თამო ვაშალომიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მას ცნობილ ფილმში იღებენ, თუმცა დეტალების გამხელის უფლება ჯერ არ აქვს. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ახლა რომში იმყოფება და საკუთარი ოცნების ასასრულებლად ემზადება.ქართველი ფოტომოდელი ვიდეოში ფრანგ მსახიობ ბრუნო გუერისთან ერთადაა. ბრუნომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როლი ცნობილ ამერიკულ სერიალში "ემილი პარიზში" შეასრულა, სადაც ლუკის პერსონაჟს განასახიერებდა.
სავარაუდოა, რომ თამო ვაშალომიძე მონაწილეობას სწორედ " Emily in Paris"- ში იღებს, რადგან ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სერიალის მეხუთე სეზონის გადაღებები რომში ამ წლის მაისში დაიწყო, მოგვიანებით პარიზში გადაინაცვლებს და სერიალის ახალი ეპიზოდების ნახვა მაყურებელს წლის ბოლოს შეეძლება.
თამო ვაშალომიძემ დააანონსა, რომ როგორც კი ამის უფლება ექნება, გულშემატკივრებს ამ სასიხარულო ამბის დეტალებს გაუმხელს.
თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
თამო ვაშალომიძე ახლა საკუთარ კოსმეტიკურ და თავის მოვლის ბრენდს ხელმძღვანელობს, პარალელურად კი არაერთხელ გამოჩნდა პოპულარულ ღონისძიებებზე, მათ შორის, ვენეციის კინოფესტივალზე.
თამო ვაშალომიძეს 2011 და 2019 წლებში ფილმებში "მხატვრის ტურფა" და "გარეკილები" მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე მსახიობის ამპლუაში არ იმყოფებოდა.
როგორ და რატომ მოხვდა თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე, ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი კითხვა თუ კომენტარი დაიწერა.
"თამო ვაშალომიძის ისეთ ბულინგს ვუყურებ. მეგობრებო, თამომ თავის მოვლის ხაზი გააკეთა და მისი შემოსავალი იმდენად ეფექტურია, რომ სპონსორის სტატუსით მიიწვიეს. დააფსა კატამ თქვენს სტანდარტებს, რომელსაც ის არ აკმაყოფილებს. ერთი, ხალხს არ იჩემებდეთ, რა, თქვე რაღაცნაირებო. თამო, წარმატებები და ასე გააგრძელე", - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა. პასუხი კრიტიკოსებს თავად თამო ვაშალომიძემაც გასცა, მან საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც დადებითი კომენტარების ავტორებს მადლობა გადაუხადა, დაინტერესებულებს კი აუხსნა, რომ განაცხადს მსგავს ღონისძიებებზე მონაწილეობისთვის უკვე რამდენიმე წელია, რაც აგზავნის, მაგრამ აქამდე ყოველთვის უარი მოსდიოდა, ახლა კი, ორი თვის წინ, ვენეციის კინოფესტივალიდან მიიღო თანხმობა და მიწვევა.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის თამო ვაშალომიძე ფოტოგრაფთან, ვიზაჟისტსა და დიზაინერთან ერთად მოემზადა. სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის მან თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც დამატებით აქსესუარად დიდი ზომის შლეიფი ჰქონდა.