შინ შესულმა ჯერ მაგიდა ავალაგე, მერე ჭურჭელი დავრეცხე და ბოლოს ჩემს ოთახს მივაშურე. სწორად ვიქცევი? უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი ჩემს თავს. ვიხსენებდი ჩემს წარსულს: ნორჩ წლებს, როცა მაქსმა მიმატოვა, დამცირებით მოყენებულ ტკივილს, წლების განმავლობაში რომ გაგრძელდა. გულდამძიმებულს თვალები დამებინდა. დიახაც რომ სწორად ვიქცევი. მაქსი ზუსტად ამას იმსახურებს. ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა, ზურას რატომ სურდა უფროს ძმაზე შურისძიება, მე ჩემი მოტივები მამოძრავებდა. მთავარი იყო, მიზნისთვის მიმეღწია, თანაც თავაღერებულს. მინდოდა მასაც ეტანჯა ისე, როგორც ერთ დროს მე დამტანჯა. მინდოდა ზუსტად ისეთივე ტკივილი განეცადა, როგორიც მე განმაცდევინა თავისი ღალატით. თუმცა შინაგანი ხმა მაფრთხილებდა, არ გადამედგა ასეთი ნაბიჯი. მაფრთხილებდა, მაგრამ მე ამ ხმას არ ვუსმენდი. მტანჯავდა ისიც, მას რომ ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სასიამოვნო ტანჯვა იყო. იმ შემთხვევაშიც კი სასიამოვნო, როცა მის გვერდით ლიკა იდგა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიზნით მივყვები ზურას წყნეთში. მე, უბრალოდ, მინდა უმცროს ძმას ვასიამოვნო…
წყნეთში მშვენიერი დრო გავატარეთ. მაქსი არ ამოსულა. რა თქმა უნდა, არც ლიკა. ამიტომ სრულიად თავისუფლად ვგრძნობდი თავს, შებოჭილი არ ვყოფილვარ. დილას ავედით და გვიან ღამით ჩამოვედით.
იმ დღის მერე ზურას თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი. სულ ველოდებოდი, მაქსი როდის შეეცდებოდა ჩვენს ურთიერთობაში ჩარევას და როდის მოინდომებდა, წერტილი დაესვა ჩვენი მეგობრობისთვის, მაგრამ მოლოდინი გამიცრუვდა. მეორე მხარე დუმილით ხვდებოდა ჩვენს შეხვედრებს. ერთი მხრივ, თითქოს არ იგრძნობოდა დაძაბულობა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს კიდევ უფრო მაშინებდა _ უსიამოვნოდ მხვდებოდა გულზე, ჩემი ყოფილი შეყვარებული საერთოდ რომ არ აქცევდა ყურადღებას ჩემსა და ზურას ურთიერთობას. ვაღიარებ, მისი მხრიდან მტრული დამოკიდებულების დანახვა მინდოდა, რათა იმასაც განეცადა ისეთი ტკივილი, როგორიც მე განვიცადე.
მე და ზურა კი ვაგრძელებდით `მეგობრულ ვოიაჟებს~. მას ყველაზე ძვირად ღირებულ რესტორნებში დავყავდი. მეც მივეჩვიე მის ხარჯზე ცხოვრებას და ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად, მეკითხა, საიდან ჰქონდა ამდენი ფული. ან კი რატომ უნდა მეკითხა, როცა იგი ამხელა კორპორაციის თანამფლობელი იყო, ვიცე-პრეზიდენტი კორპორაციისა, რომელსაც კოლოსალური შემოსავალი მოჰქონდა. თუ მაქსს შეეძლო საკუთარი სიამოვნებისთვის ფული უყაირათოდ ეხარჯა, ზურა რითი იყო მასზე ნაკლები? არაფრით.
