ზედა სართულისკენ გავაპარე თვალი, მაგრამ ვერავინ დავლანდე. არადა, როგორ მინდოდა, სადმე, რომელიმე ფანჯარაში ჩასაფრებული მაქსისთვის მომეკრა თვალი. კი ვინანე, რატომ არ გამოვიპრანჭე, ვითომ რა მეტიჩრობაა, ხალათით რომ ჩამოვჯექი-მეთქი, მაგრამ უკვე გვიან იყო. ახლა რომ მაღლა ავსულიყავი და იქ მაქსსა და ლიკას გადავყროდი, გულიც გამისკდებოდა. რამდენიმე საათის წინ ხომ მიხაროდა, რა კარგია, სულ მაქსის თვალწინ ვიტრიალებ და გულს გავუხეთქავ-მეთქი, მაგრამ ახლა ეს იდეა საშინელებად მომეჩვენა _ მაქსი კი არა, ვშიშობდი, რომ ამგვარი ქცევა მევე მომიტრიალებოდა საზიანოდ. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მის მიმართ გრძნობა საბოლოოდ გამიქრა. მაშინ რატომ მიხაროდა მისი ახლოს ყოფნა? რატომ ვიყავი ასე აჟიტირებული, მხოლოდ და მხოლოდ სამაგიეროს გადახდის მიზნით?
მეეჭვებოდა.
თითქოს ჩემი ფიქრები გამოიცნოო, ამ დროს პირველი სართულის კარი ფართოდ გაიღო და მაქსი გამოჩნდა. იგი პირდაპირ ჩვენკენ გამოემართა. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა თეთრ შორტსა და მაისურში. თმა სველი ჰქონდა, _ ახლახან გამოსულიყო სააბაზანოდან.
თავი თამამად ავწიე, თითქოს მისი გამოჩენა სულაც არ მაშფოთებდა. მაგრამ გული საგულეს უკვე აღარ მქონდა. ნეტავ სექსიც მოასწრეს ჩამოსვლის შემდეგ? იქნებ შხაპიც ერთად მიიღეს? _ რატომღაც ეს აზრები ამეკვიატა.
_ ესე იგი, შენც ჩამოხვედი, _ მომმართა, მაგრამ წამითაც არ შესტყობია, რომ ნაწყენი იყო. თავი არ გასცა.
_ მე მოწვეული ვიყავი და უარს ვერ ვიტყოდი, _ მივუგე.
ცივად ჩაიცინა.
_ ასეც ვიცოდი. კარგია, კარგი. წინააღმდეგი სულაც არ ვარ, ჩემი თანამშრომლები მესტუმრონ და დრო ჩემს სახლში მხიარულად გაატარონ, თუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვევაში არ გადაუვათ.
მის ირონიას საზღვარი არ ჰქონდა, რამაც გამაწიწმატა. ერთბაშად მომაწვა სახეზე სისხლი.
_ ეეე, მაქს! _ დაუყვირა უმცროსმა ძმამ და სკამზე წამოიწია.
_ ძალიან გთხოვ, ზურა, ჩემ გამო მესამე მსოფლიო ომს ნუ დაიწყებ, _ მივმართე ზურას. მერე ოდნავ ჩავცურდი, სკამის საზურგეს თავით მივეყრდენი და მაქსს გავუღიმე, _ მე და შენ გადასარევად ვუგებთ ერთმანეთს, არა, მაქს?
_ ასე გგონია?
_ ვშიშობ, საამისოდ ბევრი მიზეზი გვაქვს, _ მომაჯადოებელი ღიმილით წარმოვთქვი და შევამჩნიე, როგორ შეერხა წარბები. იგი მიხვდა, ამით რისი თქმაც მინდოდა, ამიტომ უარესად დაიძაბა.
_ რა გჭირთ? _ დაიბნა ზურა.
_ მშვიდობიან ხელშეკრულებას ვდებთ, _ მიამიტი გამოხედვით მივუგე, _ თუ მაქსი კარგად მოიქცევა, ვპირდები, რომ მეც სანიმუშო სტუმარი ვიქნები.
