მაგრამ გვიან, უკვე სახლში მისულმა ხელახლა გადავიტანე მთელი შერცხვენა. სირცხვილისაგან ვიტანჯებოდი და საკუთარ თავს ვწყევლიდი. როგორ შეიძლება მასზე ისევ ვფიქრობდე იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამიკეთა? ამიერიდან მკაცრი დისტანცია უნდა დავიკავო. მართალია, კომპანიასთან დადებულ კონტრაქტს არ დავარღვევ, მაგრამ მას სიახლოვეს არ გავეკარები. თუ უნდა, რომ ზურასთან ურთიერთობა გავწყვიტო, დაე, თვითონ უთხრას თავის ძმას ამის შესახებ. ისიც უთხრას, რატომ დამშორდა, როგორ გამყიდა ფულზე და ამით როგორ მოითბო ხელი. კარგი იქნება, მისი ერთადერთი ძმა სიმართლეს თუ გაიგებს. თუმცა ზურამ ისედაც იცის, როგორი უსინდისო, კარიერისტი და `ფეხებზემკიდია~ უფროსი ძმა ჰყავს.
საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, შუქი ჩავაქრე, ლოგინში ჩავწექი და ავტირდი….
დილით ადრე ავდექი, რადგან კორპორაციისთვის მეორე რეკლამის გადაღება უნდა დაგვეწყო. სამზარეულოში მამაჩემი დამხვდა. ჯერ არ ველოდი, სამდღიან კონფერენციაზე იყო წასული ბორჯომში და მეგონა, საღამომდე არ ჩამოვიდოდა.
_ გაგიკვირდა? _ ღიმილით შემხვდა. ორმოცს კარგა ხნის გადაცილებულია მამა, ცოტა მოსუქდა და თმაც გასცვივდა, მაგრამ თვალები ძველებურად ხასხასა მწვანე აქვს, როგორც მე და მხნედაც გამოიყურება. _ მეც ამ სახლის ბინადარი ვარ, ოღონდ ნომერი ორი, ხომ არ დაგავიწყდა? _ გამეხუმრა.
გამეცინა.
_ მიხარია, რომ დაბრუნდი, მამა. მაპატიე, ვერ გავიგე, როდის მოხვედი. წუხელ საქეიფოდ ვიყავი და გვიან დავბრუნდი. დაღლილს მკვდარივით მეძინა.
ცოტა არ იყოს, შევყოყმანდი, მეთქვა თუ არა, სადაც ვიყავი? მისთვის ჯერ არ მითქვამს, მაქსთან რომ მომიწია თანამშრომლობამ. არ მინდოდა მას ეს გაეგო.
_ მე… მე მაქსთან ვიყავი. _ მაინც ვერ მოვითმინე და ვუთხარი.
მამას ჩანგალი ხელში გაუშეშდა.
_ მაქსთან?
_ ჰო. ის და მისი ძმა ახლა კოპორაცია `მაქსი და პარტნიონების~ მფლობელები არიან. ავტონაწილებს ყიდიან. მე კი მათ საქმიანობას რეკლამას ვუწევ, კომპანიის სახედ ამირჩიეს. როცა ეს სამუშაო შემომთავაზეს, არც ვიცოდი, თუ ისინი იყვნენ მფლობელები. ახლა კი უკვე დაგვიანებულია უარის თქმა, კონტრაქტს ვერ დავარღვევ.
_ მაქსი, კაცო? _ უსიამოვნოდ წარმოთქვა მამამ, _ ვინ იფიქრებდა, ამხელა კორპორაციის შექმნას თუ შეძლებდა. სასწაული პირდაპირ!
_ ვერც შეძლებდა, შენ და დედას რომ არ `გეყოჩაღათ~. იმდენი ფული გადაუხადეთ, ჩემთვის თავი რომ დაენებებინა, აი, შედეგიც. მშვენივრად მოისყიდეთ, ვერაფერს იტყვი.
მამამ შემწვარი კვერცხის ჭამას თავი დაანება და ამომხედა. თვალები ჩამუქებოდა.
_ მორჩა, რაც იყო, იყო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ზურა სასიამოვნო ბიჭია, მასთან მეგობრობა შეიძლება.
_ ზურა ვინღაა?
_ მაქსის უმცროსი ძმა.
_ შენ რა, მას ხვდები?
_ რატომ არ უნდა შევხვდე? _ ჩავიცინე, _ მაქსს, რა თქმა უნდა, ეს არ მოსწონს, მაგრამ ზურა მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია, მასთან ურთიერთობა არ მიჭირს. გარდა ამისა, ჩემი უშუალო უფროსი ისაა.
