„გარკვეული რაღაცების მიმართ მოთმინება აღარ მაქვს, არა იმიტომ, რომ ამპარტავანი გავხდი, არამედ იმიტომ, რომ ცხოვრებაში იმ ეტაპს მივაღწიე, რომ აღარ მინდა დრო დავკარგო იმაზე, რაც არ მომწონს. აღარ მაქვს მოთმინება ცინიზმის, ზედმეტი კრიტიკისა და ნებისმიერი სახის მოთხოვნების მიმართ. დავკარგე სურვილი, ვასიამოვნო მათ, ვისაც არ მოვწონვარ, მიყვარდეს ისინი, ვისაც არ ვუყვარვარ და გავუღიმო მათ, ვისაც არ სურს ჩემი გაღიმება. აღარ ვხარჯავ ერთ წუთსაც კი მათზე, ვინც იტყუება ან მანიპულირებს. გადავწყვიტე, აღარ ვიცხოვრო პრეტენზიასთან, თვალთმაქცობასთან, არაკეთილსინდისიერებასთან და იაფფასიან ქებასთან. ვერ ვიტან შერჩევით ერუდიციას და აკადემიურ ამპარტავნებას. არც პოპულარულ ჭორებს ვეგუები. მძულს კონფლიქტი და შედარებები. მეგობრობაში არ მომწონს ერთგულების ნაკლებობა და ღალატი. არ ვხვდები მათ, ვინც არ ამბობს კომპლიმენტს. გაზვიადებები მბეზრდება და მიჭირს მათი მიღება, ვისაც ცხოველები არ უყვარს."
მერი ლუიზ სტრიპი 1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მომავალი მსახიობის ოჯახში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ.
მერილ სტრიპი გაიზარდა ოჯახში, სადაც ხელოვნება ძალიან უყვარდათ. ხელოვნებისადმი სიყვარული დედამ ჩაუნერგა, რომელიც მხატვარი იყო. ის ორ ვაჟსა და პატარა მერილს, პირველ რიგში, მშვენიერებისა და ხელოვნების სიყვარულს ასწავლიდა. სტრიპის მამა ფარმაცევტულ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავდა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მომავალმა მსახიობმა იელის დრამატურგიულ სკოლაში ჩააბარა, თეატრალური სასწავლების დასრულების შემდეგ კი ბროდვეის დაპყრობა სცადა. ის სხვადასხვა პიესაში მონაწილეობდა და პირველი ჯილდოც სწორედ მაშინ მიიღო.
დამწყები მსახიობი ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ სასტუმროში ოფიციანტადაც მუშაობდა.
„ახალგაზრდობაში ოფიციანტად ვმუშაობდი და საუკეთესო, რაც შეიძლებოდა გამეკეთებინა, 8 მაგიდის ერთდროულად მომსახურება იყო. ამით ძალიან ვამაყობდი. წლები გავიდა და თითქმის არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ის 8 მაგიდა დღეს უკვე "8 ფილმმა", შვილებმა, ბევრმა ნათესავმა და უამრავმა საქმემ ჩაანაცვლა, რომელთაც ყურადღება უნდა დავუთმო. ჩემი ოჯახი და ჩემი სამსახური - აი, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში“.
მერილ სტრიპი პირველად ფილმში 1977 წელს გადაიღეს. მელოდრამა „ჯულია“ დამწყები მსახიობისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმმა 3 „ოსკარი“ მიიღო. ამ ფილმის შემდეგ მერილი რეჟისორებმა შეამჩნიეს და სხვადასხვა როლიც შესთავაზეს. მსახიობის მორიგი ფილმი იყო „ირმებზე მონადირე“, რომელში მონაწილეობის დიდი სურვილი არ ჰქონია, თუმცა ეს მისი შეყვარებულის - ჯონ კაზალეს გამო გააკეთა, ისიც მონაწილეობდა ფილმში და უკვე იცოდა მისი სენის (ძვლის კიბოს) შესახებაც.
წარმატებული მსახიობის პირადი ცხოვრება სავსეა როგორც ტრაგიკული, ასევე - ბედნიერი პერიოდებით. ნიუ-იორკში ერთ-ერთ სპექტაკლზე მუშაობისას ახალგაზრდა მსახიობმა ჯონ კაზალე გაიცნო. 1976 წელს მათი ნიშნობა შედგა, თუმცა წყვილის ბედნიერება ხანგრძლივი ვერ აღმოჩნდა. სულ მალე ექიმებმა ჯონს სწრაფად პროგრესირებადი სიმსივნე აღმოუჩინეს. შეყვარებული წყვილი ერთად მხოლოდ 3 წელს ცხოვრობდა, მამაკაცი საყვარელი ქალის ხელებში გარდაიცვალა.
მძიმე დეპრესიიდან თავის დაღწევა მსახიობმა სამსახურის დახმარებით შეძლო, შემდეგ კი სტრიპის ცხოვრებაში მოქანდაკე დონ გამერი გამოჩნდა. ისინი 1978 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ და 40 წელზე მეტი იყვნენ ერთად, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.