მაქსის სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდი, წამებში უნდა აფეთქებულიყო, ისე გადაფითრდა, მაგრამ კრინტის ამოღება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს კარი კვლავ გაიღო და ლიკა გამოჩნდა. მას საოცრად ელეგანტური ყვავილებიანი სიფრიფანა კაბა ეცვა. იგი ნელი ნაბიჯებით დაიძრა ჩვენკენ, თან თავს აქეთ-იქით იქნევდა, თითქოს სველი თმის გაშრობას ამგვარი ხერხით აპირებსო.
_ ყველას პრივეტები! _ მხიარულად მოგვესალმა, თან გვიღიმოდა, _ რა დაცემა ადგილია, გავგიჟდი. გაბი, თქვენ თუ მოგეწონათ აქაურობა?
_ ძალიან. სასწაული ადგილია, _ კვერი დავუკარი, _ მე და ზურამ ზღვაზეც მოვასწარით გასვლა.
_ ერთი სული მაქვს, როდის დავათვალიერებ ბათუმს. ოთხი წელია, აქ არ ვყოფილვარ.
_ მართლა? _ გულწრფელად გამიკვირდა, _ მეც დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, მაგრამ მეპატიება, ამერიკიდან შარშან ჩამოვედი, მაგრამ თქვენ?
_ მეც სულ საზღვარგარეთ ვისვენებდი ზაფხულობით და ვერ მოვახერხე აქ ჩამოსვლა. წელს კი მაქსს უნდა ვუმადლოდე, რომ ჩამომიყვანა.
პასუხი არ გამიცია, მხოლოდ გავუღიმე.
_ კარგია, ერთად რომ ვიქნებით. ბევრნი უკეთეს დროს გავატარებთ, _ მეოცნებედ ჩაილაპარაკა ლიკამ.
_ გიხდებათ ეს კაბა, _ სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე მეთქვა.
_ მადლობა… ძველია, შარშან ლონდონში ვიყიდე, _ აღიარა, _ მაგრამ ისე მომწონს, სულ მაცვია, ვერ ველევი.
_ მე ჯინსის შარვალზე მემართება ასე, _ გავიცინე, _ სანამ არ შემომაცვდება, არ ვიშორებ ხოლმე. ასე რომ, ჩემთვის ნაცნობი გრძნობაა.
_ ახლა ცოტა მოვიმატე წონაში და ისე არ მადგას ტანზე. თქვენ რა გიჭირთ, ისეთი გამხდარი ხართ, ასეთი პრობლემა ალბათ არასდროს შეგექმნებათ.
_ მე კი მიყვარს ცოტა პუტკუნა ქალები, _ წამოიძახა მაქსმა, ლიკას წელზე ხელი მოხვია და ტუჩებზე დააცხრა.
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ტყავს მაძრობდნენ. თავი სასწრაფოდ მივაბრუნე, რომ ამ სცენისთვის არ მეყურებინა. ზურამ შეამჩნია ჩემი რეაქცია, სახე დაეჭიმა და წამოხტა, მაშინვე ხელი გამომიწოდა და მითხრა:
_ წამო, გაბი, ტანსაცმელი გამოვიცვალოთ. ნატო მალე სუფრას გაშლის, ვისადილოთ და ქალაქში გავიდეთ, _ მერე ძმას და სარძლოს მიუტრიალდა, _ თქვენ ხომ არ იქნებით წინააღმდეგი?
_ არა, რა თქმა უნდა, _ დაასწრო ლიკას მაქსმა.
_ ჩვენც ხომ არ შევუერთდეთ? ერთად წავსულიყავით, _ ინიციატივა გამოიჩინა ლიკამ.
მაქსმა უარის ნიშნად თავი გადააქნია.
_ არა, დათო და მართა უნდა ჩამოვიდნენ, იმათ უნდა დაველოდოთ. წუთი წუთზე მოვლენ, წეღან დამირეკეს. _ ისეთი ტონით წარმოთქვა მაქსმა, რომ ლიკამ მხოლოდ სუსტი წინააღმდეგობა გაუწია.
_ ოოხ, ეგ შენი მეგობრები! თბილისში არ მეყოფა მაგათი ყურება? _ ამოიოხრა, _ რახან ასეა, რა გზაა, დაველოდოთ, მაგრამ საღამოს აუცილებლად თევზის რესტორანში წამიყვან, იცოდე.