_ ხომ იცი, რომ არასდროს მომწონდა, პროფესიად მოდელობა რომ აირჩიე. _ დაიწყო მამამ.
_ ვიცი. არც შენ და არც დედას არ მოგწონდათ ეს. მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე და არც ვნანობ. ჩემი თავის რჩენა შემიძლია. შემოსავალს არ ვუჩივი… ჯერჯერობით მაინც. მერე რა იქნება, ვნახოთ.
_ მერედა, გათხოვება? ოჯახი? შვილები?
_ არც ერთი მინდა, არც მეორე და არც მესამე. რა დროს ეგაა, მამა? მშვენივრად იცი, რომ მე ოჯახის ქალად ვერ გამოვდგები. შინ ვერ დავჯდები.
_ არიან კაცები, რომლებსაც სულაც არ მოსწონთ დიასახლისი ცოლები. მაგალითად, პაატას.
_ პაატას! _ გამოვაჯავრე, _ პაატა კარგი ბიჭია, ვიღაცისთვის ალბათ იდეალური ქმარი იქნება, მაგრამ არა ჩემთვის. სულაც არ მინდა გათხოვება, იცი ეგ?
_ მაქსის გამო? _ თვალი თვალში გამიყარა მამამ, _ მაგ შენი ბავშვური რომანის გამო?
_ შენ ჩემი არასდროს გჯეროდა, მაგრამ მე ის მიყვარდა. _ მშვიდად მივუგე.
მამამ თვალი ამარიდა.
_ მაშინ ჩვიდმეტისაც არ იყავი…
_ არიან ქალები, რომლებსაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ. მხოლოდ ერთხელ. მაქსი ჩემთვის ყველაფერი იყო. მთელი სამყარო, _ შევტრიალდი და ფანჯარაში დავიწყე ყურება, _ და მას შემდეგ არავინ გამოჩენილა, ჩემში გრნობები გამოეწვია. ვფიქრობ, არც არავინ გამოჩნდება.
_ ასე მხოლოდ იმიტომ ფიქრობ, რომ თქვენი რომანი მოკლე დროში დამთავრდა. რომ გაგრძელებულიყო, ვიცი, როგორც დაიღლებოდი მისგან.
_ ასე გგონია? _ მაგიდისკენ გამოვბრუნდი და ყავა ჩამოვისხი, _ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ გამორიცხული არაა, ის ერთადერთ მამაკაცად დარჩეს ჩემს ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ ინტიმური სიახლოვე არ გვქონია. თუნდაც გვქონოდა, ეს მაინც არაფერს არ შეცვლიდა.
_ გინდა დამაჯერო, რომ მაქსი არასდროს შეგხებია? _ ეჭვის თვალით გამომხედა მამამ.
_ რა თქმა უნდა, შემხებია, მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობ. მას ყოველთვის ბავშვად მივაჩნდი და თვლიდა, რომ თუ მისი ცოლი არ გავხდებოდი, არ უნდა დაწოლილიყო ჩემთან. სულ მეუბნებოდა, მე რომ ეს გავაკეთო, სანანებელი გაგიხდებაო.
მამამ კოპები შეიკრა.
_ მე კი დარწმუნებული ვიყავი, რომ თქვენ შორის ყველაფერი ხდებოდა.
_ სამწუხაროდ, არა. ისე, შენი გამკვირვებია, ასე გეგონა და ჩუმად იყავი? შენი შეხედულებებიდან გამომდინარე? ჰმ… კარგი, კარგი, ახლა უკვე ყველაფერი უკან მოვიტოვეთ, არ ღირს წარსულის გახსენება. ჩვენ შორის ისეთი არასდროს არაფერი მომხდარა, რომ სანანებელი გამხდომოდა… მორჩა, უნდა გავიქცე, დღეს გადაღება მაქვს, ტელევიზიისთვის ახალი სარეკლამო რგოლი უნდა გავამზადოთ. მისურვე წარმატებები, ხო? პირველმა რეკლამამ იმხელა რეზონანსი გამოიწვია, გაგიჟებულები არიან, გაყიდვებმა მკვეთრად მოიმატაო. არადა, რა დამღლელი შრომაა, რომ იცოდე. წინა რეკლამის გადაღებისას ოცდაცხრამდე დუბლი გადავიღეთ სულ რაღაც ერთი ფრაზის გამო.
_ მიდი, მიდი, არ დააგვიანო, შვილო, შენ ყოჩაღი მყავხარ, ყველაფერს მოახერხებ. _ შემაგულიანა მამამ.
ჩანთა ავიღე და კარისკენ გავემართე.
