წარმოიდგინეთ მომავალი, შორეული და ამოუცნობი; წარმოიდგინეთ, რომ დღეიდან მილიონი წელი გავიდა და დედამიწაზე სიცოცხლე კვლავაც არ შეწყვეტილა; როგორი იქნება ეს სიცოცხლე? რას შეცვლის ევოლუცია ადამიანში? ან საერთოდ, იქნება კი მილიონი წლის შემდეგ დედამიწაზე დაბადებული არსება იმ ადამიანის მსგავსი, რომელიც დღეს ჩვენ ვართ?
კურტ ვონეგუტი, სატირის დიდოსტატი, სწორედ იმ აწმყოზე მოგვითხრობს, რომელიც მომავალში დადგება და რომელშიც სრულიად მოულოდნელი მეტამორფოზი განუცდიათ ადამიანებს; პარალელურად კი გვიამბობს წარსულზე, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1980-იან წლებზე, როცა დიდი კატასტროფა დაატყდა თავს დედამიწას და სამუდამოდ შეცვალა მისი ბედი.
მაინც რა ხდება მილიონი წლით ადრე?
„გალაპაგოსის“ მთხრობელი უსხეულო მოჩვენებაა, სახელად ლევ ტროცკი-სტრაუტი, რომელიც ცისფერი გვირაბის გამოჩენამდე დ საიქიოში მამამისთან დაბრუნებამდე კაცობრიობის განვითარების გზას აკვირდება. როცა მთელ დედამიწაზე ეკონომიკური კრიზისი იწყება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან დანარჩენ მსოფლიოში უნაყოფობის სენი ვრცელდება და მთელი სახეობა განადგურების პირასაა, გალაპაგოსის კუნძულებზე ადამიანთა მცირე ჯგუფი ხვდება, რომელიც ადამიანთა მოდგმის გადარჩენის უკანასკნელი შანსია, რადგან ამ მცირე ჯგუფის შთამომავლებით იქნება მალე მთელი დედამიწა დასახლებული.
მაგრამ როგორი იქნებიან ეს შთამომავლები? სად იცხოვრებენ და როგორ? რას შეცვლის მილიონი წელი?

სწორედ აქ ჩანს ვონეგუტის სარკაზმი: ადამიანები, ევოლუციის საშუალებით, დაკარგავენ იმას, რაც მათი ყველა პრობლემის სათავე იყო იმთავითვე - დიდ ტვინს!
ადამიანები იღებენ მცდარ გადაწყვეტილებებს, მოსდით უამრავი შეცდომა, იტყუებიან, იტანჯებიან, აცნობიერებენ საკუთარ სიკვდილს, ავადდებიან მელანქოლიით, ვერ უმკლავდებიან დარდს, არ შეუძლიათ უქმად ყოფნა, რადგან მათ თავში მომუშავე ჯოჯოხეთური კომპიუტერები არასოდეს ჩერდებიან. მოკლედ, ყველაფერში ტვინია დამნაშავე, ამიტომ ევოლუცია ამ ტვინის გაქრობაზე ზრუნავს.
მაშ, როგორები არიან ახლანდელი ადამიანები?
„ახლანდელმა ადამიანებმაც იციან თუ არა, რომ ადრე თუ გვიან სიკვდილი მოუწევთ? არა. საბედნიეროდ (ჩემი მოკრძალებული აზრით), ადამიანთა მოდგმამ ეს საბოლოოდ დაივიწყა“. მეტიც, ადამიანმა დაივიწყა ყოველგვარი პრობლემა, უთანხმოება, დაიწყო წყალში ცხოვრება, დათმო ხელები და იქცა არსებად, რომელსაც მართალია აღარ შეუძლია მეცხრე სიმფონიის დაწერა, მაგრამ, სამაგიეროდ, სიცრუის უნარიც დაკარგა და ვეღარც მესამე მსოფლიო ომს ვეღარ წამოიწყებს ამიერიდან.
ყოველი ამბის მთავარი ანტაგონისტი, ყოველი თავგადასავლის ერთადერთი ნამდვილი ბოროტმოქმედი - მეტისმეტად დიდი ტვინი საბოლოოდ დამარცხდა. აწმყოში, რომელსაც ცისფერი გვირაბის გამოჩენისთანავე დატოვებს ვონეგუტის უცნაური მთხრობელი, ადამიანები წყალში ცხოვრობენ, სელაპებივით სწრაფად დაცურავენ და აღარ ფიქრობენ ხმელეთზე დაბრუნებაზე; დედამიწაზე, როგორც იქნა, მშვიდობა და ჰარმონიაა გამეფებული.

რამდენად ბედნიერი დასასრულია კაცობრიობისთვის დიდი ტვინების გარეშე ცხოვრება? მკითხველმა გადაწყვიტოს...
R