რამდენჯერმე მან თავის ბინაშიც მიმიყვანა. იქ, დივანზე წამოსკუპებულები, ხელში პოპკორნით ხან მუსიკას ვუსმენდით, ხან ფილმებს ვუყურებდით. ბორისი, მისი რეალტორი ძმაკაცი, რომელიც მასთან ცხოვრობდა, მალევე შემეჩვია. ისიც ჩვენ გვერდით დაჯდებოდა ხოლმე და ერთად ვერთობოდით. ზურა და ბორკა, ასე შევარქვი, მშვენივრად ეწყობოდნენ ხასიათებით ერთმანეთს, თუმცა ბორისი, ზურასგან განსხვავებით, სრულიად საპირისპირო ბუნების ბიჭი იყო _ ადვილად პოულობდა საერთო ენას ახალგაცნობილებთან, უცებ უახლოვდებოდა ადამიანებს. მასაც ჩემსავით ჟღალი თმა ჰქონდა და ხუმრობით ხშირად მეუბნებოდა, ჩვენ ალბათ შორეული ნათესავები ვართ, თორმე ორივეს ერთი ფერის თმა საიდან გვაქვსო?
ასე გაგრძელდა სამი თვე. ზურას არც ერთი სარეკლამო გადაღება არ გამოუტოვებია. რამდენჯერ მიფიქრია, ნეტავ, ეს ბიჭი ამ კორპორაციაში მართლა მუშაობს თუ მაქსი მხოლოდ იმისთვის უხდის ხელფასს, რომ სამსახურში არ იაროს-მეთქი.
ერთხელაც, საუბრისას, სწორედ ეს თემა წამოვწიე წინ…
ზურამ დამფრთხალი თვალებით შემომხედა.
_ მაქსი ყველაფრის ნებას მრთავს, ვაკეთებ იმას, რისი გაკეთებაც მსიამოვნებს, _ არცთუ ხალისიანად მიპასუხა და შეეცადა სხვა რამეზე გადაეტანა საუბარი.
როცა შევატყვე, ამაზე ლაპარაკი არ სიამოვნებდა, თავი დავანებე კითხვების დასმას. სულაც არ მაინტერესებდა მისი საქმიანი ცხოვრება, ჩემთვის საკმარისი იყო მის გვერდით გატარებული დრო. ერთად ვსადილობდით, ერთად ვვახშმობდით, ერთად ვსეირნობდით… ერთი სიტყვით, სულ ერთად ვიყავით, როგორც კი მე თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა. სამუშაოთი დიდად დატვირთული არ ვიყავი, სარეკლამო რგოლებს ორ კვირაში ერთხელ ვიღებდით, საჟურნალე ფოტოსესიებს _ თვეში ერთხელ. გარდა ამისა, სხვაგანაც ვასწრებდი მუშაობას, ჩვენებებზეც გამოვდიოდი და სატელევიზი გადაცემებშიც ვმონაწილეობდი, როცა მიწვევდნენ. ასე რომ, მშვენივრად ვუთავსებდი საქმეს და გართობას ერთმანეთს.
ამასობაში ძალზე პოპულარული გავხდი. ჩემზე მოთხოვნა ერთიორად გაიზარდა. არა მარტო მოთხოვნა, არამედ ფულადი შემოსავალიც.
ზოგადად, დიდად არასდროს მომწონდა ის ხალხი, ვინც სარეკლამო ბიზნესთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ყოველთვის გავურბოდი ასეთებთან ახლო ურთიერთობას მანამ, სანამ ჩემს ცხოვრებაში ზურა გამოჩნდებოდა. მასთან დაახლოებამ კი სარეკლამო სამყაროსთან დაახლოება გამოიწვია. ის გაწაფული იყო ამ საქმეში და როცა სადმე რამე ხდებოდა, ივენთი იმართებოდა თუ რამე ფართი, ყოველთვის თან დავყავდი. იქ კი, მინდოდა თუ არ მინდოდა, სრულიად განსხვავებული პროფესიისა და სფეროს ადამიანების გაცნობა მიწევდა _ არა მხოლოდ შოუბიზნესის წარმომადგენლების, არამედ პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, მეცენატების და ა. შ. ყოფილა შემთხვევები, როცა ფულით განებივრებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი სიამოვნებისთვის მართავდნენ წვეულებებს, მოდელებს სპეციალურად პატიჟებდნენ, რათა თავიანთი საღამო ლამაზმანებით დაემშვენებინათ. რამდენჯერმე მეც მივიღე მსგავსი მოწვევა, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი ამგვარ მიპატიჟებებს. ვიცოდი, რომ მხოლოდ ლამაზი თოჯინას როლი უნდა შემესრულებინა და ვიღაცების ახირებული სურვილები დამეკმაყოფილებინა, რაც ჩემთვის სრულიად მიუღებელი იყო. თუმცა ერთხელ მაინც მომიხდა წასვლა, რადგან ზურამ მთხოვა და ხათრი ვერ გავუტეხე. გარდა ამისა, ორივეს გვიხაროდა, როცა სადმე ერთად მივდიოდით, რადგან ამით მაქსს ვაღიზიანებდით.