_ გაბრიელა! _ დამიძახა ამ დროს.
შემოვტრიალდი.
_ მე და დედაშენი რომ არ ჩავრეულიყავით, მაგ ვირიშვილს ცოლად გაჰყვებოდი?
_ ჰო, გავყვებოდი, თუნდაც მთელი სიცოცხლე სიღარიბეში გვეცხოვრა, თუნდაც იმ თავის გარაჟში და ცხრა შვილი გვყოლოდა, _ ვუპასუხე და გავუღიმე, _ წავედი, მეჩქარება. საღამოს ვილაპარაკოთ, კარგი?
_ კარგი, კარგი, _ ხელი ამიქნია მამამ, თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
სტუდიაში ზურა უკვე მელოდებოდა. მთელი გადაღების პერიოდში არ გასულა, სულ თვალს მადევნებდა, შესვენების დროს კი იქვე, ახლომდებარე რესტორანში შემიყვანა.
_ საწყალი გოგო, _ შემიცოდა, _ ოცდათექვსმეტი კადრი! ბრ-რ-რ! საშინელებაა!
_ ბიბი შემიწირავს, ისე ვატყობ, _ ვთქვი და ცივი ჩაი მოვსვი, _ სიკვდილისწინა წერილს დავტოვებ: `დამნაშავეა ბიბი როსტო~.
_ გინდა შევახურო? _ ჩემკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მკითხა ზურამ, თან იღიმოდა.
სიცილი ამიტყდა.
_ არააა, ვაიდა, მოგერიოს, მერე სად წავიდე? მე დამბრალდება ყველაფერი!
ორივე ავხარხარდით. მერე ზურამ ხელისგულები სახეზე შემოიდო, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ისე დამიწყო ცქერა, როგორც ქალღმერთს. `როგორი სასიამოვნო სახე აქვს~, _ გავიფიქრე. რა თქმა უნდა, პირველივე ნახვით ვერ შეიყვარებ, რადგან მაქსი ბევრად სჯობია, უფრო მამაკაცურია, მაგრამ მაინც სიმპათიური ტიპია. მას შემდეგ, რაც ერთმანეთს ვხვდებით, ის თითქოს გალაღდა, სულ გასხივოსნებული დადის, ხუმრობს, ხალისობს და უხარია, ერთმანეთს რომ ვხვდებით. თუმცა ზედმეტი არასდროს უკადრებია და არც უცდია, რამე გადაკრული ეთქვა. ეს მიხაროდა, რადგან მეგობრობის მეტს მას ვერაფერს შევთავაზებდი.
_ მართალია, ქალებში დიდი პოპულარობით არ ვსარგებლობ, _ აღიარა ზურამ, _ მაგრამ მდიდარი ვარ, კარგი ხასიათის და არც მომხიბვლელობა მაკლია.
_ იმის თქმა დაგავიწყდა, როგორი მორიდებული ხარ, პატარა მორცხვი ბიჭი. _ ვუკარნახე.
_ ჰო, ესეცაა. საშინლად მორიდებული ვარ.
სიცილი ვერ შევიკავე.
_ რა საყვარელი ხარ, რომ იცოდე!
_ ვცდილობ, ვცდილობ… რას იტყვი, საღამოს ერთად რომ ვივახშმოთ?
_ აუცილებლად. მაგრამ არ გეყო რესტორნებში ჩემი ტარება? გინდა ჩემთან წავიდეთ, სახლში? მამაჩემს გაგაცნობ.
_ მამაშენი გინდა გამაცნო?.. კარგი, ეგრე იყოს, როგორმე გადავიტან. შევთანხმდით. ექვსზე რომ მოვიდე?
_ მოდი. მამა მოგეწონება. ისიც მაგარი კაცია.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ მაგარია, რახან ასეთი გოგო ჰყავს. _ თქვა და იმწამსვე გაიცინა, როცა უშნოდ დავეჯღანე.
_ მოკლედ, ექვსზე გელოდები, _ ვუთხარი და გავიფიქრე, ნეტავ მაქსი რას იტყვის, ამ ამბავს რომ გაიგებს-მეთქი.
არადა, ზურა ამას აუცილებლად ეტყოდა ძმას.
მამა აშკარად ანერვიულდა, როცა ზუსტად ექვს საათზე ზურა ჩვენთან მოვიდა.
_ გამარჯობა, გამარჯობა, _ თავაზიანად მიესალმა სტუმარს და ხელი მძლავრად ჩამოართვა, _ მიხარია თქვენი სტუმრობა, ახალგაზრდავ!
