმის დარდი ნუ გექნება, მე მას არაფერს დავუშავებ.

როგორც ჩანს, ჩემგან ასეთ პირდაპირ შეტევას არ ელოდა. წამწამები შეერხა და შეცბუნების დასაფარავად კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო თავისი ოქროს პორტსიგარიდან.

_ თბილისი სავსეა კაცებით, სხვა ვინმე ამოირჩიე შენთვის, _ თავხედურად მირჩია.

_ მე ზურა მომწონს, _ ჯიუტად გავიმეორე იმ იმედით, რომ ეს უფრო გაამწარებდა და კარისკენ დავიძარი, მაგრამ მხარზე ხელი დამადო, მომიჭირა და თავისკენ შემატრიალა. თითქოს დენმა დამარტყა, ისე იმოქმედა მისმა შეხებამ. ჩემმა მეხსიერებამ მყისიერად ამოატივტივა წარსულის სრულიად განსხვავებული შეხება _ ნაზი, წარმოუდგენელი სიამოვნებით სავსე. მაქსის შავი თვალები ჯიუტად ჩააჩერდა ჩემს მწვანე თვალებს. `ახლა დაკარგავს თავის თავზე კონტროლს, ახლა გასკდება მისი გულგრილობის ფიალა!~ _ გულისფანცქალით გავიფიქრე. დღემდე მახსოვდა, როგორ კარგავდა თავს, როცა მეხებოდა.

_ თავი დაანებე ზურას, ბავშვო, _ გაუღიზიანებელი ტონით მითხრა, _ ის საშენო ტიპი არ არის.

_ და თუ არ დავანებებ, რას იზამ, ა? ღამის ვიზიტორებს დამახვედრებ ქუჩაში? _ გამომწვევად შევეკითხე.

_ მსგავსი რამეები ჩემს სიცოცხლეში არ გამიკეთებია და არც ვაპირებ! _ აღშფოთებულმა მომიგო, _ შენთვის ცუდი სულაც არ მინდა. _ თქვა, თმაში ხელი ჩამავლო და თავისკენ დამქაჩა.

_ გამიშვი! _ უმწეოდ ამოვიკნავლე.

არა, არ გამიშვა. პირიქით, უფრო მიმიზიდა თავისკენ. შემეშინდა, კოცნა არ დამიპიროს-მეთქი.

_ ხელი არ მახლო, იცოდე! _ დავისისინე და მის მაჯას ჩავაფრინდი, რომლითაც თმაზე მქაჩავდა.

_ რატომ არ გახლო? დავიჯერო, არ გაინტერესებს, შეიცვალა თუ არა ჩემი მოფერების ტექნიკა? მეც შევიყნოსავ შენს სურნელს, იქნებ წლების განმავლობაში უკეთესი გახდა დაძველებული კონიაკივით. _ ეს სიტყვები ჩქარ-ჩქარა წარმოთქვა და როცა ჩემს ტუჩებს ლამის შეეხო, იმწამსვე დავბრმავდი, დავყრუვდი, რეალობის შეგრძნება დავკარგე. ძალაუნებურად ვისრუტავდი მისი სხეულის არომატს, რომელიც ბანგივით მოქმედებდა ჩემზე. მოგონებები ცეცხლივით მომედო.

_ ღამის ვარდის სურნელი აგდის, _ მეჩურჩულებოდა მაქსი, _ მაშინაც ასეთი სურნელი აგდიოდა, როცა პატარა იყავი.

მთელი ძალით ვცდილობდი თავის შეკავებას, რომ მკლავებში არ ჩავვარდნოდი.

_ თუ გგონია, რომ იმ წლების მერე შენს ფერხთით გავერთხმები, შემცდარხარ! _ სიმწრით წარმოვთქვი და კიდევ ერთხელ შევეცადე, მისი მკლავებისგან თავი დამეღწია, თორემ მეტს ვეღარ მოვითმენდი და მე თვითონ მივეწებებოდი… მაგრამ არა, ის ჩემი მტერი იყო და ეს არ უნდა დამევიწყებინა!

და როცა მისი ტუჩები ჩემსას შეეხო, შევძელი გამეცინა.

_ მომეცი შენი ტუჩები, გაბი! მომეცი ტუჩები! შენც ხომ გინდა გაკოცო? _ ამ სიტყვებით მაღიზიანებდა და ტუჩებს ხან მომადებდა, ხანაც მომაცილებდა, _ განა შეიძლება ჩემს კოცნას წინააღმდეგობა გაუწიო? იცი, რომ ხშირად ყველაფერს ვიხსენებ? საკმარისი იყო, ოდნავ შეგხებოდი და მთლიანად ჩემი იყავი. გახსოვს, ეს სად იყო? პარკში, დიდი ჭადრის ხის ქვეშ!

_ ოთხმოცდაცხრამეტი წლის წინ! _ მივახალე და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე.

_ არა, უფრო ნაკლები.

ის მეთამაშებოდა, ერთობოდა ჩემით, როგორც სათამაშოთი და საზიზღრად იღიმოდა. სწორედ ამ ღიმილმა გადამარჩინა, რომ არ ჩავეხუტე და თავი მის ყელში არ ჩავრგე, მაგრამ საკმარისი იყო, ერთხელ მაინც ეკოცნა ჩემთვის ისე, როგორც ადრე მკოცნიდა და დაღუპული ვიყავი.