ჩემი ვეებერთელა სარკე ბოლო დროს სულ მეუბნება, ძალზე შეიცვალე იმ წლების შემდეგ, როცა მაქსი გიყვარდა. ახლა ის გაწრიპული გოგო აღარ ხარ, რომელსაც ცხოვრების ავან-ჩავანი არ გაეგებოდა, უცნაური სურვილები იპყრობდა და ვიღაცისთვის შეიძლებოდა ადვილად ხელში ჩასაგდები გამხდარიყავიო. მართალია ჩემი სარკე, ის არასდროს ცდება. ცხრა წელი კი გავიდა, მაგრამ ჩემს გონებაში არაფერი წაშლილა. ყველაფერი ისე მახსოვდა, თითქოს გუშინ მომხდარიყოს, განსაკუთრებით ჩემი და მაქსის ბოლო შეხვედრა, როცა კინაღამ `აკრძალულ ზონაში~ გადავედით.
მე და მაქსი მაშინ კინოში წავედით. სახლიდან იმ საღამოსაც, როგორც სხვა დროს, გამოვიპარე, რათა ჩემებს არ გაეგოთ, მაქსს რომ ვხვდებოდი. მასთან შეხვედრა ხომ სასტიკად მქონდა აკრძალული. დამავიწყდა, რა ფილმი გადიოდა, მაგრამ ბლომად ინტიმური სცენით რომ იყო დახუნძლული, ეგ მახსოვს. ისე ვიყავით ორივე აღგზნებული, რომ როცა კინოთეატრიდან გამოვედით და მაქსმა შემომთავაზა, ჩემთან წავიდეთო, წამითაც არ მიყოყმანია. ბინაში შესულიც არ ვიყავით, რომ კედელს ამაკრა და გიჟურად ალერსი დამიწყო, თან ტანთ მხდიდა. გული გაშმაგებით მიცემდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემი შეყვარებულის ათლეტური სხეული, ძლიერი მკლავები და მხურვალე ტუჩები თავისთავად მიზიდავნენ მისკენ. გონება არ მომეკითხებოდა. იმწუთას ყველაფრისთვის მზად ვიყავი. როცა შემომთავაზა, ჩემთან წავიდეთო, იმთავითვე ვიცოდი, რისთვისაც მიმიპატიჟა, ამიტომ გულიც, სხულიც და ტვინიც მზად იყო ამ `აკრძალული სიამოვნების~ მისაღებად.
თითქოს ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა იმ საღამოს იმ ბინაში. სხვანაირად მკოცნიდა, სხვანაირად მეფერებოდა, სხვანაირად მიყურებდა. თვითონაც უცნაურად აღმგზნებ სიამოვნებას ვგრძნობდი, ასე ადრინდელი შეხვედრებისას არასდროს დამმართნია.
_ მოდი, ამაღამ ჩემი გახდი, _ მეჩურჩულებოდა უკვე სანახევროდ გახდილს, _ გავიდეთ ჩემს საძინებელში, დავწვეთ და მომეცი უფლება, ბოლომდე ჩემად დაგიგულო.
