იმპროვიზაცია, ანშლაგი დარბაზში და ემოციების ზღვა: დათო კენჭიაშვილის ტურნე ბათუმში კონცერტით დაიწყო! - Marao

იმპროვიზაცია, ანშლაგი დარბაზში და ემოციების ზღვა: დათო კენჭიაშვილის ტურნე ბათუმში კონცერტით დაიწყო!

2025-05-13 11:07:28+04:00

7 მაისს, ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრის დარბაზი ქართველი მომღერლის, დათო კენჭიაშვილის მოსასმენად გაივსო.  ქართული ფოლკლორის  ვარსკვლავმა,  დაბადების დღე ორსაათიანი კონცერტით აღნიშნა — ასე დაიწყო დიდი ტურნე, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.

კონცერტზე  არაერთი ცნობილი კომპოზიცია შესრულდა — ის სიმღერები, რომლებმაც დათოს შემოქმედება განსაზღვრეს და საქართველოს არაერთ კუთხესა და ხალხის გულში დაიმკვიდრეს ადგილი. თითოეულ სიმღერას ბათუმელი მსმენელი განსაკუთრებული ოვაციებით ხვდებოდა. ფეხზე წამომდგარი დარბაზი და დაუსრულებელი აპლოდისმენტები. ბათუმის კონცერტმაც თბილისის მსგავსად, სრული ანშლაგით ჩაიარა. 

კონცერტის  ფინალი  დაუვიწყარი იყო: „საქართველოს ბულბულმა“ სრულიად იმპროვიზებულად შეასრულა აჭარული, ეს ემოცია რა თქმა უნდა, მაყურებელმაც პირველივე წამებიდან აიტაცა. დიდხანს ისმოდა მათი ემოციური შეძახილები და ტაშის გრიალი. 

- თქვენი დიდი ტურნე ბათუმის კონცერტით დაიწყო. როგორ დაგხვდათ ბათუმელი  მსმენელი  და როგორი იყო შეგრძნება, როცა საკუთარი  დაბადების დღე სცენაზე, გულანთებულ მაყურებელთან ერთად აღნიშნეთ?

დათო კენჭიაშვილი:

 - ბათუმი და აჭარელი ხალხი მეორედ გავიცანი, გავიცანი სმენის კულტურით, ერთგულებით, მადლიერებით. ჩემი იუბილე არასდროს აღმინიშნავს ხმაურიანად, თუმცა ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ის კონცერტზე, იმ დედებთან ერთად, რომლებიც დარბაზიდან კეთილად მითანაგრძნობდნენ უდედობას.  დარბაზში იყვნენ ადამიანები, რომლებიც დედმამიშვილობას მიწევდნენ კონცერტის მსვლელობისას. მეც მადლიერებით აღსავსე ვარ, რომ ადამიანებმა დათმეს თავისი ძვირფასი დრო და ჩემს მოსასმენად მოვიდნენ.  ეს იყო ჩემი პირველი საჯარო იუბილე და ვფიქრობ, რომ ყოველი დაბადების დღე კონცერტით უნდა აღინიშნოს, 10 მეტრიანი სუფრის ნაცვლად. 

- როგორ ამყარებთ ასეთ ცოცხალ და ემოციურ კავშირს მაყურებელთან? რაშია „საქართველოს ბულბულის“ საიდუმლო?

მსმენელთან კონტაქტის დამყარება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელიც მდიდარია თავისი პოლიფონიითა და მრავალფეროვნებით. ჩემს შემთხვევაში, მუსიკის კუთხით ალბათ ყველაზე მეტად გულწრფელობაა ის საიდუმლო,  რასაც თქვენ გულისხმობთ და მთავარია გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ გულით, თუნდაც კონცერტის დროს. კი, ეს საიდუმლოა და ამავდროულად სასწაულიც!  