`ამის დაშვება არ შეიძლება, ეს არ უნდა მოხდეს, თავი არ დაკარგო, გაბი!~ _ ვაგულიანებდი ჩემს თავს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ჭიდილმა ძალა გამომაცალა და ფეხებიც მომეკვეთა.

_ თუ ზურას არ შეეშვები, გაგჟიმავ! ჩემს ძმას კი სხვისი ჩაკბეჩილი ვაშლის ჭამა არ უყვარს.

_ შენ ეს უკვე გააკეთე. როგორც გსურდა, ისე გამომიყენე და მიმაგდე! სამაგიეროდ, კარგი სარგებელიც ნახე! ექვსი ათას დოლარად გამყიდე! მე შენ მიყვარდი, შენი გულისთვის სიცოცხლეს დავთმობდი, შენ კი ფულში გამცვალე! აი, ასე გამჟიმე და გამომიყენე!

ისეთი გაცოფებული ვამბობდი ამას, ვერც კი შევამჩნიე, როდის შემიშვა ხელი, როდის გადაუფითრდა სახე და ცივმა ოფლმა დაუცვარა შუბლი.

_ გაბი… შენ არაფერი გესმის… შენ არ იცი, სინამდვილეში რა როგორ იყო, _ დაიჩურჩულა და გახევდა.

_ ვიცი, _ დამცინავი ღიმილით შევეპასუხე, _ ძალიან კარგადაც ვიცი! შენ საშინლად პატივმოყვარე იყავი ყოველთვის! გინდოდა ხალხში გამოსულიყავი, გამდიდრებულიყავი და ყველაზე მაგარი ბიჭის სახელი მოგეპოვებინა! და მოახერხე კიდევაც. არ გინდა ამისთვის მადლობა გადამიხადო? აი, ეს ფუფუნება, რომელიც შენ ირგვლივაა, ჩემი საფასურია! _ და ხელებით მისი ბინა შემოვხაზე.

_ შენ შენმა საკუთარმა მშობლებმა გაგყიდეს და არა მე, _ გაღიზიანებულმა მესროლა. სახე ახლა მართლა გაქვავებოდა. კიდევ უფრო ჩამუქებული თვალები უცნაურად უელავდა.

მე კიდევ ტუჩები მითრთოდა, თვალები მეწვოდა, თითქოს მტვრის ნაწილაკები ჩამივარდაო, ყელი კი გამიშრა. ხელებმომუშტული ვიდექი და როგორც მტერს, მაქსს ისე მივჩერებოდი.

_ როგორ ვერ გიტანდი ამდენი წლის განმავლობაში! _ ისევ ჩურჩულზე გადავედი, _ მას მერე არ გამივლია იმ ქუჩაზე, სადაც შენ ცხოვრობდი, არც იმ გარაჟის სიახლოვეს, სადაც მუშაობდი. არადა, მეგონა, რომ გიყვარდი.

თვალები აცაბაცა გაექცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ იცოდა, რა ეპასუხა. წამით დუმილი ჩამოვარდა.

_ შენ ხომ მაშინ პატარა გოგო იყავი, _ ამოთქვა, როოგორც იქნა.

_ ჰო, პატარა გოგო ვიყავი. პატარა, დამჯერი, სულელი და მორჩილი. სამაგიეროდ, ახლა გყავს უკეთესი _ მდიდარი და ჭკვიანი. საინტერესოა, როცა მასაც მიაგდებ, რამდენად შეაფასებ?

_ ახლავე გაჩუმდი! _ იფეთქა უცებ და განრისხებულს სახე აუჭარხლდა.

დრო ვიხელთე და ზურგი შევაქციე. სწორედ ამ დროს აივნის კარი გაიღო და ზურა გამოჩნდა. მაქსმა მოახლოებულ ძმას არაფრისმთქმელი მზერით შეხედა და ზურამაც ვერაფრის შემჩნევა ვერ მოასწრო. მაქსმა სიგარეტს მოუკიდა, მე კი, ძალაგამოცლილი იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი. უმცროსი ძმა შამპანურით სავსე ორი ფუჟერით მოგვიახლოვდა.

_ რას განმარტოებულხართ? წარსულს იხსენებთ? _ უკმაყოფილო ხმით იკითხა ზურამ და ჩემ გვერდით ჩამოჯდა, _ აი, თურმე სად ყოფილხარ, გაბრიელა, სადღაც დაგკარგე და ამ წუთამდე ვნანობდი ამას.

_ მეც ვინანე, _ მივუგე და მაქსს მივმართე, _ ალბათ ქალბატონი ლიკა მოწყენილია უშენოდ, მაქს!

_ რა თქმა უნდა, მოიწყენდა! _ განმგირავი მზერა მესროლა მან, _ სასმელთან ფრთხილად, ზურა, ხომ იცი, შენზე დასალევი როგორ მოქმედებს. _ მზრუნველად მიუბრუნდა ძმას, მერე გატრიალდა და გავიდა.

მე უშფოთველი სახით ვიჯექი და ისე ვწრუპავდი შამპანურს, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. შინაგანად ყველაფერი მიცახცახებდა, მაგრამ ვცდილობდი, არ შემტყობოდა. ზურა მელაპარაკებოდა, მე ვუსმენდი. ის მეკითხებოდა, მე ვპასუხობდი…. ერთი სიტყვით, აივნის სცენა ზურასთან შესანიშნავად გავითამაშე…

გაგრძელება იქნება