_ შენ… შენ ხომ მეუბნებოდი, ეს არ გავაკეთოთო, _ სურვილისგან გახურებულმა, მაგრამ მაინც შეშინებულმა მეც ჩურჩულით მივუგე, _ შენ მეუბნებოდი…
_ ჰო, გეუბნებოდი და ვიცი, რომ მოსაკლავი ვარ, ახლა ამას რომ გთავაზობ, _ მიპასუხა, თუმცა სახეზე მხოლოდ ერთი რამ ეწერა _ ჩემი დაუფლების გიჟური სურვილი. მისი ძლიერი მკლავები უფრო მჭიდროდ შემომეხვია თეძოებზე და თვალები დაენისლა.
_ ოჰ, მაქს… _ მივუჩურჩულე ჩემს ტუჩებთან მოთამაშე მის ტუჩებს და თვალები მივლულე.
_ ნუ გეშინია, არ გატკენ, ამაზე ვიზრუნებ, _ ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, თან მძიმედ სუნთქავდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, _ პირიქით, ვეცდები გასიამოვნო. მე შენ ღვთაებრივ სიამოვნებას მოგანიჭებ, პატარავ.
ამ სიტყვებით ხელში ამიტატა, საძინებელში შემიყვანა და კარი ფეხით მიხურა. უბრალო ავეჯით გაწყობილი იყო ის ოთახი, იაფფასიანით, მაგრამ როგორც კი ლოგინზე წამომაწვინა და კოცნით დამაცხრა, იქაურობა სამოთხის ბაღივით მომეჩვენა.
თავიდან ძალზე დაძაბული ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეული ნელ-ნელა მოდუნდა მაქსის რბილი და ნაზი კოცნა-მოფერებით, მერე კი თავადაც გამოვიჩინე ინიციატივა და ალერსში ავყევი. მალე მთლიანად გამაშიშვლა, შიშმაც გამიარა და მხოლოდ სურვილი დარჩა, ბობოქარი სურვილი, მისი გავმხდარიყავი.
მახსოვს, როგორი მშიერი თვალებით ათვალიერებდა ჩემს შიშველ სხეულს. მეც სიამოვნებით გავწექი გულაღმა და ბოლომდე მივენდე.
_ გინდა მიყურო, მე როგორ გავიხდი? თუ არ გინდა ან გეშინია, დახუჭე თვალები, კარგი? _ ფრთხილად შემომაპარა.
ახლაც კი, როცა ეს შეკითხვა მახსენდება, ცხელი ტალღა მივლის. იმ საღამომდე არასდროს დავფიქრებულვარ, როგორ შეიძლებოდა ჩვენ შორის ეს მომხდარიყო, მაგრამ იმწუთას ერთი რამ ზუსტად ვიცოდი _ მე მსურდა მეყურებინა, როგორ გაიხდიდა იგი და სიცოცხლეში პირველად შიშველი მამაკაცი უნდა მეხილა!
_ მინდა გიყურო! _ უნებლიეთ აღმომხდა, რამაც მაქსი, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა.
_ მე ისეთი სრულყოფილი და ლამაზი არ ვარ, როგორიც შენ. _ მითხრა პასუხად და მაისური თვალის დახამხამებაში გაიძრო. როგორც კი მის გარუჯულ ბალნიან გულმკერდს შევხედე, სუნთქვა შემეკრა _ შიშველი მაქსი კიდევ უფრო მიმზიდველი იყო _ ასეთი ძლიერი მამაკაცური მამაკაცი არასდროს მენახა. მერე კი, როცა შიშველი შიშველს შემეხო, რაღაც საოცრება დამემართა _ სიამოვნებისგან თითქოს ჰაერში ავიწიე და ვლივლივებდი.
რა თქმა უნდა, ორივემ შეგნებულად გადავდგით ეს ნაბიჯი და იმ ღამეს ჩვენ შორის ყველაფერი მოხდებოდა, მოულოდნელად კარის გაღება-მიჯახუნების ხმა რომ არ გაგვეგონა.