ვუყურებდი მამას და ვერ ვცნობდი. სახე აჭარხლებოდა, რაღაცნაირად შეცბუნებული გამოიყურებოდა. ეს მის ბუნებას სრულიად არ ეხამებოდა, თავის დაჭერა ყოველთვის გამოსდიოდა.
_ რას დალევთ, ყმაწვილო? _ შეეკითხა, როცა სასტუმრო ოთახში შეუძღვა.
_ სულერთია. ცოტ-ცოტას ყველაფერს ვსვამ, _ მიუგო ზურამ და ირგვლივ მიმოიხედა, _ რა კარგი ბინა გაქვთ, მომწონს აქაურობა.
_ ეს ჩემი ცოლის დამსახურებაა, მე არაფერ შუაში ვარ, _ ღიმილით შენიშნა მამამ, _ მას არაჩვეულებრივი გემოვნება ჰქონდა.
_ დედა სასწაული ქალი იყო, _ ჩავერიე საუბარში, _ არა, მამა?
კაცებმა ერთმანეთს მიუჭახუნეს და გაცნობის სადღეგრძელო დალიეს.
_ კი, ის მართლაც არაჩვეულებრივი ქალი იყო. რაღაც-რაღაც საკითხებში ცოტა მიამიტი და ცოტა ჯიუტიც, მაგრამ საერთო ჯამში შეუდარებელი, _ თქვა მამამ და შემომხედა, _ როგორ ჩაიარა გადაღებებმა?
_ ეგ ჯობია მე მკითხოთ, _ ჩაიცინა ზურამ, _ თქვენი ქალიშვილი პატარა ჯადოქარივითაა, ყველას ნუსხავს. ჩვენს კომპანიას უკვე ათასობით დოლარის მოგება მოუტანა. ჩვენთვის ის ნამდვილი საჩუქარია. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ კორპორაციის სახეა.
_ კარგია, კარგი. და ამ ყველაფერს თქვენი ძმა როგორ უყურებს? _ მოულოდნელად შეეკითხა.
ზურამ მხრები აიჩეჩა.
_ იცით? მაქსი არასდროს არ მესაუბრება იმაზე, რა მოსწონს და რა არა ან ამა თუ იმ საკითხზე რა აზრისაა. არ თვლის ამას საჭიროდ. სიტყვაც არ დაუძრავს სარეკლამო კამპანიაზე. ნუ… ერთი-ორი სიტყვა თქვა და მორჩა. მას სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აბარია, რასაც კარგად ართმევს თავს.
_ წარმომიდგენია, რა იქნებოდა ის ერთი-ორი სიტყვა. ალბათ არ სურდა ჩემი რეკლამაზე აყვანა, არა? _ ვთქვი და ზურას მივაჩერდი, რა რეაქცია ექნებოდა ჩემს ნათქვამზე.
_ არა, არა, მან არ იცოდა, ჩვენი სახე შენ თუ იქნებოდი, მხოლოდ ის ისურვა, აუცილებლად ქერათმიანი მოდელი აიყვანეთო.
_ ისე, ხომ არ გადამეღება თმა ქერად? თუნდაც დღესვე, _ გავიცინე.
_ შენი თმა ისედაც ქერაა, შეღებვა რად უნდა? _ არ ამყვა ხუმრობაში ზურა.
_ აბა, აბა, ასე ნუ ვსხედვართ, _ მამაჩემს შეეშინდა, სიტუაცია არ დაიძაბოსო, _ გადაიღეთ, რამე, ახალგაზრდავ, ნუ გერიდებათ, მარტო სმა არ არის კარგი, რამე უნდა მიაყოლოთ. ღვთის მადლით, საჭმელ-სასმელი გვაქვს.
_ გმადლობთ… ნუ შეწუხდებით. დიდად ვისიამოვნე თქვენთან სტუმრობით.
_ სხვათა შორის, მეც, _ მიუგო მამამ და კოტლეტით სავსე თეფში მიაწოდა.
გვაინ იყო, როცა ავიშალეთ. ზურა თავის მანქანამდე მივაცილე.
_ რაღაც მინდა გთხოვო, _ წარმოთქვა უცებ ჭოჭმანით და კეფა მოიქექა.
_ გისმენ…
_ მინდა ჩვენს აგარაკზე დაგპატიჟო, წყნეთში. კარგი სახლი გვაქვს. დავთქვათ ერთი დღე… კარგ დროს გავატარებთ.
გული თითქოს გამიჩერდა.
_ გინდა მითხრა, რომ შენ და მაქსს გაქვთ იქ აგარაკი?
