დათო კენჭიაშვილის მასშტაბური ტურნე, რომლის ფარგლებშიც მომღერალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევა - დაიწყო!
პირველი გაჩერება ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრი გახლდათ. სადაც 7 მაისს ქართული ფოლკლორის ვარსკვლავის მოსასმენად აჭარელი მსმენელი შეიკრიბა.
კონცერტი 2 საათს გაგრძელდა, „საქართველოს ბულბულმა“ ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი, ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა, რომელსაც დარბაზში განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვებოდა.
განსაკუთრებული აღფრთოვანება მოჰყვა ფინალში, სრულიად ექსპრომტად შესრულებულ აჭარულ სიმღერას. დარბაზის ატმოსფერო წამში შეიცვალა, მსმენელი ფეხზე ადგა, ხოლო დათოს და ბენდს ცეკვით შეუერთდა მომღერლის და, თათია კენჭიაშვილი.
იმპროვიზაცია, რომელიც გულიდან მოდიოდა და იმ ხალხს ეძღვნებოდა, ვინც ამ დღისთვის დათოს მოსასმენად ბათუმის საზაფხულო თეატრში შეიკრიბა, ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა იყო.
„იმდენად საოცარი განწყობა სუფევდა დარბაზში, რომ გამიჩნდა სურვილი აჭარული მუსიკის ექსპრომტად შესრულებისა. გარწმუნებთ, გარდა აჭარული მოტივებისა, მე და ჩემს მუსიკოსებს არანაირი გეგმა არ გვქონდა იმ წამს და გადავწყვიტეთ აჭარული მოტივებისა და ჩემი ვოკალის იმპროვიზაცია მოგვეხდინა კონცერტის ბოლოს. ეს კომპოზიცია ვოკალთან ერთად პირველივე წამებიდან აიტაცა მსმენელმა. აჭარაში აჭარული მუსიკის შესრულება თბილისიდან ჩასული მუსიკოსებისთვის უბრალო ამოცანა ნამდვილად არ არის, აჭარელ ხალხს ძალიან კარგად ესმის ამ ჟანრის „დედაენა“. სწორედ ამიტომ, სცენაზე ჩვენ ვგრძნობდით დიდი პასუხისმგებლობის და სიფრთხილის აუცილებლობას. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ თითოეული ნოტი, ვოკალი თუ მელოდია მიგვეწვდინა იმ სიღრმითა და სისუფთავით, რაც ამ მუსიკას მართლა ეკუთვნის“, - თქვა დათო კენჭიაშვილმა.
ბათუმის კონცერტი მომღერლის მასშტაბური ტურნეს დასაწყისია! ტურნეს ფარგლებში, მომღერალი კონცერტს გამართავს ქუთაისში, თელავში, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც ადგილობრივები მოუთმენლად ელიან საყვარელ მომღერალთან შეხვედრას.