კანის საერთაშორისო კინოფესტივალს მსოფლიოდან უამრავი მაყურებელი ადევნებს თვალს. წლის ყველაზე მნიშვნელოვან კინოფესტივალზე თავის ახალ ნამუშევრებს ძმები დარდენები, სპაიკ ლი, უეს ანდერსონი, არი ასტერი, ჯულია დუკურნო, ჯაფარ ფანაჰი, რიჩარდ ლინკრეიტერი, ხოაკიმ ტრიერი და მსოფლიოს სხვა რეჟისორები წარადგენენ.
კინოფესტივალის წლიური საორგანიზაციო ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის ნახევარს აფინანსებენ საფრანგეთის საჯარო სტრუქტურები, მეორე ნახევარს კი კერძო სპონსორები. ქალაქი კანი თავადაც გამოიმუშავებს 2 მილიონ ევროზე მეტ პირდაპირ ინვესტიციას და დამატებით 4.5 მილიონ ევროდ ითვალისწინებს ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ დახმარებას, რაც საერთო ჯამში 6.5 მილიონ ევრომდე აღწევს.
წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტის მოვალეობას ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოში შეასრულებს.
ბელა ჰადიდი

ირინა შეიკი

ევა ლონგორია

ჰეიდი კლუმი

შანინა შაიკი

კანის კინოფესტივალი წელს წითელ ხალიჩაზე მკაცრ წესებს აწესებს. ფესტივალის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, კინოფესტივალმა ოფიციალურად განაახლა სამოსის კოდექსი, რაც უდავოდ არევს ასობით წინასწარ დაგეგმილ ლუქს.
„ზნეობრიობის გათვალისწინებით, აკრძალულია სიშიშვლე როგორც წითელ ხალიჩაზე, ასევე ფესტივალის სხვა სივრცეებშიც. ასევე დაუშვებელია მოცულობითი კაბები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც აქვს დიდი შლეიფი და რომლებიც აფერხებს სტუმართა გადაადგილებას და ართულებს ადგილებზე დასხდომას. მიღების გუნდი ვალდებულია შეაჩეროს წითელ ხალიჩაზე შესვლა იმ სტუმრებისთვის, ვინც ამ წესებს არ დაიცავს.“
კანის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ამ განახლებაზე აღნიშნეს, რომ ახალი წესების მიზანი არ არის წითელ ხალიჩაზე ჩაცმულობის მკაცრი რეგულირება, არამედ „სრული სიშიშვლის აკრძალვა“. ასე რომ, როგორც ჩანს, გამჭვირვალე კაბები დასაშვები იქნება, ოღონდ არ უნდა ჰქონდეთ გრძელი შლეიფები.
კანის კინო ფესტივალი 13-დან 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.