როცა ის წამები მახსენდება, ყოველთვის ცივი ოფლი მასხამს და მაკანკალებს. მაქსმა სიმწრით ამოიგმინა, სახე გაუქვავდა და სწრაფად გადახტა საწოლიდან. ზუსტად წამებში მიუსწრო, სანამ ზურა ჩაუკეტავ კარს შემოაღებდა და მხრით მჭიდროდ მიეყრდნო.
_ არ შემოხვიდე! _ მთელი ხმით იყვირა, _ დაკავებული ვარ!
_ ვაუ! _ შესძახა ზურამ, _ მაპატიე, ძმაო. გასაგებია ყველაფერი. წავალ, გავისეირნებ.
ზურა წამში გავიდა და შემოსასვლელი კარი სპეციალურად ძლიერად გაიჯახუნა, რათა ჩვენ გაგვეგონა. მაგრამ…
მაგრამ ერთმანეთთან შერწყმის სურვილი ორივეს გაგვიქრა… ისე მრცხვენოდა, ძლივს ვახერხებდი ტანსაცმლის ჩაცმას. იმისიც კი მრცხვენოდა, მაქსისთვის თვალებში შემეხედა. ის სააბაზანოში გავიდა, მე მარტო დავრჩი. ცოტა ხანი შემოვიდა და სიგარეტს მოუკიდა.
_ როგორ ხარ? _ მკითხა და მზრუნველი მზერა მესროლა.
_ მე… არა მიშავს… _ ყრუდ მივუგე, თან თითები ერთმანეთში გადავხლართე, _ მე… კარგად ვარ… _ დაბნეული ვამბობდი და თვალების გახელის მეშინოდა. არ ვიცი, რისი ან ვისი, მაგრამ მრცხვენოდა, _ სახლში მინდა წასვლა.
_ ჰო, რა თქმა უნდა… გაგაცილებ.
და გამაცილა. მდუმარედ მივდიოდით. თითქოს რაღაც ცივი, გამოსამშვიდობებელი იყო ამ გაცილებაში. კორპუსამდე მიმყვა. უკვე გვიან იყო. სადარბაზოსთან შევჩერდით. მან თმაზე ალერსიანად გადამისვა ხელი და რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ არაფერიც არ თქვა. თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე, სიყვარულით სავსე მზერა შევანათე, მან კი მხოლოდ გაურკვევლად გამიღიმა და სწრაფად გამშორდა.
დიდხანს გავყურებდი ღამის სიბნელეში მიმავალს. როგორ მინდოდა რამე ეთქვა _ ან `მიყვარხარ~, ან `საწყენია, რომ ასე მოხდა~, ან `რა სულელურად გამოვიდა ყველაფერი~, ან… ან ნებისმიერი რამ, სულერთია, რა. მაგრამ არაფერიც არ უთქვამს. არასდროს უთქვამს მიყვარხარო და იმ საღამოს მეტყოდა?
სულ გადამავიწყდა, რომ სახლიდან გაპარული ვიყავი, ამიტომ სიფრთხილე არ გამოვიჩინე. შეიძლება არც დამვიწყებია, მაგრამ უბრალოდ, დავიკიდე. მთლად კორპუსამდე მიცილების უფლება არ უნდა მიმეცა, რადგან შეიძლებოდა მამაჩემს ან დედაჩემს ფანჯრიდან დავენახეთ. იმ მომენტში ისე ვიყავი წაშლილი, ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა. აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ისინი თურმე კარგა ხანია მითვალთვალებდნენ და ჩემი ყველა ნაბიჯი იცოდნენ?
ეს მოგვიანებით გავიგე…
მეორე დღეს მაქსმა არ დამირეკა. არც მოვიდა. ლამის შევიშალე ეჭვისგან. ვიფიქრე, იმ ღამემ ჩვენი ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა-მეთქი. სხვა რა უნდა ყოფილიყო მიზეზი, რომ გამირბოდა?