_ ჰო, _ მიპასუხა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, _ ნუ წუხხარ, ის იქ იშვიათად ადის. ასე რომ, შეიძლება მას სულაც ვერ შევხვდეთ. მაინცდამაინც იმ დროს ხომ არ ამოვა, როცა მე და შენ ვიქნებით იქ?
_ რა ვიცი, აბა. შეიძლება… გინდაც იყოს, რა მოხდა მერე? მე ეს სულაც არ მაღელვებს.
არადა, წარმოვიდგინე, როგორ გაცოფდებოდა, მე რომ იქ ზურასთან ერთად დამინახავდა.
_ მიხარია ამის მოსმენა. როდის წავიდეთ?
_ არ ვიცი, შენ გადაწყვიტე… რამე უნდა წამოვიღო?
_ თბილი ჩასაცმელი, რადგან საღამოობით იქ ძალიან ცივა. გამოსასვლელი კაბაც გამოაყოლე, კარგი რესტორანია ერთი, საღამოს იქ ვივახშმოთ.
სერიოზული სახე მივიღე და ჯიქურ შევხედე:
_ ზურა, მე არ მინდა შენ შეცდომაში შეგიყვანო.
_ ეგ რას ნიშნავს? _ დაბნეულმა ძლივს გამისწორა მზერა.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ მე შენთან რომანის გაბმას არ ვაპირებ, _ მშვიდი ხმით მივუგე, _ ძალიან მესიმპათიურები, მაგრამ ამაზე მეტს ნუ მომთხოვ. ვაფასებ შენთან ურთიერთობას, როგორც მეგობართან. სულ ესაა. თუ ჩემს აზრს არ იზიარებ, მაშინ აჯობებს, აღარ ვიაროთ ერთად. _ მხრების აჩეჩით დავამთავრე.
ზურამ მაშინვე არა, მაგრამ მაინც გაიღიმა.
_ რა თქმა უნდა. შენ ხომ საერთოდ არ ფიქრობ გათხოვებაზე. ეს ერთხელ უკვე მითხარი, ამიტომ ჩემთვის იმთავითვე ყველაფერი გასაგები გახდა. ასე რომ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მომწონხარ, მეგობარო, _ ამ სიტყვებით თითები ლოყაზე ნაზად ჩამომისვა, _ მეც შენსავით მაინცდამაინც არ ვარ მიდრეკილი სასიყვარულო ურთიერთობებისკენ. არც მეგობრების გაჩენა მეხერხება დიდად, განსაკუთრებით ქალი მეგობრების. შენთან სულ სხვანაირად ვგრძნობ თავს, იმიტომ, რომ თავად ხარ სხვანაირი _ განსაკუთრებული ადამიანი. როცა სადმე ერთად მივდივართ, ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე, ძალიან მინდა წყნეთში წამოხვიდე. მერე რა, რომ მაქსს ეს არ მოეწონება? მისი აზრი არ მაინტერესებს. მე მე ვარ და სტუმრად ვისაც მინდა, იმას დავპატიჟებ. არავისზე არ ვარ დამოკიდებული და არავის წინაშე ანგარიშვალდებული. მაქვს ჩემი ფული, რომელსაც როგორც მინდა, ისე დავხარჯავ. შენც კარგად დაინახე, როგორ გალურჯდა მაქსი, როცა ერთად დაგვინახა. ასე არ იყო?
უკვე ვხვდებოდი, რომ ზურას მაქსთან თავისი აგარიშები ჰქონდა. ვინანე კიდევაც, ასეთი თამაში რომ წამოვიწყე _ შეიძლებოდა ეს ყველაფერი კარგად არ დამთავრებულიყო. ერთი საქმე იყო ჩემი შურისძიება, მაგრამ მეორე _ ზურა. ის ხომ მაქსის ძმა იყო, რომელმაც ძალა არ დაიშურა და მის გაზრდაში გარკვეული წვლილი შეიტანა?
_ კარგი, გასაგებია, _ ღიმილითწარმოვთქვი, _ წამოვალ და შენს ძმას კიდევ ერთხელ გავუხეთქავთ გულს.
_ ყოჩაღ, გოგონი! თითქოს ჩემს გულში ზიხარ! _ გაუხარდა ზურას, _ მაშინ დროც დავთქვათ. ხვალ რომ წავიდეთ?
მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე.
_ მოსულა. იყოს ხვალ. ისედაც ვისვენებ რამდენიმე დღე.
_ მაშინ ღამე მშვიდობისა, გაბი!
_ ღამე მშვიდობისა, ზურა!
იგი მხიარული სახით ჩაჯდა მანქანაში, ხელი დამიქნია და გააქროლა.
გაგრძელება იქნება