დიდი არტისტული ხიბლი, პლასტიკა, იუმორი, გადმოცემის საოცარი უნარი - სალომე ყანჩელმა მეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და სატელევიზიო დადგმებში.
მისი მნიშვნელოვანი როლები გახლდათ ხანუმა, შირინი, დედოფალი ელისაბედი, ბერნარდა ალბა...
„სალომეს შეეძლო ეთამაშა სასაცილო და დრამატული, ტრაგიკული როლებიც. მას შეეძლო სცენაზე ყოფილიყო გულუბრყვილო სოფლელი გოგონაც და ძლიერი ნებისყოფის ქალიც. ემოციური, იმპულსური, ამავე დროს არაჩვეულებრივად ქალური და ნაზი. სალომეს შეეძლო სცენაზე ლამაზი, ძალიან ლამაზი ყოფილიყო…“ – წერდა თუმანიშვილი.
დაიბადა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სანდრო ყანჩელის ოჯახში - თავის პირველ მასწავებლად სწორედ მამას თვლიდა. სანდრო ყანჩელი შესანიშნავად მღეროდა, მის ოჯახში ბევრი ცნობილი ადამიანი და კულტურის მოღვაწე იკრიბებოდა.
სანდრო ყანჩელის პირველი მეუღლე ულამაზესი თამარ ამირეჯიბი იყო. იგი ხანგრძლივი ავადმყოფობის მერე გარდაიცვალა. მათ ორი ვაჟი დარჩათ. შემდეგ სანდრომ მასზე გაცილებით უმცროსი ელენე შენგელაია (ნიკოლოზ შენგელაიას და) შეირთო ცოლად. სალომე, ელდარ და გიორგი შენგელაიები ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან.
ტიციან ტაბიძის ქალიშვილი ნიტა მთელი ცხოვრება მისი განუყრელი მეგობარი იყო. როგორც თავად მსახიობი იხსენებდა, მათ ძალიან ახლო და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ.
„მახსოვს მისი ნაბიჯების ხმა ოთახში, ტიციანის ლექსების კითხვა… საოცრება იყო… ტიციანის ხელები დამიდგა ახლა თვალწინ, საოცრად ლამაზი ხელები. სულ მიკვირდა კაცს როგორი ლამაზი ხელი აქვს მეთქი. ისეთი სათნო იყო, ისეთი თვალები ჰქონდა, უსაზღვროდ კეთილი… მახსოვს პასტერნაკი იყო მათთან სტუმრად. საუბედუროდ ეს ჩვენ არ გვესმოდა და მაგიდის ქვეშ ვთამაშობდით მე და ნიტა. ჩვენ მეზღვაურები ვიყავით, ნიტა გემის კაპიტანი და მე გემის ბოცმანი…დაგვეგდო ყური, რას დუდუნებდა პასტერნაკი თავისი დაბალი ხმით და რას ედავებოდა ტიციანი…“
სალომეს სამსახიობო ნიჭი უპირველესად მამამ შეამჩნია. ძალიან უნდოდა, შვილი მსახიობი გამხდარიყო. მისაღებ გამოცდებზე არავინ იცოდა, რომ იგი სანდრო ყანჩელის შვილი იყო. გოგონა კომისიის წევრებს მოეწონათ და თეატრალურ ინსტიტუტში ჩარიცხეს.
„მამაჩემი, სანდრო ყანჩელი ხელოვნების მოყვარული, თვითონ რეჟისორობდა, წერდა პატარა ერთაქტიან პიესებს… მამას ძალიან უყვარდა თეატრი… მამა ბრწყინვალედ მღეროდა, სამწუხაროდ მე მამის ნიჭი არ გამომყვა. ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. განსაკუთრებით ახლა, როცა ასე გავრცელებულია დღეს დრამატულ თეატრში ვოკალი. ვამბობ ხოლმე, რომ გულში ვმღერი“ – იხსენებდა სალომე ყანჩელი.
სალომეს პირველი მეუღლე, მისი პედაგოგი, გიორგი ტოვსტონოგოვი იყო. მათ ორი ვაჟი შეეძინათ, ალექსანდრე და ნიკოლოზი. ოთხი წლის შემდეგ ისინი გაიყარნენ... სალომეს მაშინ ძალიან უჭირდა მატერიალურად, ამიტომ სასამართლომ შვილები მამას მიაკუთვნა. ეს მსახიობისთვის დიდი ტრავმა იყო. გიორგი პეტერბურგში, გორკის სახელობის თეატრში მიიწვიეს მთავარ რეჟისორად და შვილებიანად გადავიდა იქ. როცა სალომეს ფინანსური მდგომარეობა გამოუსწორდა, შვილებმა მაინც რუსეთში დარჩენა ამჯობინეს.