_ წაგიყვან. _ დაეთანხმა მაქსი.
_ ლიკას ხალხმრავლობა უყვარს, _ გაიცინა ზურამ, _ რესტორნები და ამბები. დარდით მოკვდება, ჩემმა ძმამ გარე-გარე თუ არა ატარა. ერთი კვირაც ვერ გაძლებს აქ.
_ იქნებ წასულიყავით? _ გაღიზიანებულმა წამოისროლა მაქსმა და ძმას მრისხანე მზერა შეავლო.
_ მივდივართ, მივდივართ, _ ზურამ ხელი ჩამკიდა და სახლისკენ წამიყვანა, _ შეხვედრამდე, ბავშვებო!
ჩემთვის ეს ნამდვილი ხსნა იყო. ზურასთვის ხელი არ გამიშვია, სანამ ჰოლში არ შევედით, თითქოს მეშინოდა, საყრდენი არ გამომცლოდა.
_ თავი მაღლა ასწიე, ბავშვო, _ გამამხნევა ზურამ, როცა ჩემი ოთახის კართან შევდექით, _ არავინ შეგატყოს, რომ მისი ტონი გაღიზიანებს. თუკი იეჭვა, რომ ჩვენ შორის რამე ხდება, მაშინვე დაგვაშორებს ერთმანეთს. არ იცი, როგორი შეუბრალებელია. იმაზე უარესია, ვიდრე შენ გგონია. ადრე მართლა არ იყო ასეთი.
ტკივილით სავსე მზერა მივაპყარი.
_ არა უშავს, _ დავიჩურჩულე, _ ეს, უბრალოდ, ადრე გადატანილი ტკივილის გამოძახილია. მაგრამ მივეჩვევი და ასეთი რეაქცია აღარ მექნება. პირობას გაძლევ.
ზურამ დაჟინებით ჩამხედა თვალებში.
_ ჰოდა, ძალიან კარგი, _ მითხრა და დამეჯღანა, _ ლამაზად ჩაიცვი და დავასწროთ მაგათ, თევზის რესტორანში ისე გამოვძღეთ, რომ ფარფლები ამოგვივიდეს.
_ სულაც არ მინდა ზვიგენს დავემსგავსო, _ გავიხუმრე.
_ ისე, რომ იცოდე, დელფინებსაც აქვთ ფარფლები, _ მანაც ხუმრობით მომიგო.
_ კარგი, ნახევარ საათში მზად ვიქნები.
_ დროს ვინიშნავ, იცოდე! _ ზურამ საჩვენებელი თითი მაჯაზე დაიკაკუნა.
ენა გამოვუყავი და საძინებლის კარი ისე მივიჯახუნე, ირგვლივ კედლები შეზანზარდა. უნებლიეთ მომივიდა, ასე სულაც არ მინდოდა. მაშინვე კარადას ვეცი და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. იისფერი შარვალი და ვარდისფერი კოფთა შევარჩიე, კარგი კომბინაცია იყო და ერთმანეთს ძალიან უხდებოდა. მერე ხალათი გავიხადე და ტრუსისა და ბიუსტჰალტერის ამარა სარკეს მივუჯექი, რომ ფენით თმა გამეშრო. ვცდილობდი, ამ წუთებში მაქსზე არ მეფიქრა, მაგრამ არ გამომდიოდა. განსაკუთრებით წეღან ნანახი სცენის შემდეგ. ტუჩები, რომელზეც წლების განმავლობაში ვოცნებობდი, სხვა ტუჩებს კოცნიდა. მოდი და ამის შემდეგ გული ნუ გეტკინება! სულ ვოცნებობდი, ერთ მშვენიერ დღეს ისევ შევხვდებით ერთმანეთს და მაქსი მწარე სინანულით მეტყვის, რომ შეცდომა დაუშვა-მეთქი. სულ მეგონა, მოინანიებდა თავის საქციელს და ბოლოს მაინც ამიხსნიდა სიყვარულს. ახლა კი სულ სხვა რეალობას შევეჯახე. ის ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. არაფერი შეცვლილა. აშკარად ჩანდა, რომ საერთოდ არ ნანობდა ჩემთან განშორებას. მას ახლა სხვა ჰყავდა გვერდით _ არანაკლებ ლამაზი და მიმზიდველი გოგონა. ის კი ძველებური მაქსი იყო _ ბიჭი, რომელმაც ფულში გამცვალა. ეს არც ერთი წამით არ უნდა დამვიწყებოდა. სულ უნდა მხსომებოდა, როცა მის გვერდით აღმოვჩნდებოდი, სხვანაირად თავს დავიღუპავდი. ისიც უნდა მხსომებოდა, რაც ზურამ მითხრა _ შეუბრალებელი ადამიანიაო. ჩემი ერთადერთი ხსნა ეს იყო _ ყველაფერი მხსომებოდა და არასდროს დამევიწყებინა.