კონცერტი რომ დასრულდა, გადმომცეს, რომ ხალხი არ იშლება და გარეთ მელოდება, ფოტოების გადაღების შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ ორივე ხელის გული დახეთქილი და დამსკდარი მქონდა დაკვრისაგან, თუმცა ორი საათის განმავლობაში, როცა  ვუკრავდი, ამ ტკივილს ვერ ვგრძნობდი.

- რამდენი სიმღერა შესრულდა კონცერტზე და იყო თუ არა იმპროვიზაციებიც?  

ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი სიმღერა ან კომპოზიცია შესრულდა,  რადგან  მაყურებელი ისე ამყვა, რომ რამდენიმე კომპოზიცია ადგილზევე ჩავამატე პროგრამაში. კონცერტი ორი საათის მანძილზე მიმდინარეობდა, იყო უპაუზო ცოცხალი   შესრულება და რაც მთავარია, გაჟღერდა ყველასათვის საყვარელი სიმღერები, ახალი კომპოზიციებიც  და ვფიქრობ, ეს ახალი კომპოზიციები ჩემმა მსმენელმა მიიღო, გაიაზრა მათი  არსი. ახალი კომპოზიციებიდან ერთ-ერთი იყო „ვეფხისტყაოსანი“. იმდენად საოცარი განწყობა სუფევდა დარბაზში, რომ გამიჩნდა სურვილი აჭარული მუსიკის  ექსპრომტად  შესრულებისა. გარწმუნებთ, გარდა აჭარული მოტივებისა, მე და ჩემს მუსიკოსებს არანაირი გეგმა არ გვქონდა იმ წამს  და გადავწყვიტეთ აჭარული მოტივების  და ჩემი ვოკალის იმპროვიზაცია მოგვეხდინა კონცერტის ბოლოს. ეს კომპოზიცია ვოკალთან ერთად პირველივე წამებიდან აიტაცა მსმენელმა. აჭარაში აჭარული მუსიკის შესრულება თბილისიდან ჩასული მუსიკოსებისთვის უბრალო ამოცანა ნამდვილად არ არის, აჭარელ ხალხს ძალიან კარგად ესმის ამ ჟანრის „დედაენა“. სწორედ ამიტომ, სცენაზე ჩვენ ვგრძნობდით დიდი პასუხისმგებლობის და სიფრთხილის აუცილებლობას. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თითოეული ნოტი, ვოკალი თუ მელოდია მიგვეწვდინა იმ სიღრმითა და სისუფთავით, რაც ამ მუსიკას მართლა ეკუთვნის.

- სად და როდის გრძელდება ტურნე? რომელი რეგიონია შემდეგი, რომელ მსმენელს გაახარებთ?

შემდეგი კონცერტი ქუთაისში გაიმართება, სადაც პირველად მომიწევს ქუთაისელი აუდიტორიის წინაშე დადგომა. გულწრფელად ვამბობ, ეს ერთდროულად მახარებს და მაფრთხობს კიდეც. როგორც ბათუმში ვიგრძენი ერთიანობა, თანადგომა და სიყვარული, იმავეს იმედი მაქვს ქუთაისშიც. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ეჭვიც არ მეპარება ამაში. როდესაც ადრე ქუთაისში სტუმრად ვიყავი, მივხვდი ამ ქალაქის სულს, გულწრფელ ემოციას და სუნთქვას. სწორედ ამიტომ, ორმაგად მსურს გამოვხატო ის მადლიერება, რაც იმ დღეებში მივიღე.

მსმენელი კონცერტის დასრულების შემდეგ, გარეთ ელოდა მომღერალს, რომ მასთან სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ და ემოციები პირადად გაეზიარებინათ.  

ბათუმის კონცერტი მომღერლის მასშტაბური ტურნეს დასაწყისია! ტურნეს ფარგლებში, მომღერალი კონცერტს გამართავს ქუთაისში, თელავში, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც ადგილობრივები მოუთმენლად ელიან საყვარელ მომღერალთან შეხვედრას.