რამდენიმე დღე ასე ვიტანჯებოდი. მერე… ერთ საღამოს დედამ სასტუმრო ოთახში მიმიხმო და მშვიდად, ყოველგვარი ზედმეტი ახსნის გარეშე გამომიცხადა, მე და მამაშენმა ვიცით, შენ და მაქსი ერთმანეთს ჩუმად რომ ხვდებითო. შემდეგ სასწრაფოდ დაამატა, ჩვენ მაგ ბიჭს ფული გადავუხადეთ, რომ სამუდამოდ შეგეშვას და დაგივიწყოსო…
აღრიალებული მივვარდი მამას. მან დამნაშავის სახით შემომხედა, აშკარად გრძნობდა თავის დანაშაულს, მაგრამ არ უარუყვია, რომ მაქსს ფული მართლა გადაუხადა. მისგან განსხვავებით დედას ჰქონდა შეუვალი სახე _ გამეხებული იდგა კარის ზღურბლთან და შეუბრალებლად შემომცქეროდა. მაინც არ დავუჯერე. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, მაქსს ფული აეღო და ამის გამო მივეტოვებინე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვუყვარდი და ჩემი მშობლების ზეწოლის მიუხედავად, არასდროს მიმატოვებდა. მის მოსყიდვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო! შევეცადე მენახა მაქსი და მეკითხა მისთვის, მართალი იყო ეს ყველაფერი თუ ჩემები მატყუებდნენ, მაგრამ მან ჩემთან დალაპარაკება არ ისურვა არც ტელეფონზე და არც მაშინ, როცა თავის გარაჟში მივაკითხე. მაინც არ შევეპუე. დაჟინებით ვურეკავდი და მოვითხოვდი, შემხვედროდა.
როგორც იქნა, დავიყოლიე…
და აი, ერთმანეთის პირისპირ ვიდექით მის გარაჟთან.
_ რა გინდა ჩემგან? _ მშრალად მკითხა.
_ მინდა გავიგო, მართლა აიღე თუ არა ფული ჩემი მშობლებისგან იმისთვის, რომ მე მიმატოვო? _ ხმადაბლა შევეკითხე.
_ აბა, რა გეგონა? შენ რას ელოდი? გეგონა, ფულზე უარს ვიტყოდი? _ მკვახედ მესროლა. მისი სახე აბსოლუტურად არ გამოხატავდა არაფერს, იდგა მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული და გულგრილად შემომცქეროდა, _ მე შენსავით მდიდარი არ ვარ, პატარა ქალბატონო. თავის რჩენა საკუთარი შრომით მიწევს. როგორც შემიძლია, ისე გამოვიმუშავებ. ჰო, ავიღე ის ფული! ასეთი შესაძლებლობა გამომიჩნდა და უარი რატომ უნდა მეთქვა? რა, გეგონა, შენ გამო ამხელა თანხას არ ავიღებდი? _ დამცინავი ტონით მომმართა.
პასუხი არ გამიცია. ხმის ამოღების უნარი წამერთვა. გაოგნებისგან თავზარი დამეცა. ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ არ მიტირია. ამის ძალაც არ შემწევდა.
ჩემმა დუმილმა მაქსი უფრო გაამწარა. ამას მივხვდი, როცა თვითონ აყვირდა. ალბათ ეგონა, ისტერიკას მოვუწყობდი, ვიტირებდი, გამოვთათხავდი, მე კი შევყურებდი და ხმას არ ვიღებდი.
_ გაუჩინარდი ჩემი ცხოვრებიდან. _ მიყვირა უცებ, _ არ მინდიხარ მე შენ, გესმის? თავიდან, უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის გამო გხვდებოდი, პატარა გოგო რაღაც ახალი იყო ჩემთვის და ამით ვერთობოდი. მერე ვსიო, მორჩა! მომბეზრდა! ასე რომ, დაახვიე აქედან! გაქრი, აორთქლდი! გაიგე?
_ გავიგე, _ აცახცახებულმა ძლივს მივუგე, _ მე შევცდი თქვენში, მისტერ მაქს! მეგონა, თქვენს უდიდებულესობას ვუყვარდი!
გაგრძელება იქნება