სარკის წინ ვიჯექი და თმას ფენით ვიშრობდი, თან კმაყოფილი შევყურებდი ჩემს გამოსახულებას. ისეთი ლამაზი ვიყავი, თოჯინას ვგავდი.
ის იყო, საკუთარ თავს გავუღიმე სარკეში, რომ სწორედ ამ დროს კარი გაიღო. ოთახში მაქსი შემოვიდა. მან მაშინვე მჭიდროდ მიხურა კარი და შიგნიდან ჩაკეტა.
ჩემმა მღელვარებამ კულმინაციას მიაღწია. მაქსი მტრული გამომეტყველებით გამოემართა ჩემკენ, მაგრამ ნახევრად შიშველი რომ დამინახა, შეცბა. როგორც ჩანს, იმწამსვე გადავიწყდა, ოთახში რისთვისაც შემოიჭრა.
_ ცხრა წელი გავიდა, _ თქვა მან შერბილებული ტონით, _ შენ კი ისევ ისე, ჩვიდმეტი წლის უმწიკვლო გოგოსავით გამოიყურები.
არც წამომხტარვარ პუფიდან და არც არაფრით მიცდია ჩემი შიშველი მკერდის დაფარვა. საკუთარმა პროფესიამ მასწავლა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში თავი მშვიდად დამეჭირა და პანიკაში არ ჩავვარდნილიყავი. მაქსი თვალს არ მაცილებდა, მაგრამ თავი ისე დავიჭირე, თითქოს ამას ვერ ვამჩნევდი. აუჩქარებლად ავდექი, საწოლს მივუახლოვდი და ასევე აუჩქარებლად შევუდექი ჩაცმას. თან ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის.
_ როგორც ჩანს, მიჩვეული ხარ შენს ოთახში კაცების ყოფნას, _ შენიშნა მან, თან სიგარეტს ეწეოდა, _ საერთოდ არ გაწუხებს, ლამის შიშველს რომ გიყურებენ?
_ მე მოდელი ვარ და იმისთვის მიხდიან, რომ კაცებმა მიყურონ. _ შევახსენე.
შემდეგ ისევ სარკესთან გადავჯექი და ფენი კვლავ ჩავრთე.
_ ალბათ რამე საქმე გქონდა, ასე რომ შემომეჭერი? _ ხმამაღლა ვკითხე, რათა ფენის ხმაურში გაეგონა.
_ ჰო. მინდა ვიცოდე, რა თამაში წამოიწყე, _ ისიც ხმამაღლა ალაპარაკდა, _ ვიცი, რომ ჩემი ძმის სიყვარულით არ კვდები, მაგრამ სულ კუდში რატომ დასდევ? ყველგან თან რისთვის დაჰყვები?
ფენი გამოვრთე და მოვუტრიალდი, რომ პასუხი მშვიდად გამეცა, ხმის აუწევლად.
_ უბრალოდ, იმიტომ, რომ მე ის მომწონს, _ გულახდილად ვუთხარი, _ ძალზე საყვარელია, მშვიდი, მსუბუქი, კეთილი და ყურადღებიანი.
მაქსმა წამწამები აახამხამა.
_ ჩვენ ამწუთას ჩემს გზაარეულ უმცროს ძმაზე ვსაუბრობთ, რომელიც კანონებს არ ემორჩილება და მიუფურთხებია ყველაფრისთვის, თუ სხვა ვინმეზე? _ გოროზად შემეკითხა.
თვალები შუბლზე ამივიდა.
_ მაგას ზურაზე ამბობ?
მაქსმა ყრუდ ამოიხვნეშა და კარს მიეყრდნო.
_ შენ ბევრი რამ არ იცი, მასზე, გაბი. არც ჩემზე.
_ რაც ვიცი, ჩემთვის საკმარისია. ის დიდებული ადამიანია და ჩემგან არაფერს ითხოვს. კარგი მეგობარია, მსიამოვნებს მის გვერდით ყოფნა. _ სავარცხელს დავავლე ხელი და თმის ნერვულად ჩამოვარცხნა დავიწყე, _ რა გინდა, რატომ მერჩი? თუ ჩვენზე გინდა ვილაპარაკოთ? მოდი, ვილაპარაკოთ. დღემდე არ გამნელებია შენგან მოყენებული ტკივილი და ყოველ გახსენებაზე ჭვალივით მივლის გულში იმ დღეების გახსენება, როცა ერთმანეთს დავშორდით. მაგრამ მინდა იცოდე, რომ არ ვარ ჩვეული ადამიანების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. მით უფრო იმ ადამიანებისა, ვინც მიყვარს და პატივს ვცემ. ასე რომ, ზურას არ გამოვიყენებ შენზე შურის საძიებლად. _ ამ სიტყვებით თავი ავწიე და თვალი თვალში გავუყარე, _ მე შენზე აღარ ვფიქრობ. ცხოვრება ავიწყვე, კარგად გამოვიმუშავებ, დაფასება მაქვს, პატივს მცემენ. მყავს მამა, რომელსაც ვუყვარვარ. მეტი არაფერი მჭირდება. შურისძიების წყურვილით არ ვარ ანთებული, თუ ეს გაინტერესებს.
მაქსი მოიქუფრა. ცალი ხელი ჯიბეში ჩაიყო და გასაღებები ააჩხარუნა. მეორე ხელი კი, რომელშიც სიგარეტი ეჭირა, ტუჩებთან მიიტანა.
კარგა ხანს შევყურებდით ერთმანეთს. ისე ჯიქურ მივჩერებოდი, თვალიც არ დამიხამხამებია.
_ მამა, რომელსაც უყვარხარ… და დედა? _ ირიბად გამომხედა მაქსმა და მომრგვალებული ტუჩებით სიგარეტის ბოლი ჰაერში აუშვა.
_ დედა გარდაიცვალა… გულის შეტევით… მალე წელიწადი გახდება.
_ არ ვიცოდი… თანაგიგრძნობ… გულით…
_ ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით ერთ მშვენიერ დღეს, _ ჩემთვის ჩავილაპარაკე, წამოვდექი და მხრებში გავიჭიმე, ზურგი დამეღალა ჯდომით და ზემოთ ყურებით, _ ერთი სიტყვით, გზაზე არ გადაგეღობები. უბრალოდ, მინდა ცოტა ხნით განმარტოებით დავისვენო მყუდროდ და სიჩუმეში. ზურასთან ერთად. კარგი?
_ ზურას სმა უყვარს, _ ხაზგასმით წარმოთქვა, _ ეს ცუდი არ არის, მაგრამ ბოლო დროს მოუხშირა დალევას, რაც შენს გამოჩენას უკავშირდება. ადრე ასე ბევრს არ სვამდა.
ცოტა არ იყოს, შემაცბუნა მისმა ნათქვამმა, თუმცა ეს სიმართლე იყო და მეც ვიცოდი.
_ ჰო, მეც შევნიშნე, _ დანანებით მივუგე, თან ვცდილობდი, მზერა ამერიდებინა, _ მინდა ზეგავლენა მოვახდინო, მაგრამ ხანდახან გამომდის, ყოველთვის არა. ისე, როცა ნასვამია, საჭესთან დაჯდომას ყოველთვის ვუშლი. ასეთ დროს ან ტაქსის ვაჩერებ, ან მე თვითონ ვმართავ მანქანას.
გაგრძელება იქნება